"გიო თითის ქნევით არასდროს მასწავლიდა, როგორ უნდა მეცხოვრა, მაგალითს თავისი ცხოვრებით მაძლევდა. ომიდან დაწყებული, ყოველთვის იქ იყო, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა" - კვირის პალიტრა

"გიო თითის ქნევით არასდროს მასწავლიდა, როგორ უნდა მეცხოვრა, მაგალითს თავისი ცხოვრებით მაძლევდა. ომიდან დაწყებული, ყოველთვის იქ იყო, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა"

"მეუბნებიან, ყველაფერს გულში ნუ იგროვებო"

"ვიტყუები უიშვიათეს შემთხვევაში, იმიტომ, რომ მეუხერხულება. ტყუილით ვინმეს გული ვატკინო, ეს გამორიცხულია", - ამბობს მომღერალი ზუკა ხუციშვილი. რა დროს იბნევა, რა ვერ ისწავლა დღემდე, რის გამო იღებს საყვედურებს და რა არის მისი ყველაზე დიდი სურვილი? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1991 წლის პირველი მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...კოსმონავტი. რა თქმა უნდა, მაშინ ამ პროფესიის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ შეუცნობელ სამყაროში მოგზაურობა და რაღაცის ნახვა მინდოდა. ამის შემდეგ მსურდა, ველოსიპედით გაზეთები მეტარებინა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...იმედია, ცუდს არაფერს ამბობენ (იცინის). ჩემებური ხასიათი მაქვს, შეიძლება ცოტათი რთულიც, მაგრამ არ არსებობს წყენა 5 წუთში არ დამავიწყდეს. სულ ვცდილობ, ბევრი რამ მოვითმინო; სულ ვცდილობ, ნეგატივს გავერიდო.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...სავარაუდოდ, ბევრ რამეს შევცვლიდი, თუმცა დაშვებულმა შეცდომებმაც ბევრი მასწავლა, რომ არა ეს ნაბიჯები, ისეთი ვერ ვიქნებოდი, როგორი ადამიანიც ახლა ვარ. ვფიქრობ, ყველა შეცდომა გზრდის, მთავარია, გამოცდილებად მიიღო, არ გაბოროტდე.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ძალიან პატარა ასაკიდან გამოვდიოდი სცენაზე, მაგრამ თავი განსაკუთრებულად არასდროს მიგრძნია. დღეს, როცა ქუჩაში გავდივარ, ვიღაც მესალმება, მეხუტება, მომიკითხავს, ეს ჩემთვის დიდი სიხარულია, მადლიერი ვარ. ვიცი, ბევრად მეტის გაკეთება შემიძლია; იმის ნახევარიც არ მაქვს გაკეთებული, რის პოტენციალსაც საკუთარ თავში ვხედავ.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...ოჯახს, შემდეგ კი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ერთხელ მაინც მომისმინა, მოვეწონე. ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი ჩემს მსმენელს მიუძღვის.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ჯანმრთელად ვარ, ჩემები ჯანმრთელად არიან. ცხოვრებაში ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია, სხვა ყველაფერი მოვა და წავა. ახლობლები, ნათესავები, მეგობრები ყველაზე ძვირფასია. სამწუხაროდ, ბევრი ვნახე, სიბერემდე რომ ვერ მიაღწიეს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...მეტი ვისწავლო, განვვითარდე, სიახლეები მაინტერესებს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ვცდილობ, მეტი სიყვარული არსებობდეს ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ, გარშემო ბევრი ნეგატივია, თითქოს სამყარო გაიხლიჩა, სულ კონფლიქტში ვართ. მიხარია, რომ მსგავს თემებში არასდროს ვერთვები. ამის მაგივრად ვცდილობ, სიყვარული დავთესო, სოციალური ქსელიდან დაწყებული, ყოველდღიური ურთიერთობებით დასრულებული. ეს ცხოვრება ისედაც ძალიან მოკლეა, რა დროს შური და ბოღმაა. სჯობს, მეტი სიკეთე ვაკეთოთ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...მირჩევნია უფრო მონდომებული ვიყო, ღამე არ მეძინოს და საინტერესო საქმეები ვაკეთო. პერიოდულად სიზარმაცე შემომიტევს, მაგრამ მეც ვუტევ და საკუთარ თავს რაღაცების გაკეთებას ვაძალებ. მინდა, ეს დაძალება არ მჭირდებოდეს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ის შეცდომა მეორედ აღარ გავიმეორო. ყველაზე ჭკვიანური ხომ სხვის შეცდომებზე სწავლაა.

- ამას ახერხებ?

- რა თქმა უნდა. მაგალითია ჩემთვის ის, როგორ იცხოვრა მამაჩემმა. ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, ყველას უყვარდა, დიდი სიყვარულით გააცილეს. შექება შეიძლება ვინმემ ამპარტავნებაში ჩამითვალოს, მაგრამ ფაქტია. გიო თავად იყო დაუზარელი. არ არსებობდა, შესაძლებლობა ჰქონოდა და ადამიანს არ დახმარებოდა. სიყვარულის ერთი დიდი ენერგია იყო. ვცდილობ, იმის მეოთხედი მაინც გავაკეთო, რასაც გიო აკეთებდა. შეცდომები, რომელსაც ვუშვებ, ალბათ გაცილებით მეტი იქნებოდა, მას რომ არ გავეზარდე.

- ვიბნევი...

- ...როცა მაჩქარებენ. მაგალითად, გამოცდაზე რომ გავდივარ და იქ დროში შეზღუდული ვარ. იგივე დავალებას შინ თავს გაცილებით უკეთესად გავართმევ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ბევრად ბედნიერი, მაგრამ მხოლოდ მე კი არა, ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს, გაღიმებულები დადიოდნენ. შეუძლებელია, მხოლოდ შენ იყო ბედნიერი, როცა გვერდით ვიღაცას ძალიან უჭირს.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...არაფერს. შეიძლება წლები ისე გავიდეს, ხმასაც კი არ ავუწიო. მეუბნებიან, ყველაფერს გულში ნუ იგროვებო. მერე ეს სიბრაზე ერთხელ გამოდის, მაგრამ საშინლად. არა, ამ დროს განა რამეს ვაშავებ, მაგრამ ჩემს ნერვებზე ძალიან მოქმედებს. ზოდიაქოთი კურო ვარ და ახლობლები ჩემს ამ თვისებას კუროს აბრალებენ. ნაკლებად მაქვს რეაქცია, როცა ჩემზე ლაპარაკობენ, მაგრამ ოჯახის წევრებს და ახლობლებს თუ ეხებიან, მაგ დროს ძალიან ვნერვიულობ.

- სიყვარული ეს...

- ...ყველაზე კარგი განცდაა, ამის გარეშე არაფერს აქვს ფასი. "სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება" - ამ სიტყვებით სიყვარულის არსი ყველაზე კარგად არის გადმოცემული...

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...პატარა ვიყავი, მაშინ კვირაში ერთხელ მიყვარდებოდა. იმდენი გატაცება მქონდა, რომ... საჩუქრები შოკოლადიდან დავიწყე და ყელსაბამამდე განვავითარე. პატარა რომ ვიყავი, შოკოლადი გამოდიოდა ოქროსფერ შეფუთვაში, რომელიც ნამდვილი ოქრო მეგონა და ერთ გოგოს ვაჩუქე. წლების განმავლობაში ადამიანი ხომ ვითარდები, ასევე ვითარდები საჩუქრებშიც. სიყვარული ზრუნვაა, ცხოვრებაა, ყველაფერია...

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენონ...

- ...ახლობლებმა; ყველა იმ ადამიანმა, ვინც ჩემ გარშემო არსებობს. არ მაქვს ურთიერთობა იმ პიროვნებებთან, რომლებსაც ვერ ვუგებ. არ ვამბობ, რომ ისინი ცუდები ან კარგები არიან, უბრალოდ, ჩვენ ერთმანეთს ვერ ვუგებთ.

- ვრისკავ...

- ...იშვიათად. დიდი ცვლილებები არ მიყვარს. ათასჯერ თუ არ გავზომე, შანსი არ არის, გადაწყვეტილება ისე მივიღო, თუმცა ვაცნობიერებ, განვითარებისთვის ზოგჯერ რისკზე წავლა საჭიროა.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...მინდა უფრო ძლიერი ნებისყოფა მქონდეს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...დიდ უხერხულობას ვგრძნობ. იმ ადამიანებს თვალებში ვერ ვუყურებ, მაგრამ მირჩევნია, საჯაროდ მაქონ, ვიდრე საჯაროდ შეურაცხყოფა მომაყენონ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ტანსაცმელს სადაც გაიხდი, იქ არ დააგდოო, - ამას ჩემი ცოლი მსაყვედურობს. ვცდილობ, გამოვსწორდე.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ყველაფერზე როგორ არ ვინერიულო, ამ მიმართულებით როგორ ვმართო ემოციები, სულ აღელვებული რომ არ ვიყო.

- ვიტყუები...

- ...უიშვიათეს შემთხვევაში, რადგან მეუხერხულება. ტყუილით ვინმეს გული ვატკინო, ეს გამორიცხულია.

- თავისუფლება არის...

- ...იმ გზით სიარული, რომელსაც თავად აირჩევ. არც ერთ შემთხვევაში შენმა თავისუფლებამ სხვას არ უნდა ავნოს, მეორე ადამიანი არ უნდა შეზღუდოს, არ უნდა ატკინოს, არ აქვს მნიშვნელობა ეს სულიერი იქნება თუ ფიზიკური. ბევრს ჰგონია, თავისუფლება ყველაფრის უფლებაა. თავისუფლება აღვირახსნილობაში არ უნდა გადავიდეს.

- მენატრება...

- ...ყველა ტკბილი მოგონება. არ მინდა, მოხუცივით ვილაპარაკო, მაგრამ რომ ვუყურებ, ცხოვრება მართლა ერთი თვალის დახამხამებაა. იმ ბედნიერ წამებს კი იმ მომენტში ვერ ვაფასებთ.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ყურადღების სხვა რამეზე გადატანა მშველის: მუსიკაზე, ფილმებზე, წიგნებზე... ნეგატივის დაძლევაში საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა მეხმარება.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...კონკრეტული ფრაზა არ მახსენდება.

- არც გიოსგან ნათქვამი?

- გიოს არ ჰქონდა ჩამოწერილი კანონები, ის თითის ქნევით არასდროს მასწავლიდა. როგორ უნდა მეცხოვრა, როგორი მამა, ქმარი, მეგობარი, ქალაქელი, ქართველი ვყოფილიყავი, ამის მაგალითს თავისი ცხოვრებით მაძლევდა. ომიდან დაწყებული, ის ყოველთვის იქ იყო, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა.

- მახსოვს, მიამბობდა, აფხაზეთის ომში რომ წავედი, ზუკა პატარა იყო, მის სახვევს კუთხე ჩამოვახიე და ყელზე მეკეთაო.

- დიახ. გაგრა რომ დაეცა, გიო იქიდან ერთ-ერთი ბოლო გამოვიდა. ცხოვრებაში ისეთ ამბებს გადაურჩა და სამწუხაროა, რომ უხსენებელმა სენმა დასძლია. თუმცა არასდროს დამავიწყდება ის კადრები, ფილარმონიაში ვარსკვლავის გახსნაზე, ამდენი ადამიანი ფეხზე რომ იდგა და უდიდეს სიყვარულს გამოხატავდნენ. რთულია, ამაზე ლაპარაკი ახლაც მიჭირს.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ვცდილობ, საკუთარი აზრი სხვას თავს არასდროს მოვახვიო. ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ბევრად მეტი სიყვარული და ერთიანობა გვჭირდება. გავიხსენოთ, ჩვენი დამწერლობით, ისტორიით, სამშობლოს სიყვარულით, რამდენი გამოვიარეთ, ახლა კი ერთმანეთს უმნიშვნელო თემებზე ვეჩხუბებით. ამ წუთში ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, ქართველებს ურთიერთგაგება დაგვიბრუნდეს!

"მიმღერე" ის პროექტია, რომელიც ყველას უყვარს, მონაწილეობაზე უყოყმანოდ დავთანხმდი. ამ პროექტში არ არსებობს დაპირისპირება, პაექრობა და ა.შ. თავიდან ბოლომდე პოზიტივია.

- პირველი სეზონის მონაწილეები, ჩაწერების შემდეგ ოჯახებში ინაცვლებდნენ და საღამოებს მართავდნენ, თქვენთან რა ხდება?

- ჩვენთანაც ძალიან მეგობრული გარემოა. სულ ვცდილობთ, რომელიმესთან შევიკრიბოთ. სახლში თუ ვერ ხერხდება, ისეთ ადგილზე ვიკრიბებით, სადაც ტელევიზორიც არის და გადაცემას ერთად ვუყურებთ. მაგალითად, წინა კვირას ჩვენს სახლში ვიყავით შეკრებილები. იმდენად ერთიანობა გვაქვს, უკვე ოჯახად ჩამოვყალიბდით. ერთმანეთს გულწრფელად ვგულშემატკივრობთ.

- მაიკოს დათანხმება გაგიჭირდა?

- წლებია, მაიკოს აღარ უმღერია. კამერების მოყვარული არ არის, მამაჩემის კონცერტების დროსაც ყოველთვის კამერების უკან იდგა. მუსიკალურად ყველაფერს ის აკეთებდა, მაგრამ არ ჩნდებოდა. ალბათ, ამ პროექტის გარდა, ვერც ერთ სხვა პროექტზე ვერ დავითანხმებდი. ყველა ტურში ისეთი დიდი სიყვარული და შრომა ჩაიდო, ყველა ტური ერთმანეთისგან ისეთი განსხვავებულია, რომ თითოეულს თავისებური მიზიდულობა აქვს. გადაცემაზე ისეთი სტაფი მუშაობს, რომ არ შევაქო, არ შემიძლია. პროექტის სულის ჩამდგმელები ხელისგულზე გვატარებენ, ოღონდ რამე დაგვჭირდეს, ყველაფერში ხელს გვიწყობენ და შედეგიც სახეზეა.

თამუნა კვინიკიაძე

ჟურნალი "გზა"