„ნანის სტილს, გემოვნებას ასაკი არა აქვს“ - კვირის პალიტრა

„ნანის სტილს, გემოვნებას ასაკი არა აქვს“

ამჯერად რუბრიკაში "მოდა და სტილი" იმ ადამიანებს განვიხილავთ, რომელთა ჩაცმის სტილმაც მოდაზე მოახდინა გავლენა. ადამიანის განწყობა სამოსით გადმოიცემა. პიროვნების ჩაცმულობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მის დამოკიდებულებაზე როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემო მყოფების მიმართ. რა უფრო მნიშვნელოვანია, მოდა თუ სტილი? ვინ აწესებს სტანდარტებს? ამ კითხვებს დიზაინერი მარინა ხორავა პასუხობს.

ჯანი ანიელი

moda2-1669560106.jpg

იტალიური კომპანია "ფიატის" მთავარი აქციონერი, საფეხბურთო კლუბ "იუვენტუსის" პრეზიდენტი, სენატორი ან უბრალოდ, ძალიან გემოვნებიანი მამაკაცი, მეტსახელად "ადვოკატი" - ასეთია ჯანი ანიელის მოკლე ბიოგრაფია. მისი ჩაცმისა და ცხოვრების სტილმა გავლენა მოახდინა არა მარტო იტალიელებზე, არამედ მთელი მსოფლიოს მამაკაცებზე. პენსიაზე გასვლის წინ, ანიელის სიტყვით გამოსვლის შემდგომ, იტალიელმა დიზაინერმა ნინო ჩერუტიმ ანიელი დაასახელა შთაგონების წყაროდ ჯეიმზ ბონდსა და ჯონ კენედისთან ერთად. გამოცემა "Esquirem" ის მსოფლიო მოდის ისტორიაში 5 საუკეთესოდ ჩაცმულ მამაკაცს შორის მოიხსენია.

- მისდევდა ანიელი მოდას?

- ჯანი ანიელი თავად ქმნიდა მოდას. მან თავისი დახვეწილობით და ორიგინალური ჩაცმის სტილით თავისი ხაზი შექმნა. ერთხელ ლეგენდარულმა ფედერიკო ფელინიმ თქვა: "დასვით ანიელი ცხენზე და ის იქნება მეფე". მისი გამორჩეული გემოვნება არც მედიას რჩებოდა უყურადღებოდ. 1970 წელს გამოცემა Vანიტყ Fაირ-მა ის წლის ელეგანტურ მამაკაცად დაასახელა.

- ანიელის სტილის სავიზიტო ბარათი­ რა იყო?

- საათის ტარების თავისებური მანერა - პირდაპირ პერანგის სახელოს ზემოდან იკეთებდა. არსებობს ორი განსხვავებული აზრი ამის შესახებ - ერთი ვერსიით, ეს გამორჩეულობისთვის გააკეთა, რასაც მეც ვეთანხმები და მეორე - საათზე დასახედად არ უნდა დაეკარგა დრო პერანგის სახელოს აწევაში. ეს ანიელის სტილის მთავარი შტრიხია.

მისი მეუღლეც გამოირჩეოდა ჩაცმის სტილით. 1960-1970-იან წლებში მათი წვეულებები ცნობილი იყო სტუმრებითა და გრანდიოზულობით. ანიელის წრეში არ არსებობდა ქალი, რომელიც არ იყო დახვეწილი - ამ კრიტერიუმით არჩევდა ქალებს.

- ანიელის თეთრ პერანგზეც მინდა გკითხოთ...

- თითქმის ყოველთვის თეთრი პერანგი ეცვა. შეეძლო ოფიციალურ შეხვედრებზეც ყოფილიყო თეთრი პერანგით და იახტაზეც და სულ სხვა ჭრილში დაენახვებინა ერთი და იგივე პერანგი ოფიციალურ ღონისძიებაზე თუ პლაჟზე. სწორედ ამაში ჩანს მისი სტილი, გემოვნება, რომ თეთრი პერანგის ასი ვარიანტით წარმოდგენა შეეძლო.

ლი რაძივილი

moda3-1669560107.jpg

ინტერიერის დეკორატორი, საზოგადო მოღვაწე და მსახიობი ცნობილია მოდის სფეროში როგორც ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, თუმცა საზოგადოება მას უფრო ჟაკლინ კენედის დად იცნობს. ლი რაძივილის ინტერიერის დიზაინი 1970-იანი წლებიდან მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.

- ლი ჩემი საყვარელი პერსონაჟია თავისი დახვეწილობით, სტილით, არისტოკრატულობით, ორიგინალური გარეგნობით, დიზაინერული ნიჭით. ის ეპატაჟური ქალია, ქარიზმატული პერსონაჟი, აქვს ორიგინალური ჩაცმის სტილი.

ლის ბომონდურ წრეში შედიოდა არაერთი ცნობილი ადამიანი, მიკ ჯაგერი, ენდი უორჰოლი და სხვები...

- ამერიკის პირველი ლედი, ჟაკლინ კენედი, თუ ჰბაძავდა თავის დას?

- მიუხედავად იმისა, რომ ლი იყო პოლონელი არისტოკრატის ცოლი და შეიძლება ითქვას, ჟაკლინზე უფრო გემოვნებიანი ქალიც, მაინც დის ჩრდილქვეშ იყო. ეს განპირობებული იყო მხოლოდ ერთით - ჟაკლინი ამერიკის პირველი ლედი იყო.

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ქალზე, რომელსაც განუზომელი საშუალება ჰქონდა ჩაეცვა ის, რაც სურდა. ის ზუსტად გრძნობდა, რა მოუხდებოდა. ჩემი აზრით, დიდი ბიუჯეტი არც სჭირდება გემოვნებით ჩაცმას. მცირე ბიუჯეტითაც ჩაიცვამ გემოვნებით, არა აქვს მნიშვნელობა მდიდარი ხარ თუ ღარიბი - გემოვნება ან გაქვს, ან არა.

ნანი ბრეგვაძე

ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე 86 წლისაა, მისი ყოველი გამოჩენა სცენასა და ეკრანზე მსმენელისთვის ზეიმია. ის არა მარტო ქართველების საყვარელი მომღერალი, არამედ უზადოდ დახვეწილი და გემოვნებიანი ადამიანია. როგორ შეიძლება იყო საოცრად მოდური მთელი ეპოქის განმავლობაში?

- ეს შეუძლია მხოლოდ ნანი ბრეგვაძეს. მისი ყოველი გამოჩენა ზეიმია. ეს ქალი თავად არის დღესასწაული. ნანი არა მარტო ლეგენდარული მომღერალია, ის ელეგანტური და გამორჩეული ქალიცაა. ქალბატონი ნანის სტილი იყო, არის და იქნება გამორჩეული და დასამახსოვრებელი.

- თქვენი დაკვირვებით, ნანის სტილისთვის რომელი აქსესუარია განუყოფელი?

- ვარდი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, როგორც დიზაინერის - ყვავილი სამოსზე ყველას არ მოუხდება და გააჩნია ასაკსაც - ახალგაზრდა იტანს ასეთ აქსესუარს, ქალბატონ ნანის კი ასაკი არა აქვს. გამოყვანილი კაბები, დიდი ქვედაკაბები, დიდრონი ვარდები ნანის ყოველთვის უხდებოდა და დღესაც უხდება. ეს არის ამოუხსნელი ფენომენი, ქალის იმ დონეზე დახვეწილობა, რომ მას ყველა ასაკში ყველაფერი უხდება. ქალბატონი ნანის სტილს, გემოვნებას ასაკი არა აქვს. ის 86 წლის ასაკშიც კი იფურჩქნება.