ყველაფერი, რაც გრიპის შესახებ უნდა ვიცოდეთ - კვირის პალიტრა

ყველაფერი, რაც გრიპის შესახებ უნდა ვიცოდეთ

წელს რესპირაციული ვირუსების სეზონი დროზე ადრე დაიწყო. ამჟამად ქვეყანაში რამდენიმე ტიპის ვირუსი ცირკულირებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ივანე ჩხაიძე გვესაუბრება, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქვეყანაში:

- ბატონო ივანე, ზოგიერთი არსებულ ვითარებას არაღიარებულ ეპიდემიას უწოდებს.

- არ არის არანაირი ეპიდემია. სეზონურ ვირუსს სწორედ იმიტომაც ჰქვია სეზონური, რომ ყოველწლიურად მისი მატება საქართველოში ნოემბრიდან მარტის ბოლომდეა. ეს არის რესპირაციული ვირუსის ინფექციების მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი. განსაკუთრებული არაფერი ხდება.

- თუმცა წლევანდელი წელი მაინც გამორჩეულია ხშირი ავადმყოფობით.

- ამის ანალიზი, თუ რამდენია ავადობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს. წესით, როგორც კი ეს მაჩვენებელი განსაზღვრულ ზღვარს გადასცილდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვაფრთხილებს, მაგრამ ჯერ ამის საჭიროება არ ჩანს. ჯერ მატების პერიოდში ვართ. რესპირაციული ვირუსების პიკი მოსალოდნელია დეკემბერ-იანვარში, როდესაც უფრო აცივდება და გვექნება რესპირაციული ვირუსული ინფექციების, მათ შორის გრიპის შემთხვევების მკვეთრი მატება.

მიუხედავად იმისა, რომ გახშირებულია რესპირაციულ ვირუსულ ინფექციებზე მომართვიანობაც და ავადობაც, ამის უკან გრიპი არ დგას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან ის ავადობა, რომელიც ახლა ქვეყანაშია, უმეტესად შინ გადააქვთ პაციენტებს და დატვირთვა მეტწილად ამბულატორიულ მიმართვიანობაზე მოდის. ჯერ რეალური სეზონი, რომლის უკან გრიპის ვირუსი იქნება თავისი გართულებების მაღალი ალბათობით, არ დაწყებულა.

წელს როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში, ერთი ტიპის ვირუსის, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის სიჭარბეა. ბავშვთა საავადმყოფოებში ადგილი რომ არ არის, დიდწილად სწორედ ამ ვირუსით არის განპირობებული. ის პედიატრებისთვის კარგად ნაცნობი ვირუსია, რომელიც 2 წლამდე ბავშვებში იწვევს წვრილი ბრონქების, ე.წ. ბრონქიოლების ანGთებას, კერძოდ, ბრონქიოლიტს, რომელიც პოტენციურად მძიმე დაავადებაა, რიგ შემთხვევებში ბავშვს საავადმყოფოში მოთავსება, ჟანგბადის დამატებითი მიწოდება სჭირდებათ. ამ ვირუსს ახასიათებს ფილტვების ანთებით გართულება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და 65 წელს გადაცილებულ მოზრდილებში. წელს ამ ვირუსის მკვეთრი მატებაა ბევრ ქვეყანაში. კორონავირუსის პანდემიის დროს გრიპის ერთეული შემთხვევები გვქონდა, მაგრამ პანდემიის საწინააღმდეგო შეზღუდვების მოხსნამ ავტომატურად გამოიწვია სხვა ტიპის ვირუსების გააქტიურება და მათ შორის ერთ-ერთი რესპირაციულ-სინციტიური ვირუსია.

არის ასევე კორონავირუსის ბევრი შემთხვევაც. თუ გადახედავთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემებს, 1 თვის განმავლობაში 35 ათასი კაცია ინფიცირებული, რაც ნიშნავს, რომ ოქტომბერში დღეში დაახლოებით 1000-1200 კაცი ინფიცირდებოდა. ეს მაღალი მაჩვენებელია და სავარაუდოდ, უფრო გაიზრდება ზამთარში.

ყოველწლიურად მსოფლიოში სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს. იყო წლები, როდესაც B ტიპის ვირუსი ცირკულირებდა, სხვა წლებში კი A და B ტიპის. წელს მსოფლიოში უმეტესად ორი ტიპის ვირუსია გავრცელებული - H3N2, სხვანაირად ჰონკონგის ვირუსი, რომელსაც 1968-69 წლებში გრიპის პანდემია მოჰყვა, და H1N1 ტიპის ვირუსი, რომელიც ჩვენთვის ნაცნობია და რომელმაც 2009 წელს ღორის გრიპის პანდემია გამოიწვია. ის ვაქცინა, რომლიც ახლა ქვეყანაშია შემოტანილი, ოთხკომპონენტიანია და მის შემადგენლობაში სწორედ ეს ორი ვირუსი შედის.

- როგორი მიმდინარეობა აქვს ამ ვირუსებს?

- ყველაზე საშიში და პოტენციურად ყველაზე მეტი გართულების წყარო გრიპის ვირუსია. მისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე. ზოგადი მიმდინარეობით გრიპის ვირუსი, ისეთი როგორიცაა, მაგალითად, რინოვირუსი, ყოველთვის გამოირჩევა სხვა ტიპის ვირუსებისგან. ქალაქში მოცირკულირე ვირუსების დაახლოებით 25% რინოვირუსია, რომლის უკან დგას გაცივება, და 25% რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც მოსახლეობის განსაზღვრული ჯგუფებისთვისაა საშიში. გრიპის ვირუსი ამ ვირუსებისგან განსხვავებით უფრო მეტად მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და გართულების რისკი, ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, ფილტვების ანთება, ენცეფალიტი, გრიპის ვირუსს ძალიან მაღალი აქვს. ყველა ის, ვისაც ახლა მაღალი ტემპერატურა აქვთ, 38-39 გრადუსი, უმადობა, ძლიერი თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი, შეიძლება ჩაითვალოს, რომ გრიპის ვირუსი აქვს. თუმცა,E კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გრიპის ვირუსები არ წარმოადგენს დომინანტურ ვირუსს და მათ მატებას უფრო მეტად დეკემბერ-იანვარში ველოდებით.

- რამდენ ხანს გრძელდება ავადობა?

- გააჩნია შემთხვევას. თუ 2 წლამდე ან სკოლამდელი ასაკის ბავშვია ავად, რა თქმა უნდა, თავიდანვე ექიმის ჩართულობაა საჭირო. საჭიროა ტემპერატურის გაკონტროლება 3 დღის განმავლობაში, სიცხის დამწევი საშუალება მიიღეთ მაშინ, როდესაც ტემპერატურა 38.5 და მეტია. აუცილებელია სითხის უხვად სმა. ეს შეიძლება იყოს ჩაი, კომპოტი, წვენი... ტემპერატურის დროს ეს ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობაა ამ დაავადებების წინააღმდეგ.

ბევრი ფიქრობს, საავადმყოფოში წავალ და ინტრავენურ გადასხმას გავიკეთებო, არადა, ზუსტად იმავე ფუნქციას ასრულებს სითხე. ორივეს აქვს ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისგან გათავისუფლების უნარი. მაღალი სიცხისას არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკი, რადგან ვირუსით გამოწვეულ მაღალ ტემპერატურასთან არავითარი კავშირი არა აქვს. დაავადების ხანგრძლივობა დამოკიდებულია გართულებებზე. გაურთულებელ შემთხვევაში, ალბათ, 7-10 დღის განმავლობაში გაგრძელდება გრიპი. გართულების დროს ხანგრძლივობის განსაზღვრა რთულია.

- რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის?

- ორი საუკეთესოა საშუალებაა ვაქცინაცია და ნიღბის ტარება. ამიტომ მათ, ვინც რისკის ჯგუფშია, კერძოდ, 65 წელს გადაცილებულები, ორსულები, 2 წლამდე ბავშვები, ისეთი ქრონიკული დაავადებების მქონენი, როგორიცაა დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ბრონქული ასთმა, მათთვის რეკომენდებულია გრიპის ვაქცინაცია და დროა დაუბრუნდნენ ნიღბის რეჟიმს, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას. ბოლო 13 წლის განმავლობაში წლევანდელი წელი გამორჩეული იქნება ვირუსის შემთხვევების რაოდენობის მიხედვით. ასეთი პროგნოზი აქვს აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრს. თუმცა ჯერ საგანგაშო არაფერი ხდება. ერთადერთი ისაა, რომ შედარებით ადრე დაიწყო რესპირაციული ვირუსების სეზონი, 1-2 კვირით ადრე, და წინ გვაქვს დეკემბერ-იანვარი.