ნუღლას შესახებ კახეთში დღესაც ლეგენდებს ჰყვებიან - კვირის პალიტრა

ნუღლას შესახებ კახეთში დღესაც ლეგენდებს ჰყვებიან

კახელი მეღვინე ზურაბ ბაკაშვილი, მეტსახელად ნუღლა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში, ბროწლიანში,­ მის მიერ რესტავრირებულ ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეზოშია დაკრძალული. მისი საფლავის ქვაზე ილია II-ის სიტყვებია ამოტვიფრული: ,,იგი ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის დროს მიუახლოვდა ეკლესიას და მთელი ამ ხნის მანძილზე ცდილობდა დახმარება გაეწია მისთვის. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის და შევთხოვთ ღმერთს, დააწესოს იგი, სადაც მართალნი განისვენებენ".ნუღლას მეუღლე და შვილები სოფელ საქობოში ცხოვრობენ. ქალიშვილი ლია სიღნაღის მერიის სოციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს, ია კი წნორის საჯარო სკოლის ექიმია. ზურაბ ბაკაშვილის შესახებ კახეთში დღესაც ლეგენდებს ჰყვებიან. ამბობენ, ოქროს გული ჰქონდა, ფულის შოვნაც გემრიელად იცოდა და დახარჯვაც. იმდენი იშოვა, მთელ კახეთს იყიდდა, მაგრამ მისი ოჯახი დღეს დალხენით მაინც ვერ ცხოვრობსო. ,,იყო და არა იყო რა..." - სწორედ ნუღლასა და მის ფულზე დაუწერია მეზღაპრეს. ხალხშიც მხოლოდ მისი სახელი და ის სიკეთე შემორჩა, რომელიც ნუღლასგან ახსოვთ.

ნუღლა და "შავები"

კომუნისტურ ეპოქას შავ ლაქად ამჩნევია ე.წ. კანონიერი ქურდების, "შავების გრიმიტი". როგორც ამბობენ, ,,ქურდის ინსტიტუტი" საბჭოთა კა-გე-ბემ თავდაპი­რველად ციხეების გასაკონტროლებლად დააარსა, მაგრამ იდეამ იმდენად "გაამართლა", რომ ჩეკისტებმა ციხის გარეთ, საზოგადოებაშიც დაამკვიდრეს. ხალხში ჩაინერგა ქურდული სამყაროს შიში და გაჩნდა მითი მათ ყოვლისშემძლეობაზე.

საქმოსნები ცდილობდნენ ქურდულ სამყაროსთან კეთილგანწყობით ყოფილიყვნენ, რაც ნიშნავდა მათ "გამოკვებასა" და წილში ჩაჯდომას. ქურდის ქურდი ცხონდაო, ამბობენ კახელები. ცხონებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ნუღლას, ე.წ. ქურდებისგან ხელშეწყობაც ჰქონდა და ჩაგვრა-წამებაც.

იმ დროს, როცა ზურაბ ბაკაშვილი სოფელ ანაგის ღვინის ქარხნის მთავარი მეღვინე იყო. რთვლობას მის მარანთან, მანქანების უზარმაზარი რიგი დგებოდა.

ერთ დღესაც ცინცხალი შავი "გაზ-24" გამოჩენილა, ყურძნით ძარებსავსე მანქანებისა და ლოდინისაგან დაღლილი გლეხებისთვის დიდი სიჩქარით ჩაუქროლია და ადმინისტრაციის შენობის წინ გაჩერებულა. შავსამოსიანების ვიზიტი ქარხნის დირექტორის კაბინეტში ნახევარ საათს გაგრძელებულა, იქიდან მამაკაცები დიდი ჩანთით გამოსულან, მანქანაში ჩამსხდარან და ისეთივე სიჩქარით დაუტოვებიათ იქაურობა, როგორითაც მოვიდნენ. ცოტა ხანში­ კაბინეტიდან ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ნუღლაც გამოსულა. ყველაზე შეთამამებული თანამშრომლები მისჭრიან და უკითხავთ, ვინ იყვნენ, რა უნდოდათო? რეკეტიო, უპასუხია ნუღლას, ქურდები ვართ და ფული უნდა ჩაგვახუტოო. რა უნდა მექნა, ავდექი და გადავუთვალეო. კი მაგრამ, იცნობდიო. არა, თავად მითხრეს, "შავები" ვართ, ამოსაცნობად ხომ არ წავიყვანდი, სიტყვაზე ვენდეო.

nugla2-1669558567.jpg

ყოფილი მეღვინის ოჯახიც არ მალავს, რომ ზურას ხელისუფლებასთანაც მიჰქონდა წილი, თუმცა ვისაც უხდიდა, სწორედ მათ დაღუპეს და გაუნადგურეს ოჯახიო.

ლია ბაკაშვილი: - 1980 წელს "კანონიერმა ქურდმა" ტარიელ ონიანმა, მეტსახელად, კატამ, და კიდევ ორმა ნიღბიანმა კაცმა დაგვაყაჩაღეს. დედას ძვირფასი სამკაულები წაიღეს, მაგრამ მალე მამამ გამოისყიდა. ონიანს მაშინ ჩემმა მშობლებმა არ უჩივლეს. მამა ფულს სახლში არასდროს ინახავდა. როცა სპირტი ჩამოდიოდა, ადგილზე უსწორდებოდა. ერთხელ სპირტის მანქანები გზაზე შეფერხდა, მამაც იძულებული გახდა, ფული სახლში წამოეღო. იმ ღამით დაგვესხნენ თავს. მამამ ფული თავისი­ ხელით გადასცა ყაჩაღებს, თუმცა მერე გაარკვია, რომ საქმე ჩაწყობილი იყო და მანქანები სპეციალურად შეაფერხეს, რათა მამა სახლში ფულით დაბრუნებულიყო. "მხედრიონიც" არაერთხელ მოგვივარდა. რამდენიმე წელი ,,ხელფასს" მათაც უხდიდა.

ქურდები არავის აძლევდნენ იმის საშ­უალებას, მათ გარეშე ეკეთებინათ საქმე. ერთხელ მამას მოსკოველი ქურდები დაუკავშირდნენ და სანამ საქმეზე გადავიდოდნენ, საქართველოს ისტორიულ წარსულზე ჩამოუგდეს საუბარი. უთხრეს, ხომ იცი, თათრები როგორ გებრძოდნენ ქართველებს, ახლა ორი მუსლიმანის დაყაჩაღება გვინდა და უნდა დაგვეხმარო. დაურეკე და 20 ტონა სპირტის გამოაგზავნინე. შენ უარს არ გეტყვიან, ჩვენ კი წავართმევთ და თავად გავუკეთებთ რეალიზაციასო. ზურას უკითხავს, ამ საქმიდან რამდენი უნდა დაგრჩეთო? ხუთი ათასი დოლარიო, უპასუხიათ ქურდებს. ამოუღია ჯიბიდან დასახელებული თანხა, და უთქვამს, მე ადამიანებს რწმენის მიხედვით ვერ დავყოფ, ვერც ისტორიული წარსულის გამო ვაგებინებ პასუხსო.

როგორც დედისგან ვიცი, მოსკოვში მცხოვრები ქურდი ვახო ჩაჩანიძე­ იყო მამას ,,პატრონი", მაგრამ ჩაჩანიძისთვის ვიღაცას ჩაუწვეთებია, ნუღლა გა­ტყუებსო,­ და მანაც ურჩი შემომწირველი­სთვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტა. მისმა­ ხალხმა ჯერ დაგვაყაჩაღა, მერე კი მამა გაიტაცა. ვინც კარგად იცნობდა მამაჩემს, დამემოწმება, რომ დიდი ბავშვი იყო - გულუბრყვილო, მიამიტი. მის გატაცებაში­ ცნობილი ქურდები, ძმები შუშანაშვილებიც­ მონაწილეობდნენ. თუ ვერ მიიღებდნენ თანხას, მამას მოკვლითა და ჩვენი დახ­ოცვით იმუქრებოდნენ. დედამ ტარიელ ონიანს სთხოვა დახმარება. მას ახსოვდა­ ჩემი მშობლების სიკეთე, დაყაჩაღების მერე რომ არ ჩაუშვეს, და დაგვეხმარა, - დათქმული თანხის გადაცემის მერე მამა გაათავისუფლეს.

ყურძენთან ერთად ვირის ტაჭკა და მოხუციც აწონა

გლეხებს ნუღლა გამორჩეულად უყვარდათ. როგორც ამბობენ, რაიონში ბუნებრივი გაზის გამოყვანის ორგანიზება ნუღლამ მოახერხა, სოფელში ჭაბურღილის მოწყობაც მის სახელს უკავშირდება, მერე ასფალტიც დაუგო საქობოელებს, სოფლის სასაფლაო შემოღობა და უფასო ავტობუსით მოსახლეობის უზრუნველყოფაზეც იზრუნა. ავტობუსი ხალხისთვის იყო უფასო, თორემ ნუღლა მძღოლებს ისეთ ხელფასს უხდიდა, მის მზეს იფიცებდნენო.

ყველა კახელი გლეხი ცდილობდა შემოდგომაზე ყურძენი მის მარანში ჩაებარებინა. იცოდნენ, რომ ნუღლა წონასა და შაქრიანობაში არ მოატყუებდათ და იმაზე მეტს წაიღებდნენ სახლში, რაც რეალურად ეკუთვნოდათ. არ ივიწყებენ ვირის ტაჭკით ქარხანაში მისული მოხუცი ქალის ამბავს.

,,ანაგის მარანში მარტოხელა მოხუც ქალს ვირის ტაჭკით მიუტანია ყურძენი. მამას თანამშრომლისთვის უთქვამს, ყურძენი­ ტაჭკიან-ვირიან-ქალიანად აწონეო. ყველა გაუოცებია უფროსის ბრძანებას, მაგრამ რა უფლება ჰქონდათ, არ გაეკეთებინათ. ყურძნის წონისთვის მოხუცის წონა მიუმატებიათ, მერე ვირისა და ტაჭკის წონაც ზედ დაურთავთ და ერთად უანგარიშიათ მოხუცისთვის. ქალი მთელი გზა ნუღლასა­ და მის ოჯახს ლოცავდა", - გვითხრა ნუღლას ქალიშვილმა.

პატრიარქის დალოცვა

სოფელ საქობოში ნუღლას ჩვენი პატრიარქი ილია II რამდენჯერმე ესტუმრა.

ლია ბაკაშვილი: - ილია პატრიარქად ახალი ნაკურთხი იყო, მამამ საქობოს სახლში რომ მოიპატიჟა და დიდებული სუფრა გაუშალა. მამას სანამ დაიჭერდნენ, გაქცევის წინ პატრიარქთან მივიდა. მან უთხრა, ვილოცებ შენზე და ყველაფერი კარგად იქნებაო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოიწვია საქობოში ილია II და სინოდის წევრები.­ პატრიარქმა სახლიც გვიკურთხა. უზომოდ გვიხაროდა. მამა მორწმუნე იყო. დაპატიმრების დროს ჩანთაში ბიბლია უპოვეს, რომელიც გაქცევისას თან ჰქონდა. ციხის ადმინისტ­რაციას არასამარხვო საჭმელი რომ არ შეეპარებინა, მხოლოდ ხახვსა და პურს ჭამდა­. საპატიმრო რომ დატოვა, მე და ჩემი და მეათე კლასში ვიყავით. მაშინ ეკლესიაში არ დავდიოდით. მამა დილის 6 საათზე დგებოდა სალოცავად და ძალიან გვიკვირდა. ერთხელ მე და ჩემმა დამ ხატებთან მის ჩურჩულით საუბარს მივაყურადეთ. დაჩოქილი ეუბნებოდა ღმერთს, მივხვდი, უფალო, რომ ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი, ამიტომ გთხოვ, ჩემი შვილები შენი გზით ატარეო. მამას სურვილი ავუსრულეთ და ტაძარში მივედით. მას შემდეგ ქრისტეს გზიდან არ გადაგვიხვევია.

მამა 23 ნოემბერს, გიორგობას იყო დაბადებული. წმინდა გიორგის მიიჩნევდა მფარველ წმინდანად. დაბადების დღეს მოიწვევდა ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს გავაზის წმინდა გიორგის უძველეს ტაძარში და ყველა ვზეიმობდით.

საბედისწერო გასეირნება

1981 წელს ყურძნის წარმოება-მეღვინეობაში სახელმწიფო გეგმის გადაჭარბებით შესრულებისთვის მაშინდელი ცეკას­ პირველ მდივანს ედუარდ შევარდნაძეს მოსკოვმა "სოციალისტური შრომის გმირის" წოდება მიანიჭა და წითელი ვარსკვლავი დააბნია მკერდზე. არადა, ყველამ კარგად იცოდა, როგორი მიწერებითა და ფალსიფიკაციით სრულდებოდა მაშინ ე.წ. გეგმები. ცხადია, ეს ხელისუფლებისგან მწვანე­ შუქის ანთების გარეშე ვერ მოხდებოდა. 1982 წელს კი სახელმწიფოს ინტერესები მკვეთრად შეიცვალა და შევარდნაძე კორუფციასთან ბრძოლის ფერხულში ჩაება. სწორედ ამ დროს ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოდან წამსვლელი ჯგუფის სია შედგა, რომელშიც ნუღლაც­ ეწერა. სია შევარდნაძისთვის მიურთმევიათ, რის შემდეგაც ნუღლას გვარი სიიდან გამქრალა. ნუღლა რა ნუღლა იქნებოდა, ასეთი დამცირება აეტანა. გავლენიანი ადამიანების დახმარებით მოახერხა სხვისი გვარ-სახელით წასულიყო მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე. ამ ფაქტის დასამტკიცებლად და სამახსოვროდ ესპანეთიდან ბურთიც ჩამოიტანა.

ედუარდმა ბაკაშვილს თავზე გადახტომა­ არ აპატია. რთვლის სეზონი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როცა ანაგის ღვინის ქარხანას შს სამინისტროს ,,ობეხეესი" დაატ­ყდა თავს. იმ დროს ნუღლა ქარხანაში­ არ იყო, გზაზე შეატყობინეს და მან ქვეყნის დატოვება მოასწრო. დააპატიმრეს ანაგის ქარხნის რიგითი მეღვინეები, ბუღალტერი,­ ქიმიკოსი... შემდეგ ნუღლას მეუღლეც.

წლობით ძებნილი თავად ჩაჰბარდა სამართალდამცავებს

ანაგის ღვინის ქარხნის თანამშრომელთა დაკავების შემდეგ ნუღლა სამართალდამცავების თავსატეხი შეიქნა, მისი დაკავება ვერაფრით მოახერხეს. ბოლოს ტაქტიკა შეცვალეს. ბაკაშვილებს მოტყუებით მიუგზავნეს ოჯახის მოსკოველი ახლობელი,­ პროფესორი ანტონ ოსიპოვი, რითაც ზურას მეუღლის, მავრას ნდობა მოიპოვეს. ასე აღმოჩნდა ქალი ფულით სავსე ჩემოდ­ნებით მოსკოვის აეროპორტში. ცოლმა დაიჯერა, რომ ამ ფულით ქმარს დაჭერისაგან გადაარჩენდა, მაგრამ თავად აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. მავრა ერთი წელი კა-გე-ბეს ციხეში გამოამწყვდიეს, 6 წელი კი ზონაში იჯდა.

ნუღლა კი მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა მის თანამშრომლებს დახვრეტის მუხლი შეუფარდეს. წლობით ძებნილი თავად ჩაჰბარდა სამართალდამცავებს.

ამის შემდეგ ანაგის ქარხნის თანამშრომელთა სასჯელები შეიცვალა და დახვრეტის ნაცვლად, ყველას 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც იმ დროს დიდი გამარჯვება­ იყო. თავად ნუღლამ ციხეში ოთხწელ-ნახევარი მოიხადა და გამსახურდიას მთავრობამ ამნისტიით გაათავისუფლა.

მეღვინემ ციხესაც თავისი კვალი დაატყო - მსჯავრდადებულებს შორის აღმოაჩინა ფეხსაცმლის კერვის მცოდნეები, რომლებმაც ხელობა სხვებსაც ასწავლეს და საპატიმროში ფეხსაცმლის საამქრო გახსნა. ნუღლას გონიერების წყალობით პატიმრებმა შემოსავალი გაიჩინეს. კახელმა მეღვინემ მოახერხა და რუსთავის სასჯელაღსრულების კოლონიაში ეკლესია ააშენა, რომელიც ილია II-მ აკურთხა და წირვა ჩაატარა.

,,ყველაზე ბევრი ფული მქონდა, მაგრამ შვილებს მატერიალურს ვერაფერს გიტოვებთ.­ ბევრი რამ დაგაკელით, თუმცა საუკეთესო ვინც მყავდა და საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა, ის უნდა დაგიტოვოთ,­ დედათქვენი", - ამ სიტყვებით დაემშვიდობა სიმსივნით დაავადებული ნუღლა სამ შვილს. ზურა ბაკაშვილი 2006 წელს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნელი ვარდიაშვილი