„ყირიმის დაკარგვა რუსეთის სრული დამარცხება იქნება“ - კვირის პალიტრა

„ყირიმის დაკარგვა რუსეთის სრული დამარცხება იქნება“

რუსეთმა უკრაინაში კიდევ ერთი მასშტაბური საჰაერო შეტევით, მხოლოდ ერთ დღეში, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის 70%-ზე მეტი გაანადგურა. ზამთრის მოახლოებასა და ამინდების გამკაცრებასთან ერთად, როდესაც ქვეყანაში ღამით ტემპერატურა ნულ გრადუსზე ქვემოთ ჩამოდის, ელექტროენერგიისა და გათბობის მოსახლეობისთვის მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გადამდგარი გენერალ-მაიორის, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, "ჯეოქეისის" მრჩეველ ვახტანგ კაპანაძის შეფასებით, სწორედ ამიტომ არის ეს ინფრასტრუქტურა რუსული ძალების სამიზნე, რადგან პუტინი ნერვების ომში უკრაინასთან ერთად დასავლეთსაც იწვევს.

- უკრაინის ენერგოსისტემის 70%-ზე მეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება,­ რაც კატასტროფაა. დენს მხოლოდ გასათბობად­ ხომ არ იყენებენ, კვების წყაროს გარეშე­ დარჩა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობი­ექტები: საავადმყოფოები, კვების ობიექტები, ავტოგასამართი სადგურები. ენერგეტიკა უკრაინას იარაღის გასარემონტებლად, საბრძოლო მოქმედებებისთვის სჭირდება. ახალ დრონებზე მუშაობა ხომ უნდა დაასრულონ, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება რომ შემოვიდეს, რკინიგზამ ხომ უნდა იმუშაოს? გენერატორების შემოტანა­ დაიწყეს, მაგრამ საჭირო რაოდ­ენობის შემო­ტანას დრო უნდა, მათ მუშაობას­ კი საწვავი სჭირდება. ახალმიღებულს სწრაფად კი დაამონტაჟებენ, მაგრამ მასშტაბური იერიშის ახალ-ახალი დაზიანებული კერები ჩნდება. უკრაინას ახლა მხოლოდ იარაღი­ და საბრძოლო არსენალი კი არა, გენერატორები, ბევრად გაზრდილი ჰუმანიტარული­ და მორალური დახმარება სჭირდება, რათა ზამთარს გაუძლოს. ახლა რუსეთი უკრაინისა და მისი პარტნიორების­ ეკონომიკური, მორალური და საბრძოლო ნებისყოფის გამოფიტვას ცდილობს.

რუსეთს, ალბათ, ვერ წარმოედგინა,­ რომ რვა თვის შემდეგაც უკრაინა ასე მედგრად იბრძოლებდა, სტრატეგიული ინიც­იატივა მის ხელში იქნებოდა, ევროპა­ და ამერიკა განზე არ გადგებოდნენ, მაგრამ მწარედ მოტყუვდა. ამიტომ დასჭირდა დროის გაყვანა, სამოქალაქო ინფრასტ­რუქტურის უმოწყალოდ განადგურება­ და ზამთ­რამდე მისვლა. სავარაუდოდ, გაზაფხულზე­ გამო­ჩნდება გარდატეხის ნიშნები. მთავარია, უკრაინამ სულისკვეთება შეინარჩუნოს და მსოფლიომ მისი მხარდაჭერა განაგრძოს. ძალიან ძნელია, როდესაც ქალაქები, ენერგორესურსები, ენერგოწყაროები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა იბომბება და მტერს იმავენაირად ვერ პასუხობ, ეს საკუთარ სანგარში თამაშს ჰგავს. იმედია, დასავლეთი უფრო გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ეს ზამთარი მარტივი­ ნამდვილად არ იქნება. უკრაინამ და დასავლეთმაც უკვე იციან, რომ რუსეთისგან მოლაპარაკებაზე საუბარი თვალის ასახვევი ფანდია, თუნდაც იმიტომ, რომ უკრაინის თანხმობის შემთხვევაში­ სავაჭრო არაფერი აქვს, ხერსონიც კი დაკარგა. ამასთან უკრაინას წინსვლა აქვს და მოსახლეობა ვერ გაიგებს,­ რატომ მიუჯდა მათი ხელისუფ­ლება რუსე­თთან მოლაპარაკების მაგიდას. სამხედრო თვალსაზრისით ხერსონი რუსებისთვის უკვე მძიმე ტვირთი იყო, თუმცა რუსებს­ მისი შენარჩუნება რომ შესძლებოდათ, პუტინი სავაჭროდ გამოიყენებდა, მაგრამ დაკარგა, რაც უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

ზაპოროჟიე ორივე მხარისთვის საკვანძო­ პუნქტია, უკრაინისთვის გასაგებია რატომაც, რუსეთი კი მისი დაკარგვით ყირიმთან სახმელეთო დერეფანს დაკარგავს. შესაბამისად, ყირიმიც რუსული კონტროლის გარეშე დარჩება, რაც პუტინის კი არა, მთლიანად რუსეთის სრული დამარცხება იქნება. ამიტომ ზაპოროჟიესთვის რუსები ბოლომდე იბრძოლებენ, ისევე, როგორც უკრაინ­ელები. ზამთრის ოთხი თვე, ცოტა მეტი, ნერვების ომია, ამაზე იქნება დამოკიდებული­ დანარჩენი პროცესები.­ ამიტომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის უფრო გაძლიერება სჭირდება. ამუნიციითა­ და აღჭურვილობით უკრაინას ევროპა ისედაც დაეხმარება და იმაზე ბევრად უკეთესს მიაწვდის, ვიდრე რუსეთს აქვს, მაგრამ მისი ყველაზე მტკივნეული ადგილი მასშტაბური სარაკეტო დარტყმებია. ზამთარში ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე აღჭურვილობა, ღამის ხედვისა და სითბური თვალთვალის ხელსაწყოები და სხვ...

- რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ჭურვების ჩამოვარდნის შესახებ გავრცელდა ცნობა. შესაძლებელია საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზეც გავრცელდეს?

- ბელგოროდში ერთი-ორჯერ ჩამოვარდნილი ჭურვი არაფერს ნიშნავს. როდესაც მოწინააღმდეგე გირტყამს, სამოქალაქო ობიექტები არა, მაგრამ სამხედრო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტები დარტყმის ქვეშ უნდა იყოს. შესაძლოა პარტნიორები უკრაინას ამის უფლებას იმიტომ არ აძლევენ, რომ ეს ომი უფრო ფართო მასშტაბში არ გადაიზარდოს და რუსეთის დამარცხება მართვადი გახდეს.

- ფართო მასშტაბში უკრაინის გარეთ საბრძოლო მოქმედებებს გულისხმობთ?

- დიახ, ასევე, ომში შესაძლოა ჩაერთოს­ ბელარუსიც, რომელიც ისედაც მონაწილეობს, მაგრამ ჯერ პირად შემადგენლობას არ იყენებს, მხოლოდ სამხედრო ტექნიკით, საბრძოლო მასალით, რეზერვებით ავსებს რუსეთის არმიას. კიდევ ერთი - თუ რუსეთში ჩამოვარდება უკრაინიდან ნასროლი ჭურვები და რაკეტები, შესაძლოა რუსეთიდან ნატოს წევრ ქვეყნებს, ბალტიისპირეთს, პოლონეთს ან მოლდოვასაც საფრთხე დაემუქროს. ამას დაემატება მიგრანტთა ნაკადები როგორც რუსეთის, ასევე მისი სამიზნე­ ქვეყნებიდან, დასავლეთი ცდილობს რუსეთის­ დამარცხებამ უკონტროლო პროცესები არ წარმოქმნას, საომარი მოქმედებები როგორმე ჩარჩოებში მოაქციოს, მისი დამარცხების მთავარი დარტყმა უკრაინამ აიღოს თავზე. რუსეთს რამდენიმე საშუალება ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი, მათგან­ ერთ-ერთია მობილიზებულები­ - ჯერ დაახლოებით მესამედი გაუშვეს ომში. მათაც­ გამოიყენებს და ბელარუსსაც ჩართავს. რუსეთმა მობილიზებული მასით თავდაცვის ხაზი გააძლიერა, ისინი შეტევისთვის არ გამოდგებიან, მაგრამ სიღრმეO და სიმჭიდროვე გაზარდა. რაც შეეხება შეიარაღებას, ხარისხობრივი უპირატესობა უკრაინას აქვს, მაგრამ ვერ გავექცევით იმას, რომ რუსეთს ჯერ მაინც აქვს რაოდენობრივი უპირატესობა. დიახ, მას აკლდება სამხედრო ტექნიკა, მაგრამ დარჩენილი აქვს საბჭოთა კავშირის დროინდელი აღჭურვილობის ძალიან დიდი მარაგი:­ ფრთოსანი რაკეტები, საარტილერიო ტექნიკა, ზალპური სისტემის სარაკეტო საშუალებები... უკრაინის ერთ ზუსტ გასროლას რუსები 10-15 ნაკლებად ზუსტი გასროლით პასუხობენ, მაგრამ ეფექტი მაინც აქვს. ამიტომაც სჭირდება უკრაინას მხოლოდ ხარისხობრივი კი არა, რუსეთთან ლოგიკური თანაფარდობის სამხედრო დახმარება.