"საპატრიარქოში ჩაბუდებული ცალკეული ადამიანები არასწორად ასწავლიან და ქადაგებენ ქრისტიანობას" - კვირის პალიტრა

"საპატრიარქოში ჩაბუდებული ცალკეული ადამიანები არასწორად ასწავლიან და ქადაგებენ ქრისტიანობას"

საპატრიარქოში ჩაბუდებული ცალკეული ადამიანები არასწორად ასწავლიან და ქადაგებენ ქრისტიანობას, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდართან დაკავშირებით.

მანჯგალაძის თქმით, უამრავი ფაქტია, როცა ძალადობის დაგმობა არ ხდება.

„თუ რამე აზიანებს დღეს ეკლესიის ავტორიტეტს არის მსგავსი განცხადებები, როგორიც ვნახეთ ჯაღმაიძის მხრიდან, რომ თითქოს მედიის ბრალია, თითქოს მედია ახალისებს ამ ყველაფერს. ამას ახალისებს დაუსჯელობა და ხელის დაფარება და ამის მაგალითებს ქმნიან სწორედ საპატრიარქოში ჩაბუდებული ერთეულები, პატივცემულის ჩათვლით და კიდევ ჰყავს ამას მიმდევარი. უამრავი ფაქტია, როცა არ ხდება ძალადობის დაგმობა, არასწორად ისწავლება და იქადაგება ქრისტიანობა. ქრისტიანობა არის სიყვარულის და მიტევების რელიგია, მე არ იცი ეს ხალხი რას ქადაგებს, ამიტომ კიდევ ერთხელ, პრობლემა ყველამ უნდა ვეძებოთ საკუთარ თავში, საზოგადოებაში. საპატრიარქოში ჩაბუდებული ცალკეული ადამიანები არასწორად ასწავლის და ქადაგებს ქრისტიანობას“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, 25 ნოემბერს, ორი პირი შეიჭრა. ისინი მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი, 27 და 39 წლის მამაკაცები დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც ცხრამუხის მონასტერში მოხდა, ეკლესიის ისტორიის ყველაზე მძიმე მოგონებებს აცოცხლებს.

„გარდა ეროვნული ტრაგედიისა, რთულია რაიმე სახელი შეურჩიოთ ამ გაუგონარ ფაქტს, რომლის მსგავსი მხოლოდ ქვეყნის სრულად განადგურების მოსურნე მტრის შემოსევების დროს თუ მომხდარა საქართველოში და ისიც ყოველთვის არა.

როგორ მივედით აქამდე?!

- ყოველგვარ ქმედებას წინ აუცილებლად უძღვის მოტივაცია, საკრალურის შეურაცხყოფას კი - დამახინჯებული იდეოლოგია, რომელიც დესაკრალიზაციის გზით ხსნის ყველა ბარიერს და პროფანაციას ეწევა იმისა, რაც მასაზრდოებელი უნდა იყოს ადამიანთა სულიერი ცხოვრებისა.

გამალებული და ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთ საშუალების ("მთავარი არხი", ,,ტვ პირველი", ,,ფორმულა"), „თეოლოგის“ თუ „ექსპერტის“ მხრიდან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა, მისი ეკონომიური აღმასვლა და პოლიტიკური გამარჯვებები მართლმადიდებლური ეკლესიის სრული რეორგანიზაციით ან საერთოდ, დაშლით უნდა მოხდეს, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს.

ადრეც განვაცხადეთ, რომ 2021 წელს მარტვილის რეზიდენციაში შეჭრა შესაძლოა, „რეპეტიციად“ ქცეულიყო შემდგომი მოვლენებისა. გავიხსენოთ მედიის ცილისმწამებლური კამპანია ბოდბის დედათა მონასტრის დედებისადმი, როდესაც მათ არც მეტი, არც ნაკლები, მოსახლეობის მკვლელობის ორგანიზებაში დასდო ბრალი „მთავარმა არხმა“ (ბოდიში არავის მოუხდია დღემდე). რა ხდება ამ ყველაფრის შემყურე ავაზაკის გონებაში, რომელსაც ხალხის არ რცხვენია? თუ ხედავს, რომ დასაშვებია ეკლესიის გამუდმებული დადანაშაულება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკის გატარებაში, თუ ხედავს, რომ დასაშვებია, სვეტიცხოვლის ეზოში სვეტიცხოვლობა დღეს სასულიერო პირებს „ბანდიტები“ უწოდოს (,,ტვ პირველი") ჟურნალისტმა, თუ დასაშვებია მსახურებების ჩაშლა (,,მთავარი არხის" ჟურნალისტის მიერ მარტვილის ტაძარში) და პატრიარქის ქვეყნის მტრად გამოცხადება, რაღა რჩება იქიდან, რისი დაშვებაც შესაძლებელია იმ ავაზაკი ადამიანის გონებაში, რომელსაც ღმერთის არ ეშინია?! - ის, რაც მოხდა დღეს ხაშურის დედათა მონასტერში“, - აცხადებს ჯაღმაიძე.

"ინტერპრესნიუსი"