როგორ უნდა მოგვარდეს ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა?! - კვირის პალიტრა

როგორ უნდა მოგვარდეს ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა?!

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ბოლო 4 წელიწადში თითქმის 80 000-ით არის გაზრდილი იმ პირთა რაოდენობა, რომლებმაც სესხის შენატანის გადახდის თარიღს თვეზე მეტი ხნით გადააცილეს. ამ ინფორმაციით ეროვნულმა ბანკმა უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის სადეპუტატო კითხვას ვადაგადაცილებული სესხების შესახებ.თუკი 2019 წლის ოქტომბერში ასეთი ფიზიკური პირების რაოდენობა 495 620 იყო, 2022 წლის ოქტომბერში 574 715-მდეა გაზრდილი (სხვაობა 79 095 კაცი).გაზრდილია სესხების ოდენობაც: თუკი 2019 წლის ოქტომბრისთვის ზემოთ აღნიშული რაოდენობის მოქალაქეებს 851 332 სესხი ჰქონდათ აღებული, 2022 წლის ოქტომბრისთვის პრობლემური სესხების ოდენობა 1 100 566-მდე გაიზარდა.რამდენად საგანგაშოა ეს რიცხვები და როგორ უნდა მოგვარდეს ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომისტ ზვიად ხორგუაშვილს ესაუბრა.

- მთავარი ის არის, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, 455 მილიონი ლარი არის ჯამში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით. გაცემული სესხი კი, რასაც "ეკონომიკის დავალიანებას" უწოდებენ, 43,7 მილიარდი ლარია - ანუ ანალიზისთვის, ვადაგადაცილებული სესხები მთლიან მოცულობასთან პროცენტულად უნდა დავითვალოთ, პროცენტულად კი დაახლოებით 1%-მდეა. მაგალითად, 2021 წლის იმავე თვეს, ანუ შარშან ოქტომბერში, 1,3% იყო, რაც ნიშნავს, რომ სინამდვილეში ვადაგადაცილებული სესხები კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა. ასევე შემცირებულია შარშანწინდელთან შედარებითაც, როდესაც წილი 1,5% იყო.

მოკლედ, ვადაგადაცილებული სესხები უნდა დავითვალოთ პროცენტულად. მაგალითად, თუ გაცემულია 100 სესხი და დავალიანება აქვს 2-ს, ეს იქნება 2%. თუ სესხების ოდენობა გაიზრდება და გახდება, მაგალითად, 200 და დავალიანება ექნება 4-ს, ამ შემთხვევაში გვეჩვენება, რომ დავალიანების მქონეთა რაოდენობაც გაიზარდა, მაგრამ პროცენტულად ხომ ისევ ორია? ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანას ულხინს და სესხების პროცენტები მაღალი არ არის. მთავარია, რომ ეს პროცენტები გაზრდილია ლარშიც და უცხოურ ვალუტაშიც, განსაკუთრებით კი ლარში, და მოქალაქეებს მეტის გადახდა უწევთ.

მეორე პრობლემაა, რომ სესხის აღება ძალიან გართულდა და სწორედ ამის გამოა პროცენტებიც გაზრდილი. ხელისუფლება ყველას აიძულებს სუსტ და არასტაბილურ ვალუტაში, ანუ ლარში აიღოს სესხი და ამით მოსახლეობას უარეს მდგომარეობაში აგდებს. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა სესხში მეტს იხდის. დავალიანების შესახებ ცალკე აღებული ეს რიცხვი არაფერს არ გვეტყვის, თუ პროცენტულად არ დავითვალეთ, პროცენტულად კი ითვლიან არა იმიტომ, რომ თქვან, მოსახლეობა უკეთესად არის თუ უარესად, არამედ იმის გასაგებად, ფინანსურად რამდენად მდგრადია სისტემა. საქართველოში ფინანსური სისტემის მდგრადობას 2008 წელსაც არაფერი ემუქრებოდა და არც ახლა ემუქრება. თუმცა, თუ ავიღებთ მოქალაქეებს, რომელთაც სესხები აქვთ, რა თქმა უნდა, მათი მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება - როგორც პროცენტში გადასახდელი თანხის და ინფლაციის, ისე იმის გამოც, თუ როგორ შებოჭა ხელისუფლებამ დაწესებული რეგულაციებით. ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითია ის წელიწადი, როდესაც ხელისუფლება დაერია მიკროსაფინანსოებს, მათ მაღალი პროცენტი ჰქონდათო, და დახურეს. ამ ფულმა გადაინაცვლა შავ ბაზარზე, მევახშეებში, რამაც მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ამ მიზეზით გაცილებით მეტი იქნება ვადაგადაცილებული სესხების ოდენობა, დანაშაულებრივი ქმედებებიც, მაგრამ ამის სტატისტიკას არავინ აწარმოებს.

- ლარის სანდოობის გაზრდის მიზანს რამდენად მიაღწიეს და თუ მიაღწიეს, გადაწონის ამ რეგულაციებით შექმნილ პრობლემებს?

- ფაქტია, მიზანს ვერ მიაღწიეს. როდესაც ხელისუფლება დედოლარიზაციაზე საუბრობდა, მაგალითად ყოველთვის იღებდა ლარის კოეფიციენტს, ნახეთ, დეპოზიტების 60% და მეტი დოლარშიაო. უკვე 6 წელიწადია ე.წ. დედოლარიზაციის პოლიტიკას ატარებენ და დეპოზიტების დაახლოებით იგივე ოდენობა კვლავ დოლარშია. დოლარში გაცემული სესხების ოდენობა, რა თქმა უნდა, შემცირდა, რადგან ფაქტობრივად აკრძალულია სესხის დოლარში გაცემა, მაგრამ დეპოზიტებს იმ თვალსაზრისით უნდა შევხედოთ, თუ მოქალაქე რომელ ვალუტას ენდობა - რომელსაც ენდობა, თავის ფულს იმ ვალუტაში ინახავს. შესაბამისად, დედოლარიზაციის პოლიტიკას კარგი არაფერი მოუტანია.

- რატომ არ გადახედავენ ამ პოლიტიკას? ხომ ხედავენ, რომ შედეგი არა აქვს და მოსახლეობას სესხებს უძვირებს?

- ამის მიზეზი რამდენიმეა. პირველი პოლიტიკური ნების არარსებობაა. ხომ უნდა აღიარონ, რომ ამ პოლიტიკამ არ გაამართლა. მეორე - ცენტრალური ბანკის მენეჯმენტი დღემდე იგივეა. ამ ხალხს სჯერა, რომ შიდა ვალის აღება კარგია, ეკონომიკას მაქსიმალური სტიმული უნდა მივცეთ, მათ შორის "ფულის ბეჭდვით" და თავიანთ მსჯელობას რაღაც ხუთსართულიანი ფორმულებით ამყარებენ, მაგრამ ფაქტი ერთია - ეს პოლიტიკა არ ამართლებს.

მესამე მიზეზი კი, თუ რატომ არ გადაიხედა, ის არის, რომ ფისკალური პოლიტიკაც, ისევე როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი და ხარჯები, ძალაუფლების ინსტრუმენტია - ანუ, ერთი მხრივ, ბიუჯეტს აძლევ შიდა ვალს, რამდენსაც მოგთხოვს, მეორე მხრივ კი შენ შეგიძლია, როცა დაგჭირდება, კურსი მაშინ დაასტაბილურო - გაამყარო ან გააუფასურო.

თითქმის ყველა არჩევნების წინ ეროვნული ბანკი ძალიან ბევრ რეზერვს ხარჯავს ხოლმე, რათა კურსი სტაბილური იყოს. მთავარი მიზეზი სწორედ ძალაუფლებაა და თუკი პოლიტიკა შეიცვლება, გამოდის, ძალაუფლება დათმეს და ეს არ სურთ. ხელისუფლებამ მონეტარული ინსტრუმენტები რომ დათმოს, ხელმძღვანელობამ უნდა დათმოს ძალაუფლება - ეს არის მთავარი პრობლემა, რატომაც არ აკეთებენ.

- თუკი რეგულაციები შემცირდება და მოქალაქეები შეძლებენ უფრო მეტი სესხის აღებას, ეს ეკონომიკაზე როგორ აისახება?

- სესხებს ისედაც იღებენ - ანუ სესხებზე კანონში რაც უნდა ჩაიწეროს, სესხებზე მოთხოვნას არაფერი შეცვლის, იგივე დარჩება. როდესაც ხელისუფლებისა და ცენტრალური ბანკის პოლიტიკის გამო მოქალაქე ვეღარ იღებს ბანკიდან სესხს, მიდის მევახშესთან. რეგულაციების შემსუბუქებით სესხები კი არ გაიზრდება (სინამდვილეში არც შემცირებულა), არამედ იატაკქვეშეთიდან ამოვა და უფრო გაიაფდება, ამავე ან უფრო კარგი პირობებით აიღებენ. რაც მთავარია, პრობლემის შემთხვევაში მისი მოგვარების ცივილიზებული საშუალება ექნებათ. მთავარი პრობლემა ის არის, რომ სესხებს მაინც იღებენ, უფრო ცუდი პირობებითა და მაღალი პროცენტებით. მეორე მხრივ, ბიზნესმა გარკვეულწილად გვერდი აუარა განვადებებს და ცდილობს რეგულაციები არ დაარღვიოს, მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოოდ ხარჯებს ზრდის. ასე რომ, სესხებზე მოთხოვნა არსად წასულა, იგივეა, უბრალოდ, მოქალაქეებს ძალიან გავუძვირეთ სესხების მომსახურება და პლუს ხშირად თავის უფლებებსაც ვერ იცავენ, როდესაც სესხის აღება მევახშეებისგან უწევთ.

- შავ ბაზარს ვერაფერს ვუზამთ, მაშინ რა შეიძლება გაკეთდეს, თუ მოქალაქე სესხს ბანკში ვეღარ იხდის?

- დიახ, შავ ბაზარს ვერაფერს ვუზამთ, მაგრამ თუ დერეგულირება მოხდება, მოქალაქე შავ ბაზარზე აღარ წავა. შავ ბაზარზე იმიტომ მიდის, რომ ლეგალურად არ შეუძლია სესხის აღება. ამიტომ, თუ ამ ძალიან მკაცრ რეგულაციებს შეარბილებენ, რატომ წავალ მევახშესთან? წავალ ბანკში, სადაც მიღიმიან, დავდებ ხელშეკრულებას და, თუ ვერ გადავიხადე, არ მცემენ, არ მემუქრებიან და საქმეებს არ მირჩევენ. ეს სხვაობაა.

- თუკი პირს ბანკში აქვს სესხი და ვეღარ იხდის, რა უნდა გააკეთოს, რომ პრობლემური არ გაუხდეს, შავ სიაში არ მოხვდეს, მერე ან ქონება არ გაუყიდონ და ა.შ.?

- მთავარი ის არის, თუ მოქალაქეს სესხის გადახდის პრობლემა ექმნება, აუცილებლად მჭიდრო კონტაქტი უნდა ჰქონდეს ბანკთან. მაქსიმალურად უნდა შეაწუხოს, ერთი მხრივ, ბანკი, რომ სესხის რესტრუქტურიზაცია გაუკეთონ, რათა ვადა არ გადაუცილდეს და პარალელურად ეძიოს სხვა ბანკი, რომელმაც შეიძლება უკეთესი პირობები შესთავაზოს და სესხი იქ გადაიტანოს. ეს კი გაუძვირებს სესხს, რადგან დასაფარი დრო იზრდება და პროცენტიც ემატება, მაგრამ ვადაგადაცილებასა და შავ სიაში მოხვედრას ნამდვილად სჯობს. სულ ეს ორი გზაა, როდესაც სესხი გვაქვს და ვეღარ ვიხდით, რამაც შეიძლება მდგომარეობა შეგვიმსუბუქოს. სხვა საკითხია, რომ სესხის აღების დროს ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ, ნამდვილად გვჭირდება და გვიღირს თუ არა ამ პროცენტის გადახდა.

- ხელისუფლება რატომ უქმნის მოსახლეობას პრობლემას. როდესაც მე სესხს ვერ ვიხდი, ხელისუფლებას ხომ არ ვთხოვ გადამიხადოს და თუკი გავრისკავ სესხის აღებას, ხელისუფლება რატომ მიშლის?

- ამის მთავარი მიზეზი პატერნალიზმია. არიან ხელისუფლებები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პატერნალისტური პოლიტიკა სწორია, და არიან ხელისუფლებები, რომლებიც პირიქით ფიქრობენ. ჩვენი ხელისუფლება პატერნალისტია და ფიქრობს, რომ უკეთესად იცის, როგორ ვცხოვრობთ, რა სახსრები გვაქვს, შესაძლებლობები და მეორე, იმედოვნებს, რომ შავი ბაზარი არ წარმოიქმნება. ამ ყველაფერს ამერიკაში მშრალი კანონის შემოღებას შევადარებდი, როდესაც ხელისუფლებამ ალკოჰოლური სასმელი აკრძალა იმ მიზნით, რომ ხალხს ნაკლები დაელია, ჯანმრთელობის პრობლემები არ შეჰქმნოდა, ოჯახში ძალადობა არ ყოფილიყო და ა.შ. მაგრამ მაინც ყველა სვამდა, თანაც გაცილებით უხარისხო სასმელს და რაც მთავარია, კრიმინალი ისე გაძლიერდა, ქუჩაში გავლა საშიში იყო. ნებისმიერი პატერნალისტური პოლიტიკა ამის მსგავსია - ფიქრობს, მოდი, შევუზღუდოთ ვალის აღება, აღარ აიღებენ და პრობლემებიც აღარ იქნებაო. სინამდვილეში ვალს მაინც იღებენ, რადგან სჭირდებათ, რა ქნან, შიმშილით ხომ არ დაიხოცებიან. ამიტომ ხელისუფლებამ სესხებზე კი არ უნდა დააწესოს რეგულაციები, არამედ იმაზე იზრუნოს, რომ ეკონომიკა გაძლიერდეს და ხალხს სესხის მომსახურების საშუალება ჰქონდეს.

რუსა მაჩაიძე