„მოდი, ეს ჯიში ავკრძალოთო, პრობლემის მოგვარების სწორი გზა არ არის“ - კვირის პალიტრა

„მოდი, ეს ჯიში ავკრძალოთო, პრობლემის მოგვარების სწორი გზა არ არის“

რამდენიმე დღის წინ პიტბულმა კიდევ ერთი მსხვერპლი დაკბინა - ამჯერად ჩვილი, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, თავის არეში ურთულესი ოპერაცია დასჭირდა. იმედია, პატარა მალე გამოჯანმრთელდება და ოჯახი შეძლებს ფიზიკური და მორალური იარების მოშუშებას. გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლი ბავშვს თავს მაშინ დაესხა, როდესაც სეირნობიდან დაბრუნებული ძიძამ სათამაშოდ დასვა. არ მიცდია ოჯახთან დაკავშირება და დეტალების გარკვევა. მეუხერხულა ისედაც დათრგუნვილი მშობლების შეწუხება. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ აუცილებელია ყველა ნიუანსი დაზუსტდეს და ვეტერინარებმა, კინოლოგებმა და ამ მიმართულების სხვა სპეციალისტებმა გაანალიზონ ნებისმიერი მსგავსი ფაქტი. ასე მეტ ცოდნას მივიღებთ პიტბულის სამართავად.

ეჭვიანობის ნიადაგზე საბერძნეთში როტვეილერმა ჩვილი მოკლა

არა მარტო პიტბული, ძაღლების უმრავლესობა ძალიან ეჭვიანობს, როდესაც ოჯახში ახალი წევრი შემოდის, მიუხედავად იმისა, ვინ არის, ადამიანი თუ ცხოველი. მდგომარეობა მძიმდება, თუ ეჭვიანობით შეპყრობილ ოჯახის ოთხფეხა წევრს ყურადღება მოაკლდება. ძაღლებს ადამიანებივით ინდივიდუალური ხასიათი აქვთ, ზოგიერთი მათგანი დეპრესიული ხდება, ზოგი პრობლემას გადახარშავს, ზოგი კი ერთ დღესაც ვეღარ ითმენს და ცდილობს მეტოქე გაანადგუროს. ამიტომაც არასწორია თქმა, რომ ასეთ დროს მხოლოდ პიტბული ავდება. თუმცა მისი თავდასხმა ძლიერი ყბისა და დაუნდობლობის გამო უფრო სასტიკია. ხშირად გამოუსწორებელიც და ვერაფრით გაუთანაბრებ ასევე ეჭვიანობით შეპყრობილი თუნდაც პუდელის ან სხვა პატარა ჯიშების ძაღლების აგრესიას.

ცნობილი ამბავია, რომ ორიოდე წლის წინ საბერძნეთში ოჯახში შვილივით გაზრდილმა როტვეილერმა ჩვილი მოკლა. მიზეზი ეჭვიანობა იყო - მთელი ყურადღება ოჯახის ახალ წევრზე გადავიდა, როტვეილერი თითქმის აღარავის ახსოვდა. ბინაში ბავშვთანაც კი არ აჩერებდნენ, აივანზე კეტავდნენ, სადაც სიყვარულსა და მზრუნველობაში გაზრდილ ძაღლს თაკარა სიცხე აწუხებდა. ამიტომაც უბედურების მიზეზად ჩვილი ჩათვალა და პატრონის და ძველი, კარგი მდგომარეობის სამუდამოდ დაკარგვის შიშით მეტოქის განადგურება განიზრახა. ცნობილია, რომ არა მარტო ცხოველს, ბავშვებსაც უჭირთ ოჯახში ახალი წევრის, განსაკუთრებით კი ახალშობილის მიღება და თუ ყურადღება მოაკლდათ, ეჭვიანობენ. ამიტომაც, ფსიქოლოგების რეკომენდაციით, ბავშვი წინასწარ უნდა შევამზადოთ სიახლისთვის. კინოლოგების თქმით, იგივე მეთოდი ამართლებს ცხოველებთანაც და აუცილებელიც არის. თუ ჯერ კიდევ ოჯახის ახალი წევრის დაბადებამდე ამასთან შეგუებას მიაჩვევთ და დაბადების შემდეგ დაავალებთ პატარა დაიცვას, რამეს დაუშავებს კი არა, ცივ ნიავსაც არ მიაკარებს.

კინოლოგებთან კონსულტაციების გარეშე ძაღლის ყოლა უნდა იკრძალებოდეს

იმედია, ჩემი ძაღლის ამბავი ბევრს საკუთარი ძაღლის სწორად მართვაში დაეხმარება. მე იაპონური აკიტა მყავს - ერთ-ერთი აგრესიული და ეჭვიანი ძაღლი, რომლის მფლობელსაც სპეციალისტები ბავშვთან თავისუფლად ურთიერთობის რეკომენდაციას არ აძლევენ. საი (ასე ჰქვია ჩემს აკიტას) 6 თვის იყო, როდესაც ჩემს პატარა ძმისშვილზე, ვახოზე ეჭვიანობა შევატყვე. ცხადია, ძაღლის გენეტიკური თავისებურებებიდან გამომდინარე, ბავშვთან მის ურთიერთობას მუდმივად ვაკვირვებოდი, რომ საბედისწერო შეცდომა არ დამეშვა.­ საი ბავშვს გაურბოდა და შეშინებული მიყურებდა, როდესაც ბიჭს ვეფერებოდი. აფრთხობდა ბავშვთან იმავე ინტონაციით ლაპარაკი, როგორითაც საის და დედამისს ვეფერებოდი. ძაღლები ინტონაციებსა და ბგერებს იმახსოვრებენ. საის ეშინოდა, რომ ვახოს გამო მკარგავდა. ამიტომაც გაბედა ბავშვისთვის ეგრძნობინებინა, რომ საფრთხედ აღიქვამდა და შეუღრინა. ჯერ მკაცრად გავაფრთხილე, რომ დაისჯებოდა. შემდეგ კარგა ხანს, სანამ პრობლემის საბოლოოდ მოგვარებაში არ დავრწმუნდი, ძაღლს ვაჩვევდი, რომ ბიჭი დაეცვა და ამავე დროს დამორჩილებოდა. ორივეს ერთად ვეფერებოდი და ვუბიძგებდი ერთმანეთსაც მოჰფერებოდნენ. საის მე და ვახო ერთად ვკვებავდი, ვაძლევდით დავალებებს, ვეთამაშებოდით. ვახო ასაჩუქრებდა კარგი ქცევის გამო. დღეს საი ხუთი წლის არის, 15 წლის ვახოს ლიდერად აღიარებს და მზად არის მისთვის თავი გაწიროს. ამასთან, ძაღლმა იცის, რომ არც ერთი ბავშვი­ მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და თვითონაც უსაფრთხოა ნებისმიერისთვის. ძაღლის გაავების და თავდასხმის მიზეზი ყოველთვის შეიძლება იყოს რაღაცის ან ვიღაცის შიში. უმიზეზოდ არც ერთი ძაღლი არ ავდება და თუ ძაღლის ყოლას გადავწყვეტთ, აუცილებლად კარგად უნდა ვიცნობდეთ ჯიშის ხასიათს, რომ მასთან სწორად ვიმოქმედოთ.

ჩემთვის ცნობილია ბოლო წელიწად-ნახევარში ბავშვსა და მოზრდილებზე აკიტას თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა და გაანალიზების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ძაღლის აღზრდასა და მართვაში შეცდომები პატრონმა დაუშვა უნებლიეთ, არცოდნის გამო. ამიტომაც, სანამ ძაღლს შეიძენთ, იჩუქებთ ან ქუჩიდან აიყვანთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ, ხართ კი მზად კონკრეტული ჯიშის ან საზოგადოდ ძაღლის ასაყვანად? ნებისმიერი ჯიში გამოყვანილია კონკრეტული დანიშნულებისთვის და მათი თვისებები კარგა ხანია ცნობილია. ამიტომ პროფესიონალ კინოლოგებთან კონსულტაციების გარეშე ძაღლის ყოლა უნდა იკრძალებოდეს.

კანონი რომ გვქონდეს...

ხშირად მოდურობის ან სხვა, სრულიად გაუმართლებელი მიზეზების გამო აჰყავთ ძაღლი (საჩხუბრად, რომ ფული გააკეთონ, ან დაუცველად გრძნობენ თავს და ავი ძაღლის ყოლით ფსიქოლოგიური პრობლემის კომპენსაციას ცდილობენ), არ იციან მათი მართვა და ამას არც კანონი ავალდებულებთ.­ ამიტომაც იმატა ადამიანის ან ცხოველის დაკბენა-დაგლეჯის ფაქტებმა.­ სამწუხაროა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამ პრობლემაში საკუთარ წვლილს კი არ ეძებს, ცდილობს ძაღლის რომელიმე ჯიში, ამ შემთხვევაში პიტბული მონსტრად წარმოაჩინოს და პრობლემის ქირურგიულ გადაწყვეტას, ჯიშის სრულად აკრძალვას ირჩევს. ასეთი მიდგომის გამო დამატები­თი პრობლემები ჩნდება. პიტბულების მფლობე­ლთა ერთი ნაწილი იმიტომ, რომ საკუთარი ძაღლის შეეშინდა, მათ ქუჩაში უშვებენ ან მეზობლების აგრესიისგან თავის ასარიდებლად ასე არჩია. კანონი რომ გვქონდეს, ძაღლის აყვანისთანავე კატეგორიულად მოგეთხოვებათ მისი რეგისტრაცია და ჩიპირება, მოგიწევთ ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას კლუბთან (საიდანაც ძაღლს აიყ­ვანთ, როგორც ევროპის ქვეყნებშია), რომ ძაღლის ქუჩაში უპატრონოდ გაშვების ან გაგდების შემთხვევაში გადაიხდით სოლიდურ ჯარიმას ან სხვა ფორმით აგებთ პასუხს.

სტატიის მომზადება რომ დავიწყე, სწორედ მაშინ შემატყობინეს უბანში უპატრონო პიტბულის გამოჩენის შესახებ, რომელიც­ გოგონებს (ალბათ, პატრონი გოგონა იყო) ადევნებული დაფეთებული ეძებდა პატ­რონს და დაბნეული დარბოდა. იმ ძაღლის­ შესახებ ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელში, დაკარგული ცხოველების მრავალრიცხოვან ჯგუფში განვათავსე, მაგ­რამ პატრონი არ გამოჩენილა და არც დაკარგული ძაღლის შესახებ მანამდე გავ­რცელებული განცხადება მინახავს. ამიტომ­ სარწმუნოა, რომ ძაღლი გამოაგდეს. ქუჩაში გამოგდებული ძაღლი დამატებითი პრობლემაა. მან ან თავი უნდა დაიმკვიდროს იქ, სადაც უკვე არიან ქუჩის ძაღლების ხროვები, ან უნდა დაიჩაგროს და ტანჯვით და შიმშილით მოკვდეს, რა დროსაც მისი ფსიქიკა მუდმივი საფრთხის მოლოდინში და შესაბამისად, შიშში იქნება, ასეთ დროს კი ძაღლის აგრესია ბუნებრივია.

შეიძლება თუ არა პრობლემას ჯიშის გამრავლების აკრძალვით ეშველოს? არა, რადგან პიტბულის ჯიშის ძაღლები ბევრს ჰყავს და არავის აქვს უფლება მათი დახ­ოცვა მოინდომოს. სანამ ძაღლები იცხოვ­რებენ, სწორად უნდა მართონ პატრონებმა. ამიტომაც სახელმწიფომ არა მარტო დროულად უნდა მიიღოს კანონი ძაღლების­ შესახებ, უნდა არსებობდეს რეგულაციაც, რომელიც პატრონს პიტბულის ჯიშის სწორად მართვაში დაეხმარება, დაავალდებულებს და შესაბამისად, საფრთხისგან ადამიანიც დაცული იქნება და ძაღლიც. ასეთი რეგულაცია სავალდებულო უნდა იყოს ყველა ჯიშის ძაღლის მფლობელისთვის. ადამიანებმა უნდა შეიგნონ, რომ ძაღლი ცოცხალი არსებაა, თავისი, ინდივიდუალური ხასიათით და დაუშვებელია მათი მოდურად, ბავშვების სათამაშოდ ან საჩხუბრად ყოლა. ამ ტიპის რეგულაციებით ჩვენს ქვეყანაშიც ჩამოყალიბდება ცხოველის ყოლის კულტურა, რომელსაც უკვე მიაღწიეს ევროპის ქვეყნებში. ამასთან, როდესაც ყველას არ ექნება ძაღლის გამრავლების უფლება, ძაღლის არც ერთი ჯიშის გამრავლების აკრძალვის საკითხი აღარ დადგება.

გმირი აიდა

ინტერნეტქსელი სავსეა ძაღლების, მათ შორის პიტბულების გმირული ქცევების ამსახველი ვიდეომასალით. მათ შორის ნახავთ ამბავს ბლითზის შესახებ, რომელმაც თავის სახლთან, ქუჩაში შეამჩნია ქალი, რომელსაც ყოფილი ქმარი სცემდა. ქალი დახმარებას ითხოვდა. ძაღლმა შეძლო მისი გადარჩენა და სანამ პოლიციამ დამნაშავე მოძალადე არ წაიყვანა, ქალს არ მოსცილებია.

ოჯახში, სადაც 7 და 14 წლის და-ძმა ცხოვრობდა, თავშესაფრიდან პიტბული­ აიდა მიიყვანეს. ძაღლი მუდმივად გამოხატავდა მადლიერებას ახალი პატრონების მი­მართ და ერთ დღესაც გმირობა ჩაიდ­ინა - ტყეში სასეირნოდ წასული ბავშვები­ ველური ფუტკრების სკას წააწყდნენ და შემთხვევით ფეხი დაადგეს. 7 წლის ჯესიმ გაქც­ევა ვერ მოასწრო და ფუტკრები დაესივნენ. ძაღლმა ჯესის ტანსაცმელში ჩაავლო პირი, მიათრევდა, თან ყეფდა, რომ მაშველისთვის ეხმო. ბიჭუნა გადაარჩინეს. ვეტერინარებმა შეამოწმეს ფუტკრებისგან სასტიკად დაკბენილი აიდაც, მაგრამ ის ყოჩაღად იყო.

ეს მხოლოდ ორი შემთხვევაა უამრავი კეთილი ამბიდან, რომლის ამსახველ ვიდეოებსაც ინტერნეტში მრავლად ნახავთ, რაც ადასტურებს, რომ სწორად გაზრდილი ძაღლი, რომელსაც სწორად მართავენ, აგრესიულად არ იქცევა.

„კანონმა უნდა განსაზღვროს, რა ევალება ძაღლის პატრონს და აღსრულებაში ხელი უნდა შეუწყოს“

გია გიორგაძე, საქართველოს კინოლოგიის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი: "ჩვენს სისტემაში ოფიციალურად რეგისტრირებული 62 ათასი ძაღლია. ამის ნახევარიც რომ იყოს, კანონის მიღება საშურია. კანონმა უნდა განსაზღვროს, რა ევალება ძაღლის პატრონს და აღსრულებაში ხელი უნდა შეუწყოს. კულტურულ საზოგადოებაში ძაღლის აყვანა არ ნიშნავს ნივთის შეძენას. ეს არის უზარმაზარი ვალდებულებების ნუსხა. ყველა ჯიშს თავისი დანიშნულება აქვს და თუ არ შეგიძლია ამის მიხედვით დაასაქმო, არ უნდა იყოლიო. რომ დაასაქმო, უნდა გქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სპეციალური, სპორტული მოედნები, სადაც ძაღლს მხოლოდ კი არ ასეირნებ, იმ საქმეს გააკეთებინებ, რისთვისაც გაჩნდა: ავარჯიშებ, დავალებებს მისცემ და შეგისრულებს. ჩათვალეთ, რომ თქვენ აგყავთ ბავშვი, რომლის განვითარებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ. ამიტომ სახელმწიფომ არა მარტო კანონი უნდა მიიღოს, უნდა მოაწყოს სპეციალური მოედნები ძაღლებისა და მათი პატრონებისთვის.

შეუძლებელია ვამტკიცოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტია, თუ ცხოველის უფლებები არ იქნება განსაზღვრული. დღეს სკანდალურად ცნობილი პიტბული საერთაშორისოდ აღიარებული ჯიში არ არის, მეტისია, მაგრამ სხვა მეტისებთან შედარებით უფრო დახვეწილია. მისი ხასიათი ცნობილია, მაგრამ არა ბოლომდე. ვიცით როგორ უნდა დაიტვირთოს, რომ სწორად განვითარდეს და დახარჯოს ენერგია, რომლის უკონტროლოდ დაგროვება ცუდ შედეგს იწვევს. აუცილებელია ჯიშის ნებისმიერი წარმომადგენლის ნებისმიერი ქცევის ზუსტი შესწავლა და ანალიზი, რომ სპეციალისტები ჩაუღრმავდნენ და დაეხმარონ პიტბულების პატრონებს სწორი რჩევებით. ასე თავიდან ავიცილებთ უამრავ მოულოდნელობას და ძაღლების პატრონებს ვასწავლით, რომ ძაღლის ყოლას მოსდევს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომლის თავიდან არიდება დასჯადი იქნება. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მივიღოთ კანონი, შევქნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა ძაღლების საწვრთნელად, შეჯიბრებების ჩასატარებლად და კანონიც ისევე მკაცრად უნდა აღსრულდეს. უმნიშვნელოვანესია საინფორმაციო კამპანია, რომელიც საბავშვო ბაღიდან უნდა დაივიწყოთ, რათა თაობებს ვასწავლოთ ცხოველის სწორად მართვა. სხვანაირად საზოგადოებრივი ცნობიერება ვერ ჩამოყალიბდება. მოდი, ეს ჯიში ავკრძალოთო, პრობლემის მოგვარების სწორი გზა არ არის. ადამიანები ყოველდღე არაფრის გამო ხოცავენ ერთმანეთს, ავკრძალოთ ადამიანები? ავკრძალოთ არასწორად აზროვნება, ანუ კანონით, ცივილიზებულად დავარეგულიროთ ყველანაირი ურთიერთობა!"