"ახლა რუსეთისგან ომის საფრთხე თუ ვინმეს ემუქრება, ეს ყაზახეთია" - კვირის პალიტრა

"ახლა რუსეთისგან ომის საფრთხე თუ ვინმეს ემუქრება, ეს ყაზახეთია"

ერევანში პუტინს საპროტესტო აქციით დახვდნენ და ფაშინიანმა ხელი არ მოაწერა ОДКБ-ს ერევნის სამიტის შეთანხმებას, პოლონეთმა მოითხოვა, არ დაეშვათ ეუთოს მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს ნიშნავს თუ არა რუსეთის გავლენის შემცირებას და ამ ვითარებაში საქართველომ როგორ უნდა განსაზღვროს უსაფრთხოების სტრატეგია - ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

- ჯერ ასე მარტივად არა მგონია საქმე.­ რუსეთს სამხედრო ბაზები მაინც რჩება. ხალხის პროტესტი, დემონსტრაცია და ფაშინიანის რეაქცია აბსოლუტურად გასაგები იყო, რადგან თუ ОДКБ სომხეთს ვერ შველის,­ მაშინ რა აზრი აქვს მის წევრობას?­ სომხეთს შეუძლია ეს საბაბად გამოიყენოს, მით უმეტეს, ფაშინიანს, რომელიც ნამდვილად არ არის პრორუსული პოლიტიკის მომხრე, სურს კიდეც ქვეყანა დაშორდეს რუსეთის გავლენას, ან მეორე - ჩანს, ფაშინიანი ცდილობს რაიმე გამოივაჭროს რუსეთისგან. არადა, თუ გავითვალისწინებთ­ იმას, რომ ფაშინიანი პუტინს კარგად იცნ­ობს და მსგავსი ჟესტით ვაჭრობა არ გამოუვა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ რუსეთთან კონტაქტის გაწყვეტას მაქსიმალურად ცდილობს. თუ ასე მოხდება, აზერბაიჯანთან მოუწევს კომპრომისი, რასაც ცდილობს, ოღონდ, ოპოზიციის პოპულიზმი უშლის ხელს.

- ეს ვითარება რეგიონისთვის და მათ შორის, საქართველოსთვის რას ნიშნავს?

- რეგიონში ყველასთვის კარგია და მათ შორის, ჩვენთვისაც. ჩვენ ამ შერიგების პროცესში დადებით როლს ვთამაშობთ. თუ დადასტურდა, რომ საქართველო შუამავლობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას და ხელი შესაძლოა თბილისშიც მოეწეროს, ეს მაქსიმუმია. ამაზე ვერც ვიოცნებებდით ერთი­-ორი თვის წინ.

- რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, უსაფრთხოებისთვის რა უნდა გავაკეთოთ?

- რუსეთი მთლიანად გადართულია უკრაინაზე და ამ ვითარებაში არა მგონია, რუსეთისგან საფრთხე გვემუქრებოდეს. საქართველომ მოახერხა, რომ რუსეთის მოსახლეობის თვალში არ აღიქმება მტრულად განწყობილ ქვეყნად და ეს კარგია, რადგან პუტინს რომ მოუნდეს საქართველოსთვის დარტყმა, საკუთარი მოსახლეობისთვის­ ამის გაპრავება გაუჭირდება. როგორც წესი, რუსეთი ყოველთვის ახერხებს მოსახლეობის მობილიზებას "მტრის" წინააღმდეგ. შესაბამისად, თუ ახლა საქა­რთველო გამოიჩენს სითამამეს და შუამავლის როლს ითამაშებს, რუსეთი ამაზე­ მაინცდამაინც არ გაგიჟდება. რომც გაგიჟდეს, უკრაინაში იმდენად არის დაკავებული, არა მგონია, ჩვენთვის მოიცალოს, მით უმეტეს, ამით საქართველო რეგიონში მშვიდობის მომხრე გამოდის. ნამეტანი სიგიჟე იქნება ამის გამო აქ ომი დაიწყოს. ამიტომაც ძალიან კარგი იქნება, თუკი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელშეკრულება დაიდება და ამაში საქართველო ითამაშებს როლს.

- ნიშნავს ეს იმას, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენას კარგავს?

- სამწუხაროდ, არა. ახლა მთავარი ინსტრუმენტი მაინც სამხედრო ძალაა და სამხრეთ კავკასიაში ეს არაერთხელ ვნახეთ. რუსეთს აქ მაინც წამყვანი პოზიცია აქვს - სამხედრო ბაზები სომხეთში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სამხედრო ბაზები ის ფაქტორია, რის გამოც აქედან რუსეთი იოლად არ გავა. თუმცა, თუ სომხეთისა და აზერბაიჯანის შერიგების­ პროცესი დაიწყება და ამას არ გადაჰყვება ფაშინიანის მთავრობა, შესაძლებელი იქნება იმაზე საუბარი, რომ რუსეთს აიძულონ ბაზის გატანა. მიზეზი აღარ ექნება იმის, რომ სომხეთში ბაზა ჰქონდეს, ოღონდ რამდენად გამოუვა ეს ფაშინიანს ოპოზიციის დემაგოგიის გათვალისწინებით, სხვა საკითხია.

- გატანა-არგატანის რისკი და შანსი როგორია?

- ცხადია, არის რისკი, რომ არ გავიდეს, მაგრამ შანსია ის, რომ რუსეთი ჩართულია უკრაინასთან ომში. ამით მეტ-ნაკლებად ისარგებლეს თურქეთმაც და აზერბაიჯანმაც და იქნებ რაღაცით ჩვენც ვისარგებლოთ. საქართველოს მთავრობას აქვს ფრთხილი პოლიტიკა, რის გამოც ზოგი აქებს, ზოგი ლანძღავს და თუკი საქართველოს შუამავლობა გაამართლებს, ეს გაზრდის ჩვენს წონასაც, რაც ისევ ჩვენს უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ შუამავლ­ობით შეგვიძლია რეგიონში პოზიციის გამყარება, და არა მარტო­ რეგიონში. ეს კონფლიქტი 30 წელია არსებობს­ და საქართველო სიმბოლურად მაინც თუ იქნება მომრიგებელი, დიდ ქულებს ჩავიწერთ.

- რუსეთს ჩვენი ტერიტორიის არცთუ მცირე ნაწილიც ოკუპირებული აქვს და ასეთ შემთხვევაში შეიცვლება რამე?

- სამწუხაროდ, ეს გაცილებით რთული საკითხია. თუ რუსეთის ბაზა სომხეთში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზეა, ჩვენს ტერიტორიაზე ასე არ არის და ასე მარტივად ბაზებს ვერ გავუუქმებთ. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ მომავალში, თუ ეს პროცესი დაიძრა, დავაყენებთ ბაზების გაყვანის საკითხს. სომხეთში კი თუ ფაშინიანი მოახერხებს ოპოზიციასთან გამ­კლავებას, შეიძლება რუსული ბაზის გაყვანა რეალური გახდეს. ჩვენ გვჭირდება ისეთი სცენარი, რომელშიც რუსეთი ან ისე სუსტდება, რომ კავკასიიდან საერთოდ გასვლა უწევს­, ან რუსეთის ხელისუფლება დემოკრატიულით შეიცვალოს, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.

- ღმერთმა ნუ ქნას, რუსეთმა გაიმარჯვოს უკრაინაში, ასეთ შემთხვევაში რა გველის?

- ახლა, ჩემი აზრით, ომის საფრთხე­ თუ ვინმეს ემუქრება, ეს ყაზახეთია. ჩვენ გვახსოვს, როგორ დემონსტრაციულად შეურაცხყო ყაზახეთის პრეზიდენტმა პუტინი, როდესაც თქვა, რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებს არ ვაღიარებო. ეს განცხადება, ალბათ, არ იყო ერთადერთი­ განხეთქილების ვაშლი და კულისებს მიღმა სხვა რაღაცებიც ხდება. შესაბამისად, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთისთვის­ გაცილებით გემრიელი ლუკმაა ყაზახეთი, მაშინ რისხვა იქით უნდა მიმართოს. ყაზახეთი მოიაზრებოდა როგორც ახალი ევრაზიული პროექტის ნაწილი. რუსეთს რამდენიმე მთავარი ობიექტი ჰყავდა ჩაფიქრებული და ნაწილობრივ შეასხა კიდეც ამას ხორცი, როდესაც საბაჟო კავშირი შექმნა და მასში ყაზახეთიც შევიდა და ბელარუსიც. მთავარი სამიზნე იყო უკრაინა. ამ სამი მთავარი სამიზნიდან, რომლებიც, ცხადია, ეკონომიკური პოტენციალითაც ჰყავდა შერჩეული, მხოლოდ უკრაინა არ შევიდა. თუ წარმოვიდგენთ კოშმარულ სცენარს, რომ რუსეთი უკრაინაში იმარჯვებს, მერე ბელარუსსაც მარტივად გადაყლაპავს და რჩება ყაზახეთი. მერე სწორედ მისი ჯერი დადგება. თუმცა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს არ მოხდება.

რუსა მაჩაიძე