"საქართველოს კანონმდებლობა ისეა შექმნილი, რომ მთავრობა ნამდვილად უსუსური და დაუცველია" - რას ამბობს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი - კვირის პალიტრა

"საქართველოს კანონმდებლობა ისეა შექმნილი, რომ მთავრობა ნამდვილად უსუსური და დაუცველია" - რას ამბობს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი

საქართველოს კანონმდებლობა ისეა შექმნილი, რომ მთავრობა ნამდვილად უსუსური და დაუცველია - მე მთავრობის არ მწყინს, უბრალოდ კანონმდებლობაა შესაცვლელი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობით ადამიანს საკუთარი თავის დაცვაც არ შეუძლია.

„საქართველოს კანონმდებლობა ისეა შექმნილი, რომ მთავრობა ნამდვილად უსუსური და დაუცველია. ის მოქმედებს კანონის ფარგლებში და ამ კანონით თავისი თავი ვერ დაუცვია. ვისაც რა უნდა იმას იტყვის, რასაც უნდა იმას ილაპარაკებს. მე მთავრობის არ მწყინს, უბრალოდ საქართველოს კანონმდებლობაა შესაცვლელი, რომ ადამიანმა თავისი თავი მაინც დაიცვას. მე როგორ დამიცავს, თავისი თავი ვერ დაუცვია და მაბრალებენ ათას სიყალბეს და სიმაიმუნეს?“, - განაცხადა დავით ხიდაშელმა.

„ინტერპრესნიუსი“ დავით ხიდაშელს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მედიაში მისი სახელით განცხადება გავრცელდა. გავრცელებულ განცხადებაში ხიდაშელი აღნიშნავს, რომ „რადგან კანონმდებლობა, მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს უსაფუძვლო თავდასხმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ხედავს, რომ განზე გადგეს“, კერძოდ კი მის ოჯახს საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილის ტენდერის გზით გაყიდვა ურჩია, მათ შორის, რიყის დოქებისა და რაჭის ტყეების.

„საკვირველია, ლამაზ სახელებს ამოფარებული ამდენი ცრუ, პროვოკატორი, ინფორმაციის დამახინჯებაში დაოსტატებული, ტყუილების გამავრცელებელი ერთად რამ შეკრიბა. საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, რომ ეს ცრუ მქადაგებელნი ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებელნი არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს, გამოაცხადონ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ მსურველს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა - იქნება „დოქები“ თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში... ერთი დაველოდები მსურველებს, ვინ რისი მყიდველია ან საქართველოში რაიმე გარე ინვესტიციის მომტანი!" - აღნიშნავს ხიდაშელი განცხადებაში.

ცნობისათვის, გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დავით ხიდაშელთან დადებული გარიგებების შედეგად საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა.

IPN