"ბედნიერება ჩემგან შორსააო, - მომწერა. ასე რატომ ფიქრობთ, იქნებ სულ მალე სიყვარული გეწვიოთ-მეთქი? - ამ დროს უკვე მომწონდა, მაგრამ ვერ ვეუბნებოდი" - კვირის პალიტრა

"ბედნიერება ჩემგან შორსააო, - მომწერა. ასე რატომ ფიქრობთ, იქნებ სულ მალე სიყვარული გეწვიოთ-მეთქი? - ამ დროს უკვე მომწონდა, მაგრამ ვერ ვეუბნებოდი"

ზაქრო მირიანაშვილისა და თამუნა ლურსმანაშვილისთვის ქორწილის დღე განსაკუთრებულად ლამაზი და ემოციური იყო. ზაქროც და თამუნაც - ორივე შშმ პირია. როგორც მითხრეს, ამის გამო მათი გადაწყვეტილება ყველასთვის მისაღები არ აღმოჩნდა, მაგრამ შეძლეს წინააღმდეგობების გადალახვა. ამჟამად ოზურგეთში ცხოვრობენ. თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი და რა არის ყველაზე დიდი პრობლემა შშმ პირებისთვის, ამაზე თავად გვესაუბრებიან.

ზაქრო მირიანაშვილი:

- ყვარელში, სოფელ შილდაში დავიბადე და გავიზარდე. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე ჩავაბარე. ბევრი გაჭირვება გამოვიარე, მაგრამ რამდენჯერაც დავეცი, იმდენჯერ ფეხზე წამოდგომა შევძელი. არ მიყვარს, როდესაც ვნებდები ან საკუთარ თავში ვიკეტები და უარს ვამბობ ცხოვრებაზე. ვიდრე ეს ამბავი შემემთხვეოდა, ხელოსნად ვმუშაობდი. ერთ დღეს, სამუშაოს შემდეგ ბიჭებმა ფეხბურთის ერთად ყურება გადავწყვიტეთ, ევროპის ჩემპიონატი იყო. სიგარეტი გამითავდა და მაღაზიაში გავედი. საბედისწერო აღმოჩნდა ქუჩაში გასვლა - წამიერად ჩავფიქრდი და ვერ დავინახე ელექტრომატარებელი, შედეგად მარჯვენა ფეხი იქვე დავკარგე, გადავარდნის დროს კი მარცხენაც ჩაითრია და მატარებელმა ზედ გადამიარა. მადლობა ღმერთს, სასწაული მოხდა და გადავრჩი. უფალს ძალიან ჰყვარებიხარო, მეუბნებოდნენ ექიმები. 44 წლის ვიყავი მაშინ, ეს ამბავი 6 წლის წინ მოხდა. ბევრი სისხლი დავკარგე, თუმცა გონებაზე მალევე მოვედი. დედა, და, ახლობლები - ყველანი მხარში მედგნენ იმ რთულ პერიოდში. მაშინ ვთქვი, ამდენი ადამიანი მგულშემატკივრობს, ვალდებული ვარ, საკუთარ თავზე თვითონ ვიმუშაო, გავძლიერდე და ახალი ცხოვრება დავიწყო, ფსიქოლოგი არ მჭირდება-მეთქი. ისევ და ისევ დედიკოს სიყვარულმა და მხარდაჭერამ შემაძლებინა ბევრი რამ. არ შემიწყვეტია მეგობრებთან ურთიერთობა. ჩემი აზრით, წარსულს დიდხანს არ უნდა მისტიროდე.

სხვათა შორის, ერთი კვირით ადრე სიზმარში ვნახე, სისხლში ვცურავდი, ფეხები არ მქონდა, მაგრამ ცოცხალი ვიყავი. რა სისულელე დამესიზმრა-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ ამიხდა. ჯვრისწერამდეც სიზმარი ვნახე, ძლიერი ადამიანი ხარ და იბრძოლე შენი ბედნიერებისთვის, მე გვერდში გიდგავარო, მესმოდა ძილში და მართლაც, მალე ძალიან ბედნიერი ადამიანი გავხდი.

ახლა უკვე ბევრი რამის გაკეთება შემიძლია საკუთარი ხელით. მინდოდა სახლი ადაპტირებული ყოფილიყო და გადავაკეთე. მუშაობა არ მეთაკილება. ბევრმა იცის თქმა, ასეთ სამუშაოს როგორ ვიკადრებო და არ მესმის, რატომ? დავასუფთავებ კიდეც და ყველაფერსაც გავაკეთებ, თუ ოჯახს დასჭირდება. შშმ პირებს არავისზე ნაკლებად არ შეგვიძლია საქმის კეთება. ბევრს ჰგონია, რაკი ეტლით მოსარგებლე ხარ, არაფერი უნდა გააკეთო, არც ოჯახი უნდა შექმნა. მაშინ სახელმწიფომ იზრუნოს ჩვენზე. 275 ლარით თვიდან თვემდე ვერ იარსებებ. დასაქმება და ადაპტირებული გარემო - ეს ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენთვის. მუდმივად სხვას რატომ უნდა ვთხოვო დახმარება, ხომ შეიძლება, ნებისმიერ მაღაზიაში თვითონ ავარჩიო, რისი ყიდვაც მინდა? დაქორწინების შემდეგ მეც გურიაში ვცხოვრობ. ამ ეტაპზე არც ერთი არ ვმუშაობთ და მომავალში რა იქნება, არ ვიცი. თამუნას უნდა აქეთ ყოფნა, სიყვარულისთვის კი ყველაფერი უნდა გაიღო, რა მნიშვნელობა აქვს, სად ცხოვრობ.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- გადავწყვიტე სოციალურ ქსელში ჩემი გვერდი გამეკეთებინა, ცოტა გულს გადავაყოლებ-მეთქი. ბევრი ადამიანი გავიცანი, შშმ პირებიც. ასე დავიმეგობრე თამუნაც. ყოველ დილას ვეხმიანებოდი, ვესალმებოდი, დღესასწაულებს ვულოცავდი. ერთ დღეს მოვიკითხე და გამოჯანმრთელება, ბედნიერება ვუსურვე. ვიცოდი, ვირუსი ჰქონდა. ბედნიერების რა მოგახსენო, ჩემგან ბედნიერება შორსააო, - მომწერა. ასე რატომ ფიქრობთ, იქნებ სულ მალე სიყვარული გეწვიოთ-მეთქი? - ამ დროს უკვე მომწონდა, მაგრამ ვერ ვეუბნებოდი. მერე შშმ პირების ჩატში დამამატა, ბევრ თემაზე ვსაუბრობდით, აზრებს ვუზიარებდით ერთმანეთს. ერთხელ თავის მეგობარზე ხუმრობით მომწერა, - ეს გოგო უნდა გაგირიგოთო. - საერთოდ არ ვაპირებ-მეთქი დაქორწინებას. ერთი სიტყვით, ჩვენი ურთიერთობა თანდათან სიყვარულში გადაიზარდა. რამე რომ უჭირდა ან უხასიათოდ იყო, ხმაზეც კი ვგრძნოდი. ასე ცხოვრებაში არასდროს არავინ მყვარებია. ამასობაში 2 წელი გავიდა და დაოჯახება გადავწყვიტეთ. მადლობლები ვართ ყველა იმ ადამიანის, ვინც გაგვიგო და გვერდით დაგვიდგა. ჩემს გადარჩენასთან ერთად, ასეთი სიყვარულიც სასწაულია ჩემთვის. ბედნიერი ვარ, არაჩვეულებრივი ადამიანი რომ შემახვედრა განგებამ.

shshm-wyvili-1669373236.jpg

- გაგიჭირდათ თამუნას დათანხმება?

- ხან რომელ თვეზე მეტყოდა, ამ თვეში შევხვდეთო, ხან - რომელზე. იყო დაბრკოლებებიც, მაგრამ თუ გიყვარს, ყველას წინააღმდეგაც რომ მოგიწიოს წასვლამ, უარი არ უნდა თქვა ბედნიერებაზე.

- რა გასწავლათ ამ განსაცდელმა, ალბათ სულ სხვა კუთხით დაგანახვათ ადამიანებიც, სიკვდილ-სიცოცხლეც...

- რა თქმა უნდა, უფრო მეტად შემაყვარა ადამიანები და სიცოცხლე. მცირედიც საკმარისია ჩემთვის, თუნდაც თბილი სიტყვა, თავი უკეთ რომ ვიგრძნო.

თამუნა:

- ბედნიერი ბავშვობა მქონდა, კარგად ვსწავლობდი და მასწავლებლობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა - მეათე კლასში გადავდიოდი იმ წელს. ძალიან ცელქი ვიყავი, ეზოში ვაშლის ხეზე ავედი, ტოტი მოტყდა და ჩამოვვარდი. საქართველოში არასწორად გამიკეთეს ოპერაცია, ამიტომ ერევანში გადამაფრინეს ხელახალი ოპერაციისთვის, იქ გავიარე რეაბილიტაციის კურსიც და ვისწავლე დამოუკიდებლად ეტლში ჩაჯდომა.

ადვილი არ იყო მომხდართან შეგუება. მნახველები ისე მოდიოდნენ, თითქოს სამძიმარზე იყვნენ. მესმის, ჩემი გამხნევება უნდოდათ, მაგრამ ვხედავდი, ზოგს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ეს მთრგუნავდა. ოთახიდან არ გამოვდიოდი, საწოლიდანაც კი არ ვდგებოდი. ჩემები აივანზე გამომიტანდნენ ხოლმე საწოლს, იქნებ წამოდგომის სურვილი გაუჩნდესო. ჩემი სკოლა მენატრებოდა. ხშირად მესიზმრებოდა, თითქოს ეზოში დავრბოდი, რამდენჯერ საბანი გადამიძვრია და წამოდგომა მიცდია, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა. თავდაპირველად მეგონა, მალე გავივლიდი, მაგრამ დიდხანს რომ გაგრძელდა ჩემი ეს მდგომარეობა, სახლში ჩავიკეტე. 2 წელი გარეთ არ გავდიოდი. იმ დროს ჩვენს სახლთან ახლოს შენდებოდა წმინდა ივლიტას სახელობის ეკლესია. ერთ დღეს მოძღვარი, მათე გორდელაძე მოვიდა ჩემთან შესახვედრად, მაგრამ არავის მოსმენა არ მინდოდა. მაინც წამიყვანა და ეკლესიის ეზოში დამსვა. გალობამ ისე მომაჯადოვა, ეკლესიაში შევედი, მერე მოვინათლე კიდეც და დავიწყე ყოველ შაბათ-კვირას სიარული. უფრო სწორედ, მამაო მოდიოდა და მანქანით მივყავდი. ჩვენს ქალაქში არსებობს საქველმოქმედო ასოციაცია "გურია", რომლის ხელმძღვანელები რომან და ჯუმბერ ლომაძეები არიან. ბატონი რომანის დამსახურებით ამ ასოციაციის წევრი გაvხდი. სწორედ იქ გავიცანი ადამიანები ჩემი სამყაროდან. დიდ დროს ვატარებდით ერთად და ნელ-ნელა შევეგუე ჩემს მდგომარეობას. მახსოვს, პირველ ღონისძიებაზე ბევრი ხალხი რომ დავინახე, შემეშინდა და დავიმალე. მეგონა, ისინიც იტირებდნენ, როგორც მანამდე სხვები და "საცოდავიო", - ასე იტყოდნენ ჩემზე. პირველად ბიძაშვილმა რომ გამიყვანა გარეთ, მეუბნებოდნენ: ვაიმე, შვილო, შენ გარდა კიდევ თუ ჰყავს დედაშენს შვილი, რა გოგო ხარ და ეტლში ზიხარო... უკვე 25 წელია ამ ორგანიზაციის წევრი ვარ, ხელახლა დავიბადე, თავიდან მივიღე და შევიყვარე ადამიანები, სწავლის სურვილიც კი გამიჩნდა. პროფესიით მდივან-რეფერენტი ვარ, პრაქტიკაც გავიარე ჩემს სოფელში. ძალიან კარგი იყო სტუდენტობა, ყველგან დამატარებდნენ ჯგუფელები. გამოცდაზე ერთ-ერთმა ლექტორმა შემომთავაზა, სახლში გამოგიგზავნი ბილეთებსო, ვითომ ხელი შემიწყო, მაგრამ გავაპროტესტე, - თუ ვერ ჩავაბარებ, არაფერია, მერე გადავაბარებ-მეთქი. ბევრ საინტერესო პროექტშიც ჩავერთე, ქარგვაც ვისწავლე, გამოფენებშიც ვმონაწილეობდი. მხარში მედგნენ მშობლები, ახლობლები, მაგრამ სულ მინდოდა, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. მოულოდნელად დედა გარდამეცვალა, ის იყო ჩემთვის ყველაფერი, ის მაძლევდა სტიმულს, მიჩვენებდა გზას. ძალიან რთული პერიოდი გადავიტანე. მეგობრებმა არ მომცეს საშუალება, მარტო დავრჩენილიყავი და კვლავ პროექტებში ჩამრთეს. სწორედ ამ პერიოდში გამომიგზავნა ზაქრომ მეგობრობა. მერე ყოველ დილით მხვდებოდა ასეთი ტექსტი: გამარჯობა, ქალბატონო თამარ, როგორ გიკითხოთ, როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ? კი მიკვირდა, ამდენი ადამიანი მყავს მეგობრებში და დღეში ამდენჯერ არავინ მკითხულობს-მეთქი. 1-2 დღე არაფერი მომწერა და რაღაცნაირად მომაკლდა მისი ყურადღება. მერე ტელეფონის ნომრებიც გავცვალეთ. ერთხელაც გამომიტყდა, ძალიან მომწონხართო...

ბევრი ვიფიქრე, რას იტყოდა ამ ყველაფერზე ხალხი. ვიცოდი, ჩემები წინააღმდეგი იქნებოდნენ. მართლაც, ძალიან გაუკვირდათ ჩემი გადაწყვეტილება, მე კი ვფიქრობ, სამარცხვინო არაფერი ჩამიდენია. ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისი წილი ბედნიერება იპოვოს. პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ და პირველ რიგში, პასუხს თვითონვე ვაგებ ჩემს გადაწყვეტილებებზე.

სხვათა შორის, ჩვენ ვართ პირველი წყვილი - ორივე შშმ პირი, ვინც დაქორწინდა. ქორწილიც გადავიხადეთ, ეს დღე ჩვენთვის განსაკუთრებული იყო. უდიდესი მადლობა ჩვენს მეგობრებსა და ახლობლებს, ჩვენი სიხარული რომ გაიზიარეს.

ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი "გზა"