"არ არის ეს ფიროსმანის ფოტო... თუმცა..." - პროფესიონალების აზრთა სხვადასხვაობა ფოტოზე, რომელიც ხაშურში აღმოაჩინეს - კვირის პალიტრა

"არ არის ეს ფიროსმანის ფოტო... თუმცა..." - პროფესიონალების აზრთა სხვადასხვაობა ფოტოზე, რომელიც ხაშურში აღმოაჩინეს

რა ამყარებს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ხაშურში აღმოჩენილ ფოტოზე შესაძლოა ფიროსმანია გამოსახული?

„... ფოტოზე ფიროსმანი აღბეჭდილია სწორედ იმ წრის ადამიანებთან, რომელ წრეშიც ის მუდამ ტრიალებდა; პიროვნება, ვისი ოჯახიდანაც ფოტო წამოვიღეთ, იოსებ ლომსაძე, დედის მხრიდან, არის თევდორაშვილების ცნობილი ოჯახის შთამომავალი, რომლებიც ძირძველი ხაშურელები და ვაჭართა წარმომადგენლები იყვნენ. ოჯახის დიდი პაპა, კოლია თევდორაშვილი ხელოვანი ადამიანი, ხაშურის თეატრის მსახიობი იყო..“ - ეს ერთი ვარაუდია, იმ მრავლიდან, რომელსაც აცხადებენ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალაღმოჩენილ ფოტოსთან დაკავშირებით...

აღნიშნულ ფოტოზე "კვირის პალიტრასთან" კომენტარები პროფესიონალებმა გააკეთეს...

ანზორ მაძღარაშვილი მრავალი წელია ფიროსმანის ცხოვრებას იკვლევს, იგი დიდი ხნის განმავლობაში იყო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის დირექტორი და ავტორია წიგნისა „ ფიროსმანის გარემო“... ნიკო ფიროსმანის მუზეუმის თბილისის ფილიალი მან დაარსა და ფიროსმანის 14 ორიგინალი ანზორ მაძღარაშვილის თაოსნობით არის მოპოვებული, შეძენილი..

ანზორ მაძღარაშვილი ჩვენთან საუბარში ამტკიცებს, რომ ეს ფიროსმანის ფოტო არ არის...

თვითნასწავლი, აღიარებული ახალგაზრდა მხატვარი მირზაანიდან, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის თანამშრომელი - ბელა ლობჯანიძე:

"ვემხრობი ბატონ ანზორის სიტყვებს... გამომდინარე იქიდან, რომ ფიროსმანის პორტრეტი ბევრჯერ მაქვს დახატული, ფოტოს ხილვის დროს აუცილებლად მივხვდებოდი, ის რომ ფიროსმანი ყოფილიყო, მაგრამ ეგ განცდა არ დამეუფლა.

რკინიგზაზე მოგეხსენებათ, მართლაც მუშაობდა და შესაძლებელიც არის, რომ ხაშურში მოხვედრილიყო, თუმცა ეს ვარაუდია... ვფიქრობ, ნიკალას უფრო ღრმა, სევდიანი, იმედიანი თვალები აქვს, ვიდრე ამ ფოტოზე აღბეჭდილ პიროვნებას.

ხელოვნებათმცოდნე - სოლომონ ნადიმაშვილი:

- იქიდან გამომდინარე, რომ ნიკო ფიროსმანაშვილი ხაშურში 8 თვე მუშაობდა რკინიგზაზე, სავსებით შესაძლებელია, რომ ფოტოზე ნიკალა იყოს აღბეჭდილი...

1911 წელს ალექსანდრე დიღმელაშვილმა გადაიღო დავით სარაჯიშვილის დაკრძალვის პროცესია. იმ ფილმში დაფიქსირებულია ნიკალა, რაც დაადასტურა ლადო გუდიაშვილმა, 1970-იან წლებში... ფილმში ასახული ნიკალა უფრო ხნიერია, მაგრამ ფოტოზე ასახული მამაკაცი იერით ჰგავს, 20 წელია განსხვავება.

ასევე, ცნობილია ნიკალას გვიანდელი ფოტო. შეიძლება შედარება. რაც შეეხება სამი ხელოვანის შესრულებულ ნიკალას ჩანახატურ პორტრეტებს, ისინი გვიანი პერიოდისაა.

გამოჩენილი ქართველი მხატვრის, დიმიტრი შევარდნაძის, თაოსნობით 1916 წლის 11 აპრილს ქართველ ხელოვანთა საზოგადოება დაფუძნდა, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ცნობილი საზოგადო მოღვაწე გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, აღმასრულებელ მდივნად კი - დიმიტრი შევარდნაძე. საზოგადოების მაისის სხდომაზე მოიწვიეს იმ ხანად უკვე ცნობილი თვითნასწავლი მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი. სხდომის მიმდინარეობისას ნიკო ფიროსმანმა წარმოთქვა თავისი ცნობილი ფრაზა: "ავაშენოთ მხატვრებმა ერთი დიდი სახლი, დავდგათ "სამოვარი", დავლიოთ ჩაი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე". სწორედ ამ გამოსვლისას მხატვრებმა - ალექსანდრე მრევლიშვილმა და შალვა ქიქოძემ და მოქანდაკემ - იაკობ ნიკოლაძემ ნატურიდან შეასრულეს ნიკო ფიროსმანის პორტრეტული ჩანახატები, რომელთა ფოტოები დღეისათვის გამოფენილია ეროვნული გალერეის ფიროსმანის ნამუშევრების საგამოფენო დარბაზში, ხოლო დედნები დაცულია აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.

ალბათ, ანთროპოლოგებმაც უნდა თქვან თავიანთი აზრი.

(სპეციალურად საიტისთვის)