"მთელი დღეა ვტირი. დედაოს მდგომარეობა მძიმეა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები დედათა მონასტერში შეჭრის ფაქტზე? - კვირის პალიტრა

"მთელი დღეა ვტირი. დედაოს მდგომარეობა მძიმეა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები დედათა მონასტერში შეჭრის ფაქტზე?

უმძიმესი დანაშაული ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ დედათა მონასტერში მოხდა. მონასტერში ორი პირი შეიჭრა და ყაჩაღობა სცადა. როგორც ირკვევა, უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც დამნაშავეები მათ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ადგილობრივების თქმით, მოძალადეები 70 წლის დედოს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დედაო მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. მრევლი ამბობს, რომ შემთხვევა გუშინ, 6 საათზე მოხდა.

"შოკირებულები ვართ. მონასტერში ვიღაც მისულა და დედაო უცემია. ძალიან არის ნაცემი. დღეს და ღამეს ლოცვაში ატარებს, თავზარდაცემულები ვართ, როგორ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს? ასეთ მოსიყვარულე და უთბილეს დედაოს როგორ გაუსწორდნენ?! აქ ის ყველას უყვარს. მეტი არაფერი ვიცით. მთელი დღეა ვტირი. როგორც ამბობენ, დედაოს მდგომარეობა მძიმეა. მრავლობითი დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება,"- ამბობს ადგილობრივი.

მომხდარზე ინფორმაცია უკვე გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება უმძიმეს დანაშაულზე საუბრობს. შს სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციამ 27 და 39 წლის მამაკაცები 70 წლის პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და გაუპატიურების ბრალდებით დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს. მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ.

დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერაციულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩვენ დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს სოფელში, თუმცა ის ამბობს, რომ მომხდარის დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს. ჯერჯერობით არც საპატრიარქოს გაუკეთებია მომხდარზე კომენტარი.

(სპეციალურად საიტისთვის)