აღიარებენ თუ არა დანაშაულს მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულები - რას აცხადებს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

აღიარებენ თუ არა დანაშაულს მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულები - რას აცხადებს ადვოკატი?

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, მონაზვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურების და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ორი პირიდან ბრალს არც ერთი აღიარებს.

როგორც ბრალდებულების ადვოკატმა გიგა ჯეირანაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნავს, რომ არც ერთი დაკავებული პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

მისი თქმით, ხვალ, სავარაუდოდ, ხაშურის რაიონულ სასამართლოში სხდომა გაიმართება, სადაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ცნობისთვის, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, 25 ნოემბერს, ორი პირი შეიჭრა. ისინი მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

IPN