„ჩემი შეცდომებისთვის უმკაცრესად დავისაჯე“ - კვირის პალიტრა

„ჩემი შეცდომებისთვის უმკაცრესად დავისაჯე“

ამ ამბავს იმ ქალის თანხმობით ვამზეურებ, რომელსაც ეს საშინელი ქარბორბალა დაატყდა თავს, სახელებს კი, ასევე მისი თხოვნით, შევცვლი...

დიანა 17 წლის იყო, როცა მოიტაცეს. არადა, მეათე კლასის მოსწავლე გახლდათ და ჟურნალისტობაზე ოცნებობდა. პატარაობიდანვე დადიოდა მაშინდელ პიონერთა სასახლეში, წერა ეხერხებოდა. დიდ იმედს ამყარებდნენ მასზე მშობლები და ახლობლები. დიკო ბევრს მიაღწევს, ნიჭიერიცაა და მიზანდასახულიცო, ამბობდნენ. მისი უფროსი და კი, ნანა, ცეკვით იყო გატაცებული. ქორეოგრაფიულზე ჩააბარა­ და ცნობილ ანსამბლში ცეკვავდა. საფრანგეთში­ გასტროლების დროს მამით ფრანგი,­ დედით ქართველი ბიჭი გაიცნო. შეუყვარდათ ერთმანეთი. როგორც კი ბიჭმა­ საქართველოში ჩამოაკითხა და ხელი სთხოვა,­ მაშინვე დათანხმდა, დიანასათვის კი სწავლა, წარმატებული კარიერა ყველაზე მთავარი იყო. ლამაზ გოგონას თაყვანისმცემლები ჰყავდა, იცოდა, რომ ვიღაცას მოსწონდა, ვიღაცას უყვარდა, მაგრამ ყველა კომპლიმენტს თუ სიურპრიზს თითქოს ისხლეტდა.

დიანას ეგონა, ოცნებები იმ დღეს დასრულდა, როცა დიდი ხნის თაყვანისმცემელმა დიანას მოტაცება გადაწყვიტა. ის ოთხი წელი უყვარდა თემოს. სულ უკან დასდევდა, მაგრამ გოგონა თავს არიდებდა, მხოლოდ მისალმებას სჯერდებოდა.­ თემო მიხვდა, რომ გოგოს გულს ვერ მოიგებდა, ამიტომაც, როცა მეგობრებმაც ურჩიეს, მოიტაცე და მერე ვერსად გაგექცევაო, გადაწყვიტა, სკოლის დამთავრებამდე წაეყვანა. თემოს მშობლები ცნობილი ექიმები ჰყავდა, თვითონაც სამედიცინოზე სწავლობდა. როცა დიანამ შინ დაბრუნება მოინდომა, მშობლებმა ურჩიეს, დარჩენილიყო, აიმედებდნენ, ყველა­ ხელს შეგიწყობთ სწავლაშიო. დარჩა. მართლაც, ზრუნვას და ყურადღებას არ აკლებდნენ ქმრის ოჯახში, მაგრამ იმ წელს ჟურნალისტიკაზე ვერ ჩაირიცხა და ცოტა ხანში დაორსულდა. ორსულობა მძიმე ტოქსიკოზით მიმდინარეობდა. ბავშვი რომ გაჩნდა, ორი წელი სწავლისთვის ვეღარ მოიცალა. 20 წლის იყო, როცა უნივერსიტეტში ჩაირიცხა ჟურნალისტიკაზე. მეორე შვილის გაჩენაზე არც ფიქრობდა, სანამ სწავლას არ დაასრულებდა. ამიტომაც როცა მეორედ დაორსულდა (მეოთხე კურსზე იყო), მალულად გაიკეთა აბორტი. ცოტა ხანში ცუდად შეიქნა. აბორტი არ გაკეთდა კარგად, სასწრაფო ოპერაცია გახდა საჭირო, გოგოს უკვე სეფსისი ეწყებოდა. საჭირო გახდა საშვილოსნოს ამოღება, თორემ ახალგაზრდა ქალს დაკარგავდნენ... დიანა გადარჩა, მაგრამ მეორე შვილს ვეღარასოდეს გააჩენდა.

ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ ბზარი გააჩინა ცოლ-ქმრის ურთიერთობაში. თემო იმ დროს უკვე ქირურგად მუშაობდა... სწორედ იმ პერიოდში შეეჩვია ნარკოტიკს, მით უმეტეს, რომ ხელი მიუწვდებოდა მორფინზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დიანას ერთწლიანი სამუშაო შესთავაზეს მოსკოვში, ერთ-ერთ ტელეარხზე. თემომ თავისი აზრი გამოხატა: კარიერა კარგია, მაგრამ უპირველესად შენ დედა ხარ, სალომე ჯერ ძალიან პატარაა, უშენოდ გაუჭირდებაო. დიანამ უკან არ დაიხია: ბავშვი 7 წლისაა, შენებიც მიხედავენ და ჩემი მშობლებიც, თან შენც ხომ აქა ხარ, ჩემი კარიერისთვის "პატარა მსხვერპლი" ყველამ უნდა გავიღოთო…და წავიდა.

თემოს ერთ-ერთი ოპერაცია პაციენტის სიკვდილით დასრულდა. გარდაცვლილის ახლობლებმა ქირურგს დასდეს ბრალი. თემოს დისკვალიფიკაციას ვინ დაეძებდა, ცნობილმა მშობლებმაც ვერ იხსნეს პატიმრობისგან. რამდენიმე დღით ჩამოსულმა­ დიანამ ცოტა ხანში ისევ მოსკოვს მიაშურა, ჩემს კვალიფიკაციას ვერ შევწყვეტ, ხალხი ამაზე ოცნებობსო, და ბავშვი თავის მშობლებს დაუტოვა.

თემო სამი წლის მერე გათავისუფლდა. ქირურგად ვეღარ იმუშავებდა, ამიტომ მამამისმა კერძო კლინიკაში უშოვა მასაჟისტის ადგილი. დიანას ამჯერად პრაღაში შესთავაზეს სააგენტოში მუშაობა. წავიდა და 13 წლის სალომე ისევ მშობლების იმედად დატოვა. დიანას აღიზიანებდა დეპრესიაში ჩავარდნილი ქმარი, თემო წამალდამოკიდებული გახდა. როცა ის სამსახურიც დაკარგა და ხელფასი აღარ ჰქონდა, ოჯახიდან ძვირფასი ნივთების გატანა დაიწყო. შვილზე დარდმა ჯერ დედა შეიწირა, მერე მამა. დიანა ჩეხეთის მერე საფრანგეთში დასაქმდა. მისი ოცნება წარმატებულ კარიერაზე, ახდა. სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად უწევდა მივლინებებში წასვლა. იქიდან საჩუქრებს არ აკლებდა ერთადერთ ქალიშვილს, რომელიც უკვე გარდატეხის ასაკში იყო და ყველაზე მეტად დედის გვერდში ყოფნა ესაჭიროებოდა.

სალომეს სკოლის დამთავრების მერე სამხატვრო აკადემიაში უნდოდა სწავლის გაგრძელება. როცა დიანა ოფიციალურად გაშორდა თემოს, მშობლებმა ურჩიეს, თავისთან წაეყვანა შვილი, მაგრამ სალომემ არ მოინდომა: ჯერ აქ ჩავაბარებ, დავამთავრებ სამხატვრო აკადემიას და მერე ვიფიქრებ დედასთან წასვლაზეო. დიანამ მხარი დაუჭირა შვილის გადაწყვეტილებას. ამასობაში, მთლად ხელიდან წასული თემო ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა.

სალომემ აკადემიაში ჩააბარა, ლექტორები აფასებდნენ მის ნიჭს და გამორჩეულ სტუდენტადაც ასახელებდნენ, მაგრამ…საეჭვო წრეში აღმოჩნდა. თავისუფლებაზე უცნაური შეხედულება ჰქონდათ იმ "საზოგადოებაში" - მარიხუანას და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს ცხოვრების აუცილებელ "დანამატად" აღიქვამდნენ.…როცა ბებია-ბაბუამ გაიგეს სალომეს წამალდამოკიდებულების შესახებ, განგაში ატეხეს, დიანაც იხმეს საფრანგეთიდან, მაგრამ... დიანას დედას ინსულტი დაემართა და ლოგინად ჩავარდა. უფროსმა ქალიშვილმა­ თავი შორს დაიჭირა, მოხუცთა სახლში თუ გადაიყვანთ, ან მომვლელს დაიქირავებთ, ხარჯს მე დავფარავო. დიანა კი მაშინვე ჩამოვიდა თბილისში. ორი წელი უვლიდა უმძიმეს ავადმყოფს, იქით ერთადერთ ქალიშვილზე დარდი კლავდა. როცა დედა გარდაეცვალა, მარტოდ დარჩენილი მამა ვერ მიატოვა. სალომე დაიყოლია და პრესტიჟულ რეაბილიტაციის ცენტრში მიიყვანა სამკურნალოდ. გოგონა ზოგჯერ რამდენიმე თვე არ გაეკარებოდა ნარკოტიკს, ზოგჯერ კი ეშმაკი ისევ შეუჩნდებოდა და ძველ ნაცნობებს მიაკითხავდა წამლისთვის. რაც შეეხება ხატვას, ისევ ხატავდა, თან არცთუ ურიგოდ. დიანამ მოახერხა და გამოფენა გაუმართა შვილს. კარგი შეფასება ჰქონდა სალომეს ნამუშევრებს. ამან გოგონას ფრთები შეასხა...

დიანა: - ჩემი პირველი დიდი შეცდომა ის იყო, რომ აბორტი გავიკეთე და დედობაზე უარი ვთქვი. ჰოდა, დავისაჯე კიდეც უმკაცრესად. კინაღამ სიცოცხლეს გამოვესალმე. ჩემი ქმარი ამის გამო დეპრესიაში ჩავარდა, ნარკოტიკს შეეჩვია და ცხოვრება გაიუბედურა. მისი სიკვდილი მშობლებმა ვერ გადაიტანეს და ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ. ამდენი სიკვდილის მერე მაინც კარიერისთვის ვაგრძელებდი ბრძოლას და უკან დახევას არ ვაპირებდი. ზენიტში ვიყავი, როცა დედა ლოგინად ჩამივარდა,…შვილის ნარკომანობამ ხომ თავზარი დამცა. მე, როგორც შვილი და დედა, უმკაცრესად დავისაჯე, რადგან ჩემს იდეფიქსს, გავმხმდარიყავი ცნობილი, ვყოფილიყავი წარმატებული, შევწირე ყველაფერი: ოჯახიც, ქმარიც, დედაც და შვილიც. ამქვეყნადY ყველაზე საშინელი შვილის უბედურება ყოფილა. ახლა არაფერი მინდა შვილის გამოჯანმრთელებისა და კეთილდღეობის გარდა. ყველაფერს ვაკეთებ, რომ როგორმე დავაძლევინო ის საშინელება, რასაც წამალდამოკიდებულება ჰქვია. თუკი თავიდან მეწინააღმდეგებოდა, გამოფენის მერე ბევრ რამეზე მეთანხმება. მკურნალობისა და რეაბილიტაციის ორი კურსი უკვე გაიარა: ერთი აქ, მეორე - უცხოეთში. იმედს არ ვკარგავ, რომ ჩვენი ერთობლივი ცდა ნაყოფს გამოიღებს. სალომე ნიჭიერი მხატვარია და მისი ენერგია ხელოვნებას უნდა მოხმარდეს.