საქართველოს თემაზე რუსეთის „გადაგდებული“ ისრაელი უკრაინასთან იმავე შეცდომის გამეორებას აღარ აპირებს... - კვირის პალიტრა

საქართველოს თემაზე რუსეთის „გადაგდებული“ ისრაელი უკრაინასთან იმავე შეცდომის გამეორებას აღარ აპირებს...

14 წლის წინანდელი აგვისტოს ომისდროინდელი ისტორია საოცრად მეორდება, ოღონდ ამჯერად ისეთივე კულუარული გარიგება რუსეთ-ისრაელს შორის, რამაც მაშინ უპირველესად ქართული არმიის ინტერესები დააზარალა, აღარ განმეორდება უკრაინის დამცველთა მიმართ.

თუკი რუსეთი "შაჰიდის" კამიკაძე-დრონების მასობრივად გამოყენების პარალელურად ირანისგან ბალისტიკურ რაკეტებსაც მიიღებს, მაშინ ისრაელი უკრაინას მაღალი სიზუსტის იარაღს მიაწვდისო, ყვითელი პრესის მოგონილი არ გეგონოთ, ეს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა ეიალ ჰულატამ განაცხადა. უფრო მეტიც, ასეთივე შინაარსის ოფიციალური ნოტა რუსეთში ისრაელის ელჩმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესაც გადასცა.

ეს ოფიციალური თელ-ავივის სერიოზული განაცხადია. ჩანს, როდესაც საფრთხე თავად ისრაელის სახელმწიფოებრივ ინტერესებს დაემუქრა, ისრაელის მთავრობაში მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი უკრაინის იარაღით შესაძლო მომარაგებაზე.

არადა, ჯერ კიდევ რუსეთის თავდასხმამდე და მით უმეტეს, ომის დაწყების შემდგომ, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ (რომელსაც თავად აქვს ებრაული ფესვები) პირადად არაერთხელ მიმართა (როგორც კულუარულად, ისე საჯაროდაც) ისრაელის მთავრობას ზუსტი ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო-სარაკეტო შეიარაღებით უკრაინის არმიის დახმარების თაობაზე, მაგრამ ამაოდ; ხოლო, თუ რა შეუძლია ისრაელის თანამედროვე კამიკაძე-დრონ „"ჰაროპებსა"“ და ტანკსაწინააღმდეგო „"სპაიკებს", აზერბაიჯანის არმიამ ჯერ კიდევ ორი წლის წინ აჩვენა ყარაბაღის ბოლო ომში, მანამდე კი აგვისტოს ომის დროს ქართველმა მეზენიტეებმაც გამოიყენეს ისრაელში ნაყიდი საზენიტო-სარაკეტო სისტემა „სპაიდერიდან“ გაშვებული "პითონის" საზენიტო რაკეტები ქართულ ცაში შემოჭრილი რუსული მოიერიშე თვითმფრინავების დასაზიანებლად თუ ჩამოსაგდებად.

სწორედ მაშინ, 2008 წლის აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე, დაიწყო რუსეთ-ისრაელის "კულუარული ვაჭრობა", რომ საქართველოსა და ირანისთვის თანამედროვე შეიარაღება არ მიეწოდებინათ.

კრემლი კატეგორიულად ითხოვდა ისრაელისგან, რომ აღარ მიეყიდა ქართული არმიისთვის „ჰერმესის“ სადაზვერვო დრონები, საზენიტო "სპაიდერები" და ქართული ტანკ "სიმ1"- ების (იშიფრება როგორც „საქართველო-ისრაელი-მოდერნიზებული-პირველი“) მოდერნიზაცია შეეწყვიტა (რისი მსგავსიც მაშინ რუსებს საერთოდ არ ჰქონდათ).

სანაცვლოდ რუსეთი ჰპირდებოდა ისრაელს, რომ ირანს აღარ მიჰყიდდა შორი მოქმედების „C-300“ ტიპის მოდერნიზებულ საზენიტო-სარაკეტო სისტემებს, რასაც ძალზე უფრთხოდნენ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტები.

ასეთი ფარული გარიგება მართლაც შედგა, უფრო მეტიც - ისრაელმა რუსეთს მიჰყიდა უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავის ლიცენზიით წარმოების უფლებაც და ახლა "ფორპოსტის" სახელად გადანათლულ ამ დრონებს რუსი ოკუპანტები უკრაინაში იყენებენ.

კრემლმა კი რამდენიმე წლის შემდეგ მაინც „გადააგდო“ ისრაელელი „პარტნიორები“ და რუსული მოდერნიზებული „ჩ-300“-ების საზენიტო-სარაკეტო დივიზიონები მაინც გამოჩნდნენ ირანში.

ამჯერად, როგორც ჩანს, ისრაელმა რუსეთის გაფრთხილება გადაწყვიტა, რომ შეწყვიტოს ისრაელის დაუძინებელი მტრისგან, ირანის ისლამური რესპუბლიკისგან დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების ყიდვა და მათი საბრძოლო გამოყენება უკრაინაში, რადგან თელ-ავივში კარგად ხვდებიან, რომ ამით ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მნიშვნელოვნად ძლიერდება.ბოლო დღეებში ცნობილი შეიქნა, რომ "შაჰიდი“ კამიკაძე-დრონების" წარმოება შეიძლება თავად რუსეთში დაიწყოს, რითაც ირანს მოეხსნება ბრალდებები საერთაშორისო სანქციების დარღვევით შეიარაღების ვაჭრობაზე, მაგრამ თუკი თეირანი მართლაც მიაწვდის რუსეთის არმიას 300-700 კმ რადიუსის მოქმედების ბალისტიკურ რაკეტებს, მაშინ ალბათ, თელ-ავივიც გაუხსნის თავის არსენალს უკრაინის არმიას.