ზამთარში ომის "დაპაუზება" რუსი ოკუპანტებისთვის სულის მოთქმა იქნება... - კვირის პალიტრა

ზამთარში ომის "დაპაუზება" რუსი ოკუპანტებისთვის სულის მოთქმა იქნება...

რუსეთ-უკრაინის ომი ახალ ფაზაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ათთვიანი ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შემდეგ რუსი ოკუპანტებიც და უკრაინის დამცველებიც მეტისმეტად გადაიღალნენ და პოზიციურ ომზე გადასვლაზე უარს არ იტყოდნენ ძალების მოსაკრებად.

მაგრამ დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და თავად ქალაქ ხერსონის გათავისუფლების შემდგომ, რაც ახალ წლამდე ცოტა სათუო ჩანდა, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ბუნებრივია, მადა გაეხსნა და ახალ შეტევით ოპერაციებს გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი დგება და შეტევითი საბრძოლო მოქმედებები ბევრად გართულდება.

უკრაინის გენშტაბში შეტევის მიმართულებას საიდუმლოდ ინახავენ (მათ შორის ამერიკელი და სხვა დასავლელი პარტნიორებისგანაც, როგორც სექტემბრის დამდეგს, როდესაც რუსი ოკუპანტებისა და თვით ამერიკელი პარტნიორებისთვის მოულოდნელად იერიში ხერსონის ნაცვლად ხარკოვის მიმართულებაზე მიიტანეს და დიდ წარმატებასაც მიაღწიეს), ხოლო მტერს მისი თავდაცვითი პოზიციების კბილის მოსასინჯად სხვადასხვა მიმართულებიდან დაზვერვითი იერიშებით აბნევდნენ.

ამჟამად საბრძოლო მოქმედებები ორ ადგილას მიმდინარეობს - თუკი უკრაინის არმია ცდილობს შეტევას ჩრდილო-აღმოსავლეთით, სვატოვო-კრემენოეს მონაკვეთზე, ლუგანსკის ოლქში, რუსი ოკუპანტები თავს იკლავენ ფრონტის დონეცკის მონაკვეთზე უკრაინული გადაბუგული და გაუკაცრიელებული სოფლების ასაღებად და რამდენიმეკვირიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ დიდი დანაკლისის ფასად მართლაც შევიდნენ მაიორსკასა და პავლოვკაში, ახლა კი ბახმუტს უტევენ.

გარდა ამისა, ბოლო ორი დღეა უკრაინელებმა დაზვერვითი შეტევები წამოიწყეს ჩრდილოეთით, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის ოლქში, ნოვაია-კახოვკასთან, სამხრეთით კი ოლეშკისა (რომელიც ქალაქ ხერსონის მოპირდაპირედ, დნეპრის მარცხენა სანაპიროზეა) და გოლაია-პრისტანთან, რითაც შეიძლება რუს ოკუპანტებს დნეპრის ფორსირებით აშინებენ. მაგრამ ფაქტია, დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან არანაკლებ 30-ათასიანი რუსი დაჯგუფების გამოყვანის შემდეგ ორივე მხარეს გამოუთავისუფლდა საკმარისი პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა, რომელთა გადასროლა შეუძლიათ საერთო ფრონტის ამა თუ იმ მონაკვეთის გასაძლიერებლად. დიდი ალბათობით, რუსეთის გენერალიტეტი ამ თავისუფალ საბრძოლო რესურსს გამოიყენებს დონეცკის ფრონტის მონაკვეთზე შეტევების გასაძლიერებლად, რათა როგორმე დაიპყროს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარში შემავალი კრამატორსკი და სლავიანსკი, რათა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ "რუსულ მიწად"“ აღქმა გაუძლიეროს რუსეთის მოსახლეობის შოვინისტურად განწყობილ უდიდეს ნაწილს.

ხერსონის უბრძოლველად გათავისუფლებით მნიშვნელოვან საბრძოლო დანაკარგს გადარჩენილი უკრაინის არმიის 40-50-ათასიანი დაჯგუფების ეფექტიანად გამოყენების კარგი პერსპექტივა ეშლება კიევსაც - შეუძლია გადაისროლოს ეს დაჯგუფება ჩრდილო-აღმოსავლეთით, ლუგანსკის ოლქზე შეტევების გასაძლიერებლად და რუსეთის სამხრეთ საზღვარზე გასასვლელად, ან ზაპოროჟიედან სამხრეთით, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით; ფართომასშტაბიანი იერიშები დაავალოს ჯარისკაცებს ენერგოდარისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან რუსი ოკუპანტების გასაყრელად, ასევე აზოვის ზღვის სანაპიროზე გასასვლელად, რასაც ავტომატურად მოჰყვება ხერსონის ოლქში რუსეთის როსტოვის ოლქიდან მიმავალი ერთადერთი სახმელეთო გზის ბლოკირება და რუს ოკუპანტებს ისღა დარჩებათ, როგორც 24 თებერვალს ანექსირებული ყირიმიდან ჩონგარისა და არმიანსკის გზებით შეიჭრნენ მატერიკული უკრაინის სამხრეთ ნაწილში, იმავე გზებით კუდამოძუებული გაიქცნენ უკან, ყირიმის ნახევარკუნძულზე ნახევრად დანგრეული ყირიმის ხიდის იმედად.

უკრაინის არმიის შესაძლო ფართომასშტაბიანი შეტევა ზაპოროჟიედან მდინარე დნეპრის გადალახვითა და აზოვის ზღვამდე გასვლით გონივრული იქნება - მან შეიძლება გადაწყვიტოს ომის შემდგომი ბედიც, მაგრამ უკრაინის გენშტაბის ოპერატიული სამმართველო, სავარაუდოდ, კიდევ ერთ მიმართულებაზე გეგმავს მოულოდნელ იერიშებს, კერძოდ, კინბურის ნახევარკუნძულზე, რომელიც ნიკოლაევის ოლქის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში ხმალივითაა შეჭრილი შავ ზღვაში. აქ უკრაინული საზღვაო დესანტის გადასხმის შემთხვევაში, სკადოვსკის მიმართულებაზე შეტევისას, შეძლებენ არმიანსკისკენ გაჭრასა და ანექსირებული ყირიმიდან ოკუპირებულ ხერსონის ოლქში რუსი სამხედროების მომარაგების ორიდან ერთი გზის გადაკეტვას.

მეორე გზის, ჩონგარზე გადასასვლელის, ბლოკირება შესაძლებელი გახდება, თუკი არმიანსკში უკრაინელები ფეხს მოიკიდებენ და "ჰაიმარსებს"“ დაიხმარებენ. ამ მომენტისთვის 84 კმ-ზე მსროლელი "ჰაიმარსი"“ დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან კი სწვდება არმიანსკის გასასვლელს, მაგრამ 130 კმ-ზე დაშორებულ ჩონგარის ხიდებამდე ვეღარ უწევს.

მოკლედ, ანექსირებული ყირიმიდან მატერიკულ უკრაინაში ორივე გადასასვლელის ბლოკირება და იმავდროულად, ზაპოროჟიედან სამხრეთით მელიტოპოლისა და ბერდიანსკისკენ, აზოვის ზღვის სანაპიროზე გასასვლელად მიმართული ფართომასშტაბიანი და კოორდინირებული შეტევების ტაქტიკა მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს უკრაინისთვის, რათა "ტომარაში"“მოაქციონ უკრაინის სამხრეთ ნაწილში შეჭრილი რუსი ოკუპანტების დიდი სამხედრო დაჯგუფება.

უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის უახლოესი მომავლის საიდუმლო ჩანაფიქრისთვის ხორცის შესხმა დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, მომავალ კვირებში თუ რა ახალ სამხედრო დახმარებას მიიღებს უკრაინის არმია დასავლეთისგან, რადგან მთავარ მიმართულებაზე შეტევის წარმატებით განვითარებისთვის ბევრად მეტი საბრძოლო რესურსია საჭირო (სახარჯო მასალა - სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო ჭურვები და რაკეტები), ვიდრე პოზიციური ბრძოლებისას.

P.S. ჩვენი პროგნოზი მართლდება - 25 ნოემბრის დილას ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან მატერიკული უკრაინისკენ ორად ორი გადასასვლელიდან (ჩონგარი და არმიანსკი) ჩრდილო-დასავლეთით მდებარე არმიანსკიზე უკრაინის შორსმსროლელმა "ჰაიმარსის" დანადგარებმა პირველად მიიტანეს სარაკეტო იერიში... ეტყობა, ეს მხოლოდ დასაწყისია ანექსირებული ყირიმიდან (საიდანაც მარაგდებიან ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში დროებით მყოფი რუსი ოკუპანტები) ორივე გადასასვლელის საიმედო ბლოკირებისთვის, რასაც, დიდი ალბათობით, უნდა მოჰყვეს ზაპოროჟიეს ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ფართომასშტაბიანი კონტრშეტევების დაწყება სამხრეთ მიმართულებით, ჯერ მელიტოპოლის და შემდეგ ბერდიანსკის გათავისუფლებითა და აზოვის ზღვის სანაპიროზე გასვლით, რუსი ოკუპანტების მსხვილი დაჯგუფების "ტომარაში" მოქცევის დიდი პერსპექტივით.…