"ოდესმე ჰოლივუდი ხერსონში მომხდარ საშინელებებზე დრამებს გადაიღებს“ - კვირის პალიტრა

"ოდესმე ჰოლივუდი ხერსონში მომხდარ საშინელებებზე დრამებს გადაიღებს“

უკრაინელი დოკუმენტალისტი ალექს ბაბიში ერთ-ერთი პირველი სამოქალაქო აქტივისტია, ვინც გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა და ნახა, რა ვითარებაში ცხოვრობდა რუსული არმიის ოკუპაციაში ხალხი. მან ის ადგილებიც დაათვალიერა, სადაც ოკუპანტები იყვნენ დაბანაკებული.

- ზამთარი მხოლოდ ახლა დაიწყო და ხალხი სითბოსა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. მათ სასწრაფოდ დახმარება სჭირდება, რათა ახლა მაინც იგრძნონ თავი დაცულად. საბედნიეროდ, არის გაზი, მაგრამ მილები დაზიანებულია და მისი ყველა რაიონში ჩართვა სახიფათოა.

დნეპრის მეორე მხრიდან ოკუპანტები სამოქალაქო ობიექტებს, საჯარო დაწესებულებებს, საცხოვრებელ სახლებს ისევ ესვრიან. ბევრი რამ არის აღსადგენი: გაწყვეტილია ელექტროსისტემა, მოშლილია წყლის მილები. ომში ხელახლა ვაშენებთ ქალაქსა და მის შემოგარენს.

მოსაზღვრე ადგილებიდან ხალხი გასვლას ცდილობს. მიდიან ოჯახები, რომელთაც ბავშვები და მოხუცები ჰყავთ. ხერსონელებს უჭირთ ახლობლებთან კომუნიკაცია, რადგან ოკუპანტებმა დააზიანეს საკომუნიკაციო ქსელები. თუმცა ყველაფერს ღირსეულად უძლებენ. ყველანაირ სიახლეს, ინიციატივას, ლამპიონის ჩართვას, მაღაზიის გახსნას, ქუჩის გაწმენდას, სპეციალური ძალების ახალი ჯგუფის გამოჩენას, სიხარულით ხვდებიან. მითხრეს, რომ რვა თვის შემდეგ ხელახლა სწავლობენ ღიმილს. უამრავი ადამიანი დაკარგულია. ლამის ყოველდღე პოულობენ საერთო საფლავებს. დაკითხვაზე მიჰყავდათ ადამიანები და იკარგებოდნენ, შეიძლება ზოგი რუსეთში გადაიყვანეს.

xerson2-1669555386.jpg

- ხერსონელების თქმით, ბევრმა ფილტრაციის ბანაკი გაიარა. მათი კვალიც იკარგება?

- ნაწილის კი, ზოგმა შეძლო და კავშირზე გამოვიდა. ფილტრაციის ბანაკის გავლისას უამრავი ადამიანი დახოცეს. ქალები ჰყვებიან, რომ ესმოდათ, როგორ­ სცემდნენ გვერდით ოთახში ძირს დაგდებულ მამაკაცებს. ქალებს კი აშიშვლებდნენ და დამამცირებლად ექცეოდნენ. ხშირად უკრაინელი მამაკაცების თანდასწრებით, რომ თავი უსუსურად ეგრძნოთ. ამბობენ, ვხედავდით, გვიან ღამით ან გამთენიას ჯარისკაცებს საკაცეებით გაჰქონდათ ზეწრებში გახვეული ცხედრები და სატვირთო მანქანებში აწყობდნენო. რუსი ჯარისკაცები ამბობდნენ, ჩვენი ჯარისკაცები არიან, ნატო გვებრძვის და ბევრი გვეხოცებაო. არადა, უამრავი სამოქალაქო პირი ჰყავთ დახოცილი. ვინც თვალში არ მოსდიოდათ, ან არ ემორჩილებოდნენ, ყველა დახოცეს. სახლებში დადიოდნენ და უკრაინის სიმბოლიკებს ეძებდნენ, ვისაც დროშას უპოვიდნენ, სამაგალითოდ სჯიდნენ. განსაკუთრებით ერჩოდნენ ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მასწავლებლებს, ლექტორებს, ჟურნალისტებს, ბლოგერებს, ძალოვანებს, სამხედრო სამსახურის თანამშრომლებს და მათ ოჯახებს. ხერსონში რაც იქნებოდა, დაახლოებით გვქონდა წარმოდგენილი, მაგრამ რასაც ვხედავთ, ვისმენთ, წარმოუდგენელია.

რუსები წასვლის წინ მთელი ღამეები თხრიდნენ და ხერგავდნენ გზებს. ლამის მთელი ქალაქი დანაღმეს, საჯარო უწყებები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, გზები, ბოსტნები და ყანებიც კი. ახლა მთელ ქალაქსა და ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ. დაუზუსტებელი ცნობით, 2 500 ფეთქებადსაშიში ნივთი იპოვეს. ნაღმებს პოულობენ სამოქალაქო პირებიც შენობის ნანგრევებში ან დაბომბილ სახლებში დატოვებულ ცხედრებზე, მანქანებში, საბავშვო სათამაშოებში, რადგან ოკუპანტებმა იციან, რომ მათი გასვლის შემდეგ უკრაინელები ქალაქის დასუფთავებას დაიწყებენ. ხანგრძლივი სამუშაოა, ამიტომ ბევრი ჯერ სახლებში ვერ დაბრუნდება. განადგურებულია საფლავებიც, როგორც ჩანს, ხშირად დასასჯელ ადგილად იყენებდნენ და შემდეგ დახვრეტილებს იქვე მარხავდნენ. ზოგიერთი პირდაპირ ზედაპირზეა დამარხული.

xerson3-1669555386.jpg

ხალხი გარეთ გასვლას ვერ ბედავდა,­ რომ კოლაბორაციონისტებს შარი არ მო­ედოთ, თითქოს ხალხის აჯანყებას აპირე­ბდნენ. სია ჰქონდათ, ვინ სად დადიოდა, ოჯახის წევრები ვის სად ჰყავდა, რით არსებობდა. სოფლებშიც ძალიან უჭირდათ. წყალს ბოთლებითა და ბოცებით მდინარიდან ეზიდებოდნენ. იქვე რეცხავდნენ ტანსაცმელსაც. ქირავდებოდა ორთვალები და ხელის ურიკები წყლის საზიდად. სურსათი ყირიმიდან შემოჰქონდათ, მაგრამ ძალიან ძვირი ღირდა, მათ კი ფული არ ჰქონდათ.

ერთი ქალი მიყვებოდა, მოხუცი დედა და დედამთილი ჰყოლია კლაპაიაში, რომელიც ქალაქის ახლოს არის, მაგრამ მათი ნახვა მხოლოდ ხერსონის გათავისუფლების შემდეგ შეძლო და ისეთი სურათი დახვდა, უკვირს, ცოცხლები როგორ გადარჩნენ.­ სახლები დაცხრილული, დაბომბილი და სახურავახდილია, ღობეები ჩამოშლილი, ხიდები დამწვარი და დაბომბილი, ბალახი გადამწვარი. ხეების ნაცვლად ბოძებია დარჩენილი, ისინიც დაუწვავთ...

ახლა ქალაქში ძალიან ბევრი ჰუმანი­ტარული ტვირთი შეაქვთ: საკვები, წყალი, მედიკამენტები, ტანსაცმელი, თბილი პლედები, მაგრამ საკმარისი არ არის, მეტი სჭირდებათ.

- ხერსონის გათავისუფლების შემდეგ ქალაქში უამრავი საბჭოთა სიმბოლიკა ნახეს. რას ჰყვებიან სამოქალაქო პირები ოკუპაციის რვა თვეზე?

- ამ რვა თვის განმავლობაში მოესწრნენ ოკუპაციას "რეფერენდუმს", რუსულ რუბლს, ე.წ. განათლებას... ხალხს ეუბნებოდნენ, რუსეთი ყოველთვის აქ იქნება, დაიმახსოვრეთო. კრემლის პროპაგანდა უფასო სამედიცინო მომსახურებას, სოციალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, საწარმოებსა და ქარხნებს, მაღალანაზღაურებად სამსახურებს ჰპირდებოდა. თუმცა ყოველივე ეს თავიანთ ქვეყანაში რატომ არა აქვთ, ამაზე პასუხი არ არსებობს. ოკუპანტებს ძალიან ეშინოდათ პარტიზანების, ყველა ნაბიჯზე ეჩვენებოდათ და ჯავრს მშვიდობიან მოსახლეობაზე იყრიდნენ.ერთხელ საპროტესტო დემონსტრაციაზე 20-მდე კაცი დაუხვრეტიათ და ახლობლებს მათი დამარხვის უფლებაც არ მისცეს. შემდეგ მღვდელი გამოსულა, გასაფრთხილებ­ლად მხოლოდ ჰაერში გაისროლეს, მაგრამ არ ესროლეს, ალბათ, მასობრივ პროტესტს მოერიდნენო. მოკლედ, ახლოს არავინ გააკარეს და მარტო დაუმარხავს ყველა მიცვალებული. ციოდა, თოვდა, ყინავდა, ის კი იდგა და საფლავებს თხრიდაო. შემდეგ მოსახლეობამ საფლავებს ხის ჯვრები დაადგა.ოდესმე ჰოლივუდი გადაიღებს უკრაინაში მომხდარ საშინელებებზე დრამებს... მე ვნახე ადგილი, სადაც რუსი სამხედროები იყვნენ დაბინავებული. იქ გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა, ერთმა კომერციულმა გამოცემამ წაიღო, რომელიც სიუჟეტს ამზადებს­ და მანამდე მისი გამოქვეყნების უფლება არა მაქვს. საკუთარი თვალით რომ არ მენახა, ვერ დავიჯერებდი, იმ პირობებში ადამიანს გაჩერება თუ შეეძლო. ერთ სახლში იყვნენ დაბანაკებული, სადაც ჭამდნენ, იმავე ოთახში ჰქონდათ საპირფარეშოც და სხვა ყველაფერი. აქაურები იმ მხარეს ვერ იყურებიან, ამბობენ, ასე გვგონია, ისევ რუსები არიან დაბანაკებულიო.

ოკუპანტები განსაკუთრებით ნადირ­ობდნენ სამხედროების ოჯახებზე. შუა ზაფხულში ერთდროულად 47 კაცი დაიკარგა. მერე გაირკვა, რომ დატყვევებული ჰყავდათ, რაღაც საქმეზე ვითომ გამოსატეხად ხელკეტებით სცემდნენ, ელექტროშოკით აწამებდნენ. ყველა თითო-თითოდ გაიტანეს­ და სხვადასხვა ადგილას დამარხესო. თავზე პარკებჩამოცმული ცხედრებიც ნახეს, სამხედროების მშობლები, რომელთაც აიძულებდნენ ეთქვათ, ჰქონდათ თუ არა შვილთან კავშირი. დიახ, ვიღაცები რისკავდნენ­ და ყველაფერს აკეთებდნენ ოკუპანტებისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ, რადგან ძნელია შეეგუო მტერს. ოკუპანტები "ძმურ ცხოვრებაზე" ლაპარაკებოდნენ და თან ხოცავდნენ, აწამებდნენ. 43 წლის ქალი და 15 წლის გოგონა ჯერ გააუპატიურეს და მერე დახოცეს. შემდეგ კი ვითომ ამის ჩამდენი პატარა ბიჭები უპოვიათ და გაასამართლეს, ყველა მოძალადე ასე დაისჯებაო.

რუსების ტყვეობაგამოვლილები ჰყვებიან, რომ სარდაფებში თავზე ტომარაჩამოცმულები თითქმის 24 საათის განმავლობაში იატაკზე ეყარნენ, საპირფარეშოში გასვლის უფლებასაც არ აძლევდნენ, მეორე დღეს კი მხოლოდ რამდენიმე ყლუპი წყალი დაალევინეს. ატყუებდნენ, რომ უკრაინის ხელისუფლება აღარ არსებობს, რუსეთი კი, სადაც მიდის, იქ რჩება სამუდამოდო­. ეს იყო მარტის ბოლოს. სექტემბერში "რეფერენდუმი" ჩაატარეს, ნოემბრის დამდეგს კი ხერსონი უკრაინას დაუბრუნდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ჩვენთან ომში უკვე დამარცხებულია. რუსეთში რამდენიმე დღის წინ შეცვალეს მობილიზაციის კანონი და დეკემბრიდან მათაც გაიწვევენ, ვისაც მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი. შეღავათი არ შეეხება სკოლებისა და ბაღების მასწავლებლებს­, ექიმებს, ფოსტალიონებს, მზარეულებს - რუსეთი ცუდ დღეშია. ჩვენ მძიმე ზამთარი გვექნება, მაგრამ არანაკლებ მძიმე ექნებათ მათ.