ექსპერტთა ვარაუდით, 2037 წელს მსოფლიო მოსახლეობა 9 მილიარდს მიაღწევს
ცოტა ხნის წინ CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდს გადააჭარბა. ექსპერტთა აზრით, ეს გამოწვეულია სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდით, რაც მედიცინისა და ჰიგიენური საშუალებების განვითარებით არის განპირობებული. საშუალო შემოსავლის აზიურ ქვეყნებს მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ყველაზე მაღალი დონე აქვთ. გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა ფლორენს ბაუერმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია არ დაიჩრდილოს ის პოტენციურად მძიმე შედეგები, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ ქვეყნები, სადაც მოსახლეობა მცირდება, ამიტომ უნდა გადახედონ დემოგრაფიულ ცვლილებებთან გამკლავების პოლიტიკას. ექსპერტთა ვარაუდით, 2037 წელს მსოფლიო მოსახლეობა 9 მილიარდს მიაღწევს, მაგრამ 2080 წელს იქნება 10.4 მილიარდი და ეს რაოდენობა 2100 წლამდე შენარჩუნდება. რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მოსახლეობის ზრდამ კლიმატური ცვლილების გარდა და რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო, დემოგრაფი ანზორ თოთაძე გვესაუბრება:
- დღეს მსოფლიოში წუთში 160 ბავშვი იბადება. მეცნიერთა უმრავლესობის ჰიპოთეზის მიხედვით, კაცობრიობის სამშობლო აფრიკაა. პალეოლითის ხანაში, მილიონი წლის წინათ, აფრიკაში მოსახლეობის რაოდენობა უკიდურესად ნელი ტემპით იმატებდა და მილიონ კაცს მხოლოდ 700000 წლის შემდეგ მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ დედამიწის მოსახლეობა ყოველ ათას წელიწადში საშუალოდ 1250 კაცით, ერთ წელიწადში კი 1,25 კაცით იზრდებოდა. 25000 წლის შემდეგ კაცობრიობის რაოდენობამ 3,3 მილიონი კაცი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ პირველყოფილ თემურ საზოგადოების ტომებში შეუზღუდავი სქესობრივი ურთიერთობა იყო, არ არსებობდა შობადობის შეწყვეტის ხელოვნური საშუალებები, ადამიანების გამრავლება მაინც ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობდა. ამის მიზეზი იყო ბუნებასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, ასევე სქესობრივად მოუმწიფებელი ქალიშვილების სქესობრივი კავშირი, რაც ნაადრევად აბერებდა მათ და უსპობდა ბავშვის გაჩენის შესაძლებლობას. მოგვიანებით სანადირო იარაღის გამოყენებამ და ადამიანის ცხოვრებაში სხვა პროგრესულმა ცვლილებებმა თანდათან უკეთესი პირობები შექმნა გამრავლებისთვის. მას შემდეგ, რაც ადამიანმა საცხოვრებელი და ჰიგიენური პირობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, მემკვიდრეობაზეც დაიწყო ზრუნვა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის გამრავლება მაინც ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობდა. ამჯერად მიზეზი იყო ომები, ეპიდემიები, მოუსავლიანი წლები... მეოცე საუკუნის დასაწყისშიც კი ათასი დაბადებული ჩვილიდან 300 ერთი წლის ასაკამდე ვერ აღწევდა. ასევე ძალიან მაღალი იყო სიკვდილის შემთხვევები ხუთ წლამდე ბავშვებში. ამჟამადაც კი ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ათასი დაბადებული ბავშვიდან ხუთი წლის ასაკს ასი ბავშვი ვერ აღწევს.მოსახლეობის სწრაფი გამრავლება დაიწყო 1950-იანი წლებიდან, როდესაც მოისპო ინფექციური დაავადებების დიდი ნაწილი და გაუმჯობესდა მედიცინა. რაც შეეხება დღევანდელობას, მსოფლიო უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას, რაც ერთი მხრივ, გამოიხატება განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის სწრაფი შემცირებით, მეორე მხრივ კი განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის სწრაფი ზრდით.
- სად არის გამოსავალი?
- როგორც მეცნიერები ამბობენ, გამოსავალია მოსახლეობის ზრდის სტაბილიზაციასა და შემდგომ შემცირებაში. დედამიწის მოსახლეობის უაღრესად სწრაფი მატების შემთხვევაში ბუნება ვეღარ მოახერხებს ადამიანების მოხმარებული რესურსების აღდგენას. ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა ნედლეულზე, საწვავზე, ელექტროენერგიაზე. გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან უკვე დაიწყეს მსჯელობა იმაზე, რომ ადამიანსა და დედამიწას შორის ნორმალური ურთიერთობისთვის აუცილებელია მოსახლეობა 1,5 მილიარდს არ აღემატებოდეს... სხვათა შორის, მხოლოდ 1804 წელს შეადგინა დედამიწის მოსახლეობამ მილიარდი - ესე იგი, ორი მილიონი წელი დასჭირდა იმას, რომ ადამიანების რაოდენობას მილიარდამდე მიეღწია, მაგრამ მეორე მილიარდისთვის უკვე 123 წელიც საკმარისი აღმოჩნდა. 1927 წელს მსოფლიოს მოსახლეობამ ორი მილიარდი შეადგინა, 32 წლის შემდეგ, ანუ 1959 წელს, ეს რიცხვი 3 მილიარდამდე გაიზარდა, 15 წლის შემდეგ კი, 1974 წელს, 4 მილიარდამდე, 13 წლის შემდეგ, 1987 წელს, 5 მილიარდი იყო, 12 წლის შემდეგ, 1999 წელს, 6 მილიარდი, ისევ 12 წლის შემდეგ, 2011 წლის 21 ნოემბერში, 7 მილიარდს მიაღწია, 11 წლის შემდეგ, 2022 წლის 16 ნოემბერს კი უკვე 8 მილიარდი გავხდით. არადა, მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ დედამიწის მოსახლეობა 8 მილიარდს 2025 წელს მიაღწევდა. სამი წლით ადრე 8 მილიარდი გავხდით. ეს ძალიან ცუდია. თვალში საცემია ახალგაზრდების რაოდენობის ზრდის ტენდენცია. ამჟამად 25 წლამდე ადამიანები მსოფლიო მოსახლეობის 45%-ზე მეტს შეადგენს, ზოგიერთ ქვეყანაში მათი წილი 60%-საც კი აღწევს.
- ახალგაზრდების წილის ზრდა რა პრობლემებთან არის დაკავშირებული?
- ეს ძალიან მწვავე პრობლემებს ქმნის ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა უფლებების რეალიზაციისთვის. დროთა განმავლობაში მათი დაბერების სწრაფი ტემპიც ბევრ პრობლემას შეუქმნის კაცობრიობას, უფრო გართულდება ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა და პენსიებით უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მსოფლიო მოსახლეობის შობადობა შემცირებულია, მოსახლეობა განუწყვეტლივ იზრდება.
- თუ შობადობა შემცირებულია, მოსახლეობის რაოდენობა როგორ იზრდება?
- ადრე ქალს შეიძლება 20 ბავშვი გაეჩინა, მაგრამ იქიდან 2 ან 3 თუ შერჩებოდა. მცდარია მოსაზრება, რომ მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დამდეგს საქართველოში, რუსეთსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მრავალშვილიანი ოჯახები მასობრივად იყო. სინამდვილეში ქალთა მშობიარობა იყო მასობრივი. იმ პერიოდში ყოველი მეოთხე ბავშვი ერთ წლამდე იღუპებოდა, 15 წლამდე დაბადებულთა ნახევარი აღწევდა. საშუალოშვილიანი ოჯახებიც კი ნაკლები იყო, უმრავლესობას მცირეშვილიანი ოჯახები შეადგენდნენ.
- ყველაზე ხალხმრავალმა ერმა, ჩინელებმა, ერთხანს შეზღუდვები დააწესა შობადობაზე და მშობლებს ერთზე მეტი შვილის გაჩენა აეკრძალათ. ამან შედეგი არ მოიტანა?
- ეკონომიკაში მოიტანა საშინელი შედეგი. ამხელა ქვეყანას ქარხანა-ფაბრიკებში მუშახელი აღარ ჰყავდა. ამიტომ არათუ ნება დართეს, მესამე შვილის გაჩენისთვის შეღავათებიც კი დააწესეს.
- რა უნდა გაკეთდეს, რომ დემოგრაფიული პრობლემა მოგვარდეს?
- დროა საჭირო, საუკუნის მერე შობადობა თავისთავად შემცირდება და ამას განაპირობებს ცხოვრების ახალი წესი. როცა განათლების დონე და მობილურობა იზრდება, აღარ აჩენენ ბევრ შვილს.
- რატომ ცდილობენ ადამიანები მარსის ათვისებას, იმიტომ ხომ არა, რომ დედამიწას რესურსი ამოეწურა?
- ადამიანები კოსმოსს ოდესმე აუცილებლად აითვისებენ, მაგრამ ეს არ მოხდება 2-3 საუკუნის განმავლობაში.
- ილონ მასკი ასე არ ფიქრობს.
- ილონ მასკის ჩანაფიქრები რომ განვიხილოთ, ამისთვის ცალკე საგაზეთო ინტერვიუა საჭირო. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საამისოდ ჯერ ძალიან ადრეა.
- მსოფლიო მასშტაბით გაზრდილი მოსახლეობის გამო რა გამოწვევის წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო.
- ქართველი ერი საგანგაშო მდგომარეობაშია. ჩვენთან შობადობაც შემცირებულია და მიგრაციული პროცესიც წარმოუდგენლად გაზრდილია.
- ესე იგი, რეალურად ვდგავართ იმ საფრთხის წინაშე, რასაც დემოგრაფიული სურათის შეცვლა ჰქვია?
- საფრთხის წინაშე კი არ ვდგავართ, უკვე ვართ საფრთხეში, დემოგრაფიული სურათის შეცვლა დაწყებულია. მასობრივად გადიან ქართველები და მასობრივად შემოდიან უცხო ენისა და კულტურის მქონე ხალხები. ასეთ მასობრივ შემოდინებას ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ვერ გაუმკლავდება. ჩვენ ნამდვილად გვემუქრება გადაგვარება. ხელისუფლებას უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეს დემოგრაფიულ პრობლემებზე მუშაობა.
ხათუნა ბახტურიძე