რას გულისხმობდა თბილისის ზღვის დაარსების გეგმა, რომელსაც წელს 70 წელი შეუსრულდა - კვირის პალიტრა

რას გულისხმობდა თბილისის ზღვის დაარსების გეგმა, რომელსაც წელს 70 წელი შეუსრულდა

თბილისის ზღვას - დედაქალაქის ხელოვნურ წყალსაცავს, რომლის ირგვლივაც ბევრი საინტერესო ისტორიაა თავმოყრილი, წელს 70 წლის იუბილე აქვს. სწორედ 1952 წელს მან საკუთარ სანაპიროზე პირველი დამსვენებელი მიიღო. თბილისისთვის მანამდე სრულიად წარმოუდგენელი იყო ასეთი შესანიშნავი დასასვენებელი. მწერალი დავით ჩიხლაძე ამ ადგილის შესახებ უნიკალურ ცნობებს გვაწვდის და წერს, რომ ის სტალინის ბოლო საჩუქარი აღმოჩნდა თბილისელებისთვის. თუმცა, პირველი სეზონის გახსნა სტალინის სიცოცხლეშივე მომხდარა. მოდით გადავავლოთ თვალი ისტორიას და თბილისის ზღვის მიდამოებში გავისეირნოთ, გავიგოთ რა ხდებოდა აქ 70 წლის წინ.

თბილისის ხელოვნური წყალსაცავი სამი მლაშე ტბის - კუკიის მარილიანი, კუკიის მლაშე-მარილიანი და ავლაბრის მლაშე-მარილიანი ტბების ოდესღაც უკაცრიელ ადგილზეა მოქცეული. აბა, მაშინ ვინ წარმოიდგენდა, -აქ ცხრა კილომეტრის სიგრძისა და სამი კილომეტრის სიგანის ზღვის დაბადებას, კომფორტული სასტუმრო „ოქროს საწმისით“ და რესტორანი „იორით’ მის სანაპიროზე. მწერალი წერს, რომ საპირველმაისო წითელი დროშა 1901 წელს ვიდრე სალდათის ბაზარში (ანუ, რუსის ბაზარი. დღევანდელი კოლმეურნეობის მოედანი) აფრიალდებოდა, ჯერ უშუალოდ, მლაშე ტბების რაიონში, სადაც დღეს თბილისის ზღვაში ივრის წყალი ლივლივებს, იქ აღიმართა.

314397013-14-1669541177.jpg

თბილისის ზღვის დაარსების გეგმა გვალვიანი, ქვიშიანი და მტვრიანი ადგილების წალკოტად გარდაქმნას გულისხმობდა წყალსაცავებისა და ტყეების გაშენების გზით. მაგრამ თბილისის ხელოვნური ზღვა მხოლოდ იმით როდი გამოირჩევა, რომ მისი შექმნის ისტორია სტალინის სიცოცხლის ბოლო წლებს უკავშირდება, არამედ საბჭოთა კავშირის დაბადებაც და სტალინის პოლიტიკური საქმიანობის დასაწყისიც აღნიშნულ ტერიტორიას უკავშირდება, რადგან რევოლუციის მომასწავლებელი პირველი საყვირის ხმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან გაისმა თურმე. სწორედ, აქ მლაშე ტბების ტერიტორიაზე ეწყობოდა მუშათა სოლიდარობის, მაისობის პირველი შეკრებები და ამავე რაიონში იყო 1883 წლის 1 მაისს დაარსებული ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარი სახელოსნოები. შემდგომში სტალინის სახელობის ორთქმავალ ვაგონშემკეთებელი ქარხანა, რომელიც ყოველ დილით საყვირის ხმით ამცნობდა მუშებს სამუშაო დღის დაწყებას.

ამ ამბების მოსაგონრად ნაძალადევის რაიონში დღემდე არსებობდა (შესაძლოა დღესაც არის) პატარა ქუჩა, რომელსაც საყვირის ქუჩა ერქვა. ეს სახელი 1940-იან წლებში მიანიჭეს თურმე, თუმცა მაშინ ყველა გუდოკის ქუჩას ეძახდა რუსულად.

აქვე უნდა ითქვას, რომ ნაძალადევში, როგორც ისტორიულ-რევოლუციურ რაიონში ბევრი იყო კომუნისტური სახელწოდებების მქონე ქუჩები - ტრაქტორის, კომუნისტური შრომის, პიონერის, კოლექტივიზაციის, კოსმონავტების, მექანიზაციის, ხუთწლედის და მსგავსი სახელწოდების ქუჩები.

მართალია, მოსახლეობა თბილისის ზღვას უფრო თემქის მხრიდან სტუმრობს, მაგრამ მისი ოფიციალური კარიბჭე აღმოსავლეთით, ვარკეთილის მხარეს მდებარეობს, სადაც წყალჩასაშვებთან იმ ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად ობელისკებია აღმართული. 1951 წლის ნოემბერს გაიხსნა სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხი, რომელიც თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით გვალვიანი სამგორის ველის მოსარწყავად იყო გათვალისწინებული. თბილისის ზღვის აუზისკენ დაიძრა ივრის მაცოცხლებელი წყალი , რომელსაც გზად სამგორის კასკადის ოთხი ელექტროსადგური - სიონის, საცხენისის, მარტყოფისა და თეთრის ხევის ჰესები მოჰყავდა მოქმედებაში. არხის გაშვების დღეს, თბილისში მლაშე ტბების ჩაღრმავებასთან 50 ათასი ადამიანი შეიკრიბა და ივრის პირველ ტალღებს პიონერებმა თაიგულები ესროლეს.

315523842-1669541200.jpg

შიშველი ადგილები ტყე-ბაღებითა, კულტურული მცენარეებით და მწვანე ნარგავებით დაიფარა. თბილისის ზღვის ოფიციალურად გახსნის შემდეგ 1952 წელსვე 2 189 000 ნერგი დაირგო თბილისის მიდამოებში. 4000 ჰექტარ მიწის ფართობზე ახალი დასახლებები, მეურნეობები და ხეხილის ბაღები გაჩნდა. სამგორის სარწყავი სისტემის ამოქმედებამ არა მარტო საუკუნეთა განმავლობაში უსიცოცხლო სამგორის ველის აყვავება გამოიწვია, ასევე თბილისის მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამწვანებისთვისაც გამოიყენეს.

სამგორის ველი საკუთარ დასახელებას „სამი გორისგან“, ძვ.წ მესამე ათასწლეულის სამარხი ყორღანებისგან იღებს. ოდესღაც ეს ადგილი დასახლებული ყოფილა, მაგრამ უწყვეტი შემოსევებით გაპარტახებულა. მისი აღორძინება ადრეც უცდიათ, თუმცა უშედეგოდ. სტალინის მმართველობის პერიოდში მისი მშენებლობა 1930-იან წლებში მოსკოვში დაგეგმილა და საბოლოო ვარიანტი 1952 წელს, ზუსტად 70 წლის წინ თბილისის ზღვის გახსნით დასრულებულა. ამგვარად, საქართველოს უახლესი ისტორია ძველთაძველ წარსულთან გაერთიანდა. ამავე წელს სამგორის ქვემო მაგისტრალური არხიც გაიხსნა.

სულ რამდენიმე წელში კი, სტალინის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე ადგილას ტყე გაკაფეს, თევზის გასაშენებელი წყალსაცავები გაანადგურეს, სანაცვლოდ მხოლოდ ყამირი მიწების მელიორაციას ახდენდნენ. ხეების უნებართვო გაჩეხვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საბჭოთა ქვეყნების სხვადასხვა ტერიტორიაზე ხდებოდა. ამან არა მხოლოდ ნიადაგის ეროზია, არამედ ეკოლოგიური კატასტროფა და სასურსათო კრიზისი გამოიწვია. 60-იან წლებში დაბალი მოსავლიანობის გამო საბჭოთა კავშირი იძულებული გახდა რეზერვებიდან 600 ტონა ოქრო გაეყიდა.

ამგვარად, თბილისის ზღვის ტერიტორიიდან იწყება და სრულდება საბჭოთა კავშირის ისტორია. თბილისის ხელოვნური წყალსაცავის შესანიშნავი დასასვენებელი ადგილი ისევ ჩვენს გვერდით რჩება.

აქვე დავამატებდი, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში აღნიშნული ადგილი მიუხედავი და გაპარტახებული იყო. დღეს, აბსოლუტურად განსახვავებული, გალამაზებული და მოწესრიგებულია.