ორ-ომ-ტრიალი „ნაცებში“ - კვირის პალიტრა

ორ-ომ-ტრიალი „ნაცებში“

"არჩევანი დიდ ფულსა და ღირსებას შორის დგას", - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" ერთმა ნაწილმა საკუთარ პარტიაში დღეს მიმდინარე პროცესი. როგორია ხაბეიშვილის გუნდის პრეტენზია მელიასთან და რას პასუხობს ბრალდებებზე ნიკა მელიას გუნდი, ამის გარკვევა ხაბეიშვილის მხარდამჭერი დავით კირკიტაძისა და მელიას მხარდამჭერი ბაჩო დოლიძისგან ვცადეთ.

"კეზერაშვილი და მერაბიშვილი კი არა, ყველა ძვირფასია ოლიგარქთან ბრძოლაში"

დავით კირკიტაძე: - როგორც უნდა დასრულდეს ეს ამბავი, პარტია პროცესიდან გაძლიერებული გამოვა. ვინც წითელ ხაზს გადააბიჯა და კონკურენციის წესები დაარღვია, ამ პროცესში პოზიტიური როლი არ უთამაშიათ, თუმცა ამის დაძლევა შესაძლებელია მაშინ, როდესაც პარტიის ახალარჩეული თავმჯდომარე დასახავს რეალურ მიზნებს და ამის გარშემო გაერთიანდება ყველა პატრიოტი, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები, ასევე ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა ოლიგარქი ივანიშვილი და მისი შექმნილი სისტემაა.

- ელოდით, რომ მელია, რომელიც მიიჩნევს, რომ ზურგში მახვილი ჩაეცით, კარტს ბოლომდე გაშლიდა? ვგულისხმობ მელიას მინიშნებებს, რომ თქვენი გუნდისა და ხაბეიშვილის უკან კეზერაშვილი და მერაბიშვილი დგანან.

- ერთ დროს მელია თვითონ ჩავიდა კეზერაშვილთან. ნიკა მელიას აზრი ამ ადამიანზე ძალიან არეულია - ხან ამას ამბობს, ხან იმას. თავად განმარტოს, რატომ?

- ახლაც ფიქრობთ, რომ პარტიაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება აუცილებელია?

- რა თქმა უნდა. ბევრს აქვს განცდა, რომ "ნაცმოძრაობა" არ აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს, რაზეც პასუხისმგებლობა პარტიის თავმჯდომარეს ეკისრება.

- რა ვერ ან არ გააკეთა მელიამ?

- უფრო აქტიური და მომთხოვნი უნდა ყოფილიყო, უფრო ხშირად გაემართა საპროტესტო აქციები, ქვეყნისა და პარტიის წინაშე არსებული გამოწვევების მიმართ უფრო ადეკვატური უნდა ყოფილიყო.

- სააკაშვილის გათავისუფლება აღარ არის თქვენი მთავარი დღის წესრიგი?

- როგორ არ არის! მისი გათავისუფლება უმნიშვნელოვანესი საკითხია არა მარტო პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან ცუდი გამოცდილება იმისა, თუ როგორ ვერ დაიცვა კანონიერი გზით არჩეული პირველი პრეზიდენტის სიცოცხლე. ეს აღარ უნდა განმეორდეს.

- "ნაცმოძრაობის" ზოგიერთი წევრი ირწმუნება, რომ სააკაშვილი ითხოვდა აქციების გამართვას და მისი გათავისუფლების კომიტეტის შექმნას, რომელსაც სათავეში ხაბეიშვილი უნდა ჩასდგომოდა, მაგრამ ამასობაში კეზერაშვილმა მას ანტიკორუფციული ბიურო დაუფინანსა და ისიც ჩამოშორდა აქციების საკითხს. ამას ადასტურებს ნანუკა ჟორჟოლიანიც და ირწმუნება, რომ ხაბეიშვილი ტელეფონზეც კი აღარ პასუხობდა.

- არ ვიცი, რა გითხრათ, ასეთი არაფერი მსმენია.

- აუცილებლად გექნებათ მოსმენილი, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ინტერესები აქვთ კეზერაშვილსა და მერაბიშვილს. თქვენ შეგიძლიათ ეს დაადასტუროთ ან უარყოთ?

- გულწრფელად გეუბნებით - სურვილის შემთხვევაში მათ საჯარო პოლიტიკაში გამოჩენის პრობლემა არა აქვთ. კეზერაშვილი და მერაბიშვილი კი არა, ყველა ძვირფასია ოლიგარქთან ბრძოლაში. ყველა უნდა გაერთიანდეს, თუ გვინდა მიზანს მივაღწიოთ. საბოლოო მიზანი კი არის ქვეყნისთვის დიდი სირცხვილის აცილება, სააკაშვილის ციხიდან გამოშვება და მისი გადარჩენა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დეოლიგარქიზაცია.

- ფიქრობთ, ხალხის ნაწილს კეზერაშვილის ქონებასა და გავლენებზე კითხვები არა აქვს?

- ამ ქვეყანაში არის ერთი ოლიგარქი - ივანიშვილი. მას შემდეგ, რაც ივანიშვილი ძალაუფლებას დაკარგავს, ქვეყანაში ოლიგარქია აღარ იქნება. ეს იქნება შესაბამისი კანონმდებლობით უზრუნველყოფილი.

- თქვენ თავად არა გაქვთ კითხვები კეზერაშვილის ქონების შესახებ?

- მე რომ მქონოდა, ვკითხავდი. მე კითხვები, ეჭვი და ბრაზი ივანიშვილთან მაქვს. მან 2012 წელს მოატყუა ხალხი, გააღარიბა. მანვე დაგვხია უკან ევროინტეგ­რაციის გზაზე, ქვეყნიდან გააქცია უამრავი მოქალაქე და შანსი დაუკარგა ქვეყანას.

"უნდა გამოვააშკარაოთ ყველა, ვინც ფარდის უკან თამაშობს"

ბაჩო დოლიძე: - მეც ვფიქრობ, რომ მიმდინარე პროცესიდან "ნაცმოძრაობა" გაძლიერებული გამოვა, ის იქნება ერთიანი, ძლიერი გუნდი. გუნდის თითოეულმა წევრმა კრიტიკულ მომენტში პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს და ყველაფერი ერთ კაცს არ უნდა გადააბრალოს. ამ კონკრეტულ კონფიგურაციაში მე მხარს ვუჭერ ნიკა მელიას.

- ესე იგი, თუ არჩევნებში მელიამ გაიმარჯვა, ხაბეიშვილი და მისი გუნდი ძველ პოზიციაზე ვერ დარჩებიან?

- ბუნებრივია, როგორც ლევანს, ასევე ნიკას მოაზრებული ეყოლება გუნდი, რომელთან ერთადაც გააგრძელებს პარტიულ ბრძოლას. ამას ყველა უნდა შევეგუოთ.

- რატომ ამბობენ ხაბეიშვილის მხარდამჭერები, რომ მელია მრავალრიცხოვან აქციებს შლიდა?

- უტიფრობაა ამის თქმა. ისიც კი მოვისმინე, რომ 60-ათასიანი აქცია დაშალაო. იცით მელიას უპირველესად რა უნდა გაეკეთებინა? ძლიერი გუნდი უნდა შეეკრა იმ პოზიციებზე, რომლებსაც ახლა სხვაგვარად მოფიქრალი ჩვენი მეგობრები იკავებენ. ეს ხალხი მოწინავე პოზიციებზე იყო, დღემდე ასე არიან და ამბობენ, რომ თითქოს ერთი კაცი აფერხებდა ყველაფერს. თუ რამე ვერ გაკეთდა, ყველაფერს ჰქონდა ობიექტური მიზეზები, რის შესახებაც პარტიის წევრები ინფორმირებული იყვნენ. მხარდამჭერებმა არ იცოდნენ, მაგრამ გუნდში ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. ოცდაათამდე აქცია გაიმართა, ელჩებთან შეხვედრებზე აღარაფერს ვამბობ. დაავიწყდათ? ახლა მთავარია ისე დავამთავროთ საარჩევნო კამპანია, რომ სახე არ დავკარგოთ და უკადრებელი არ ვიკადროთ.

- რა ქვედა დინებების შედეგია ის, რაც ახლა ხდება "ნაცმოძრაობაში"?

- პირდაპირ ვამბობ - არ მჯერა, რომ ერთ დღეს, ერთ საათს, სხვადასხვა რეგიონიდან ახალგაზრდები წამოვიდნენ, შემთხვევით შეიკრიბნენ თბილისში ბრიფინგის ჩასატარებლად და მერე აქ სპონტანურად შეუერთდა ჩვენი რამდენიმე მეგობარი პარლამენტიდან. ბოდიში, მაგრამ თავს ვერ მოვიტყუებ. ეს ორგანიზებული იყო, საამისო კონტურებიც იკვეთება. შეიძლება ყველაფერი ფორსირებულადაც მოხდა, ბევრი უცნაური და გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, მათ შორის კანდიდატების დასახლებაც: ზოგმა უარი თქვა საკუთარი კანდიდატის დაყენებაზე და მერე დაასახელა, ზოგმა თავიდან დაასახელა და მერე მოხსნა. ეს სხვადასხვა მომენტი საერთო თამაშის კონტურებს აჩენს.

- მაინც რა ტიპის თამაში იკვეთება?

- მავანთა ინტერესების თანხვედრაა. ყოველივე ამის უკან შეიძლება ერთი კი არა, რამდენიმე პირი დგას. პრობლემა ის არის, რომ ფარული დინებებია. ჩვენ "ქართულ ოცნებას" ზუსტად იმას ვედავებით, რომ ქვეყანა კულუარებიდან იმართება. ხელისუფლება კი არა გვყავს ამოჩემებული, საზოგადოდ არ მოგვწონს ჩრდილოვანი მმართველობა. ჩრდილოვანი მმართველი წარმოშობს ოლიგარქიულ რეჟიმს. თუ მსგავს საფრთხეს საკუთარ წიაღში დავინახავთ, უნდა აღვკვეთოთ და გამოვააშკარაოთ ყველა ის პერსონა, რომელიც ფარდის უკან თამაშობს.

- გინდათ თქვათ, რომ რაც ახლა პარტიაში ხდება, კეზერაშვილისა და მერაბიშვილის შეთქმულების, შურისძიების შედეგია?

- კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, სანამ კამპანია არ დაიწყება და ამომრჩეველთან საკუთარი შეხედულებების გაზიარების საშუალება არ გვექნება. სახელებისა და გვარების დასახელება მარტივია, მაგრამ ამას უნდა მოსდევდეს კონკრეტული ფაქტები.

- ეს დაპირისპირება აფერხებს თუ არა სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს?

- რა თქმა უნდა. მთავარი საკითხები შიდაპარტიული საკითხებით გადაიფარა, ბრალდებებზე აღარაფერს ვამბობ.

- პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება, რომ მას არ სურს სააკაშვილი ციხეში მოკვდეს, რა განცდას გიჩენთ, მოაწერს ხელს მის შეწყალებას?

- ზურაბიშვილი არაერთგვაროვან განცხადებებს აკეთებს. მას აქვს ბერკეტი, რომ დღესვე შეაჩეროს ეს უბედურება, მაგრამ ელოდება, იქნებ სხვამ გააკეთოს, იქნებ სასამართლომ გაათავისუფლოს. მისი ასეთი განწყობა იმედს არ მიჩენს. ვფიქრობ, მაინც ვერ გარისკავს!

ხათუნა ბახტურიძე