"ჩემს საქართველოს მეტი სიფხიზლე მართებს" - კვირის პალიტრა

"ჩემს საქართველოს მეტი სიფხიზლე მართებს"

ლევან ბარდანაშვილი, იგივე ლევ ბარდანი, ქართველი ებრაელია. დიდი ხნის წინ მშობლებთან ერთად წავიდა საქართველოდან და თითქმის 50 წელია ისრაელში ცხოვრობს. წლების განმავლობაში ისრაელის წარმომადგენელი იყო აზერბაიჯანსა და კავკასიაში. ბატონ ლევანს ტერორიზმის საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილებაც აქვს, ისრაელში უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობდა, იყო უშიშროების საბჭოს წევრიც. როგორია ისრაელიდან დანახული საქართველო, რა მოლოდინი აქვთ ისრაელში ახალი არჩევნების დასრულების შემდეგ, ამ და სხვა საკითხებზე ბატონი­ ლევან ბარდანი გვესაუბრება.

- ბატონო ლევან, ისრაელში პოლიტიკური­ კრიზისი იყო და ზედიზედ რამდენიმე არჩევნები გაიმართა. ახალი არჩევნების შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ისევ დაბრუნდა ხელისუფლებაში. ამას ელოდით?

- ამ დღეებში ისრაელის პრეზიდენტმა მოიწვია გამარჯვებული პარტიის წევრები. ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირების მანდატი გადასცა და საამისოდ 28 დღე მისცა. საჭიროების შემთხვევაში ნეთანიაჰუს დამატებით 14 დღე ექნება­. მის პოლიტიკურ ბლოკში შედის მისი პარტია­ "ლიკუდი" და ულტრაორთოდოქსული პარტიები: "შასი" და "გაერთიანებული თორის­ იუდაიზმი", ასევე ულტრამემარჯვენეთა­ ბლოკი "რელიგიური სიონიზმი". 11 ნოემბერს შეხვედრა გაიმართა "ლიკუდსა" და ულტრამემარჯვენე ფრაქცია "ოცმა იეჰუდიტს" შორისაც. ეს უკანასკნელი "რელიგიური სიონიზმის" ბლოკის ერთ-ერთი წევრია. ისრაელში 2019 წლიდან მეხუთე არჩევნები გაიმართა. პოლიტიკოსები აქამდე მთავრობის ფორმირებას ვერ ახერხებდნენ. ბოლო კოალიციამ უმრავლესობა მას შემდეგ­ დაკარგა,­ რაც რამდენიმე დეპუტატმა მათი რიგები დატოვა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის ისტ­ორიაში ყველაზე დიდხანს იყო პრემიერის პოსტზე - 2009-დან 2021 წლამდე, უფრო ადრე კი 1996-1999 წლებში. ისინი ახლა შექმნიან კოალიციას, რადგან არჩევნების შედეგად 64 მანდატი აქვთ. ნეთანიაჰუს დაბრუნება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ჩვენს რეგიონში აღებულ ტერიტორიებზე გააქტიურდა კონფლიქტები, სისხლის ღვრა და თვით მოსახლეობა უფრო მემარჯვენე გახდა. ჩემდა სავალალოდ შეიძლება­ ითქვას, რომ ჩვენთან ნელ-ნელა უკვე თავი იჩინა რელიგიურმა­ ფუნდამენტალიზმმა. თითქმის ნელ-ნელა ქრება დემოკრატიული ლიბერალიზმი და მონარქიზმის მმართველობის საკითხმა წინა პლანზე წამოიწია. სამ წელიწადში 5 არჩევნები - ასეთი რამ ისრაელის ისტორიას არ ახსოვს. იმედია, ახლა არჩეულები მაინც იქნებიან 4 წელიწად-ნახევარს ხელისუფლებაში. ვინც მათი წინამორბედების, ცენტრისტებისა და შედარებით მემარცხენეების პოლიტიკა გეოპოლიტიკურ სივრცეში არ გამართლდა, მით უმეტეს, ისრაელში 6 780 000 კაცს აქვს ხმის უფლება, აქედან 21% არაბული რელიგიური მოსახლეობაა. არჩევნებში მათი 71, 5% მონაწილეობდა და საბოლოოდ ისრაელის მოსახლეობის ხმები განახევრდა, მანდატებით გაიმარჯვეს მემარჯვენეებმა.

მე თვითონ ვარ პარტია "ლიკუდის" ცენტრალური წარმომადგენელი. "ლიკუდმაც" შეიცვალა სახე. იკარგება იდეოლოგიური სფერო. ქაოსი ძალიან მოედო ჩვენს რეგიონს. არადა, ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა მსოფლიო არენაზე სამხედრო ტექნოლოგიებით, სამხედრო სიძლიერით. ჩვენი ერის ბედია მუდმივად ამოღებული ხმლით ვიყოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენი ერის დადებითი­ თვისებაა, რომ 80% ცხოვრობს არა მარტო თავისი თავისთვის, არამედ­ ისრაელისთვის. ეს ჩვენი სიძლიერეა, გადაჭარბებული პატრიოტიზმი. დღეს ისრაელი წარმატებული სახელმწიფოა ახლო აღმოსავლეთში. გეოპოლიტიკური­ კავშირი საამიროებთან, ეგვიპტესთან, ასევე­ იორდანიასთან ძალიან მნიშვნელოვანია მათთვისაც და ჩვენთვისაც. ტერორიზმთან ბრძოლა მძიმეა. "ჰამასი" უფრო გააქტიურდა ღაზის გარეთაც და სიფრთხილე გვმართებს. ღმერთმა ნუ ქნას ვითარების გამწვავება.

- ახალ პრემიერ-მინისტრს არაერთ ბრალდებას უყენებდნენ. ახლაც ასეა?

- მას ძლიერი ინტელექტი აქვს, ძალიან გონიერი პოლიტიკოსია. დიახ, პრობლემატური იყო მისი 11-წლიანი მმართველობა, რადგან ბრალდებები დაკავშირებულია მექრთამეობასთან, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებასთან. ისრაელის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ბრალი მთავრობის მოქმედ ხელმძღვანელს წაუყენეს. ნეთანიაჰუ თავს უდანაშაულოდ თვლის. ეს პროცესი ჯერ არ არის დასრულებული. მისმა პარტიამ რომ 32 მანდატი მიიღო, ეს მიუთითებს, რომ იმოქმედა პოლიტიკურმა პროპაგანდამ და შეასუსტა, მაგრამ ის ქარიზმატული ლიდ­ერია და ბრძოლას აგრძელებს. ვნახოთ, რა შედეგი იქნება. ალბათ, ნეთანიაჰუ ეცდება­ შეაჩეროს ეს პროცესი, მაგრამ ისრაელის სიძლიერე იმაშია, რომ სასამართლო არ არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე. სასამართლომ ყოველთვის დასაჯა ყველა, ვინც დაარღვია კანონი... ძალზე გართულდა გეოპოლიტიკური ვითარება ჩვენს რეგიონში, თითქმის ყოველთვე გვიწევს სამხედრო მოქმედება, რათა სირიაში არ მიეწოდოს იარაღი რეაქციულ ჯგუფს.

- რას უპირებს ისრაელი ირანს?

- ირანის ატომური იარაღი კონტრ­რეაქციას გამოიწვევს. დღეს ახლო აღმოსავლეთში არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს ატომური იარაღი და მისი შექმნა მას პრობლემას შეუქმნის. სუნიტებსა და შიიტებს შორის რაც ხდება, ირანისთვის ისიც თავსატეხია. ირანში გართულებულია ვითარება, ბევრი შიდაპრობლემაა, ეროვნული­ ვალუტა დევალვირებულია. ქვეყანაში 27 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. არავის სურს სიტუაციის გართულება. ჩვენმა სახელმწიფომაც ყველაფერი უნდა იღონოს, რომ დიპლომატიური ენა გამოვიყენოთ. ებრაელთა სახელმწიფოს ერთი ჯგუფი ებრძვის, თორემ ირანელ ერს ებრაელი ერის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რა მოხდება ამერიკაში ამ არჩევნების შემდეგ. თუ კონგრესი შეიცვალა, ესეც იმოქმედებს... ბაიდენის მმართველობა მომხრეა, რომ შეიქმნას პალესტინის სახელმწიფო. როცა ის ისრაელში ჩამოვიდა, პალესტინაშიც წავიდა. ტრამპი ასე არ მოქცეულა.

ჩვენთვის მთავარია ისრაელის დაცვა, მისი სიძლიერე. რაც შეეხება პალესტინელთა პრობლემებს, რასაკვირველია, უნდა გადაიჭრას. ბოლო წლებში ანექსირებული ტერიტორიების მოსახლეობა ძალზე რეაქციული გახდა, იქ გახშირდა შეტაკებები. მე მომხრე ვარ, რომ გამოინახოს საერთო ენა პალესტინელებთან. ეს სასიკეთო იქნება ყველასთვის. პალესტინა ისტორიულად ჩვენი კუთხეა, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში იქ ცხოვრობდნენ არაბებიც. ისრაელი ძლიერია, მაგრამ სამხედრო სიძლიერე არაფერს ნიშნავს. მოსახლეობას მშვიდი ცხოვრება სურს, თუმცა არის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც არ შეეგუება ებრაელების იქ დასახლებას, რადგან­ თვლიან, რომ პალესტინა არ არის ებრაული მიწა. ამიტომ ვითარება ყოველთვის დაძაბული იქნება. პალესტინის პრეზიდენტი 81 წლისაა, რა იქნება მის შემდეგ, კაცმა არ იცის. მთავ­რობამ, რომელიც ამის წინ იყო ისრაელში,­ ცოტათი გახსნა გზები და ხალხი ღაზიდან სამუშაოდ შემოდიოდა. თითქოს შერბილდა ვითარება. ღაზაში 300 დოლარიც კი არ არის საშუალო ხელფასი, აქ ისინი უმეტესად მშენებლობებზე მუშაობდნენ და 2.000 დოლარი ჰქონდათ ხელფასი - ეს დიდი შეღავათი იყო მათთვის. ახლა როგორ დალაგდება ვითარება, დამოკიდებულია იმაზეც, ვინ მოვა მთავრობაში, თავდაცვისა და სხვა მინისტრებად ვის დანიშნავენ. ყველაფერი დამოკიდებულია მათ პოლიტიკასა და მსოფლმხედველობაზე. დღეს ისრაელში ჩვენ და თითქმის 2 მილიონი არაბი პალესტინელები ვცხოვრობთ. პალესტინელები თავს ისრაელის მოქალაქეებად თვლიან.

არა მარტო ისრაელში, საზოგადოდ, მსოფლიოშია ძალზე რთული ვითარება. ძალზე დასაფიქრებელია დღევანდელი კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის.

- რუსეთ-უკრაინის ომზე რას იტყვით?

- ისრაელმა ძალიან სწორი ხაზი აიღო. იმის გამო, რომ სირიას რუსეთი მართავს და ჩვენ სირიასთან პრობლემა გვაქვს ირანის გამო, დიდი სიფრთხილე გვჭირდება. მართალია, ზელენსკი უკმაყოფილოა ისრაელის მხარდაჭერით, მაგრამ ჩვენს სახელმწიფოს გეოპოლიტიკური სიფხიზლე მართებს. სამწუხაროა, რაც ხდება უკრაინაში. მიწასთან გაასწორეს სახელმწიფო, რომელიც მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ტერიტორიით. ბუნებრივია, ისრაელის სიმპათია უკრაინისკენ არის მიმართული, მაგრამ დიპლომატიური ენა მაინც ფრთხილია. ასე ადვილად არ დასრულდება ეს კონფლიქტი და ის პრობლემებს ქმნის თუნდაც კავკასიის რეგიონშიც. ამის მაგალითია ბოლოდროინდელი კონფლიქტი ყარაბაღშიც, იქ ჯერ არ დაწყნარებულა ვითარება. ყველაფრის გათვალისწინებით ჩემს საქართველოსაც მეტი სიფხიზლე მართებს.

- ისრაელიდან როგორ ჩანს საქართველოში პოლიტიკური ვითარება?

- საქართველოს მთავრობის პოზიცია უკრაინის საკითხზე სწორია, დიპლომატია გამოიყენეს, მოზომილი პოზიცია აირჩიეს, რადგან საქართველოს დიდი სიფრთხილე მართებს. მე ისრაელში ვცხოვრობ, ჩემი ერის სახელმწიფოში, მაგრამ საქართველოში დავიბადე, ამიტომ ძალიან დიდი გულშემატკივარი­ ვარ საქართველოსი. მართალია, რჩევებს ვერავის მივცემ, მაგრამ ორივე მხარემ, პოზიციამ და ოპოზიციამ, უნდა იცოდეს, რომ ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენონ ყველაზე მაღლა. როცა ხელისუფლებაში ხარ, მთავარია ხალხმა იგრძნოს შენი მმართველობის სიკეთე, უნდა ხედავდეს, რომ ეროვნული მთავრობა ხარ. ერთმანეთის ლანძღვით არაფერი გამოვა. ასეთ დროს მოსახლეობა კარგავს მთავრობის ნდობას და ეს საშინელება იქნება. ანარქია არავის სჭირდება, მაგრამ როცა ხელისუფლებაში ხარ, მოსახლეობის მაჯისცემას არ უნდა მოსცილდე. ყოველთვის შეხლა-შემოხლაა, ამიტომ მთავრობა უნდა ცდილობდეს დისკუსია შედგეს. უფალმა დაგვიფაროს და, ისრაელს რომ შეექმნას რამე საფრთხე, იქ არ არსებობს მემარჯვენე, მემარცხენე ოპოზიცია და ხელისუფლება, იქ ყველა ერთად არის, იმიტომ, რომ ჩვენი ერის ბედს, ჩვენს სახელმწიფოს ეხება საქმე. ასე უნდა იყოს საქართველოშიც. მოდი, ერთმანეთს მოუსმინეთ და იმოქმედეთ ერის სასიკეთოდ. ნუ გააღრმავებთ კონფლიქტებს. ასე არ უნდა იყვნენ ოპოზიცია და პოზიცია გადაკიდებული, ეს ქვეყანას აზარალებს. ჩვენ პატარა ერის შვილები ვართ და სხვანაირი სიფრთხილე გვმართებს. ამიტომ ჩემს სამშობლოს, ჩემს საქართველოს ვუსურვებ დაეძლიოს პრობლემები და ერი გაძლიერებულიყოს. ძალიან მინდა ხალხისთვის იმუშაოს მთავრობამ, ხალხმა იგრძნოს, რომ ნამდვილად ეროვნული საქმე კეთდება ქვეყანაში. იკარგება ტერიტორიები. ამ ვითარებაში არ უნდა მოდუნდე, თუ მოადუნებ დიპლომატიურ ძალას, ეს ძალიან ცუდ შედეგს მოგცემს. დაკარგულ ტერიტორიებს დაბრუნება უნდა და ამისთვის უნდა იმუშაონ.სამწუხაროდ, ბევრმა ქართველმა დატოვა ბოლო წლებში საქართველო. აუცილებელია მათი შთამომავლობა, ვინც უცხო ქვეყანაში წავიდა, არ დაიკარგოს. ებრაელთა ერს და სახელმწიფოს დიდი პლუსი ეს აქვს - ჩვენ მიწის ფასი ვიცით, ამიტომ გადავიტანეთ ამდენი­ რამ, ამიტომ გადარჩა ებრაელი ერი. ებრაელმა სადაც უნდა იცხოვროს, მისთვის მთავარი ხერხემალი მაინც ისრაელია. თუ დასჭირდა, მის სადარაჯოზე აუცილებლად დადგება. მეც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სულ ჩართული ვიყავი. 1990 წელს ისრაელის წარმომადგენლად ჩავედი ბაქოში­ და 1997 წლამდე საკონსულოში ვიმუშავე. ალიევების ოჯახთან ძალიან ახლო ურთ­იერთობა მქონდა. ამ წლებმა დიდი გამო­ცდილება მომცა. ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია, უდიდესი სიყვარულს თესავს და ყველას უყვარს. როგორც კი დრო ჩამივარდება, მაშინვე მოვრბივარ თბილისში, ჩემს მეგობრებთან და მათ მონატრებას ვივსებ. აქ ბევრი საამაყო მეგობარი მყავს. მინდა საქართველოში რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა იყოს და დაკარგული ულამაზესი ტერიტორიები დაიბრუნონ ქართველებმა.