ელექტრონული სამაჯური - გზა, რომელიც შემზარავ დანაშაულებს მინიმუმამდე დაიყვანს?! - კვირის პალიტრა

ელექტრონული სამაჯური - გზა, რომელიც შემზარავ დანაშაულებს მინიმუმამდე დაიყვანს?!

თერჯოლაში ახალგაზრდა ქალის მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. მართლაც შემაშფოთებელია ქალებზე ძალადობის სტატისტიკა. ამიტომაც გამოვიდა ხალხი გასაპროტესტებლად - მოითხოვენ პარლამენტმა დაუყოვნებლივ სრულყოს სათანადო კანონმდებლობა. თერჯოლის ცენტრში, მაღაზია "მაგნიტში" უმძიმესი დანაშაული მოხდა - 37 წლის თამილა ლილუაშვილს, მაღაზიის მენეჯერს, თავის კაბინეტში ყოფილმა ქმარმა, 41 წლის ლეონიდე (ლევან) ზვიადაძემ ბენზინი გადაასხა, ოთახში გამოკეტა და ცეცხლი წაუკიდა. როგორც ამბობენ, მან ქალს ოთახიდან გამოსვლის საშუალება არ მისცა. ის თურმე შველას ითხოვდა, მაგრამ ვერავინ შეძლო მისი გადარჩენა - თამილა­ ლილუაშვილი წამებით გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა თავად მოძალადე, თუმცა ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლა მოასწრო. მას სხეულის 70% დამწვარი ჰქონდა და რეანიმაციულ განყოფილებაში ორი დღის გატარების შემდგომ გარდაიცვალა.

თამილა ლილუაშვილის ახლობელი: - თამილა მეუღლეს რომ დაშორდა, დღედაღამ შრომობდა, ინგლისური ენის პედაგოგი იყო და ბავშვებსაც ამზადებდა­. მისი მეუღლე, ლევან ზვიადაძე, წყალტუბოს­ სოფელ ბანოჯიდან იყო. ლევანის დაც ჩვენი უბნის რძალია. თითქმის ერთ ეზოში ცხოვრობენ თამილა და ის გოგო. როგორც ვიცი, ლევანი ცოლს ხშირად სცემდა, ამის გამო დაჭერილიც იყო, მაგრამ გირაოთი გამოუშვეს. თამილა თავისი ორი ბავშვით თერჯოლაში, მშობლებთან დაბრუნდა, მაგრამ, ქმარი არ ასვენებდა, სულ აწიოკებდა, სამსახურშიც აკითხავდა. ისიც ითქვა ლევანზე, რაღაცას ეწეოდაო. არ ვიცი, მართალია თუ არა. სხვანაირად ასეთი სისასტიკე როგორ უნდა ჩაიდინოს კაცმა! თამილას სიკვდილმა იქნება გამოაფხიზლოს ეს ხალხი, კანონი უნდა გამკაცრდეს. ხომ ხედავს ყველა, რომ ვერ იცავს ეს ორდერი მსხვერპლს, ერთი თვით გამოსცემენ და ვადის გასვლის მერე ყველაფერი თავიდან იწყება.

მოკლულის ნათესავი: - თამილა თავის გასაჭირს მალავდა, მოძალადე ქმრის გამა­რთლებასაც ცდილობდა. ამბობდა, ფხიზელს ისევ ისე ვუყვარვარო. არადა, ხშირად სცემდა ქმარი. თამილას არ უნდოდა ოჯახის დანგრევა, მაგრამ ერთ დღეს ისე საშინლად სცემა, რომ პატრული გამოიძახეს. მაშინ გამოუწერეს იმ გარეწარს შემაკავებელი ორდერი. მაშინ წამოვიდა ის მათი სახლიდან.

რატომ ვერ იცავს პოტენციურ მსხვერპლს კანონი

გოგა ხატიაშვილი, უფლებადამცველი­:

- ბატონო გოგა, ვხედავთ შემაკავებელი ორდერი ვერ აჩერებს მოძალადეს. რა უნდა გაკეთდეს, რომ ფემიციდის ასეთი შემთხვევები­ აღიკვეთოს ქვეყანაში?

- შეუძლებელია ვთქვათ, რომ რომელიმე ერთი ღონისძიება, ან რომელიმე ერთი უწყების ძალისხმევა იქნება საკმარისი, პრობლემას უნდა დავუპირისპირდეთ კომპლექსურად და კოორდინირებულად სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩართულობით. პრევენციული პოლიტიკა ძალიან სუსტი გვაქვს, არასაკმარისად იხარჯება ძალისხმევა ასეთი შემთხვევების პრევენციისთვის. უფრო მეტი აქცენტი დანაშაულის რეაგირებაზე კეთდება. მართალია, მოქმედებს მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამები, მაგრამ ისინიც გასაძლიერებელია. მაგალითად, პენიტენციარული დაწესებულებების ქცევის პროგრამებში ჩართვა ნებაყოფლობითია. ეს უნდა გადაიხედოს. ასევე საჭიროა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ხალხის განათლება მათი უფლებების და დაცვის მექანიზმის შესახებ. პოტენციურმა მსხვერპლმა უნდა იცოდეს, ვის უნდა მიმართოს დასახმარებლად. თუმცა, თუ სახელმწიფომ არ იზრუნა გენდერული თანასწორობის გამყარებაზე, გაგვიჭირდება ამ პრობლემის დაძლევა. კიდევ ერთი საკითხი პრევენციისთვის არის ქალებისა და გოგონების დამოუკიდებლობის გაძლიერება, მათ შორის ეკონომიკურად. ოჯახში ძალადობის თმენის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, მსხვერპლი ფინანსურადაა დამოკიდებული მოძალადეზე.

- როგორც ვიცით, ელექტრონული სამაჯურების გამოყენება შემაკავებელ ორდერზე უფრო ეფექტურია, მაგრამ სისტემატურად არ იყენებენ, რატომ?

- პრევენციაზე ვისაუბრეთ და მეორე ნაწილი რეაგირებაა. ამაში წამყვან როლს მართლმსაჯულება თამაშობს, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და სასამართლო. მნიშვნელოვანია რისკების სწორად შეფასდეს. სამწუხაროდ, გვაქვს გამოცდილება,­ როდესაც სასამართლოს არასათანადოდ შეუფასებია რისკები, მოსამართლეს შეუფარდებია გირაო ან სხვა ლმობიერი სასჯელი და შემდეგ მოძალადეს უფრო მძიმე დანაშაული ჩაუდენია. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მართლმსაჯულების ყველა რგოლის ეფექტიანი რეაგირება.ეს უწყებები კოორდინირებულად უნდა მუშაობდნენ. თუ ამ ჯაჭვის ერთი რგოლი სათანადოდ არ იმუშავებს, მაშინ მთელი სისტემა განიცდის კრახს. რაც შეეხება ელექტრონულ ზედამხედველობას, ის 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან დაინერგა. მე მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიმუშავე. ელექტრონული ზედამხედველობა შემაკავებელ ორდერთან ერთად გამოიყენება მაშინ, როდესაც არის ძალადობის განმეორების საფრთხე. თუ მოძალადეს შემაკავებელი ორდერით მსხვერპლთან მიახლოება აკრძალული აქვს, ელექტრონული მონიტორინგით 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება. ეს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული ეფექტური მეთოდია. მინიმუმამდე ამცირებს ფემიციდისა და განმეორებითი ძალადობის შემთხვევებს.

- თუ ასეთი ეფექტურია, მასობრივად რატომ არ იყენებენ?

- დაახლოებით 30 შემთხვევაში გამოიყენეს. ამ დროს მსხვერპლის ზედამხედველობაზე თანხმობაც მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ დროს მსხვერპლსაც გადაეცემა მიმღები აპარატი, რომელიც თან უნდა ატაროს მოძალადის ადგილსამყოფლის დასადგენად. ხშირად მსხვერპლი ამაზე უარს ამბობს. უარის თქმის მიზეზი შეიძლება არასათანადო ინფორმირებულობაცაა. ამიტომ პოლიციელი ვალდებულია მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ეს დამატებითი დაცვის მექანიზმია. მე ბევრჯერ დამითანხმებია მსხვერპლი, რომ განსაზღვრული ტიპის სერვისები მიეღო, რაც მისი უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო. მეორე მიზეზი იმისა, რომ ელექტრომონიტორინგი იშვიათია, შეიძლება ისიც არის, რომ დღეს პოლიციელს რისკის შეფასების ინსტრუმენტი კი აქვს, მაგრამ არ აფასებს სათანადოდ.

- ადვოკატებიც ამბობენ, რომ რისკის შეფასების კითხვების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, პოლიცია ხშირად სათანადოდ ვერ აფასებს მათ და ამიტომ არ იყენებს ელექტრონულ სამაჯურს შემაკავებელ ორდერთან ერთად.

- კითხვების ჩამონათვალზე ჩვენ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ვიმუშავეთ. პირველი დოკუმენტი მართლაც ვრცელი იყო და სანამ პოლიციელი მას ოფიციალურად გამოიყენებდა, ჩვენ შევამოწმეთ, როგორი ეფექტი ექნებოდა. პრაქტიკამ ცხადყო, რომ კითხვები უნდა შეგვემცირებინა და შემცირდა კიდეც. ახლა ნამდვილად არ სჭირდება დიდი დრო პოლიციელს, რომ კითხვები დაუსვას მსხვერპლს, მისგან ინფორმაცია მიიღოს, და ამის საფუძველზე გადაწყვიტოს, გამოიყენოს თუ არა ელექტრონული მექანიზმი. თუ არსებობს ხარვეზი, რომელიც ხელს უშლის პოლიციელს საამისო გადაწყვეტილების მიღებაში, ის დროულად უნდა აღმოიფხვრას, რათა ყველა შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ელექტრონული სამაჯურის გამოყენება.

- პოლიციელები თურმე ხშირად არ წერენ შემაკავებელ ორდერსაც.

- ესეც პრობლემაა. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია აღმოფხვრას სტერეოტიპული დამოკიდებულებები ასეთ საქმეებზე. როდესაც მსხვერპლს პოლიციაში სათანადოდ მომზადებული თანამშრომელი უნდა დახვდეს, რომ არ დაუსვას დამადანაშაულებელი კითხვები,­ მაგალითად, სად იყო აქამდე, რატომ არ მიმართა პოლიციას? ასეთ დროს მსხვერპლი ხშირად დუმილს ამჯობინებს და მაშინ მიმართავს პოლიციას, როცა ძალადობა პიკს აღწევს. პოლიციელი არ უნდა უჭერდეს მხარს მოძალადეს. მან ყველაფერი უნდა გააკეთოს მსხვერპლის დასა­ცავად.

- ასეთი საქმეების განხილვის დროს კიდევ ერთი პრობლემა იკვეთება. სასამართლოში მსხვერპლი ცვლის ჩვენებას და ითხოვს დაკავებული მოძალადის გათავისუფლებას.

- ამის მიზეზი სხვადასხვაა. შეიძლება მასზე ვიღაცამ მოახდინა ზემოქმედება - ბრალდებულის ნათესავმა ან სხვა პირმა ურჩია არ დაესაჯა მოძალადე. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს მოძალადეზე ეკონომიკური დამოკიდებულება, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები და წასასვლელიც არსად აქვს. შეიძლება მიზეზი იყოს საზოგადოების, ოჯახის წევრების მხარდაჭერის უქონლობაც. ან თუნდაც ის გამოკითხვის დამღლელი პროცედურები, რომლის გავლაც მსხვერპლს უწევს. არაერთი რთული პროცედურაა საჭირო იმისთვისაც, რომ საქმე სასამართლომდე მივიდეს. იქ მსხვერპლს კვლავ უწევს ჩვენების მიცემა.

ხშირად მსხვერპლი ლოიალურადაც არის განწყობილი მოძალადის მიმართ, ეცოდება, ხშირად ამბობს, არ მინდა საკუთარი შვილების მამა გავიმეტო ციხისთვის, შვილები ვერ გამიგებენო. ხშირად ამის გამო სასამართლოზე ჩვენებას ცვლის და საქმეში აღარ რჩება ის მტკიცებითი სტანდარტი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. რომ ნახოთ ოჯახში ძალადობაზე გამამართლებელი განაჩენები, ნახავთ, რომ ხშირად მიზეზი სწორედ ეს არის.

„მოძალადემ უნდა იცოდეს, რომ თუ იძალადა, მკაცრად დაისჯება“

ალექსანდრე დარახველიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე: "შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებს ხელთ არსებულ ყველა პრევენციულ ბერკეტს, კერძოდ, შემაკავებელ ორდერს. შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას, ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის ძირეულად გადახედვას, რათა უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა ეფექტურად იმუშაოს. ჩვენს უწყებაში უწყვეტად მიმდინარეობს ჩვენი თანამშრომლების გადამზადება, რათა ყურადღების მიღმა არ დარჩეს არც ერთი შემთხვევა და თითოეულზე მოხდეს ეფექტური რეაგირება. ვცდილობთ მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყოთ მსხვერპლზე და გამოვიყენოთ გენდერულად მგრძნობიარე მიდგომები. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ყველა წინადადება, კრიტიკა თუ ალტერნატიული მოსაზრება, მიუხედავად პროგრესისა, მიუხედავად მაქსიმალური მობილიზებისა, სამწუხაროდ, მაინც ხდება მძიმე ფაქტები, რომელიც ჩვენი საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს. ჩვენ თვალს ვუსწორებთ ამ გამოწვევებს და ვხედავთ გამოსავალს, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ მათ.

გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულები, ოჯახში ძალადობა არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს არაერთი განვითარებული ქვეყნის პრობლემაა. ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც პოლიციას სჭირდება საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა ამ დანაშაულთან ბრძოლაში, დუმილი ყველაზე დიდი წამახალისებელია. მოძალადემ უნდა იცოდეს, რომ თუ იძალადა, მკაცრად დაისჯება. უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გაითავისოს, რომ თუ დანაშაულს დამალავს და თვალს დახუჭავს, ამით დამნაშავის მხარდამჭერი გახდება. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ მას შეუძლიათ შეაჩეროს მოძალადე. ეს ყველას გვეხება და არა მარტო ერთ უწყებას. ეს პოლიციის, მართლმსაჯულების სისტემის, სასამართლოს, განათლების სისტემის პრობლემაა - ყველას დიდი გამოწვევაა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს ღონისძიებების გატარებას, რათა შევძლოთ მეტი ქალის დაცვა".