"საქართველო ერთ-ერთი პირველი გახდა რუსული ტერორიზმის მსხვერპლი" - კვირის პალიტრა

"საქართველო ერთ-ერთი პირველი გახდა რუსული ტერორიზმის მსხვერპლი"

გასულ კვირას მიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას შეეხება, ნათქვამია, რომ ევროპარლამენტარები მიესალმებიან ევროსაბჭოს სწრაფ გადაწყვეტილებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადების შესახებ და ამ სამ ქვეყანას არსებითი რეფორმების გატარებაში წინსვლისკენ მოუწოდებენ. "რუსეთისგან მზარდი საფრთხის გამო გაფართოების გაძლიერებული პოლიტიკა კვლავ ევროკავშირის ყველაზე ძლიერი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია ევროკავშირის ხელში", - აღნიშნულია რეზოლუციაში, რომლის თანახმადაც, გაფართოება არანაირმა ალტერნატივამ არ უნდა ჩაანაცვლოს. "იმისათვის, რომ უფრო სანდო და ეფექტიანი გლობალური მოთამაშე იყოს, ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილების მიღების პროცედურები ახალი ქვეყნების გაწევრების შესახებ, გააუქმოს ერთსულოვნების საჭიროება და ეს ჩაანაცვლოს კვალიფიციური უმრავლესობით. ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს, შეასრულონ ევროკავშირის ვალდებულებები დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების მიმართ და უზრუნველყონ, რომ კანდიდატ ქვეყნებს არ შესთავაზონ არანაირი ალტერნატივა ევროკავშირის სრული წევრობის ნაცვლად", - ნათქვამია რეზოლუციის ერთ-ერთ რეკომენდაციაში. ამ რეზოლუციით ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებენ ევროკავშირის დაფინანსება და მისი შედეგები უფრო თვალსაჩინო გახადოს ევროსტრუქტურაში გაწევრების მსურველ ქვეყნებში. მათ ასევე სურთ ევროკავშირმა იმუშაოს ამ ქვეყნების პოლიტიკურ, საარჩევნო და სხვა დემოკრატიულ პროცესებში მესამე მხარის ჩარევის პრევენციაზე. როგორ შეიძლება შეფასდეს ეს დოკუმენტი და რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს მოლოდინი, რომ სტრატეგიული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ევროპამ ამა თუ იმ ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, შიდაპოლიტიკურ პრობლემებზე თვალი დახუჭოს და მათ ევროსტრუქტურაში გაიოლებულ ინტეგრაციას დათანხმდეს? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხთა სპეციალისტ თენგიზ ფხალაძესთან:

fxaladze.jpg

- ევროკავშირში გაწევრების გაიოლებული პროცედურა არ არსებობს. საქმე ისაა, რომ ეს პროცესი ნიშნავს თანაზიარ ვალდებულებებს, ანუ პროცესის მონაწილე მხარეებს თავიანთი ვალდებულებები აქვთ და იმისთვის, რომ შედეგი მივიღოთ, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ამ რეზოლუციას კი უნდა შევხედოთ როგორც ევროკავშირის ურყევ სურვილსა და ნებას, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი! სწორედ ეს ჩანს ამ დოკუმენტში. მიუხედავად ქვეყანაში არსებული პრობლემებისა, ევროკავშირს სურს მიიღოს საქართველო, მაგრამ ამისთვის საქართველომაც ბევრი რამ უნდა გააკეთოს. ევროპარლამენტმა ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ თქვა ისიც, რომ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე. ის არ არის იმ პოზიციაზე, რომ მხოლოდ რაღაცას ითხოვდეს ჩვენგან, არამედ მზად არის ამ პროცესში დაგვეხმაროს და გაგვიზიაროს გამოცდილება. უმთავრესი გზავნილი არის სწორედ ეს, ასევე პასუხიც იმ სპეკულაციებსა და სრულიად უსაფუძვლო რიტორიკაზე, რომელზეც დგას ანტიდასავლური პროპაგანდა, რომ თურმე ევროკავშირმა საქართველო მოატყუა, რომ ჩვენზე უარს ამბობს, თურმე რაღაც გვეკუთვნოდა და არ მოგვცეს და ასე შემდეგ... ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ ძალიან გარკვევით თქვა, რომ ევროკავშირი უნდა იყოს საქართველოსთან, ამისთვის კი მზად არის დაგვეხმაროს რეფორმების გატარებაში გამოცდილებითა და ინვესტიციებითაც კი, მაგრამ საქართველომაც უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები.

- შეიძლება ითქვას, სწორედ აქ არის დამარხული ძაღლის თავი, რას აკეთებს საქართველო ამ ვალდებულებების შესასრულებლად? ერთი მხრივ, გვესმის განცხადებები და საპარლამენტო საქმიანობაც თითქოს მიმდინარეობს, რათა ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაცია შესრულდეს; ახლახან პარლამენტის თავმჯდომარე ვიზით იყო ესპანეთსა და პორტუგალიაში, რომლის დროსაც ბევრი ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე, მაგრამ რეალურად ხელისუფლება თავისი განცხადებებით, ოპოზიციასთან დამოკიდებულებით, თუნდაც ამ 12 პუნქტის გამო წამოწყებული კანონშემოქმედებითი პროცესით თითქოს უფრო მეტად შორდებიან ევროპულ ღირებულებებს, ხშირად უპირისპირდებიან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, არ იზიარებენ მათ შენიშვნებს და ხშირად შეახსენებენ საზოგადოებას, რომ თითქოს კანდიდატის სტატუსი ბევრს არაფერს ნიშნავს.

- ჩვენ რამდენიც უნდა ვიძახოთ, რეკომენდაციები შესრულებულიაო, ის შედეგი, რომელსაც ველით, თუ არ დადგა, ეს მხოლოდ თავის მოტყუება იქნება. შეასრულებს თუ არა ამ რეკომენდაციებს ხელისუფლება, ამის შეფასება რამდენიმე თვეში დაიწყება და მალევე დასრულდება კიდეც. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ შეფასება იყოს ისეთი, როგორიც შეესაბამება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და გაუხსნის საქართველოს გზას კანდიდატის სტატუსისკენ. ამისთვის უნდა გაკეთდეს ყველაფერი - იქნება ეს შიდა სამუშაო, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ვიზიტები და ასე შემდეგ...

ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. კონკრეტული გარემოებების გამო გაიხსნა შესაძლებლობების ფანჯარა და უნიკალური შანსი მიეცათ საქართველოსა და იმ ჯგუფს, რომელიც ქვეყნის სათავეშია, შეასრულოს უდიდესი მისია ქვეყნის ევროპულ გზაზე წარმატებისთვის. შესაძლოა უამრავი რამ გაეკეთებინა სხვა ხელისუფლებას ამისთვის, მაგრამ გარემო პირობები არ შექმნილიყო ისეთი, რაც ასეთ შესაძლებლობებს მისცემდა ქვეყანას. ასე რომ, დღეს არის ისტორიული შანსი, რომლის გამოუყენებლობა ღალატის ტოლფასი იქნება.

ჩვენ რომ ყველაფერი გაგვეკეთებინა თავის დროზე ისე, როგორც საჭირო იყო, კანდიდატის სტატუსს ზაფხულში მივიღებდით. დასანანია, ბევრი რამ არ გაკეთდა და უამრავი შეცდომა დავუშვით, ამიტომაც მივიღეთ ასეთი შედეგი. ყველაზე დრამატული იყო ხელისუფლების თავის მართლების რიტორიკა, როდესაც ისე ცდილობდა საქმის წარმოჩენას, თითქოს ყველაფერში მართალია, ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ევროპელებმა ვერ დაინახეს. სინამდვილეში სულ სხვა ვითარება იყო - ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, გამოსასწორებლად არაფერი გაუკეთებია. ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა უნდა გაისიგრძეგანონ დაკისრებული პასუხისმგებლობა, კრიტიკულად შეაფასონ განვლილი პერიოდი და ყველაფერი გააკეთონ რეკომენდაციების შესასრულებლად. ეს ხომ ახალი ამბავი არ არის, პირველად ხომ არ გავიგეთ, რომ პრობლემებია, მაგალითად, მართლმსაჯულებაში? ხელისუფლებამ სწორედ ეს პრობლემები უნდა გამოკვეთოს და რეალურად სცადოს მათი გამოსწორება, თან რაც შეიძლება სწრაფად. უნდა გავითავისოთ, რომ ამას ვაკეთებთ არა ევროკავშირისთვის, არამედ იმისთვის, რომ გვქონდეს უკეთესი ქვეყანა, რომ ამას ვაკეთებთ ჩვენთვის.

- ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდება. ამის თაობაზე ისაუბრა ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც ჯერ BBC-ისთან საუბრისას, არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდესო, მოგვიანებით კი ბრძანა, რომ ამ პროცესს დიდი ყურადღებით აკვირდება და თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იმ დონეზეა დაზიანებული და შესაბამისი დასკვნაც დაიდება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება. "ეს გადაწყვეტს ორი მიმართულებით­ პრობლემას: პირველი - ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობისა და მეორე - ამით სასამართლო იმის გარანტიას მოგვცემს, რომ დამოუკიდებელია, რაც ქვეყნისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი იქნება". ბევრს ამან გაუჩინა იმედი, რომ ის შესაძლოა გეგმავდეს სააკაშვილის შეწყალებას. სამაგიეროდ მკვახე განცხადებები გააკეთეს "ქართული ოცნების" წევრებმა. ერთ-ერთმა პარლამენტარმა ზურაბიშვილს "ადამიანი-არაადეკვატურობაც" კი უწოდა...

- მე ვერ შევაფასებ ვერც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ვერც იმ სამართლებრივ გარჩევაში ჩავერთვები, უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა სააკაშვილი თუ არა... ერთი რამ შემიძლია ვთქვა - მიხეილ სააკაშვილი, მასთან არსებული უამრავი პრეტენზიისა, ორჯერ იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ის, რასაც ვუყურებთ, არანაირად არ ამშვენებს საქართველოს. მეტიც, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს საქართველოში მართლმსაჯულების, შერჩევითი სამართლისა და ბევრი სხვა საკითხის შესახებ. მოკლედ, ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც საქართველომ ღირსეულად უნდა უპასუხოს. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს არა აქვს უფლება აღძრას საქმე ყოფილ პრეზიდენტზე თუ სხვა თანამდებობის პირზე, მაგრამ ყველაფერს სჭირდება სწორად გაკეთება. საფრანგეთში ექსპრეზიდენტ სარკოზის საქმეზეც იყო სასამართლო პროცესი, მაგრამ არ ყოფილა ასეთი დრამატული, როგორიც სააკაშვილის. კიდევ ვამბობ - არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ყველა საქმის წარმოება შეიძლება ისე, რომ ქვეყნის ავტორიტეტი და ღირსება არ შეილახოს. არ შეიძლება საქართველო ამდენი წლის მერეც წარმოადგენდეს სახელმწიფოს, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებ ვერაფერი ისწავლა.

ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს დაწყებული პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების მოწყობით, მისი გაგდებითა და ტრაგიკული აღსასრულით, მეორე პრეზიდენტის, ფაქტობრივად, შინაპატიმრობით და ახლა მესამე პრეზიდენტის ამგვარი პატიმრობით დამთავრებული... მე-4 პრეზიდენტთან დაკავშირებულ ბატალიებზე აღარ ვილაპარაკებთ, აგერ მოქმედი პრეზიდენტის მიმართაც არანაკლებ არასწორ დამოკიდებულებას ვხედავთ - ხელისუფლების სხვადასხვა შტო ხშირად ძალიან ბევრის უფლებას აძლევს თავს და თითქმის შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ. ეს არ წარმოაჩენს საქართველოს როგორც ინსტიტუციების გაძლიერებისა და დემოკრატიის გზაზე მყოფ ქვეყანას. ვიმეორებ, კანონზე მაღლა არავინ დგას, მაგრამ პროცესი უნდა იყოს ისეთი, რომელიც არ წარმოშობს დამატებით კითხვებს და არ დააზარალებს ქვეყანას. ის, რაც დღეს სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, აბსოლუტური ანომალიაა, რაც სერიოზული პრობლემაა საქართველოსთვის.

- გასულ კვირას ისევ ყურადღების ცენტრში იყო კანონი "დეოლიგარქიზაციის შესახებ". ამჯერად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საჯილდაო ქვად იქცა ის, უნდა გაიგზავნოს თუ არა ეს კანონი ვენეციის კომისიაში.

- როდესაც კანონის მიღების წინ ოპოზიცია ამბობს, რომ ეს კანონი აუცილებლად ივანიშვილს უნდა შეეხოს, ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ არ შეეხება, და პირიქით, ოპოზიციასთან დაკავშირებულ შეძლებულ პირებზე გავრცელდება, ეს ნიშნავს, რომ სრულიად აბსურდულ ვითარებასთან გვაქვს საქმე. კანონშემოქმედება ეფუძნება კონკრეტულ პრინციპებს და არა წინასწარ მიდგომას ამა თუ იმ პირის მიმართ. სიმართლე გითხრათ, ჩვენი პარტნიორების მოსაზრებას ვენეციის კომისიის შესახებ სავსებით ვიზიარებ. ჯერ ერთი, საკითხავია, რატომ გადმოწერეს ეს კანონპროექტი უკრაინული ვერსიიდან, რატომ ჩაითვალა, რომ მაინცდამაინც ის არის საუკეთესო საქართველოსთვის? თანაც უკრაინულ ვერსიაზე ვენეციის კომისიას რომ ძალიან ბევრი კითხვა აქვს, ცნობილია. ამიტომაც იყო, რომ არაერთმა ჩვენმა ევროპელმა კოლეგამ, მათ შორის საქართველოში ჩამოსულმა ევროკომისარმა ვარჰეიმაც თქვეს, რომ კანონპროექტი უნდა გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში. რატომ ვქმნით პრობლემას იქ, სადაც შეიძლება არ შეიქმნას. კარგად ვიცით, რა გზით სიარულია სწორი, მაგრამ სულ სხვაგან მივდივართ.

- ხელისუფლების წევრები ნათლად ამბობენ, ეს კანონი წერტილმძიმიანად გადმოვწერეთ უკრაინული ვერსიიდან, რომელიც უკრაინას გაგზავნილი აქვს ვენეციის კომისიაში და ველოდებით პასუხს, ერთ კანონპროექტზე ორ სხვადასხვა დასკვნას ხომ არ დაწერენო.

- გასაოცარი ლოგიკაა, უფრო სწორად, ძნელია ლოგიკა დაარქვა. კანონი მოქმედებს კონკრეტულ ქვეყანაში. კანონშემოქმედების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამა თუ იმ კანონში გათვალისწინებული იყო იმ კონკრეტული ქვეყნის თავისებურებანი, რომლისთვისაც ის შეიქმნა. პირდაპირ გადმოიღო სხვისი კანონი, ეს ნიშნავს, რომ ის, დიდი ალბათობით, შენს ქვეყანაში არ გაამართლებს. ვიმეორებ - კანონში გათვალისწინებული უნდა იყოს იმ ქვეყანაში არსებული გარემოებები და თავისებურებები. სხვა შემთხვევაში იქნებოდა ერთი კანონთა წიგნი და ყველა იმით ისარგებლებდა.

- 29-30 ნოემბერს, ბუქარესტში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრებიან. ამის თაობაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს რუსეთის ზეწოლა სხვადასხვა გზით ემუქრება. "მომავალ შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ მათ დამოუკიდებლობის დაცვასა და საკუთარი თავდაცვის უნარის გაძლიერებაში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

- ჩვენი პარტნიორები ყველა დონეზე აფიქსირებენ, რომ საქართველო მიტოვებული არ არის. ვფიქრობ, ამ შეხვედრაზე გადადგმული იქნება ისეთი ნაბიჯები, რამაც უნდა გააძლიეროს ამ ქვეყნების თავდაცვისუნარიანობა. ეს რომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არავისთვისაა საიდუმლო ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ბოლოდროინდელი აგრესიის შემდეგ. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია სტოლტენბერგის ეს განცხადება. ნატო და ნატოს ქვეყნები არიან ჩვენი ქვეყნის დაცულობის ერთადერთი გარანტები. თუ გვინდა გარანტიები უფრო ძლიერი იყოს, ამაზე 24 საათის განმავლობაში უნდა ვმუშაობდეთ.

- ევროპარლამენტმა რუსეთი "ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ" გამოაცხადა. ევროდეპუტატების განცხადებით, რუსეთის იერიშები სამოქალაქო ობიექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, სკოლები და თავშესაფრები, საერთაშორისო კანონს არღვევს. დანაშაულთა ჩამონათვალში საქართველოში რუსული აგრესიაც მოხვდა. რას იტყვით, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია ამ საკითხზე, უნდა შეუერთდეს თუ არა მსოფლიო თანამეგობრობის ამ შეფასებას?

- ტერორიზმის სპონსორად გამოცხადება უმძიმესი ვერდიქტი ქვეყნისთვის. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ძალიან ბევრი რამ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ რუსეთისთვის საერთაშორისო არენაზე. რატომ არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება აქამდე? იმიტომ, რომ რუსეთს აძლევდნენ შესაძლებლობას გონზე მოსულიყო, რაც არ მოხდა. ეს ძალიან მძიმე იქნება რუსეთისთვის და გამოიწვევს როგორც პოლიტიკურ, ისე სხვა ტიპის პასუხისმგებლობებს. ძნელად წარმოსადგენია, ტერორიზმის სპონსორად აღიარებული ქვეყანა როგორი უნდა იყოს, მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ან ჰქონდეს ის სტატუსი, რაც რუსეთს აქვს ეუთოში... მხოლოდ ევროპარლამენტისა და ნატოს რეზოლუციები არ კმარა, რუსეთისთვის საბოლოოდ ვერდიქტის გამოსატანად სხვა ქვეყნებმაც უნდა მიიღონ მსგავსი დოკუმენტები და ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, თუკი ჩვენ ვლაპარაკობთ რუსეთზე როგორც ტერორიზმის სპონსორზე, საქართველო თუ არა პირველი, ერთ-ერთი პირველი მაინც არის, ვინც ამის მსხვერპლი გახდა. რუსეთის რეჟიმი კვლავაც აწყობს ტერორისტულ აქტებს საქართველოში, უკანონოდ მოქმედებებს. ის, რაც ხდება უკრაინაში და სხვაგან, ერთი ჯაჭვია, ამიტომ არანაირი ლოგიკური არგუმენტი იმისა, რომ ჩვენ არ შევუერთდეთ, არ არსებობს. იმაზე, რის დამტკიცებასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, როგორც იქნა, დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო ლაპარაკობს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველომ თავი უნდა შეიკავოს, რათა რუსეთი არ გაღიზიანდეს, ეს აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. საქმე ისაა, რომ რუსეთს ძალიან აღიზიანებს დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა, და იმისთვის, რომ არ გაღიზიანდეს, მაშინ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე. რუსეთს რაც მეტს დავუთმობთ, მით მეტს მოითხოვს.