"კომპარტია, წადი", "სი ძინპინ, წადი!, "სი ძინპინ, გადადექი" - მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტები ჩინეთში - კვირის პალიტრა

"კომპარტია, წადი", "სი ძინპინ, წადი!, "სი ძინპინ, გადადექი" - მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტები ჩინეთში

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სის" (BBC news) რუსულენოვანი სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "სი ძინპინ, წადი!" - მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტები ჩინეთში", სადაც ბოლო დღეებში კომუნისტური ჩინეთის მიმდინარე მოვლენებია მიმოხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჩინეთში ძლიერდება პროტესტი ხელისუფლების მიერ დაწესებული მკაცრი ანტიკოვიდური ზომების მიმართ, რომლებიც თანდათანობით ანტისამთავრობოში გადადის - მიტინგების მონაწილეები პოლიტიკურ მოთხოვნებსაც აყენებენ. ყველაფერი კი 26 ნოემბერს ურუმჩში მომხდარი ფაქტით დაიწყო.

უიღურები "ნულოვანი კოვიდის" წინააღმდეგ

როგორც ცნობილია, ოფიციალური პეკინი "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ სპეციფიკურ ბრძოლას ითვალისწინებს: იმ დროს, როცა მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად ვაქცინაცია აირჩია და იმავდროულად, კოვიდთან "თანაცხოვრებას ეგუება", ჩინეთმა ფსონი მკაცრ ზომებზე დადო - კოვიდის ყოველ აფეთქებას მკაცრი შეზღუდვებით პასუხობს, ერთი და ორი გამოვლენილი ფაქტის გამოც კი მთელ ქალაქებს ლოქდაუნში "გზავნის" - მოსახლეობას ბინებიდან გარეთ არ უშვებს, მოძრაობა და თავისუფლად გადაადგილება სასტიკად შეზღუდულია.

სინძიან-უიღურის ავტონომიური რაიონის დედაქალაქი ურუმჩი ლოქდაუნში აგვისტოს დასაწყისიდან იმყოფება. შესაბამისად, როცა ქალაქის მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ხანძარი დაიწყო, მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლა აუკრძალეს, მაგრამ მათ მაინც მოახერხეს კორპუსებიდან გამოსვლა და სტიქიური მიტინგი მოაწყეს - ხანძრის დროს ადამიანები დაიღუპნენ და ეს ხელისუფლების მიერ შემოღებული მკაცრი ანტიკოვიდური წესების ბრალია, მცხოვრებლებმა თავის შველა ვერ მოახერხესო.

სხვათა შორის, ურუმჩის ხელისუფლებამ თავი იმართლა, კოვიდური შეზღუდვები ბინების მცხოვრებლებს ხელს არ უშლიდაო და უჩვეულო ნაბიჯიც კი გადადგა - ბოდიში მოიხადა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ყველას დასჯიდა, ვინც თავისი ვალი არ მოიხადა მოსახლეობის დასახმარებლად.

ურუმჩის ამბების შესახებ ინფორმაციები ინტერნეტით გავრცელდა, მაგრამ რადგანაც პეკინი ინტერნეტს მკაცრად აკონტროლებს, მასალები სოციალურ ქსელებში წაიშალა.

არაეფექტიანი ლოქდაუნი

ჩინეთში პროტესტები იშვიათად ხდება, თუმცა ბოლო დროს პეკინის ანტიკოვიდური პოლიტიკის მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება. "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკა არაეფექტიანად მუშაობს - გასულ ხუთშაბათს, მაგალითად, ჩინეთში 31 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მიმდინარე წლის აბსოლუტურ რეკორდს წარმოადგენს - უფრო მეტს, ვიდრე ეს აპრილში იყო, როცა ხელისუფლებამ შანხაი - 25-მილიონიანი ქალაქი, აბსოლუტურად დახურა და კარანტინი გამოაცხადა.

ამჟამად კორონავირუსის აფეთქებები 31 პროვინციაშია დაფიქსირებული, რომელთა ტერიტორიებზე უდიდესი მეგაპოლისები მდებარეობენ, მათ შორის - პეკინი (22 მილიონზე მეტი მცხოვრებით) და გუანჯოუ, მსხვილი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი ჩინეთის სამხრეთში, 18 მილიონი მცხოვრებით...

რასაკვირველია, ამ მხრივ სინძიან-უიღურის ავტონომიური რეგიონი ჩინეთში სხვებისაგან გამორჩეულია - იქ უიღურები ცხოვრობენ, რომელთა უმეტესობა მუსლიმანია. პეკინი მკაცრად ეპყრობა ისლამური რელიგიის მიმდევრებს და მათ უფლებებს არღვევს, რაც გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისრის სამმართველოს მიერ მომზადებული მოხსენებითაც დასტურდება. რასაკვირველია, პეკინმა გაეროს მოხსენებას დასავლეთის ანტიჩინური ძალების მიერ "შეთითხნილი ფარსი" უწოდა, რომელიც სავსეა დეზინფორმაციით და სიცრუით.

სი ძიპინის კრიტიკა? - ეს უჩვეულოა ჩინეთისათვის

ურუმჩის ამბებმა ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში ჰპოვა გამოძახილი - მიტინგები მოეწყო შანხაიში, სადაც მოსახლეობა ღიად გაჰყვიროდა ლოზუნგებს - "კომპარტია, წადი", "სი ძინპინ, წადი!, "სი ძინპინ, გადადექი". "ბი-ბი-სის" კორესპონდენტი შანხაიში საკუთარი თვალით ხედავდა, თუ როგორ ტენიდნენ აქციის მონაწილეებს პოლიციის ავტომობილებში. ერთ-ერთი აქციის მონაწილის თქმით, ასეთი მასშტაბური საპროტესტო აქცია შანხაიში პირველად ჩატარდა. პეკინში და ნანკინში აქციები უნივერსიტეტების სტუდენტებმა მოაწყეს.

ჩინეთისათვის მსგავსი ლოზუნგები ძალიან უჩვეულოა: "ცისქვეშეთში" (ასეც უწოდებენ ჩინელები საკუთარ ქვეყანას) მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურის ყოველგვარი კრიტიკა, როგორც წესი, კრიტიკოსისთვის სამწუხაროდ მთავრდება ხოლმე.

მაგრამ ანალიტიკოსები თვლიან, რომ ჩინეთის მთავრობამ, როგორც ჩანს, ამჯერად სწორად ვერ შეაფასა მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილება "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკის მიმართ, რომლის განხორციელება პირადად სი ძინპინს უკავშირდება, რომელმაც ამას წინათ ჩატარებულ კომპარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ იმავე კურსს გააგრძელებს.

არადა, მილიონობით ადამიანი უკვე დაიღალა სამწლიანი მკაცრი შეზღუდვებით და ყოველდღიური შემოწმებებით. უკმაყოფილებამ მოიცვა ჩინეთის თითქმის ყველა კუთხე - მსხვილი ქალაქებით დაწყებული და შორეული მხარეებით დამთავრებული - ისეთები, როგორიცაა სინძიან-უიღურის და ტიბეტის ავტონომიური რაიონები და საზოგადოების ყველა ფენა გააერთიანა, უნივერსიტეტების სტუდენტების, კომპანიების მუშა-მოსამსახურეებისა და რიგითი მოქალაქეების ჩათვლით. ამ შაბათ-კვირის პროტესტები კი წინა აქციებისგან ძალიან გამოირჩევა მონაწილეთა რაოდენობით და პირადად სი ძინპინის კრიტიკით.

ზოგიერთი მომიტინგე ქუჩაში ჩინეთის დროშებითაც გამოვიდა და ეროვნულ ჰიმნს მღეროდა. სხვათა შორის, ჰიმნში არის ისეთი სიტყვები, რომლებიც ჩინელ ხალხს რევოლუციური გამოსვლებისაკენ მოუწოდებს - "აღდექ, ვისაც მონობა აღარ გსურს... დადგა დრო ბრძოლის!".

დღემდე წარმოუდგენელი იყო, რომ ჩინეთის ქალაქებში ამდენი ხალხი შეგროვდებოდა და სი ძინპინს გადადგომისაკენ მოუწოდებდა. თუმცა 22 ოქტომბრის შემდეგ, როცა პეკინის მთავარ ხიდზე დიდი ტრანსპარანტი გამოჰკიდეს მოწოდებით - "გამოვაცხადოთ გაფიცვები, დავამხოთ მოღალატე სი ძინპინი! ჩვენ თავისუფლება გვინდა!", როგორც ჩანს, მოსახლეობას რეჟიმის მიმართ შიშის სინდრომი შეუსუსტდა", - წერს ტესა ვონგი, გამოცემა Asia Digital-ის რეპორტიორი.