"კოჭლაბუხა“ ცელქი ბიჭის გაცოცხლებული სავანე - კვირის პალიტრა

"კოჭლაბუხა“ ცელქი ბიჭის გაცოცხლებული სავანე

ის ექიმია და აქვს კერძო სამედიცინო ბიზნესი - ლაბორატორია, სადაც ახალშობილების გენეტიკურ დაავადებებს იკვლევენ. ბედის ყველაზე დიდ საჩუქრად მაინც საკუთარ გენეტიკასა და ექვთიმე ღვთისკაცის შთამომავლის სტატუსს მიიჩნევს. რევაზ­ თაყაიშვილმა­ დაასრულა ლიხაურში "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის" კარ-მიდამოს მოწყობა. მის უკვდავსაყოფად ის ახლა ავტობიოგრაფიულ ნარკვევზე მუშაობს, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ჩანაწერებსა და დღიურებს ეფუძნება და უფრო გვაახლოებს, როგორც თავად უწოდებს, "მსოფლიოში ყველაზე მდიდარ და ამავე დროს, ყველაზე ღარიბ ადამიანს", რომელიც ეკლესიამ სრულიად დამსახურებულად წმინდანად შერაცხა.

- იმ კარ-მიდამოსა და სახლში, სადაც­ ექვთიმე დაიბადა, ვფიქრობდით, რაღაც გაგვეკეთებინა მისი სულის უკვდავსაყოფად. დაგვასწრო სახელმწიფომ და რაიონული ბიუჯეტით ოდა ჩაიდგა იქ, სადაც ისტორიულად იდგა. პროექტი ჩემი იყო. შემდეგ მიზეზთა გამო გადაწყდა ეს შენობა დაგვეშალა და გადაგვეტანა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სოფლის ცენტრში გამოყოფილ მიწაზე, სადაც დაიდგა ახალი შენობა ძველი იერით და გაიხსნა ექვთიმეს სახელობის მუზეუმიც... ვინა­იდან ეზოში ჯერ კიდევ იდგა ექვთიმეს ძველი სახლი, ოჯახმა გადავწყვიტეთ ჩვენი­ სახსრებით მიგვეხედა საქმისთვის, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა ჩემმა მოძღვარმა­, დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ (პროფესიით არქიტექტორია). არქიტექტორებმა მოიძიეს ისტორიული მასალა, თუ როგორ იყო განლაგებული გურული თავადაზნაურის ეზო და დავიწყეთ ეზოს რესტავრაცია. პირველად დავდგით ქვა-ჯვარი - ქაჩაგანი. ექვთიმე­ გულმოდგინედ ეძებდა ყაჩაღანის (იგივე ქაჩაგანის) მონასტრის კვალს (მარნეულის რაიონში, დღემდე სადავო ტერიტორიაა), რომელიც დამშვენებული იყო შესანიშნავი ჯვრით - მასზე 17 საუკუნის წინანდელი შესანიშნავი ჩუქურთმებით შემკული ჯვართამაღლების სცენაა გამოსახული. ექვთიმემ ჯვარი თბილისში ჩამოაბრძანა და ის ჩუბინიშვილის სახელობის ინსტიტუტში ინახებოდა. 90-იან წლებში, თბილისის ძმათამკვლელი ომის დროს, ჯვარი ჩიტაძის ქუჩაზე, უშიშროების კომიტეტის შენობაში გადაიტანეს. სამწუხაროდ, საცავს ყუმბარა მოხვდა,­ ჯვარი რამდენიმე ნაწილად­ დაფრაგმენტდა (დღეს სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ინახება). არქიტექტორმა ნიკოლოზ დადიანმა ამ ფრაგმენტების მიხედვით აღადგინა ჯვარი. შემდეგი ღონისძიება იყო ეზოს ექვთიმეს ქვით დამშვენება.

ექვთიმე დაბადებული არ იყო, როცა მამა გარდაეცვალა - სიმონ თაყაიშვილი ოსმალებთან შეტაკებაში სასიკვდილოდ დაიჭრა. მაშინ მდინარე ჩოლოქზე გადიოდა რუსეთ-ოსმალეთის იმპერიების საზღვარი, რომელსაც გურული თავადაზნაურები იცავდნენ. მათ შორის იყო სიმონი და ექვთიმეს სამივე ბიძა. სამწლინახევრის იყო ექვთიმე, როცა დედაც მოუკვდა - ნინო ნაკაშიძე, მაკვანეთელი თავადის ასული. ექვთიმე ძალიან ცელქი ყოფილა. ეზოში დღესაც გვაქვს ბჟოლის (თუთის) ხის გადანაჭერი, საიდანაც ის გადმოხტა და ფეხი მოიტეხა, თაბაშირში კი ჩაუსვეს, მაგრამ ცუდად შეუხორცდა და დაკოჭლდა. ამის გამო გურულებმა ექვთიმეს "კოჭლაბუხა" შეარქვეს. 4 წლის ექვთიმეს მეურვედ დაუნიშნეს დის ქმარი - სიმონ გოთუა. რამდენიმე თვით ექვთიმე დამ წაიყვანა, 5-6 თვის შემდეგ ის მამაპაპეულ სახლში დაბრუნდა და მას ბებია, მამიდა მაკა და ბიძა ერდიშელი ზრდიდნენ. მე ერდიშელის შვილთაშვილი ვარ და ასე მოვიდა ჩემამდე ეს საოცარი მემკვიდრეობა. ექვთიმე იხსენებს: "დედა რომ მომენატრებოდა, ეზოში გასიპული ქვის ლოდი იდვა, ბებიას და მამიდას გავეპარებოდი, ქვაზე ვწვებოდი, რომ დედაზე მეფიქრა და იმ ქვას ვეხუტებოდი, ვოცნებობდი,­ რაღაც ლექსებს ვიგონებდი და ხშირად ამ ქვაზე ჩამძინებია კიდეც". ეს დეტალი დეკანოზ მენაბდეს ვაცნობე, მან ეს ამბავი, როგორც ჩანს, საპატრიარქოში მიიტანა და ქვა სიწმინდედ შეირაცხა, როგორც წმინდანის სხეულთან ნაზიარები ქვა. სხვათა შორის, სხეულის ფორმა აქვს. მამა ბესარიონის რეკომენდაციით, ქვა ყველაზე ლამაზ ადგილას დავდეთ და იქვე ღია ტიპის პატარა საყდარი მოვაწყვეთ, რომელიც დამშვენებულია ჯვრით, მოზაიკური­ ხატით. 16 იანვარს, ექვთიმეს ხსენების დღეს, და 21 თებერვალს, გარდაცვალების დღეს, სამი მოძღვარი მრევლსა და მგალობლებთან ერთად იკრიბება და პარაკლისი ტარდება.

ეზოში არის ოდა, სამზარეულოს შენობა,­ ნალია, ჭურისთავი (გურული მარანი),­ წისქვილი, ჯამური (საცეხველი - უნიკალური მოწყობილობა, რომელიც საქართველოში დღეს დაკარგულია) და ჭა. ჭიშკარში შედიხართ თუ არა, მე-19 საუკუნის შუახანების გურული აზნაურის ეზოში აღმოჩნდებით. ყველა შენობის ინტერიერიც ძველებურ­ სტილშია მოწყობილი, თითოეული ეთნოგრაფიული შედევრია. ყოველივე ეს ჩვენმა ოჯახმა თავისი სახსრებით გააკეთა. ბოლო აკორდი იყო ექვთიმეს სახლის რესტავრაცია - ძველი სახლი დაიშალა და თითოეულ დეტალს რესტავრირება გაუკეთდა. დასანანია, რომ ექვთიმეს დროინდელი ავეჯი არ შემოგვრჩენია, ჩვენს ოჯახს მხოლოდ მისი ნაჩუქარი და ნაქონი სამელნე და პატარა შანდალი შემორჩა. ეზოშიც მხოლოდ იმ ბჟოლის გადანაჭერია, რომელიც ბებიამ მაჩვენა, თან საოცარია, ჯვრის ფორმა აქვს...

ezo2-1669558995.jpg

"მეგრელთა საქმე"

- ექვთიმეს ბიძაშვილი კონსტანტინე­ თაყაიშვილი და მისი მეუღლე ადრე გარდაიცვალნენ, მათ 2 შვილი დარჩათ - გიორგი და ლიდა. გიორგი იყო საქართველოში ერთადერთი საინჟინრო ძალების­ გენერალი, ის ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად­ აჯანყებაში მონაწილეობდა და 1924 წელს დახვრიტეს. ლიდა ექვთიმემ და ნინომ­ იშვილეს. ექვთიმეს ოლღას ქუჩაზე (დღევანდელი მერაბ კოსტავას ქუჩა) მეუღლის, ნინო პოლტორაცკაიას ნამზითვი 7-ოთახიანი ბინა ჰქონდა და ემიგრაციაში რომ წავიდა, ლიდა იქ დატოვა, დაუბარა, 1 წელიწადში ჩამოვალთო, იმედი ჰქონდა, დროებითი მთავრობა საქართველოში დაბრუნდებოდა. 1921 წლის მარტში, ექვთიმეს წასვლიდან მეორე დღესვე, ლიდას სახლი ჩამოართვეს და დაიჭირეს. შემდეგ ლიდა ცოლად გაჰყვა ექვთიმეს ცოლისძმას, ალექსანდრე პოლტორაცკის. 1945 წელს, როცა ექვთიმე ემიგრაციიდან დაბრუნდა, შვილობილმა ერთი პაწაწა ოთახი დაუთმო ვერაზე, ვაშლოვნის ქუჩაზე (სადაც ახლა მუზეუმია). ამ ბინაში, ექვთიმე, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში იყო და მარტოობაში, სიცივესა და შიმშილში გარდაიცვალა. ლიდა ბოლოს 1952 წელს დააპატიმრეს და დაკითხვის დროს თითები გადაუმტვრიეს. როცა ექვთიმემ ტრავმის წარმომავლობა ჰკითხა, ლიდას უთქვამს, ქუჩაში წავიქეციო. ექვთიმეს გარდაცვალების შემდეგ ლიდა ციმბირში გადაასახლეს, იქიდან დაბრუნებულმა 10 წელი იცოცხლა და 1966 წელს აღესრულა.

ჩემი ბაბუა და ექვთიმეს მთელი გარ­ემოცვა რეპრესიებს ემსხვერპლა. სტალინ­ური რეპრესიების მეორე ტალღა ექვთიმესაც შეეხო - "მეგრელთა საქმეში" გარიეს. ასეთ საინტერესო ისტორიას აღწერს ექვთიმე: 1952 წელია, თებერვალი, ექვთიმეს ლიდა დაუპატიმრეს, მოახლე ქალი, რომელიც­ უსაფრთხოების თანამშრომელი­ იყო. მასთან კვირაში ერთხელ მიდის. ექვთიმეს არა აქვს სინათლე, გათბობა და სიცხიანი, პალტოთი წევს საწოლში. კარზე კაკუნია, შემოდის ორი ჩეკისტი. ერთ-ერთი­ წარუდგა - პოდპოლკოვნიკი სირაძე და აცნობებს­, გენერალი რუხაძე გიბარებთო­. არ შემიძლია წამოსვლა, სიცხე მაქვს, ვერ დავდივარო, მიუგო ექვთიმემ. ჩეკისტები იღლიებში შეუდგნენ და ისე წააჩანჩალეს ჩიტაძის ქუჩაზე, ჩამოსვეს და რუხაძის კაბინეტის კარი შეაღეს. მაგიდა ძალიან შორს იდგა, ძლივს მილასლასდა და უშიშროების მინისტრს ხელი გაუწოდა, გენერალ რუხაძეს­ თავიც არ წამოუწევია, არც შეუხედავს და ექვთიმეს ხელი ჰაერში გაუშეშდა. ექვთიმე რამდენიმე წუთს იდგა ხელგაწვდილი, შემდეგ რუხაძემ უთხრა, დაბრძანდითო. დაკითხვა 2 საათს მიდიოდა და ძირითადად ეხებოდა პეტრე შარიას (ბერიას მარჯვენა ხელი). სტალინს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მის მოწამლვას აპირებდნენ და ამაში ბერიას ხელი ერია, ამიტომ სტალინის რეპრესიების მეორე ტალღა "მეგრელთა საქმით" დაიწყო. მინისტრი რუხაძე მიხვდა, რომ ამ საქმეში ექვთიმე უბიწო იყო, დამშვიდობებისას პატივისცემის ნიშნად წამ­ოდგა და ხელი გაუწოდა. ამ შემთხვევაში ექვთიმემ აღარ ჩამოართვა ხელი. ის ბრუნდება სახლში, მიდის მაგიდასთან და უბის წიგნაკში წერს: "90 წლის ბერიკაცს საშინელი დღე გამითენდა, პირველად ჩემს სიც­ოცხლეში ადამიანს ხელი არ ჩამოვართვი". განა მე არ ჩამომართვესო­, მე არ ჩამოვართვიო. ეს მისთვის უდიდესი შეურაცხყოფა იყო. ეს არის ბოლო ჩანაწერი წიგნაკში...

ezo3-1669558995.jpg

გადარჩენილი საუნჯე

- საქართველოდან გატანილი საუნჯე, რომელიც ექვთიმემ შეუნარჩუნა საქართველოს, დაახლოებით 140 ყუთი იყო. 39 ყუთში ეწყო საეკლესიო განძეულობა და 39-ივე როგორც წავიდა, უკლებლივ დაბრუნდა უკან. კომისიამ, რომელიც პარიზში ჩავიდა, განძეულობა ჩატვირთვის დოკუმენტებს შეადარა და მას არაფერი აკლდა. მეტიც, აღმოჩნდა ზედმეტი ნივთები, რაც პირვანდელ სიაში არ იყო. როცა ექვთიმეს მათ წარმომავლობაზე ჰკითხეს, გაირკვა, რომ თავად ყიდულო­ბდა ხატ­ებს, ქართულ ხელნაწერებს­ და აქედან გატანილ­ სხვა ნივთებს ამატებდა. გარდა ამისა, მისი მეუღლე, ნინო პოლტორაცკაია, ძალიან მდიდარი ოჯახიდან იყო და როცა ნინო გარდაიცვალა, ექვთიმემ მისი ყველა სამკაული და ნივთი 39-ე ყუთში ჩაამატა. ჩემოდანი­ და სკივრი - ეს მისი ნივთები იყო, ამით წავიდა ცოლ-ქმარი და უკანა გზაზეც ამით დაბრუნდა ექვთიმე. არსებობს ამ ჩემოდნისა და სკივრის გახსნის აქტი, ეგონათ, მასშიც ძვირფა­სეულობა იქნებოდა და როცა გახსნეს, სავსე იყო წერილებითა და ხელნაწერებით. სამწუხაროდ, მისი გადარჩენილი საუნჯე შემდგომ საქართველ­ოში გაიძ­არცვა, ვინც შეძლო, ყველამ რაღაც გაიტანა.

"ერთი თვეა სადილი არ მიჭამია"

- არსებობს 1941 წლის ცნობილი მიმოწერა, სადაც ექვთიმე მეზობელ ნიჟარაძეების ქალს სთხოვს, იქნებ სადილად ცხელი კერძი მომაწოდოთ, ერთი თვეა ცხელი სადილი არ მიჭამიაო. ასე ცხოვრობდა... მერე, ქართველმა ხალხმა ის შეძლებისდაგვარად დააფასა - ემიგრაციიდან ჩამოსულს აღუდგინეს პროფესორის სტატუსი,­ აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, მიანიჭეს აკადემიკოსის წოდება, აღადგინეს უნივერსიტეტში (რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც გახლდათ) და 2 წელიწადში უკან გამოუშვეს "საკმარისი პედაგოგიური დატვირთვის უქონლობის გამო" - ასე დაიწერა ბრძანებაში. უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი ნიკო კეცხოველი­ იხსენებს, თავზე ჩეკისტები მადგნენ და ხელი მიკანკალებდა, ბრძანებას ხელს რომ ვაწერდიო. 1960-იანი წლებიდან დაიწყეს ექვთიმეს უკვდავყოფა - 1963 წელს ის ვაკის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადაასვენეს, დაწესდა დღესასწაული ექვთიმეობა. 2000 წელს მისი ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს, ხოლო 2002 წელს წმინდა სინოდმა წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი ეწოდა.

ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ასეთი ადამიანის შთამომავალი რომ ვარ. ახლა ვმუშაობ ექვთიმეს დღიურსა და მის ავტობიოგრაფიაზე. მინდოდა შესადარებლად დედანი მენახა, რომელიც კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. დედნის ნაწილი ექვთიმეს­ ხელითაა დაწერილი, ნაწილს სტუდენტებს კარნახობდა და ისინი იწერდნენ. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ვნახე აბსოლუტურად შეცვლილი მისი ბიოგრაფია, ანუ მას რედაქტირება გაუკეთეს - ექვთიმე სუფთა გურულად წერდა. მაგალითად, ემიგრაციაში შეხვდა ბოგომოლოვს,­ საბჭოთა კავშირის ელჩს საფრანგეთში, და შემწეობა სთხოვა, რათა საუნჯის დაბ­რუნების თაობაზე დე გოლთან მისულიყვნენ (ეს რომ არ მომხდარიყო, განძი ვერ დაბრუნდებოდა, რადგან დე გოლმა გასცა ამის განკარგულება სტალინთან შეხვედრის შემდეგ). ექვთიმე დღიურში წერს: "ბოგომოლოვთან რომ მივედით, საზაკუსკოდ დავჟექით". წიგნში ეს გადაკეთებულია და წერია: "მე და ბოგომოლოვმა კარგად ვისაუზმეთ". ასეთი უზუსტობა ბევრია და ეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელს, ქალბატონ ესმა მანიას შევჩივლე. მან იცოდა, რომ ექვთიმეს ავტობიოგრაფია ადაპტირებულია და რამდენიმე თვეა, ერთად ვმუშაობთ, რომ პირვანდელი სახე დავუბრუნოთ. ჩემი მიზანია, სანამ ცოცხალი ვარ, ექვთიმეს დღიურები, უბის წიგნაკი, წერილები გამოვაქვეყნო, რათა პირვანდელი სახით გვქონდეს ექვთიმე ღვთისკაცის ავტობიოგრაფია.