ომის ათ თვეში რუსეთის არმიამ 1 500 ტანკი დაკარგა... - კვირის პალიტრა

ომის ათ თვეში რუსეთის არმიამ 1 500 ტანკი დაკარგა...

რუსეთს, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრეს, მსოფლიოში ყველაზე დიდი სატანკო პარკი ჰქონდა - 13 617 ტანკი, მაგრამ უკრაინაში შეჭრის წინ, 2022 წლის დამდეგს, დასავლეთის ღია სამხედრო-ანალიტიკური წყაროების ცნობით, რუსეთის არმიის შეიარაღებაში მხოლოდ 3 417 ტანკი იყო, აქედან 2 357 ერთეული შედარებით თანამედროვე, 2000 წლის შემდეგ გამოშვებული ან მოდერნიზებული.

"უკრაინის ტერიტორიაზე ათთვიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 26 ნოემბრის მდგომარეობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების საბრძოლო დანაკარგმა შეადგინა 1 513 ერთეული სხვადასხვა ტიპის ტანკი", - იუწყება საერთაშორისო სამხედრო ბლოგი "ორიქსი", რომელიც მხოლოდ გამოქვეყნებული ფოტოვიდეომასალაზე დაყრდნობით ითვლის მეომარ მხარეთა საბრძოლო ტექნიკის დანაკარგს.

რუსეთის დაკარგული 1 313 ტანკიდან 869 განადგურებულია, დაზიანებულია 64, მიტოვებულია 56, ხოლო 524 უკრაინელებს ალაფად დარჩათ.

გამოდის, ამ ომის დაწყებამდე მსოფლიოს მეორე არმიად მიჩნეულმა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მსოფლიოს 22-ე უკრაინის არმიასთან ბრძოლებში სატანკო პარკის 40%-ზე მეტი დაკარგეს, რაც უდიდესი პრობლემაა რუსეთის მთელი არმიისთვის, რადგან ამ დანაკლისის შევსება ძალიან გაუჭირდებათ მრავალმხრივი საერთაშორისო სანქციების გამო.

რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ასევე აქვთ ხანგრძლივი შენახვის საწყობები, სადაც ძირითადად ღია ცის ქვეშ 10 ათასზე მეტი ტანკი სამ-ოთხ ათეულ წელზე მეტია "იზამთრებს"“ და მიუხედავად იმისა, რომ ისინი რეზერვში ითვლებიან, მათი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ძალიან რთული ან შეუძლებელი იქნება არა მარტო იმის გამო, რომ წვიმამ და თოვლმა ჟანგად აქცია, არამედ იმიტომაც, რომ ისინი... თავად რუსმა სამხედროებმა გაძარცვეს.

რუს ოკუპანტებთან შედარებით, უკრაინული ტანკების საბრძოლო დანაკარგი მნიშვნელოვნად ნაკლები ჩანს - მხოლოდ 371 ერთეული. მათგან 213 განადგურებულია, დაზიანებული 17, მიტოვებული 13, ხოლო 129 კი ნაალაფარია.

"ორიქსის" მონაცემების ობიექტურობაში დაეჭვება არ ღირს, რადგან მისი ექსპერტები სკრუპულოზურად ამოწმებენ ფოტოვიდეომასალის უმცირეს დეტალსაც კი, რომ არ შეეშალოთ არა მარტო განადგურებული ტექნიკის ზუსტი ტიპის დადგენა, არამედ მისი კუთვნილებაც და მათ ობიექტურობისა და სანდოობის აღიარების დაკარგვა არ უღირთ დაპირისპირებული რომელიმე მხარისკენ გადახრის საფასურად.

ომის ათ თვეში 1 500-ზე მეტი ტანკის დაკარგვა ნიშნავს, რომ უკრაინელები რუს ოკუპანტებს დღეში საშუალოდ 5 ტანკს უნადგურებდნენ ან ალაფად რჩებოდათ, რაც ძალზე მაღალი საბრძოლო ეფექტიანობის მაჩვენებელია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბრძოლის ველზე განადგურებული ყველა რუსული ტანკის (სხვათა შორის, ისევე როგორც უკრაინულის) ფოტოვიდეოფირი არ არის გადაღებული ან ინტერნეტით გავრცელებული.