"ფოტოს ვერ მოატყუებ“ - კვირის პალიტრა

"ფოტოს ვერ მოატყუებ“

"თუ სიტყვა ფოტოგრაფი გეცოტავებათ, მას უწოდეთ ფოტოების გრაფი!" - ფოტოგრაფ სერგო ედიშერაშვილის ეს შეფასება ყველაზე მეტად მომწონს. ამჯერად მის უნიკალურ ფოტოებს სხვა თვალით შევხედე­ - ეს ის ფოტოგრაფია, რომლის ფოტოობიექტივის წინ მთელმა ეპოქამ გაიარა, სისხლისმღვრელი ომებით დაწყებული, პოლიტიკოსთა დამხობითა და დედამიწის "დაპატარავებით" დამთავრებული, რამაც ადამიანი და მისი ღირებულებები შეცვალა. ეს ყველაფერი აისახა სერგო ედიშერაშვილს ფოტოებში, სადაც თუნდაც 30 წლის წინ გადაღებულ ადამიანს სულ სხვა სილამაზე და მზერა აქვს, ვიდრე დღეს. რას განიცდიდა ფოტოგრაფი, როდესაც მის თვალწინ სამყარო ამდენად სწრაფად იცვლებოდა და როგორ აღიქვამს დღევანდელობას, ამაზე თავად მოგვითხრობს.

sergo-1669559664.jpg

- ფოტორეპორტიორი ვალდებულია­ ომები, მტკივნეული მოვლენები ასახოს... თქვენ იღებდით ჩეჩნეთის ომს, აფხაზეთის დაკარგვას... როგორი რეაქცია გქონდათ ამ ყველაფერზე?

- იმდენად მძიმე, რომ მირჩევნია არც გავიხსენო, რადგან მანადგურებს. მაგალითად, აფხაზეთის ფოტოებს არც ვნახულობ. რადგან სოხუმში გადაღებულ ჩემს ცნობილ ფოტოებს, თუნდაც ჟიული შარტავას ფოტოს, ხშირად მთხოვდნენ, გადავწყვიტე ინტერნეტში ამეტვირთა, რომ ყველას ენახა.

დრო ყველაფერს ცვლის, ყოველი ახალი თაობა განსხვავდება წინა თაობისაგან, მაგრამ ჩვენმა დრომ ეპოქალური ცვლილებები მოიტანა. ეს იმდენად სტრესულად და სწრაფად მოხდა, ომის საშუალებით, თუ ტექნოლოგიების დახმარებით, რომ რამდენიმე ათეული წლის წინანდელ ყოფასაც უდიდესი მანძილით დაგვაშორა, რის გამოც ბევრი ადამიანი შეიცვალა. იმას კი, როგორ შევიცვალეთ, ასე აღვწერდი: მაგალითად, მე რომ თბილისელი ვარ, თუნდაც­ პირველ "თბილისობას" გავიხსენებ (1978 წელს), ბოლო "თბილისობასთან" საერთო­ აღარაფერი აქვს, გარდა იმ სურვი­ლისა, რომ ადამიანმა დროებით ყოველდღიურობა დაივიწყოს და რაღაც სხვაზე გადაერთოს. დღევანდელ "თბილისობაზე"­ სულ სხვა სივრცეა, რომელიც გაიზარდა და მწვადის ბოლი ახლავს. შესაძლოა ეს სივრცე ვიღაცას არ მოსწონს, მაგრამ ის დრომ მოიტანა და რაც არის, ის არის. დღეს ადამიანი სხვა რამეს ითხოვს სამყაროსაგან, ვიდრე 50 წლის წინანდელი თბილისელები ითხოვდნენ, სულ სხვა სურვილები აქვს. უფრო მარტივი, თითქოს სწრაფად ასახდენი, მაგრამ ძალიან აჩქარებული.

sergo4-1669559664.jpg

- თქვენს 50 წლის წინანდელ ფოტოებზე­ ბევრად მშვიდი მზერაა აღბეჭდილი, ვიდრე დღევანდელ ფოტოებში; პოლიტიკოსებიც კი უფრო მშვიდად იღიმიან დღევანდელ პოლიტიკოსებთან შედარებით. მაგალითად, ედუარდ შევარდნაძის ღიმილი სრულიად განსხვავდება დღევანდელი პოლიტიკოსებისაგან.

- ფოტოზე წამში იკითხება, ვინ ვინ არის. დღევანდელი ახალგაზრდა პოლიტიკოსები, ვფიქრობ, გაცილებით ნაკლებად ფიქრობენ გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობასა და სერიოზულობაზე, ვიდრე თუნდაც შევარდნაძე ფიქრობდა. ეს მათ მზერაში ფოტოებზეც მშვენივრად იკითხება. მე ხომ შევარდნაძის ფოტოგრაფი ვიყავი, ის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე ბევრს ფიქრობდა.

sergo2-1669559664.jpg

მე არავის მეხოტბე არ ვარ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა: 1999 წელს ჩვენი ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გახსნა უნიკალური მოვლენა აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ამ პროცესში შევარდნაძის დიდი დამსახურებაც იყო, რომელიც მიზნის მისაღწევად თავის ცნობილ ღიმილსა და იუმორს იყენებდა. ისიც მახსოვს, როდესაც 1999 წელს ბაქო-სუფსის ნავთობსადენს ხსნიდა, ლენტის გაჭრისას მის ნათქვამზე უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი როგორ გულიანად იცინოდნენ. ესეც­ ხომ ნიჭია? მიუხედავად იმისა, რომ მისი სამსახურიდან წამოვედი, გადადგომის შემდეგ თვეში რამდენჯერმე ავედი მის სანახავად კრწანისის რეზიდენციაში. აი, მისთანები უმკლავდებიან ეპოქალურ ცვლილებებს, მათ დრო ვერ ცვლის, თავად­ ცვლიან დროს. შევარდნაძე თუ რამემ შეცვალა და ხასიათით უფრო თბილი გახადა, თანამდებობიდან მისი წასვლა იყო - თავისუფლება იგრძნო და გაცილებით საინტერესო გახდა ჩვენი საუბრები.

- ვამბობთ, რომ ბოლო ათწლეულში ბევრი რამ შეიცვალა. სილამაზის ცნებაც? რას "ამბობს" თქვენი ფოტოები ამ ცვლილებაზე?

- სილამაზეც დაემორჩილა გლობალურ ცვლილებებს. ადამიანის ბუნებრივი­ სილამაზე არასოდეს შეიცვლება, მაგრამ დღეს სილამაზე ხელოვნური ჩარევითაც იქმნება. მაგალითად, ბოტოქსებით, იმპლანტებით და ასე შემდეგ... მაგრამ ფოტო ამისთანებს მაშინვე "ხედავს" და აღარ გხიბლავს. ფოტოს ვერ მოატყუებ.

sergo6-1669559665.jpg

უკვე 6 თვეა აჭარაში ვარ, აქაური ფოტოგადაღებებით ახალ წიგნს ვაკეთებ და გამაოგნებელ სილამაზეს ვაწყდები. რატომ? იმიტომ, რომ აჭარის მაღალმთიანეთში გამაოგნებელი ბუნებრიობა დარჩა.

ზოგიერთი რამ კი, რაც ეპოქალურმა ცვლილებებმა მოიტანა, შესაძლებელია უკეთესიც იყოს ჩვენი მომავლისთვის. მაგალითად, ახალგაზრდობა უფრო პრაგმატული გახდა. ამას წინათ ახალგაზრდებთან ერთად პროექტზე ვმუშაობდი. ძალიან კარგი ახალგაზრდები იყვნენ, რომელთაც პასუხისმგებლობის გრძნობაც ჰქონდათ და ფოტოგადაღებაც იცოდნენ, მაგრამ ერთ რამეში "ვერ გავუგეთ" ერთმანეთს - ფოტოები ვიღაცებმა საჩუქრად გვთხოვეს და ამას ბიჭები არ დათანხმდნენ. ვეუბნებოდი, ვაჩუქოთ-მეთქი და, არაო. ჩვენ ხომ ვიშრომეთ და უფასოდ რატომ უნდა გავცეთო. ახლა ვფიქრობ, რომ მართლები იყვნენ. ეს მე და ჩემი თაობა დავრჩით იმად, ვისაც ყველაფრის გაცემა უანგარიშოდ შეუძლია. თუმცა მედალს ორი მხარე აქვს - საფასურის მიღება სხეულისთვის არის აუცილებელი, სულს კი უანგაროდ გაცემა სჭირდება არსებობის შესანარჩუნებლად.

sergo5-1669559665.jpg

ლექციებს ვკითხულობ ფოტოხელოვნებაზე. სულ ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, არასოდეს გამოეკიდოთ ბრენდებს, მთავარია, ის დაინახოთ, რაც მხოლოდ თქვენი სულიდან მოდის-მეთქი. ასეთი ფოტო ხომ ბევრად არაჩვეულებრივი იქნება, ვიდრე ბრენდული ფოტოაპარატით, მაგრამ მექანიკურად გადაღებული. ფოტო ხომ ადამიანის სულის ნაწილია! ამიტომაც ველოდები ჩემს შვილიშვილს, რომელიც ამერიკაში სწავლობს და ჩემსავით უყვარს ჩვენი ქვეყანა - მალე ჩამოვიდეს, ჩემი არქივი ჩაიბაროს და ჩემი საქმე განაგრძოს.