"უფროსი ასაკის ადამიანები უფრო აგრესიულ რაღაცებს წერენ. ალბათ, ასეთ იუმორს მიუჩვეველნი არიან" - კვირის პალიტრა

"უფროსი ასაკის ადამიანები უფრო აგრესიულ რაღაცებს წერენ. ალბათ, ასეთ იუმორს მიუჩვეველნი არიან"

ახლახან ლიკი გაგნიძე ინტერნეტსერიალში - "ერთჯერადი სიყვარული" გამოჩნდა, თუმცა საზოგადოების დიდმა ნაწილმა ის "ტიკტოკიდან" გაიცნო. ლიკის ვიდეოები განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა (არა მხოლოდ "ტიკტოკზე"), რადგან ზოგს დღემდე ჰგონია - გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, არასწორ კომენტარებს იმიტომ აკეთებს, რომ უბრალოდ, საკმარისი ცოდნა არ აქვს, სხვების კრიტიკა კი მოგეხსენებათ, ინტერნეტმომხმარებლებს განსაკუთრებულად უყვართ...

- "ტიკტოკზე" ხალხის უმრავლესობა პანდემიის პერიოდში გააქტიურდა. კარანტინი რომ დაიწყო, პირველი ვიდეო მეც მაშინ გამოვაქვეყნე. იუმორისტული იყო: ერთ-ერთი ცნობილი დეოდორანტის სახელწოდება სპეციალურად, არასწორად ვთქვი. რა თქმა უნდა, ადამიანები კრიტიკისთვის ვარსებობთ - ვიცოდი, რომ ასეთი ვიდეო განხილვის თემა გახდებოდა, ამიტომაც გადავიღე, თუმცა ისეთ დიდ გამოხმაურებას არ ველოდი, როგორიც მოჰყვა - ვირუსულად გავრცელდა... მას შემდეგ, რასაც "ტიკტოკზე" ვაქვეყნებდი, "ფორ იუზე" ხვდებოდა. მერე "ფეისბუკზე", სხვადასხვა საიტზე "დებდნენ"....

- ადამიანების ნაწილს მაინც ჰგონია, რომ ვიდეოებში სერიოზულად ლაპარაკობ. ეს ფაქტი თავდაპირველადაც არ გაღელვებდა?

- არა, პირიქით - სიცილით ვკვდებოდი (იცინის). თავდაპირველად ვერც წარმოვიდგენდი, თუ ხალხი ამას დაიჯერებდა და სერიოზულად მიიღებდა. რატომღაც მეგონა, ამ ტიპის იუმორს ყველა მიხვდებოდა. მქონია შემთხვევა, როცა უკითხავთ: - მართლა ასე საუბრობ თუ "ტიკტოკის" გამოო? როცა ვპასუხობ, - "ტიკტოკის" გამო-მეთქი, მეუბნებიან, - ჰო, ასეც ვვარაუდობდითო (იღიმის)...

- "ტიკტოკის" გარდა, შენ შესახებ სხვა სოციალურ ქსელებში რას წერენ, თვალყურს ადევნებ?

- კი, ახლობლები მიგზავნიან ხოლმე, თუმცა კომენტარებს ყურადღებას დიდად არ ვაქცევ. ამდენი დროც არ მაქვს, რომ უამრავი კომენტარი წავიკითხო, მაგრამ რაც მინახავს, უფროსი ასაკის ადამიანები უფრო აგრესიულ რაღაცებს წერენ. ალბათ, ასეთ იუმორს მიუჩვეველნი არიან (იღიმის).

- რეალურ ცხოვრებაშიც ასეთი გაწონასწორებული ადამიანი ხარ?

- კი. უთქვამთ კიდეც, - ალბათ ცუდ ხასიათზე ხარო. არა, უბრალოდ, ასეთი სერიოზული გამომეტყველება მაქვს. დიდად აქტიური პიროვნება არ ვარ.

- მსგავსი კონტენტი, როგორსაც "ტიკტოკზე" ქმნი, გინახავს თუ თავად მოიფიქრე?

- არ მინახავს. რაღაც ვიდეოებს ბავშვობიდან ვიღებდი, თავად მოვიფიქრებდი ხოლმე, რა და როგორ გადამეღო... როცა ტელეფონი არ მქონდა, ჩარჩოს დავიჭერდი ხელში - ვითომ "ტელევიზორში ვიყავი" და გადაცემები მიმყავდა, იუმორისტულ "სკეტჩებს" ვაკეთებდი და ახლობლებს ასე ვამხიარულებდი... მერე, "ტიკტოკმა" უკვე იმის საშუალება მომცა, რომ ჩემი ხუმრობები გამესაჯაროებინა.

- პროფესიით ვინ ხარ?

- ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში მაქვს, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის კურსს სოციალური ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე გავდივარ - სწავლის დასრულებამდე 1 სემესტრიღა დამრჩა.

- ეს პროფესიები რატომ აირჩიე? მით უმეტეს, მსახიობობა ბავშვობიდანვე გიტაცებდა...

- რატომღაც, მსახიობობაზე სერიოზულად არ მიფიქრია - უბრალოდ, ვერთობოდი. ფსიქოლოგია ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ თავის დროზე, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გაუცნობიერებლად ჩავაბარე, შემდეგ კი მივხვდი, რომ "ჩემი" არ იყო.

- შენს ოჯახზეც გვიამბე...

- რუსთავში დავიბადე და გავიზარდე. ამჟამად, მშობლები საზღვარგარეთ არიან. ძმასთან ერთად ვცხოვრობ. სკოლის დამთავრების შემდეგ, ძმაც მუშაობს და ხშირად სახლში მარტო ყოფნა მიწევს. 7 წელია, რაც დედა საზღვარგარეთაა, თუმცა საქართველოში ჩამოსულიც იყო... მშობლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ყველაფერში მხარს მიჭერენ. მათგან სერიოზული წინააღმდეგობა არასდროს არაფერზე შემქმნია.

- მშობლების გამგზავრებას როგორ შეეგუე?

- თავდაპირველად, დედის გარეშე ყოფნა გამიჭირდა. მამა ახლახან გაემგზავრა... თანდათან სიტუაციას შევეგუე, როგორც ხდება ხოლმე. თან, ბევრი ახლობელი (მამიდები, დეიდა...) მყავს, რომლებისგანაც ყველანაირ თანადგომას, ემპათიას, მზრუნველობას ვიღებ. თუ რამე მჭირდება, ყოველთვის ჩემ გვერდით არიან. ბევრი მეგობარი მყავს... უდედოდ ყოფნის გადატანაში მეხმარებიან. თან, ინტერნეტით კონტაქტი მარტივია: დედასთან კომუნიკაცია სულ მაქვს. ალბათ, დღის განმავლობაში, 8 საათი მას ვემესიჯები, ვესაუბრები... იმის განცდა არ მაქვს, რომ მშობლები გვერდით არ მყავს.

- რუსთავში ახალგაზრდები როგორ ცხოვრობთ, როგორ ერთობით?

- უფრო მეტ დროს თბილისში ვატარებ, რადგან აქ ვმუშაობდი, ვსწავლობდი... რუსთავში ჩემთვის განსაკუთრებული გასართობი არაფერია, მეგობრები კაფეში თუ შევალთ ხოლმე, სულ ესაა...

- თავადაც აღნიშნე, უფროსი ასაკის ხალხს ჩემი იუმორის გაგება უჭირსო. შენს ვიდეოებთან დაკავშირებით, დედას როგორი რეაქცია აქვს?

- დედა სულ მეუბნებოდა, - ცუდ კომენტარებს ყურადღება არ მიაქციო. ყველანაირი ხალხი არსებობს, 2 აზრი ყოველთვის იქნებაო. ყველას ვერ მოვეწონები - რა თქმა უნდა, ეს თავადაც ვიცი. იმას ვაკეთებ, რაც მსიამოვნებს, რაც ჩემთვის შემოსავლის წყაროდაც იქცა - ამის თქმა უკვე თამამად შემიძლია.

- "ტიკტოკი" შემოსავლის პირველი წყაროა?

- არა. სხვადასხვა ადგილას მიმუშავია, რა თქმა უნდა. პირველად სასტუმროში ადმინისტრატორად ვმუშაობდი. სარეკლამო აგენტიც ვყოფილვარ. მერე კლინიკაში მენეჯერი გახლდით. კლინიკიდან წამოსვლის შემდეგ, სერიალში მონაწილეობის შესახებ შემოთავაზება მივიღე. ზაფხულში არსად მიმუშავია. ვფიქრობდი, ჩემი პროფესიით რამე სამსახურს მოვძებნი-მეთქი, მაგრამ ჯერჯერობით, ეს საკითხი გადავდე (იღიმის).

- სერიალში მონაწილეობის შესახებ შეთავაზებას ელოდი?

- სიმართლე გითხრათ, სერიალში მონაწილეობაზე სულ ვოცნებობდი. ამის შესახებ ხმამაღლა არასოდეს მითქვამს, მაგრამ შემოთავაზებამდე 2 კვირით ადრე, მეგობარს ვეუბნებოდი, - ნეტავ, სერიალში თამაში შემომთავაზონ-მეთქი. არ ვიცი, გულმა მიგრძნო თუ რა მოხდა: 2 კვირის შემდეგ, "კომედი ჯგუფიდან" დამიკავშირდნენ და სერიალში - "ერთჯერადი სიყვარული" მონაწილეობა შემომთავაზეს... ამას ვერ წარმოვიდგენდი - უბრალოდ, ოცნებად მქონდა. თურმე, ოცნებები ხდება, გარკვეული დოზით...

- სერიალში მონაწილეობას დაუფიქრებლად დათანხმდი?

- როლს გავეცანი. პირველ რიგში, მაინტერესებდა, რა ტიპის სერიალი იქნებოდა. ამის მიხედვით გავიაზრე, რა გადაწყვეტილება უნდა მიმეღო.

- სერიალში შენს გმირზე რას გვეტყვი?

- ჯერ ბევრი მეც არაფერი ვიცი, თუმცა გეტყვით, რომ სერიალი 2 ჩამოუყალიბებელი პიროვნების შესახებაა: არ იციან, რატომ დაოჯახდნენ, ხშირი კონფლიქტი და აზრთა სხვადასხვაობა აქვთ... სცენარი წინასწარ არ ვიცი, თანდათან ყველანი გავიგებთ...

- ისეთი სამუშაო აღმოჩნდა, როგორიც წარმოგედგინა?

- ეს საქმე მსიამოვნებს, თავს კომფორტულად ვგრძნობ. ასეთ სამსახურს ვისურვებდი (იცინის).

- კიდევ რა გიტაცებს?

- წინათ პორტრეტების ხატვით ვიყავი გატაცებული. მეუბნებოდნენ, რომ კარგად გამომდიოდა. ხატვა ცუდ ხასიათზე მყოფსაც მსიამოვნებდა, მამშვიდებდა... დედა ხატავს და ალბათ, ეს უნარი მისგან გამომყვა. გარკვეული პერიოდის მერე, თითქოს მუზა დავკარგე. დაახლოებით 4 წლის განმავლობაში აღარ ვხატავდი, მაგრამ ბოლო დროს თითქოს ხატვა ისევ მომინდა... ასევე, ყოფილი მოცურავე ვარ: 7 წელი ცურვაზე ვიარე, მაგრამ მერე, სწავლის გამო თავი დავანებე. მახსოვს, სკოლის მოსწავლეობის პერიოდში, ცურვაში ერთ-ერთ ადგილობრივ შეჯიბრებაზე პირველი ადგილიც დავიკავე. ეს ჩემი პირველი გამარჯვება, სიხარული და წარმატება იყო...

- "ტიკტოკზე" გარეგნობასთან დაკავშირებით გეკითხებიან ხოლმე, - რა გაქვს "გაკეთებულიო"?..

- მხოლოდ ცხვირი მაქვს "გაკეთებული". თმას ვიღებავდი. ახლა ბუნებრივ ფერს ვიბრუნებ. ტუჩზე "ფილერი" მქონდა, მაგრამ პროცედურიდან უკვე 1 წელია გასული...

- როცა უცნობი ადამიანები საჯარო ადგილებში გხვდებიან, როგორი რეაქცია აქვთ?

- არ მქონია შემთხვევა, ვინმესგან უარყოფითი დამოკიდებულება მეგრძნო. ხშირად პატარები მოდიან და ჩემთან ერთად სელფებს, ვიდეოებს იღებენ (იღიმის). მეც ბედნიერი ვარ, რომ უცნობ ადამიანებს გარკვეულ დონეზე ვუყვარვარ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"