"პეტრიოტების" უკრაინაში დაყენებას გერმანია მარტო ვერ ბედავს და... - კვირის პალიტრა

"პეტრიოტების" უკრაინაში დაყენებას გერმანია მარტო ვერ ბედავს და...

ბოლო დღეებში აღმოსავლეთ ევროპაში, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, საინტერესო მოვლენები ვითარდება, რაც ძალიან დააჩქარა 15 ნოემბერს საზღვრისპირა პოლონურ სოფელში რაკეტის ჩავარდნამ, რის აფეთქებასაც ორი კაცი ემსხვერპლა. ნატოს წევრ პოლონეთს საჰაერო სივრცის დაცვის გასაძლიერებლად მეზობელმა გერმანიამ შორი მოქმედების „"პეტრიოტის"“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები შესთავაზა.

წესით, პოლონეთს დიდი სიხარულით უნდა მიეღო ეს წინადადება, მაგრამ ვარშავიდან ბერლინს ურჩიეს, რომ „"პეტრიოტების"“ განთავსება უკრაინის ტერიტორიაზე ბევრად მომგებიანი იქნებოდა როგორც პოლონეთისთვის, ისე უკრაინისთვის, რომელიც რუსეთის თავდასხმიდან ათი თვის განმავლობაში მუდმივად, მაგრამ დღემდე უშედეგოდ ეხვეწება დასავლეთს, სწორედ "პეტრიოტებით"“ უკრაინის ცის საიმედოდ ჩაკეტვას.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის პასუხი ორაზროვანი გამოვიდა - „"პეტრიოტების"“ უკრაინაში ჩატანაზე გადაწყვეტილების მიღებას მარტო გერმანია ვერ შეძლებს, აუცილებლად უნდა დავეკითხოთ "ჩრდილოატლანტიკური ალიანსის" სხვა წევრებსაც და გადაწყვეტილება მხოლოდ საერთო კონსენსუსით უნდა მივიღოთო. გერმანიის ამ განცხადებას დაუყოვნებლივ მოჰყვა თავად ნატოს გენერალური მდივნის კონკრეტული მინიშნება, ალიანსში ბევრ გადაწყვეტილებას კოლექტიურად ვიღებთ, თუმცა გერმანელებს არავინ უკრძალავს „"პეტრიოტების"“ იმ ქვეყანაში გაგზავნას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიანო.

მორიგი პოლიტიკური „"პინგ-პონგი" გაიმართა, ამჯერად „"პეტრიოტების"“ საკითხზე, ისევე, როგორც რამდენიმე თვის წინ პოლონურ „"მიგ-29"-ებზე, როდესაც ვარშავა მზად იყო თავისი ყველა გამანადგურებელი (რომლებიც, სხვათა შორის, სიმბოლურ თითო ევროდ შეიძინა ბუნდესვერისგან, რომელსაც „მემკვიდრეობით“ დარჩა კომუნისტური აღმოსავლეთ გერმანიის მიერთების შემდეგ) დაუყოვნებლივ გადაეცა უკრაინისთვის, ოღონდ არა თავის ტერიტორიიდან, რათა რუსეთს პოლონეთი უკრაინის ომში ჩარევაში არ დაედანაშაულებინა. მაშინ პოლონელებმა ნატოს ხელმძღვანელობას შესთავაზეს, რომ სამ ათეულზე მეტ დაშლილ გამანადგურებელს გერმანიაში რამშტაინის ამერიკულ საჰაერო ბაზაში გაგზავნიდნენ, საიდანაც მათი უკრაინაში ჩატანა იქნებოდა შესაძლებელი. ეს ვარიანტი მაშინ ამერიკელებმა დაბლოკეს და მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ვაშინგტონისთვის ეს თვით... ჩინეთის ხელმძღვანელობას უთხოვია რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად. სამაგიეროდ ოფიციალური პეკინი დაჰპირებია, რომ პუტინზე მოახდენდა ზეგავლენას, რათა მას უარი ეთქვა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე.

რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ის კი რეალობაა, რომ კულუარული პოლიტიკური მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს ამ საშინელი ომის პარალელურად.

გერმანული "პეტრიოტების"“ თემას ბევრად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან რუსეთი ყოველდღე დაუნდობლად ანადგურებს უკრაინულ ენერგეტიკულ ობიექტებს მუდმივი სარაკეტო თავდასხმებით, რათა ზამთარში უკრაინის მოსახლეობა ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვოს და კიევი დროებით ზავზე დაიყოლიოს, რაც კრემლს აუცილებლად სჭირდება სულის მოსათქმელად და გაზაფხულიდან უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის გასაგრძელებლად.

"პეტრიოტის"“ მოდერნიზებულ საზენიტო რაკეტებს საშუალო სიმაღლეზე მფრენი ზებგერითი საბრძოლო თვითმფრინავების ჩამოგდება 160 კმ-ის სიშორიდანაც შეუძლიათ, ხოლო ბალისტიკური რაკეტების გადაჭერა კი 50 კმ რადიუსში და 24 კმ სიმაღლემდე, რაც ძალზე დიდ შვებას მისცემდა უკრაინის საჰაერო თავდაცვას და რუსი აგრესორების ამ ბოლო "არგუმენტს", უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებს, მნიშვნელოვნად აღკვეთდა.მაგრამ ამის პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანია, რადგან ნატო, იმის შიშით არ იქნეს ჩათრეული ამ ომში მონაწილე მხარედ, თავს იკავებს "პეტრიოტების" უკრაინაში შეტანაზე, რომელთა მომსახურება ალიანსის რომელიმე წევრი ქვეყნის მეზენიტეებს მოუწევთ. არადა, განვლილი ათი თვე საკმარისი იყო უკრაინელი სპეციალისტების მოსამზადებლად, როგორც სხვა დასავლური საზენიტო საშუალებების გამოსაყენებლად მოამზადეს, და ისინი უკვე იცავენ უკრაინის ცას. ამ ეტაპზე ყველაზე მისაღები გამოსავალი იქნებოდა გერმანული "პეტრიოტების" უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, პოლონეთის მხარეს განლაგება, საიდანაც მათ შეეძლებათ უკრაინის დასავლეთ ნაწილში 150 კმ-ზე ღრმად გააკონტროლონ საჰაერო სივრცე, რაც, რა თქმა უნდა, ვერ დაიცავს ცას კიევის თავზე, მაგრამ ლუცკის, ლვოვისა და უჟგოროდის უსაფრთხოებას მაინც დაიცავს სარაკეტო გენოციდისგან.