„სომხები თვითმკვლელობას არ ვაპირებთ!“ - კვირის პალიტრა

„სომხები თვითმკვლელობას არ ვაპირებთ!“

"კრემლის ტრიოს" ვიზიტი ერევანში ანტირუსული გამოსვლების თანხლებით წარიმართა­. "ვნახეთ ბუჩა, ირპენი!", "რუსეთი ტერორისტია! მისი ადგილი სომხეთში არ არის!", "პუტინ, წადი სომხეთიდან!", "რუსეთი მტერია!", "ОДКБ მტერია!", - სამი დღის განმავლობაში ასეთი ლოზუნგებით პროტესტი არ შეწყვეტილა ქალაქის მთავარ მოედანზე. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ОДКБ-ს მუშაობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ვითარებაზე "ფიასკო" უწოდა და სომხეთისთვის დახმარების გაწევის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი თქვა. "არ არსებობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ზონა, რაც ნიშნავს, რომ არ არსებობს თავად ორგანიზაცია", - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

რუბენ მეჰრაბიანი, სომეხი პოლიტოლოგი: - რუსეთი ცდილობს ორბიტიდან არ გაუშვას ჩვენი ქვეყანა, მაგრამ არც აზერბაიჯანის დაკარგვა სურს. ის ბევრად ძვირფასია მისთვის, ვიდრე ჩვენ, ისევე როგორც ОДКБ-ს სხვა წევრებისთვის­. ფაშინიანი­ ცდება, როდესაც ამბობს, ამ ორგანიზაციაში სომხეთს აზერბაიჯანზე ნაკლები მეგობარი­ ჰყავსო - სომხეთს იქ საერთოდ არა გვყავს­ მეგობრები. ОДКБ - ში იმიტომ გავწევრდით, რომ აზერბაიჯან-თურქეთის ტანდემისგან დაგვეცვა თავი, თუმცა­ ამდენი წელია ორგანიზაცია ვერაფერს აკეთებს, ამიტომ თავად უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი. სომხეთმა უნდა განაცხადოს, რომ გაყინავს ორგანიზაციის წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას და იმავდროულად, გამოსვლის იურიდიულ პროცესს დაიწყებს. პარალელურად სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას უნდა გადახედოს. თუ კიდევ დავრჩებით ОДКБ-ში, სხვა პარტნიორებთანაც შეგვექმნება პრობლემები. სომხეთით დაინტერესებული არიან ევროკავშირი და ამერიკა, რომლებმაც დაგმეს აზერბაიჯანის აგრესია და მოითხოვეს აზერბაიჯანის ჯარის გაყვანა. ამერიკამ შეაჩერა თავდასხმა, ევროკავშირმა კი მონიტორინგის მისია გამოგზავნა. რუსეთს სომხეთი თავისი უკანა ეზო ჰგონია და გაფაციცებულია, მისი ნებართვის გარეშე შინ და გარეთ ნაბიჯი არ გადავდგათ. ამიტომაც უნდა გავუხსნათ კარი ევროპას. რეგიონში აუცილებელია დემოკრატიის საერთო სივრცის დაცვა, ამ მხრივ კი დასავლეთს ორი საყრდენი ჰყავს საქართველო და უკვე სომხეთიც.

რუსეთს კავკასიაში მეგობრები აღარ ჰყავს, არც აზერბაიჯანია მისი მეგობარი­. მათ მხოლოდ საერთო ინტერესი აერთიანებთ სომხეთის წინააღმდეგ. დაწესებული სანქციების გამო რუსეთს ძალიან სჭირდება სამხრეთ კავკასიაში გავლენის შენარჩუნება, არც მალავენ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე რუსული მიწაა, ეს დუმის წევრებს ჩვენთან შეხვედრისას არაერთხელ უთქვამთ. მათი მიზანია რეგიონში არსებული ქვეყნების ლიკვიდირება და მათ სივრცეში დაბრუნება. თუ პირდაპირ ეს არ გამოუვიდათ, საბჭოთა რესპუბლიკად გადაქცეულ ბელარუსს მაინც დაგვამსგავსებენ. აი, ამ პრობლემების გამო გამოვიდა ჩვენი ხალხი ქუჩაში და რუსეთის გავლენისგან­ დისტანცირებას ითხოვს. მოსახლეობა ხედავს, რომ პუტინის ხელისუფლება არც აღიარებს ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, მით უფრო, საზღვრებს. მას რეგიონში სტაბილურობა არ სურს, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა­ რომ დამყარდეს, ზუსტად ხუთ წუთში მისი საჭიროება დასრულდება. ამიტომაც ცდილობს კონფლიქტი­ გააჭიანუროს. ჩვენ გვახსოვს ანდრეი კოზირევის ნათქვამი, რუსეთს სომხეთი სომხების გარეშე­ სჭირდება, ისევე, როგორც საქართველო ქართველების გარეშე, რადგან რუსეთი მეორე ბულგარეთს, მით უფრო, კავკასიის რეგიონში, ვერ შეეგუებაო. წლებია რუსეთის პოლიტიკა არ შეცვლილა, წნეხი ძლიერდება, საფრთხე იზრდება და სომხები თვითმკვლელობას არ ვაპირებთ. სომხეთი პროდასავლური­ მიმართულებით სიარულს ცდილობს და ამას ადასტურებს პრემიერ-მინისტრის ვიზიტები ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზსა და სხვა ქალაქებში და დასავლეთის ლიდერების საქმიანი შეხვედრები ერევანში. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ბარიერი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია დარჩა და ეს უნდა მოვაგვაროთ. პუტინის პარტიის დეპუტატმა ევგენი ფიოდოროვმა სომხეთს "ჩიხში შესული ქვეყანა", "უკანონო სახელმწიფო" უწოდა, რომლის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს, ბოლო დროს სომხეთში გააქტიურებული რუსოფობიის გამო, რომელიც თურმე კანონის ძალით უნდა მოგვარდეს. კრემლის სპიკერი ზახაროვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სომხეთისთვის ფარულ საფრთხეს­ უწოდებს,­ არადა, უკრაინაში ომი დასავლეთმა კი არა, რუსეთმა­ დაიწყო. საოკუპაციო ჯარის შემოყვანა აკლიათ, თორემ­ სომხეთის ამ ფორმით არსებობა ისე აღიზიანებთ,­ სიამოვნებით "დაგვხურავდნენ". ერევანში აქციები მათ ხასიათს უფუჭებს,­ რაზეც მოკლე პასუხი გვაქვს - ცივი წყალი დალიონ!..

ჯერჯერობით მთიან ყარაბაღში ვითარება უცვლელია. ასე იქნება, სანამ რეგიონში რუსეთის გავლენა უფრო არ შესუსტდება. თუმცა მთავარი პრობლემა მაინც პუტინია. სომხეთს სტუმრობდა და პარალელურად, არცახის პრეზიდენტ არაიკ არუთინიანის ხელისუფლება რუბენ ვარდანიანს გადასცა. არადა, არუთინიანმა ეს-ესაა 6 მინისტრი გაათავისუფლა. ასეთ დროს პუტინის ნაბიჯი ნიშნავს, რომ არცახში ძალ­აუფლებას პრორუსი ოლიგარქი იღებს­, რაც დაძაბულობის ახალ კერას შექმნის. პროპაგანდა უკვე დაწყებულია - რუსები მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის დათმობაში დასავლეთს ადანაშაულებენ­ და ანტიდემოკრატიულ ალტერნატივას სთავაზობენ. ახლა ჩვენს ხელისუფლებას არ ულხინს, მაგრამ უკან დაბრუნება დაღუპვას ნიშნავს.

რაუფ მირკადიროვი, აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი: - სომხეთი იმედოვნებს, რომ დასავლეთის ქვეყნები, აშშ, ასევე, საფრანგეთი სომხეთზე რუსეთის გავლენას მაქსიმუმამდე შეამცირებს. თუმცა რატომღაც არ ახსოვთ, რომ რუსეთს სომხეთისთვის ყოველთვის აქვს გეგმა "ბ". ახლახან სომხეთი­ მზად იყო რუსეთის სამშვიდობო ნაწილების მთიან ყარაბაღში, ანუ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კიდევ 15-20 წლით დარჩენაზე, ახლა კი მათ მტრად აცხადებს.­ თუ რუსი მესაზღვრეები იქ დიდხანს დარჩებიან, ეს ორივე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების ღალატს ნიშნავს, რადგან ამ ტერიტორიის კონტროლის რუსეთისთვის გადაცემის შემდეგ რეგიონის სატრანსპორტო და ენერგოდერეფნების მიმზიდველობა იკარგება. ამასთან, რეალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს გავლით უკვე არსებულ დერეფანს. ეს სწორედ ის არის, რაც რუსეთს სურს. კარგი იქნებოდა, მართლაც ჩიხში მოქცეულ სომხეთის ხელისუფლებას ერთხელ მაინც მიეღო პრაგმატული გადაწყვეტილება. რეგიონში მშვიდობა არ იქნება, სანამ სომხეთი მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტს არ აღიარებს - მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა.