"იყვირა, იტირა, მაგრამ ვერაფერს გახდა. თურმე, კიოდა, ეს ჩემი არააო... ხელითაც კი შეეხო" - კვირის პალიტრა

"იყვირა, იტირა, მაგრამ ვერაფერს გახდა. თურმე, კიოდა, ეს ჩემი არააო... ხელითაც კი შეეხო"

"შევეცდები, ჩემი სათქმელი სწორად გადმოვცე. იმდენად სწორად, რომ მამაკაცებსაც მოვულბო გული და გავააქტიურო - აქ თუ არა, პირადში მაინც, რადგან სწორედ ორ არაჩვეულებრივ მამაკაცს ვეძებ, ჩემს ტყუპ ძმას", - ნინო მინაშვილმა ჯგუფში "ვეძებ" არა ერთი პოსტი გამოაქვეყნა. იმედს არ კარგავს, რომ დედას ოცნებას აუხდენს და წლების წინ მკვდრად გამოცხადებულ შვილებს ჩაახუტებს...

- ე.წ. განვითარებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და საკუთარ და-ძმას, მშობლებს ვერ ვცნობთ. არ ვიცით, ვინ გაზარდა ჩვენი დედმამიშვილები, რა გვარს ატარებენ... რად გვინდოდა ჩვენ სპარსელი, თურქი და ყიზილბაში, ისედაც კარგად ვტაცებდით ერთმანეთს შვილებს და ვყიდდით! მიმიფურთხებია ყველა იმ ქართველისათვის, ვისაც ოდნავი წვლილი მაინც მიუძღვის ამ საქმეში, ვინც ცოცხალია და ამ საშვილიშვილო ცოდვით ცხოვრობს.

დედამ 1987 წლის 28 აგვისტოს თბილისის მე-4 სამშობიაროში ტყუპი ბიჭი გააჩინა - 2,200 და 2,600 კგ. ამშობიარა ვინმე ნელიმ, სახელი ზუსტად იცის. ეს ქალი დღესაც ცოცხალია და - საღ ჭკუაზე. იმედი მაქვს, ამ წერილს აუცილებლად წაიკითხავენ მისი ახლობლები, მეზობლები, ნათესავები და მათ თამამად ვეტყვი, რომ ამ ქალმა დედაჩემს 2 ტყუპი მიცვალებულად გამოუცხადა, გაუყიდა... პატარების გაჩენის დღეს არ უსაუბრიათ რაიმე პრობლემაზე, მხოლოდ ეგ იყო, დედამ ნაადრევად იმშობიარა (8 თვის და 1 კვირის). მეორე დღეს მამასთვის უთქვამთ, შედარებით პატარა წონის ტყუპისცალს ფილტვები არ აქვს გახსნილი, მდგომარეობა დამძიმდაო და საჭირო წამლისთვის, გადასხმებისთვის ფული მოსთხოვეს, მესამე დღეს კი შეატყობინეს, ჩვილი გარდაიცვალაო. ეს ამბავი მამის თხოვნით დედას დაუმალეს. შეეშინდა, რძე არ დაუშრეს ნერვიულობით და მეორესაც პრობლემები არ შეექმნასო. თან, მაშინ დედაც არ იყო კარგად...

nino-1669729362.jpg

მამას მოუთხოვია, გვამს წავიღებ და დავკრძალავო, მაგრამ უარი უთქვამთ: აქ გვაქვს სასაფლაო და ვერ გაგატანთ. ასეთია წესი, აქ უნდა დაიკრძალოსო (დასამარხი თანხაც გამოართვეს). დედამ ეს ამბავი მეორე დღეს გაიგო და, თურმე, არ იჯერებდა. ამბობდა: არ მანახეს, ხელში არ დამაჭერინეს, შორიდან მანახებდნენ ინკუბატორში მყოფს, აქ რაღაც ამბავიაო... მეორე ბავშვს დედა თვითონ აჭმევდა. მასაც უჭირდა "გამოქაჩვა", ამიტომ დედიკო იწველიდა და ისე კვებავდა რძით. ამბობს, სრულიად ჯანმრთელი იყო, გადაკრიალებული სახე და კანი ჰქონდაო. ამაზეც ფილტვების უკმარისობა მოიმიზეზეს და მამას 1.200 მანეთამდე გამოწიწკნეს, ვითომდა პატარას სამკურნალოდ, მე-5 დღეს კი გამოუცხადეს, ესეც გარდაიცვალაო... ვინაიდან პირველი უკვე "დასაფლავებული" იყო ვითომ სამშობიაროს ეზოში, ამასაც აქვე დავკრძალავთო, რომ უთხრეს, დედამ დაიჟინა, ბავშვი მანახეთო და ჰოი, საოცრებავ, აჩვენეს პატარა, რომელსაც, თურმე, სახეზე ჭიპლარის ზოლი ეტყობოდა. არადა, დედა შვილს 5 დღის მანძილზე თავად აჭმევდა და ეს ზოლი მანამდე არ შეუნიშნავს. საინტერესოა, მერე საიდან გაუჩნდა? სხვათა შორის, ამ თემაზე ჯგუფში პოსტი რომ დავდე, ქალბატონი შემეხმიანა, რომელმაც აღნიშნა, რომ მის შვილსაც სახეზე ჭიპლარის ზოლი ეტყობოდა, როცა მკვდარი შვილის ჩვენება მოითხოვა. წარმოიდგინეთ, ისიც მე-4 სამშობიაროში იყო, იმავე პერიოდში, როცა დედა. გაჩნდა ეჭვი, ერთი და იგივე ბავშვი ხომ არ უჩვენეს ორივეს? როგორ ფიქრობთ, ერთ სამშობიაროში, 2-3 დღის სხვაობით დაიბადა ორი ბავშვი, სახეზე ჭიპლარის ზოლით, და ორივე მოკვდა? როგორი დამთხვევაა!!!

- როცა ეს ზოლი ნახა და ეჭვი გაუჩნდა, რომ მისი შვილი არ იყო, რა მოიმოქმედა დედათქვენმა?

- იყვირა, იტირა, მაგრამ ვერაფერს გახდა. თურმე, კიოდა, ეს ჩემი არააო. ვინც ბავშვი მიუყვანა, ის უმტკიცებდა, გინდა თუ არა, შენი შვილიაო და ამის გამო დედა მას ხელითაც შეეხო. ატყდა ერთი ამბავი. დედა ეჭვობდა, ალბათ, ეს პირველი დაღუპული შვილია, რომელსაც აქამდე არ მანახებდით და მეორე ახლავე მომიყვანეთო. თუმცა, "დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი"?! ჰოდა, წამოვიდნენ სამშობიაროდან ხელცარიელები.

- ამდენი წლის განმავლობაში, დედა სულ ეჭვებით ცხოვრობდა? სანამ ამ ყველაფერზე ასე ხმამაღლა დაიწყებდით ლაპარაკს, შვილებს "გარდაცვლილ" ძმებზე გიყვებოდათ ხოლმე?

- ჩვენთან ერთხელაც არ დასცდენია, შეიძლება ცოცხლები იყვნენო. ეტყობა, ამის თვითონაც არ სჯეროდა ბოლომდე... იცით, დედა მშობიარობის შემდეგ, 5 დღე ვერ დგებოდა საწოლიდან. ვფიქრობ, ესეც ექიმების შეგნებული ნამუშევარი იყო, რათა ქალს სიტუაცია ვერ გაეკონტროლებინა.

- რას გულისხმობთ?

- მიუხედავად იმისა, რომ მცირე წონის ბავშვები გაუჩნდა, რატომღაც, შიგნითა და გარეთა ნაკერებიც კი დაადეს. წესით, ეს საჭირო არ უნდა გამხდარიყო. თუ განზრახული ჰქონდათ ბავშვების გაყიდვა, რა თქმა უნდა, ყველაფერს ისე მოაწყობდნენ, რომ გასჭირვებოდა ადგომა.

ninos-deda-1669729270.jpg
ნინოს დედა

- ახლა რატომ დაიწყეთ ტყუპის ძებნა?

- ერთ დღეს ჯგუფში "ვეძებ" გავწევრდი. წავიკითხე რამდენიმე პოსტი და მერე, უნებურად, ამეკვიატა ფიქრი ჩემს ტყუპ ძმაზე. პირველი, რაც გავიფიქრე, იყო: ოღონდ დედა არ მოხვდეს ამ ჯგუფში-მეთქი, მაგრამ, დაახლოებით, 3 დღის მერე ერთ-ერთ პოსტზე დედას კომენტარი "ამომიგდო": იქნებ ჩემი ტყუპიც არ დაღუპულა, იქნებ ისინიც გამიყიდესო... დედა საზღვარგარეთაა. 3 დღე არ რთავდა კამერას და არ გვესაუბრებოდა შვილებს. იმიზეზებდა, ძალიან ცუდად ვარ, წნევა მაქვსო. თურმე, 3 დღეა, "ვეძებში" გაწევრდა და შეუჩერებლად კითხულობს პოსტებს; თანდათან უმძაფრდება ეჭვი, რომ ისიც გაწირეს... მისი კომენტარით მივხვდი დედას წნევის მიზეზს. არ უნდოდა, ნამტირალევი გვენახა და ამიტომ არ გვენახვებოდა. ჰოდა, დავურეკე, ვუთხარი, რომ ყველაფერი ვიცოდი და ისიც შევთავაზე: მზად ვარ, რომ გამიკეთო მინდობილობა და ამ საქმეს მივხედო-მეთქი. იმდენი იტირა... მერე "სკაიპის" მეშვეობით მინდობილობა გავაკეთეთ და იუსტიციის სამინისტროში მივედი, გამოვითხოვე ყველანაირი საბუთი. მოვიდა პასუხი, რომ დედას მხოლოდ 3 შვილი ვყავართ, ვინც აქ ვჩანვართ ფოტოებში და მას სხვა მშობიარობა არც უფიქსირდება. მერე მირჩიეს, კონკრეტულად ტყუპზე გამოითხოვე ცნობაო. ისევ შევიტანე განცხადება და მოვიდა პასუხი, 1987 წელს არავითარი შვილი არ გაუჩენიაო. როგორც იუსტიციის სახლში ამიხსნეს, 24 საათი და უფრო მეტი თუ იცოცხლა ბავშვმა, აუცილებლად უნდა იყოს დაფიქსირებული ჯერ ცოცხლებში, შემდეგ კი მკვდრებში. ტყუპი, ჩემი ძმები, არც კი დაბადებულან, თურმე. იუსტიციაში თქვეს, სამწუხაროდ, თითქმის ყველაზე ასეთი პასუხი მოდისო.

- ახლა რას აპირებთ?

- ერთადერთი, დნმ-ის იმედი გვაქვს. დაახლოებით, ერთ წელიწადში ჩამოვა დედა და ტესტს გაიკეთებს... რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა და გავესაუბრე კიდეც. ზოგთან რაღაც დამთხვევები იყო, მაგრამ დნმ-ის გარეშე რამეზე ლაპარაკი ძალიან ძნელია.

- ექთანზე საუბრობდით. მისი მოძებნა და მასთან საუბარი არ გიცდიათ?

- ნომერიც და მისამართიც მოვიძიე, მაგრამ 85 წელს გადაცილებულია და გამაფრთხილეს, მასთან რომ მიხვიდე, შეიძლება აქეთ გიჩივლონ და ბრალი ცილისწამებაში დაგდონო. დიდია რისკი, რომ სიმართლეზე საუბრისას რაიმე დაემართოს! თანაც, ასეთი ადამიანებისთვის ამნეზიის მომიზეზება კარგი იარაღია და მის ასაკში - დამაჯერებელიც...

sami-1669729252.jpg

- ტყუპის გარდა, და-ძმაც გყავთ, არა?

- დიახ. ბევრნი ვართ, ძალიან ბევრნი. დედის დედმამიშვილები ათნი არიან, ყველა დაოჯახებული, ყველა შვილიანი; მამის დედმამიშვილები ოთხნი არიან და, რა თქმა უნდა, ისინიც დაოჯახებულები, მრავალშვილიანებიც. მოდებულები ვართ ყველგან. ჰოდა, ადვილი შესაძლებელია, ჩვენს ტყუპს ან მათ შვილებს რომელიმე ჩვენგანი სადღაც შეხვდეს. სისხლის აღრევის შესაძლებლობა გულს მიკლავს, ეს მაშინებს და მაგიჟებს ყველაზე მეტად.

მინდა გთხოვოთ ყველას, განსაკუთრებით თქვენ, მამაკაცებო! დააკვირდით ფოტოებს, იქნებ ამოიცნოთ საკუთარი თავი ან გეცნოთ ისტორია, ან რამე იცოდეთ აღმზრდელი მშობლებისგან... ფაქტია, არ ხართ გარდაცვლილები, რადგან არც ცოცხლები ფიქსირდებით და მით უმეტეს - არც მკვდრები. ვინც იცით, რომ ნაშვილები ხართ, იქნებ იაქტიუროთ, რომ ცოტა მაინც გაგვიადვილდეს თქვენთან შეხვედრა. შინაგანად ვგრძნობ, რომ არ ხართ ძალიან შორს და მჯერა, გიპოვით!!! ფოტოებში დედიკო, მე და ჩემი და-ძმა ვართ. მამა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. ღვთისმშობელი დაეხმარება ჩემს დედიკოს, რომ თავისი შვილები იპოვოს და დაკარგული წლები მათთან სითბოში და სიყვარულში გატაროს.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)