„ეს ვითარება ძალიან ჰგავს პირველ მსოფლიო ომს - როგორც მაშინ, რუსეთს ახლაც მოუწევს კავკასიიდან გასვლა“ - კვირის პალიტრა

„ეს ვითარება ძალიან ჰგავს პირველ მსოფლიო ომს - როგორც მაშინ, რუსეთს ახლაც მოუწევს კავკასიიდან გასვლა“

"ОДКБ-ს ფიასკო" - ასე შეფასდა ერევნის სამიტი, სადაც ნიკოლ ფაშინიანმა სამიტის დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი თქვა, ერევანში ჩასულ პუტინს კი საპროტესტო აქციით დახვდნენ და ხელისუფლებისგან ამ ორგანიზაციის დატოვება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებს­ ხელში სომხეთის, ევროკავშირის, აშშ-ისა და უკრაინის დროშები ეჭირათ.შეგახსენებთ, რომ ОДКБ-ს წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზ­ახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. სამიტში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში ჩავიდნენ სამხედრო ბლოკის წევრი სახელმწიფოების მეთაურები, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი პუტინი. ეს იყო მისი მერვე­ ვიზიტი სომხეთში, პირველი 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდგომ, და მოსალოდნელი იყო, რომ სამიტზე ვითარება პოლიტიკურად გაანალიზდებოდა. სამიტის ამ შედეგით დასრულება არის თუ არა შედეგი იმისა, რომ რუსეთი რეგი­ონში კარგავს გავლენას და რა პროცესებია მოსალოდნელი კავკასიაში, ამ საკითხებზე რონდელის ფონდის მკვლევარს ზურა ბატიაშვილს ვესაუბრეთ:

- ფაშინიანმა უარი თქვა დოკუმენტის ხელმოწერაზე, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია მკვდრადშობილია. თავის დროზე, როდესაც შეიქმნა, რუსეთს მისი გამოყენება ნატოს საპირწონედ სურდა. თუმცა რეალურად არასოდეს უმოქმედია და ეს კარგად გამოჩნდა როგორც ყარაბაღის მეორე ომში, ასევე, ამ შემოდგომაზე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეტაკებებისას და რამდენიმე თვის წინ ამ ორგანიზაციის წევრი ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის შეიარაღებული ძალების კონფლიქტისას. ამიტომ ეს შეხვედრაც და შეთანხმებაზე ხელის მოწერაზეც სომხეთის უარი იმას მიანიშნებს, რომ ეს ორგანიზაცია ნელ-ნელა კვდება, მას არავითარი პერსპექტივა არა აქვს, მით უმეტეს, რომ მისი ლიდერი ქვეყანა, რუსეთი, მარცხდება.

- ეს ორგანიზაცია მანამდეც უმოქმედო იყო, მაგრამ ასე აშკარად არავის გამოუხატავს­ დამოკიდებულება. სომხეთის მოსახლეობის რეაქცია განპირობებულია რუსეთის დასუსტებით და ნიშნავს, რომ რუსეთი გავლენას კარგავს?

- რა თქმა უნდა. 2022 წლის აგვისტოში­ ე.წ. სამშვიდობო ძალები იძულებული­ გახდნენ აზერბაიჯანისთვის დაეთმოთ კონტროლი ლაჩინის კორიდორზე, რომელიც ყარაბაღს და სომხეთს აკავშირებს და ესეც მიანიშნებს, რომ რუსეთის გავლენა სუსტდება, მათ შორის კავკასიაშიც.

- რა არის აუცილებელი, რომ რუსეთი­ საერთოდ გავიდეს სამხრეთ კავკასიიდან?

- ახლანდელი ვითარება პირველი მსოფლიო ომის შემდგომ მდგომარეობას ჰგავს, როდესაც რუსეთი იძულებული გახდა წასულიყო სამხრეთ კავკასიიდან. კრემლს კი ძალიან სურს ეს მეორე მსოფლიო ომის სცენარად წარმოაჩინოს, მაგრამ ასე არ არის და სწორედ პირველ მსოფლიო ომს ჰგავს, როდესაც რევოლუცია მოხდა. ახლაც აქეთკენ მიდის საქმე - რუსეთის დამარცხებას მოჰყვება დიდი უკმაყოფილება­ და შედეგად, არა მარტო პუტინის რეჟიმის შეცვლა, არამედ უფრო მწვავე მოვლენებიც.

- არის შანსი, რომ რუსეთმა კავკასია მშვიდობით დათმოს?

- რუსეთმა აქ სამხედრო ძალის გამ­ოყენება რომ სცადოს, თეორიული შანსი­ არის, მაგრამ პრაქტიკული შესაძლებლობა­ ნაკლებად აქვს, რადგან უკრაინაში თითოეული ჯარისკაცი სჭირდება, მობილიზა­ციის უკვე მეორე ტალღას ამზადებს,­ კიდევ ახალი ფრონტის გახსნის თავი არა აქვს. მოიფიქრებს თუ არა რამეს უკრაინაში დამარცხების შემდეგ თავის მოსახლეობასთან პირის მოსაწმენდად, ახლა ამაზე ლაპარაკი ძნელია.

- სომხეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთზე როგორც ეკონომიკურად და სტრატეგიული ინფრასტრუქტურით, ასევე სამხედრო თვალსაზრისითაც. ეს დამოკიდებულება სომხეთს რის საშუალებას მისცემს?

- პროტესტის მიუხედავად, სომხეთში რუსეთი ჯერ კიდევ ძლიერად არის ფეხმოკიდებული, მაგრამ ის კრახი, რაც რუსეთს უკრაინაში ელოდება, რა თქმა უნდა, პოზიციას შეურყევს და ვეღარსად იქნება ძველებურად მყარად, მათ შორის ვერც სომხეთში. პროცესი დაწყებულია და გაგრძელდება მომავალშიც და რაც დრო გავა, რუსეთის გავლენა აუცილებლად შესუსტდება.

- პრაღაში სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაზე. შემდეგ ითქვა, რომ ეს ნოემბრის მიწურულს ან დეკემბრის დამდეგს მოხდება. არაოფიციალურად იმაზეც იყო საუბარი, რომ მათ საქართველოც შუამავლობდა. ერევნის სამიტზე რაც მოხდა, ნიშნავს, რომ ერევანი ახალ პარტნიორებს ეძებს და შესაძლებელია თუ არა სამხრეთი კავკასია უფრო გაძლიერდეს?

- სომხეთი აქტიურად ელაპარაკება­ როგორც აზერბაიჯანს, ასევე თურქეთს. თურქეთის როლი გასაგებია, რადგან ამ რეგიონში ნატოს წევრი ერთადერთი ქვეყანაა­ და თუ ვინმეს სურს დასავლეთისკენ გეზის აღება, მას ნორმალური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს თურქეთთან. ახლა მთავარი ის არის, სომხეთი და აზერბაიჯანი მოაწერენ ხელს თუ არა შეთანხმებას, რომე­ლიც ითვალისწინებს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხს, აზერბაიჯანი ითხოვს გზას ნახჩევანისკენ, რომელიც სომხეთისთვის პრობლემატურია. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა შეთანხმებას.­ ითქვა, რომ ევროპაში ალიევისა და ფაშინიანის კიდევ ერთი შეხვედრა უნდა გამართულიყო,­ მაგრამ ფაშინიანმა შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტის დასწრება მოითხოვა, რაზეც ალიევმა უარი განაცხადა­...

- ამ პროცესებში თურქეთიც უთუოდ დიდ როლს თამაშობს...

- თურქეთი აზერბაიჯანის უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერია. ორივე მოქმედებს პრინციპით: "ერთი ერი - ორი სახელმწიფო". შესაბამისად, პოლიტიკის დამგეგმავებმა ეს რეალობა უნდა გაითვალისწინონ.

რუსა მაჩაიძე