"ვენეციის კომისიისგან ოფიციალური პასუხი მივიღეთ, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონზე მუშაობა გრძელდება და ამ პროექტზე დასკვნა 2023 წელს იქნება" - კვირის პალიტრა

"ვენეციის კომისიისგან ოფიციალური პასუხი მივიღეთ, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონზე მუშაობა გრძელდება და ამ პროექტზე დასკვნა 2023 წელს იქნება"

ვენეციის კომისიისგან მივიღეთ ოფიციალური პასუხი, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონზე მუშაობა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოფიციალურ პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინულ მოდელზე დასკვნა 2023 წელს იქნება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ.

„ჩვენ ევროსაბჭოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობის მეშვეობით ვენეციის კომისიისგან ოფიციალური პასუხი მივიღეთ, რომ უკრაინულ კანონზე მუშაობა გრძელდება. ის არ არის გაწვეული და ჩვეულებრივად პროცესი მიმდინარეობს. ასევე, გვითხრეს, რომ ამ პროექტზე დასკვნა 2023 წელს იქნება, თუმცა თარიღი ვერ დაგვისახელეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელებთ, რამდენად მიზანშეწონილი არის, რომ ჩვენი პროექტი ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის გაიგზავნოს. ეს არის ის ბოლო ინფორმაცია, რომელიც გვაქვს. უკრაინული კანონის დასკვნა იქნება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვენეციის კომისია ვერ ასახელებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, 2023 წლამდე, საქართველოს პარლამენტი მიიღებს თუ არა სამივე მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, შალვა პაპუაშვილი ასე პასუხობს: „ვნახოთ. ჩვენ სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ ჩვენი მიდგომა იყო, რომ ეს არის უკრაინული კანონის იდენტური, ამიტომ რაც იქნებოდა უკრაინულ კანონზე დასკვნა, იგივე იქნებოდა ჩვენთვის რელევანტური, თუმცა როგორც გითხარით, პასუხი არის ისეთი, რომ დასკვნა 2023 წელს იქნება“.

"ინტერპრესნიუსი"