"ვინც პატრიარქს გულს სტკენს, საწყალობელია" - კვირის პალიტრა

"ვინც პატრიარქს გულს სტკენს, საწყალობელია"

1992 წლის სექტემბერში, თბილისიდან სოხუმისკენ მატარებელი დაიძრა, რომელშიც საგანგებო მისიით 40 ქალი იჯდა. მათი უმეტესობა ან გამოპარული იყო სახლიდან, ან აიძულეს შინაურები, რომ დათანხმებოდნენ წასვლაზე. ისინი საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები იყვნენ. ყველაზე უმცროსი 35 წლის იქნებოდა, ყველაზე უფროსი - 70-ის. მათ შორის იყვნენ: ქეთი დოლიძე, ნანა ალექსანდრია, ზინაიდა კვერენჩხილაძე, მედიკო მეზვრიშვილი და სხვები. მათ ახლდათ ახალგაზრდა იურისტი ქალიც, რომელსაც 1992 წლის 20 ივნისს შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ 20 წლის შვილი მოუკლა. ისიც მიდიოდა აფხაზეთში, რათა სხვებთან ერთად ეთქვა "არა" ომისთვის. სამწუხაროდ, "თეთრი მანდილის" ეშელონმა სოხუმამდე ვერ ჩააღწია, ოჩამჩირიდან უკან, თბილისში, დაბრუნებამ მოუწიათ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი საქართველოს საპატრიარქოს იურისტი, მსჯავრდადებულთა შეწყალების საკითხთა შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელი, ქალბატონი მზექალა ჭინჭარაული-ქარსელაძეა:

- 80 წლის გავხდი და დღემდე ვცდილობ ჩემი ცხოვრების ტრაგიკული დღეები­ არავის მოვახვიო თავზე. ჩემს ჭირს მალამოსავით ედება გულზე საქართველოს საპატრიარქო და, უპირველეს ყოვლისა, ჩემი პატრიარქი, მისი სიყვარული და მადლი. პატრიარქი ადამიანების უმრავლესობის წარმოდგენაში იგივეა, რაც საქართველო. დღე არ გათენდება, რომ არ ვილოცო მისთვის. გასაოცარია, ყველას ჰგონია, მარტო მე ვუყვარვარ პატრიარქსო, მარტო ჩემია პატრიარქიო. ყველა მას იჩემებს. ამ 80 წლის განმავლობაში არ მახსოვს, საზოგადოებას ვინმეს მიმართ გამოეხატოს ამხელა სიყვარული. ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი საქმე. აი, როცა ვფიქრობ, რომ აღარ შემიძლია (5 ოპერაცია მაქვს გადატანილი), მაშინვე მახსენდება პატრიარქი, როგორ უჭირს, რომ არაერთ დაავადებას უმკლავდება, მაგრამ წირვაზე მაინც დგას და მე რა მემართება-მეთქი, ვიტყვი და სამსახურში მივდივარ.

- 20 წელი იყავით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მანამდე, 10 წელი, რესპუბლიკის პროკურატურაში არასრულწლოვანთა საქმეების განყოფილების პროკურორი.

- 24 წლისა რაზმეულის ხელმძღვანელი გავხდი შსს-ს ქალთა დაწესებულებაში. იმ პერიოდში ქალთა კოლონიის უფროსი­ ძალიან მკაცრი ადამიანი, ბატონი ლევან გოცაძე იყო. ერთხელაც საგანგებო შემთხვევა მოხდა, უეცრად პატიმარი გარდაიცვალა და ამის გამო კოლონიაში ამბოხება დაიწყო.

ღამის 3 საათია, რეკავს ტელეფონი. ავიღე ყურმილი და ლევან გოცაძის ხმაა: "სასწრაფოდ გამოცხადდი სამსახურში. ფორმა ჩაიცვი!". "ფორმა ჩაიცვი" ნიშნავს, რომ რაღაც ძალიან სერიოზული ხდება.­ მივედი და ვხედავ, მთელ კოლონიაში ყვირილი და არეულ-დარეულობაა. მატყობინებენ, რომ უნდა გამოიძახონ მე-8 პოლკი, არადა, მე-8 პოლკი ყველაფრის მკადრებელი იყო. ბატონ ლევანთან შევედი. ეს მკაცრი­ კაცი თხოვნით მეუბნება: "მზექალა, გაბედავ ზონაში შესვლას?". რა თქმა უნდა, გავბედავ-მეთქი. მე პატიმრებთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვეხმარებოდი ვადამდე პირობით გათავისუფლებაში. ამასთან, ზედმეტს არაფერს ვპირდებოდი, მქონდა ოქროს გამოთქმა: "ვნახოთ, ვეცდები!".

შევედი და როგორც კი დამინახეს, პატიმრებმა კორიდორი გამიკეთეს - მზია უფროსი მოვიდაო. მივდივარ იმ ოთხისაკენ, სადაც მიცვალებული ასვენია. ხმა მესმის, ეგეც მაგათნაირი ძაღლიაო, მაგრამ იქვე ისმის, შენ მზია უფროსზე მაგას როგორ ამბობო, და ის ქალი თვითონ პატიმრებმა გააჩუმეს... მაშინ იქ მუშაობდა არაჩვეულებრივი ექიმი, ქეთევან მხეიძე, რომელმაც გაარკვია, რომ პატიმრის გარდაცვალება­ გულის პრობლემასთან იყო დაკავშირებული და არა ძალადობასთან ან თვითმკვლელობასთან. ვუთხარი ეს პატიმრებს, დამიჯერეს და სიტუაცია თანდათან დამშვიდდა.

გავიარეთ ურთულესი პერიოდიც - "მხედრიონელების" საქმეებს განვიხილავდით. მაშინ არ იყო იარაღის ჩაბარება და დარბაზი სავსე იყო ავტომატიანი ხალხით.

- მძიმე საქმეები შემოდიოდა თქვენთან?

- ხშირად. მაგალითად, კახეთიდან იყო ასეთი საქმე: შვილმა მამა მოკლა. მამა ხშირად სვამდა და შემდეგ სასტიკად ძალადობდა ცოლზე. ბიჭი 23-24 წლის იყო, მამამისს წაართვა ნაჯახი, რომლითაც ის მეუღლეს გამოუდგა, და თავში ჩაარტყა. დანაშაული ჩადენილი იყო უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების ფონზე და ამიტომაც 3 წელი შეუფარდეს. მახსოვს, იჯდა დარბაზში განადგურებული ბიჭი. როცა მივმართეთ, რას იტყვი ჩადენილი დანაშაულის გამოო, თქვა, მნიშვნელობა არა აქვს, რა სასჯელი მექნება, მე ხომ მამის მკვლელი­ ვარო. სასჯელი მიმაგრებით შევუცვალეთ. ვერ გავიმეტეთ ციხისთვის.

- ირაკლი...

- 1972 წლის 9 აპრილს იყო დაბადებული ჩემი პირველი შვილი ირაკლი. ის 1992 წლის 20 ივნისს 20 წლის დამეღუპა­ უბნელი ბიჭის შემთხვევით გავარდნილი ტყვიით. გასვენების წინა­ღამეს ჩემთან მოვიდა­ 5 ახალგაზრდა, ჩემი და ჩემი მეუღლის ნათესავები­ და მეკითხებიან, ვინ არის ის ბიჭიო. ვუპასუხე, ვინც ჩემი ნებართვის გარეშე შურისძიებისათვის გადადგამს­ ნაბიჯს, იმას ჩავთვლი ირაკლის მკვლელად­მეთქი. ყველას უკვირდა ჩემი ასეთი საქციელი. მეკითხებოდნენ, რატომ არ გინდა დაისაჯოს ის, ვინც ამხელა ტკივილი მოგაყენაო. ჯერ ერთი, არ ვიცოდი სინამდვილეში რა მოხდა და მეორე - ჩემს შვილს არავინ ჰყავდა მტერი, რომ გამიზნულად გაემეტებინათ, შემთხვევითობის გამო კი სხვა რატომ უნდა გამემეტებინა? ირაკლის საქმე, როგორც გაუფრთხილებელი მკვლელობა, ისე დაკვალიფიცირდა. შემდეგ ის ბიჭი ამერიკაში წავიდა. ერთ დღეს ჩემი მაზლისშვილი მისულა ირაკლის საფლავზე და დაუნახავს, ვიღაც ახალგაზრდა ხელებგაშლილი წევს პირდაპირ საფლავზე. უკითხავს, ვინ არისო და, უთქვამთ, ეგ ისაა, რომელმაც ირაკლი მოკლაო.

patriarqi2-1669558139.jpg

- შემდეგ ცხოვრება როგორ გაგრძელდა?

- ირაკლის შემდეგ მეუღლე, ძმისშვილები და დისშვილი დამეღუპნენ... ახლა რასაც გეტყვით, ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი: მე სიცოცხლე ეკლესიამ და რწმენამ დამიბრუნა. პირველი ჩემი მოძღვარი იყო მამა ტარიელი, დღეს კურთხევით დავდივარ მამა მიქაელ ბოტკოველთან, რომელიც ყოველთვის ცდილობს მძიმე წუთებში სულიერად გამაძლიეროს. ირაკლის გარდაცვალებიდან მოკლე დროში დამიკავშირდნენ ჩემი ნათესავები, ტყუპი ძმები - მამა დავითი და მამა კონსტანტინე ჭინჭარაულები და შემახვედრეს პატრიარქს. მახსოვს, საუბარი დაიწყო ბავშვობის მოგონებებით. ძალიან უბრალოდ მიყვებოდა ამბებს და უცბად მომეხსნა დაძაბულობა; ჩემ წინ იყო არა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, არამედ ჩემი ძალიან ახლობელი ნათესავი, რომელთანაც შემეძლო გულახდილად მესაუბრა. პატრიარქი მოულოდნელად მეუბნება: "შენ ხომ არ გგონია შენი შვილი ირაკლი მოკვდა? შენი შვილი გარდაიცვალა", - ეს ისე მითხრა, რომ ვირწმუნე და იცით, როგორი­ წამოვედი? დიდი ლოდი რომ მოგეხსნება გულიდან და თავისუფლად სუნთქავ, ფიქრობ იმ სამყაროზე და აზროვნებ შენი შვილის ფიქრებით.

- როგორ დაიწყეთ მუშაობა საპატრიარქოში?

- პირველად 2004 წელს, როგორც იურიდიული სამსახურის უფროსი. ჩემი რეკომენდაციებითა და შეხედულებით ჩამოყალიბდა ჩვენი განყოფილება.­ 2007 წლამდე ასე გაგრძელდა და იმავე წელს უწმინდ­ესის კურთხევით შეიქმნა მსჯავრდადებულთა შეწყალების საკითხთა შემსწავლ­ელი კომისია, სადაც ხელმძღვანელად მე დავინიშნე.

2008 წელს მისი უწმინდესობის სურვილითა და ძალისხმევით გათავისუფლებული 100-ზე მეტი პატიმარი მოიყვანეს საპატრიარქოს დიდ დარბაზში.­ უწმინდესმა მამაშვილურად მოიკითხა სუყველა, მერე კი ჩემზე მიანიშნა: "აი, თითოეული თქვენგანის გათავისუფლების შესახებ მასალები ამ ქალბატონმა მოამზადა", თან დააყოლა: "ეს დიდი იურისტია". მერე მომიბრუნდა და მითხრა: "აბა, მზექალა, უთხარი რამე ამ ხალხს". მეც ვუთხარი, - განვლილი პერიოდი თქვენ დაგეხმარებათ სწორად გაიაზროთ ჩადენილი შეცდომები. მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ და სხვა ადამიანებიც გადაარჩინოთ არასწორი ქმედებებისგან-მეთქი... თითოეულ მათგანი უწმინდესმა გულში ჩაიკრა, დალოცა და დამშვიდობებისას საჩუქრები გადასცა.

- ბოლო წლებში როგორაა ამ მხრივ სიტუაცია?

- ახლა უფრო ქალებსა და არასრუ­წლოვნებს იწყალებენ. საერთოდ კი შეწყალებები შემცირდა. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა არასწორია. ციხეში მყოფ ადამიანს, თუ კარგად მოიქცევა, რაღაცის იმედი უნდა ჰქონდეს.

- რა არის საჭირო, რომ პატიმრის საქმე მიიღოთ?

- უპირველესად მოძღვრის დახასიათება. ასევე განაჩენის ასლი. ვითხოვთ მასალებს ოჯახურ გარემოზეც, ანუ როგორ ახასიათებენ მეზობლები. გვჭირდება ნოტარიულად დამოწმებული დაზარალებულის თანხმობაც შეწყალებაზე.

არ ვიღებთ მასალებს მკვლელობის, გაუპატიურების, ნარკოტიკის გასაღების, ადამიანის გატაცების (ანგარების მიზნით), ქურდული სამყაროს წევრობისა და ოჯახური ძალადობის მუხლებით.

- რას იტყვით ისეთ რეზონანსულ საქმეზე, როგორიც ციანიდის საქმეა?

- ნებისმიერი საქმის დეტალური შეს­წავლის შემდეგ მხოლოდ შეფასების გაკეთება შეიძლება, ამიტომ თავს შევიკავებ. ერთ რამეს კი გეტყვით, რაც მისი უწმინდესობისაგან მომისმენია: "უნდა გძულდეს დანაშაული და დამნაშავე გებრალებოდეს!"

- როგორია პატრიარქის ურთიერთობა თანამშრომლებთან?

- თანამშრომლებთან უშუალო ურთიერთობა აქვს. პანდემიამდე საზეიმო დღეებში ყველა ვიკრიბებოდით უწმინდ­ესთან. ეს იყო დაუვიწყარი შეხვედრები, ის თავის განვლილ გზაზე გვიყვებოდა...

ერთხელ ასეთი რამ ბრძანა: მინისტრთა საბჭოში იყო რელიგიებთან ურთიერთობის განყოფილება, სადაც მას დაუყენებია საკითხი თბილისში სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გახსნის შესახებ. წარმოიდგინეთ, ათეისტური პერიოდია. "შემომხედეს და იფიქრეს, ვერ არის კარგადო, - პატრიარქი სიცილით გვეუბნება ამას, - ნამდვილად ასე იფიქრეს ჩემზეო"... ცოტა მოგვიანებით, უფლის შემწეობით, ეს სურვილი რეალობად იქცა.

ერთხელ მთხოვა, ერთ-ერთი პატიმრის ისტორია გამეცნო მისთვის. მოვახსენე. მომიტრიალდა და მეუბნება: ,,გატყობთ, რომ დიდი გამოცდილება გაქვთ". მე ვუთხარი: "თქვენო უწმინდესობავ,­ 20 წელი ვიყავი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ჯილდოც მივიღე". შემომხედა ინტერესით: "რაო?" თქვენთან მუშაობა-მეთქი...

- როგორ მოქმედებს მის უწმინდესობაზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები? მასზე ცილისწამებები?

- პატრიარქმა ყველაფერი იცის და ამის გამო ძალიან ვწუხვართ. თუმცა სულიერად თუ შევხედავთ, პატრიარქი ამ ცილისწამებებით უფრო დიდ სიმაღლეებზე­ ადის და ჩვენც მოთმინების, თავმდაბლობისა და სიყვარულის საოცარ მაგალითს გვაძლევს. ვინც მას გულს სტკენს, საწყალობელია. ცხოვრებაში მთავარია სიკეთე და სიყვარული. ჩვენი უწმინდესიც მხოლოდ ამისაკენ მოგვიწოდებს: სხვისთვის გაკეთებული სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათო. ვაკეთოთ სიკეთე, გავახაროთ ღმერთი და გავახაროთ ჩვენი პატრიარქი!

რუსუდან შაიშმელაშვილი