"მანქანის ხმა ვერ გაიგონა და ავტომობილმა "დაარტყა" - თემო საჯაიას გულისტკივილი - კვირის პალიტრა

"მანქანის ხმა ვერ გაიგონა და ავტომობილმა "დაარტყა" - თემო საჯაიას გულისტკივილი

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მუსიკოსი და ტელეწამყვანი - თემო საჯაია პროფესიონალი ცხენოსანი გახლავთ. ბავშვობიდან ძალიან უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით - ძაღლები, კატები და ცხენები. ამჟამინდელი ოთხფეხა მეგობარი - ბონო შინ მაშინ მოიყვანა, როცა თემოს მეუღლე - მარიტა ჯანაშია ორსულად იყო. მიაჩნია, რომ ძაღლთან ერთად გაზრდილი ბავშვები სხვაზე მზრუნველობას ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ...

- ისე გავიზარდე, სახლში ძაღლი და კატა სულ გვყავდა. ამიტომ ამ ცხოველების მიმართ სიყვარული ბავშვობიდანვე გამიჩნდა. ასევე, განსაკუთრებულად მიყვარს და ჩემი მთავარი სისუსტე ცხენებია. იპოდრომის სპორტსკოლაში ვსწავლობდი - პროფესიონალი ცხენოსანი ვარ. უბრალოდ, ტანმაღალი გავიზარდე და ჩემგან ჟოკეი არ გამოვიდოდა (იცინის). სხვათა შორის, "ფეისბუკზე", ცხენების მოყვარულთა კლუბი" ჩემი დაარსებული სერიოზული ჯგუფია.

- თქვენი პირველი ოთხფეხა მეგობრის შესახებ გვიამბეთ...

- ინგლისური სპანიელი - ბიბი მამაჩემმა მაშინ მოიყვანა, როცა დავიბადე - მე და ბიბი თანატოლები ვიყავით. მძაფრად მახსოვს, როცა ბიბი დაიკარგა თუ მოიპარეს (ზუსტად დღემდე არ ვიცი), ოჯახის წევრები ქუჩაში ვეძებდით... ბავშვისთვის ასეთი განცდები ძალიან მძაფრია და მთელი ცხოვრება მოგყვება - არასდროს გავიწყდება...

- სტრესი როგორ გადაიტანეთ?

- ბავშვი მომხდარს ღრმად მაინც ვერ აცნობიერებს, თუმცა საშინელი შეგრძნებები მახსოვს... ბიბის დაკარგვის მერე, სხვა ლეკვი მამაჩემმა მალევე მოიყვანა, რომ სხვაზე ზრუნვით, მე, ჩემს ძმას, დედაჩემს სტრესი მალე გადაგველახა... დაბადებიდან დღემდე, შინ ცხოველი ყოველთვის გვყავდა: ძაღლი, ბევრი კატა... სხვათა შორის, ჩემი ციმბირული კატა, რომელიც ყრუ იყო და ჩემი ერთ-ერთი პირველი ოთხფეხა მეგობარი გახლდათ, ქუჩაში გავარდა, მანქანის ხმა ვერ გაიგონა და ავტომობილმა "დაარტყა"... საშინელება იყო... მოკლედ, ძაღლები და კატები სულ მყავს. თუთიყუშიც, თევზებიც მყოლია. როცა მოუცლელი ხარ, თევზების მოვლა რთულია: აკვარიუმს ბევრი რამ სჭირდება... ცხენიც აუცილებლად მეყოლება.

- ცხენოსნობით როგორ დაინტერესდით?

- დაახლოებით 9 წლის ვიყავი, მამამ ცხენოსნობის სკოლაში რომ მიმიყვანა. საერთოდ, გამბედავი ბავშვი ვიყავი. ცხენოსნობაში უამრავი ნიუანსი არსებობს - მხოლოდ ცხენზე ამხედრება და გაჭენება არაა. ასეთი დაუწერელი წესია: ცხენი რომ გადმოგაგდებს, არ უნდა შეგეშინდეს და დაუყოვნებლივ ისევ უნდა ამხედრდე, რომ ამით დაუმტკიცო - მისიანი ხარ და ვერ მოგერევა. ყველაზე დიდი ერთგულების სიმბოლო ცხენია. მთელი შუააზიური სიბრძნე, არაკები, ძეგლები ცხენს ეძღვნება... ყველაზე დიდებული რამ, რაც ცხოვრებაში გადამხდენია, ისაა, რომ მამამ იპოდრომზე მიმიყვანა, რადგან დღემდე მგონია, ისეთი მაგარი ურთიერთობა, რაც ცხენსა და ადამიანს შორის ყალიბდება, სხვა არ არსებობს. ყველანაირ ფილოსოფიას, მორალურ და ზნეობრივ საკითხებს რომ თავი დავანებოთ, ჯანმრთელობისთვის ჯირითი ძალიან კარგია (განსაკუთრებით - მამაკაცებისთვის). 21 დაავადების მკურნალია, მათ შორის - ხერხემლის, შარდსასქესო ორგანოების პრობლემების... ისეთ დაავადებებს კურნავს, რომელსაც ცხენზე ჯდომის და ჯირითის გარდა, ვერც ერთი თერაპია ვერ შველის, მედიკამენტური ჩარევის გარდა - ეს დამტკიცებულია.

- ცხენოსნობის შესწავლისას, უკან არასდროს დაგიხევიათ?

- არა. ასეთ საკითხებში მაზალო ბავშვი ვიყავი. დღემდე არ მიყვარს, როცა რაღაცები არ გამომდის. მახსოვს, ცხენმა პირველად რომ ჩამომაგდო, მაშინვე შევხტი და ისევ ავმხედრდი... ერთხელ იპოდრომზე დოღის ყოფილი ცხენი მოიყვანეს. საკმაოდ ასაკიანი იყო. ასეთი თვისება ჰქონდა: როგორც კი იპოდრომზე მოხვდებოდა, ინსტინქტურად გარბოდა. ამ ცხენზე დაჯდომას ჩემზე მეტად გამოცდილი და თავმომწონე ბევრი მხედარი ვერ ბედავდა. სურვილი გამოვთქვი, - გავასეირნებ-მეთქი. ავმხედრდი და ცხენმა გამიტაცა, - მაგრად გავარდა... დიდი გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ თავი არაფრით გადმოვაგდებინე. საერთოდ, როცა ხვდები, ცხენს ვეღარ მართავ, ორივე ხელით, მთელი ძალით კისერზე უნდა შემოეჭდო... მოკლედ, იმ ცხენმა კარგად ირბინა, დაიღალა, მეც დავიღალე, მაგრამ ვერ გადმომაგდო. შემდეგ მაგრად "დავძმაკაცდით": ხშირად ვასეირნებდი, ვაჭენებდი...

- შეჯიბრებებში მონაწილეობდით?

- არა. საერთოდ, ჟოკეი ძალიან გამხდარი, პატარა სიმაღლის უნდა იყოს - ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვადასხვა შეჯიბრებაში მონაწილეობა შემეძლო, მაგრამ ცხენოსნობის ქართული სკოლა აბსოლუტურად განადგურებულია, რაც დღემდე ჩემი დიდი გულისტკივილია. სპორტის ეს სახეობა და ფედერაცია უმძიმეს სიტუაციაშია. წარმოიდგინეთ, 1-2 წლის წინ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სამინისტრომ ცხენოსნობის ფედერაციას 2 ნორმალური ცხენი საჩუქრად პირველად გადასცა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში უამრავ ფულს "დებენ", ამ სახეობას კი არავინ პატრონობს. ცხენოსნობა ჩვენი გენეტიკური სპორტია. წარმოიდგინეთ, გურულები ამერიკაში რომ წავიდნენ, მთელი დასავლეთი შოკში ჩააგდეს - ცხენებზე ეშმაკებივით ისხდნენ, ისეთი მაღალი დონის მოჯირითეები არიან... ცხენოსნობა განსაკუთრებულად, დასავლეთ საქართველოში, რელიგიის დონემდე იყო აყვანილი. პლუს, საქართველოში ცხენების ენდემური ჯიშები გვყავს - მეგრული, თუშური და ჯავახური ცხენები... მოუცლელობის გამო, იპოდრომზე ხშირად სიარულს ვერ ვახერხებ, მაგრამ სპორტის ამ სახეობის დიდი ქომაგი ვარ.

- თქვენი ამჟამინდელი ოთხფეხა მეგობრები "ვინ" არიან?

- ბონო (ინგლისური სეტერი) პირველი ცხოველია, რომელიც მე და მარიტამ თანაცხოვრებისას მოვიყვანეთ. ცხოველები მარიტასაც ძალიან უყვარს. საშუალება რომ ჰქონდეს, ქუჩაში რამდენ ძაღლს ან კატასაც იპოვიდა, ყველას სახლში წამოიყვანდა. ჩემი ბონო ჩემს შვილზე 4 თვით უფროსია. მინდოდა, ბავშვი ძაღლთან ერთად გაზრდილიყო. მიმაჩნია, რომ ცხოველთან ერთად გაზრდილი ბავშვები პატარაობიდანვე ეჩვევიან სხვაზე მზრუნველობას. შეიძლება, ერთგვარად, ეგოიზმსაც ახშობენ. მინიმუმ, იმის ფიქრი მაინც არ გაუვლით გონებაში, რომ ცხოველი აწვალონ... ბონოს ჩემი ხელიდან ვაჭმევდი, ჩემთან ეძინა... ეს მთელი პროცესია, რომ მიჩვეულიყო, ცუდი საქციელები არ ჩაედინა, სახლში არ მოესაქმებინა... თუ ადამიანი მორალურად მზად არ ხარ, რომ ძაღლი გყავდეს, არ უნდა მოიყვანო, რადგან ბავშვივითაა: უნდა გაზარდო, ასწავლო... ისეთი არ უნდა იყოს, რომ სახლში თავადაც წუხდებოდეს და შენც გაწუხებდეს. ძაღლი ჭკვიანი უნდა იყოს, ამას კი დიდი შრომა, გულთბილი დამოკიდებულება და მონდომება სჭირდება. ვიღაცები ამბობენ, - ჩემი ძაღლი სულელი გამოვიდაო. სინამდვილეში სულელი ძაღლი არ არსებობს: არსებობს პატრონი, რომელმაც ძაღლის კარგად აღზრდაზე დრო არ დახარჯა. ზუსტად ამის გამოა, რომ ქალაქი ჰასკების და სხვა ბევრი ჯიშიანი ძაღლის სასაფლაოდ გადაიქცა... ცალკე საუბრის თემაა, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს, სახლში რომელი ჯიშის ძაღლი მოიყვანოს: მაგალითად, 2-ოთახიან ბინაში რომ ცხოვრობ, არ შეიძლება, ჰასკი მოიყვანო - ცოდოა. ჰასკის აივანზე რა უნდა? მალტეზე, ჩიხუახუა მოიყვანე... თუნდაც, კანე კორსო მე-16 სართულზე, 1 ან 2-ოთახიან ბინაში ცხოვრებისთვის ცოდოა... ჩემი ძაღლი მართლა შვილივით გავზარდე.

- ვიდრე კარგად აღზრდიდით, ოინებს არ გიწყობდათ?

- ოინებს ახლაც აწყობს. ძაღლი ოინს ყოველთვის მოაწყობს, უბრალოდ, ზედმეტი არ უნდა მოუვიდეს (იცინის). ჩემი ჩუსტებიდან, მაისურებიდან და შარვლებიდან ალბათ, საღი მხოლოდ 3 ცალიღაა, დანარჩენზე - ბონოს კბილებია აღბეჭდილი. მაგიდის, სკამის ფეხებიც ასეთ დღეშია. როცა ლეკვი მოგყავს, უნდა იცოდე, რომ ასე მოხდება. ბავშვს კბილები რომ ამოსდის და ექავება, ყველაფერი პირისკენ მიაქვს და ღეჭავს. ლეკვის შემთხვევაშიც იგივე სიტუაციაა... ასევე, კიდევ 1 ოთხფეხა მეგობარი - კატა, სახელად ბუბუსი გვყავს, რომელიც მარიტამ ჩვენს დაოჯახებამდე, ქუჩაში, უმწეო მდგომარეობაში იპოვა, როცა ჯერ კიდევ კნუტი იყო. მოასულიერა... ახლა ბუბუსი უკვე დიდი "გოგოა". მას და ბონოს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ: ხან ჩხუბობენ, ხან - ეფერებიან ერთმანეთს...

- თქვენს შვილს ბონოსთან ისეთი ურთიერთობა აქვს, როგორიც გინდოდათ?

- ჩემი შვილი ჯერ წლის და 4 თვისაა. სიარულიც ახლა დაიწყო, მაგრამ ბონო ხვდება, რომ ბავშვია. მასთან ახლოს წამოწვება. თან, ეტყობა, ცოტათი ეჭვიანობს. ჯერ ორივე პატარაა...

- ბონოს ვინ ასეირნებს?

- ძირითადად მე, მაგრამ თუ სახლში არ ვარ - მარიტა. ძაღლის გასეირნებაზე ასეთი დამოკიდებულება მაქვს: სწორი არა მგონია, რომ მხოლოდ დილა-საღამოს გაასეირნო და მორჩა. როცა დრო გაქვს, დღეში 3-ჯერ კი არა, 6-ჯერაც უნდა გაასეირნო. ბონო ხშირად ლისის ტბაზე, თბილისის ზღვაზე დამყავს. წყალზე გიჟდება... ფაქტობრივად, სულ მანქანაში მყავს. ამიტომ, ჩემს მანქანაში რომ ჩაჯდები, გეგონება, ბეწვის გორგალში მოხვდი (იცინის). ქალაქიდან გასვლისას ძაღლიც თან მიმყავს - არ მეზარება...

- რას ურჩევთ ადამიანებს, ვინც არცთუ ისე კეთილგანწყობილია თუნდაც, მიუსაფარი ცხოველების მიმართ?

- მგონია, რომ ეს საკითხი სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს, რადგან ფაქტია, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასეთი მოუწესრიგებელი სიტუაცია არ მინახავს. არ შეიძლება, მხოლოდ ადამიანების დადანაშაულება - ძაღლის რატომ გეშინია, როცა გიყეფსო? სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ საწყალი ცხოველები ქუჩაში არ იყვნენ გაყრილნი. პატრონებისგან მიტოვებულები კიდევ ცალკე თემაა: შეუგნებელი ადამიანები არიან, ვისაც ძაღლი შინ მიჰყავს, მერე კი აგდებს. არც ვიცი, ასეთი ხალხი რისი ღირსია... სერიოზული პროფესიონალების ჯგუფი უნდა შეიქმნას, ვინც მიუსაფარი ძაღლების პრობლემას მოაგვარებს.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"