"დღეს ჩვენი მთელი პოლიტელიტა არალეგიტიმურია“ - კვირის პალიტრა

"დღეს ჩვენი მთელი პოლიტელიტა არალეგიტიმურია“

მთავარი ოპოზიციური პარტია შიდაპარტიული პროცესებით არის დაკავებული,­ რაც სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის­ ძალიან მომგებიანი უნდა იყოს, რათა კონკრეტული ნიშა დაიკავონ და საკუთარ რეიტინგზე იზრუნონ, რომელიც დღეს ძალიან დაბალია ყველა ბოლო კვლევის მიხედვით. ამ მოცემულობით რომ ჩატარდეს არჩევნები, 5%-იან ბარიერს მხოლოდ დღევანდელი მმართველი პარტია და "ნაციონალური მოძრაობა" გადალახავენ და გაუნაწილებელ ხმებსაც ისინი გადაინაწილებენ. რა ხდება ოპოზიციაში და რა გავლენა ექნება ყოველივე ამას პოლიტიკურ პროცესებზე, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ვესაუბრეთ:

- კარგი რომ არაფერი ხდება, კვლევებშიც ჩანს და ისედაც ცხადია, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომლებიც დღეს ამომრჩეველს აქვს. ამომრჩეველს არ მოსწონს არც წარსული, არც აწმყო და ეძებს მომავლის არჩევანს, ანუ სუფთა ფურცლიდან არჩევანს. ეძებს ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ისაუბრებენ იმაზე, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოგვარდება პრობლემები. კვლევები ხომ აჩვენებს საზოგადოების დღევანდელ პრობლემებს, სოციალურს, საპენსიოს და ასე შემდეგ... ანუ ამომრჩეველი ელის, ვინ შესთავაზებს პოზიტიურ დღის წესრიგს და კონკრეტულად ეტყვის, რას როგორ გააკეთებს, რომელ პრობლემას როგორ მოაგვარებს. რაც მთავარია, დაარწმუნებს, რომ ეს არ არის ტყუილი დაპირებები და რეალურად შეუძლიათ ამის გაკეთება. დღევანდელი ოპოზიცია კი ამ თემებით საერთოდ არ არის დაკავებული. ძირითადად, ტელეეკრანების მეშვეობით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ხელისუფლებაა ცუდი. ხალხი ეუბნება, გავიგეთ, ბატონო, რომ ცუდია, მაგრამ იქნებ ისიც მითხრათ, თქვენ ვინა ხართ და თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რა შეიცვლებაო - ანუ ხალხი პირდაპირ კომუნიკაციას ელოდება, ამას კი სჭირდება რკინის ქალამნები და ხალხთან მისვლა. კვირაში ერთხელ ტელევიზიით გამოსვლა და მაშინაც მხოლოდ ხელისუფლების ლანძღვა არ არის საკმარისი, რომ პოლიტიკაში წარმატებული იყო.

- გასაგებია, რომ "ნაცმოძრაობა" ახლა შიდაპარტიული ამბებით არის დაკავებული, მაგრამ დანარჩენი ოპოზიცია რატომ ვერ იყენებს ამ შანსს?

- "ნაცმოძრაობა" სანამ შიდაპარტიული­ ამბებით დაკავდებოდა, მანამდე რას აკეთებდა?! პრობლემა ის არის, რომ ეს და სხვა პარტიებიც დაკავებული არიან "ჩვენი ევროპული არჩევანის", "პრორუსული ხელისუფლებისა" და "ბიძინა ცუდიას" ძახილით. მათ შორის არანაირი განსხვავება­ არ არის, ყველა ნეგატივშია ჩაკეტილი. კი ბატონო, ამაშიც შეიძლება დავეთანხმოთ, მაგრამ პოლიტიკა მხოლოდ ეს ხომ არ არის? ადამიანებს შიათ, სწყურიათ და სხვა ბევრი პრობლემა აქვთ. ბიძინამ რაც მოახერხა, ოპოზიციის კომპრომეტირება და დისკრედიტირებაა. ბიძინა ამომრჩეველს სწორედ ამას ეუბნება - კი, მე შეიძლება ცუდი ბიჭი ვარ, მაგრამ ისინი საერთოდ ვინ არიანო. ოპოზიცია თავისი ქმედებებით­ სწორედ მის ამ ნათქვამს ადასტურებს და ხალხი ფიქრობს, არ მომწონს ეს ხელისუფლება, მაგრამ ამათით როგორ ჩავანაცვლოო. ხალხს არ უნდა მუდმივი ძიძგილაობა, მას მომავალზე ორიენტირებული დღის წესრიგი სჭირდება. რაც მთავარია, ხალხთან არ მიდიან. გინახავთ რომელიმე ოპოზიციური პარტია რეგიონში სისტემურად გასული? ამათ ჰგონიათ, ჰალსტუხებს რომ გაიკეთებენ და ტელევიზიებში აზრებს დააფრქვევენ, ეს არის პოლიტიკა.

- ხალხთან ურთიერთობაზე ის პასუხი აქვთ, რომ თანამედროვე სამყაროში ადგილზე მისვლა აღარ არის საჭირო და კომუნიკაცია ინტერნეტის მეშვეობითაც შესაძლებელია.

- წარმოუდგენელია ასეთი დამოკიდებულება. კი ბატონო, ასე გააგრძელონ და ვნახოთ, რას დაიჭერენ. ადამიანებს უნდათ მისვლა, მოფერება, სურთ თვალებში ჩაგხედონ, გაარკვიონ, გენდონ თუ არა. ვიმეორებ, ტელევიზორში დაჯდომა და ფოჩიანი კანფეტების დაპირება ყველას შეუძლია. ხალხს სურს ვინმე პირისპირ დაელაპარაკოს და დაარწმუნოს, რომ არ ატყუებს. ხალხს მონოლოგის მოსმენა კი არა, დიალოგი უნდა მათთან, რადგან შორიდან დაპირებები ყოველთვის იმედგაცრუებით მთავრდება. ოპოზიციას ზამთარში სცივა, ზაფხულში სცხელა. ცხელ შემოდგომას ხომ გვპირდებოდნენ, მაგრამ წვიმა წამოვიდა და წვიმაში ხომ არ წავიდოდნენ? ზაფხულში ხომ უნდა დაისვენონ, გაზაფხულზე კი სეტყვაა. ჩვენი პოლიტიკოსების მოსაწონი სეზონი ხალხთან დასალაპარაკებლად ბუნებაში არ არსებობს.

- "ცხელ შემოდგომას" რომ თავი დავანებოთ, ოპოზიცია გვპირდებოდა, რომ სექტემბრისთვის არაერთი კანონპროექტი ექნებოდა და მათ შორის 12 პუნქტთან დაკავშირებული, რაც დღემდე არ წარმოუდგენიათ. ამ დაპირებებს მაინც რატომ არ ასრულებენ, ესეც ამინდის ბრალი ხომ არ არის?

- მუშაობა ეზარებათ. დაკავებული არიან მხოლოდ იმით, რომ იძახონ, ბიძინა ცუდიაო. ჩვენს ოპოზიციას ჰგონია, თუ იტყვის, რომ ბიძინა ცუდია, ამით თვითონ კარგი გახდება, მაგრამ ასე არ არის. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში კამპანიაში ნეგატიური წილი დაახლოებით 30%-ია. კი, ნეგატივი უნდა იყოს შენს მოწინააღმდეგეზე, მაგრამ 70% ამ ქვეყნებში პოზიტივია - ანუ შენ თვითონ ვინ ხარ, რა შეგიძლია, რომ მხოლოდ სურვილი კი არა, მისი შესრულების უნარიც გაქვს. ხალხს თანაგრძნობა სჭირდება, მაგრამ თვლიან, რომ ეს არ არის საჭირო. ოპოზიციამ კომფორტული ცხოვრება მოიწყო და სხვა ყველაფერი ფეხებზე კიდია.

- თუ ასე გაგრძელდა, არჩევნებზე რა შედეგები დადგება?

- ხალხს არჩევანი არა აქვს. დღეს ჩვენი მთელი პოლიტიკური ელიტა, ხელისუფლებიანადაც და ოპოზიციანადაც, არალეგიტიმურია. ყველა მოქმედი პარტიის, რომელსაც პულსი ესინჯება, ჯამური რეიტინგი არალეგიტიმურობის საფუძველია. ყველა ერთად რომ იყოს ხელისუფლებაში, მაინც არალეგიტიმური იქნებიან. ეს კვლევებშიც კარგად ჩანს - 72% ითხოვს ახალ არჩევანს სუფთა ფურცლიდან, რადგან არც ერთი პარტია არ მოსწონს.

რუსა მაჩაიძე