ჩვენმა შტურმანებმა ნელ-ნელა გამოაძვრინეს ქვები, დაბლა დააწყვეს, გადაძვრნენ და შიგნიდან გაგვიღეს კარი - კვირის პალიტრა

ჩვენმა შტურმანებმა ნელ-ნელა გამოაძვრინეს ქვები, დაბლა დააწყვეს, გადაძვრნენ და შიგნიდან გაგვიღეს კარი

იხილეთ დასაწყისი - ალექსი კომნენოსის "ოჯახი" და სამეფოს სტუმარი მომავლიდან

ლაზეთში ყოფნის მეორე დღეც საკმაოდ დატვირთული გამოგვივიდა, თუმცა ამას არც ერთი ჩვენგანი არ დაუბრკოლებია (ჩვენ ხომ დაუღლელი მოგზაურები ვართ და მინიმალურ დროში მაქსიმალურის სანახავად თავს არ ვზოგავთ!). ქალთა მონასტრიდან თამთა ჭანტურიამ ტრაპიზონის მახლობლად, ბოზთეფეს ბორცვის თავზე, ქართველი ტურისტებისთვის ნაკლებად ნაცნობი ადგილისკენ - კაიმაკლის მონასტრისკენ (Kaymaklı Monastery) წაგვიყვანა. მიხვეულ-მოხვეული გზებით ტრაპიზონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, საკმაოდ მაღლა ავედით. 3 კილომეტრში უკვე ვიყავით მონასტერთან, რომლის ეზოდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა - დეგირმენდერეს ველი და უძველესი მდინარე პიქსიტი, რომლის გასწვრივ გადის მთავარი სავაჭრო გზა აღმოსავლეთ ანატოლიასა და მის ფარგლებს გარეთ. მონასტერი მოსწორებულ ადგილას იდგა და ერთი ეკლესის, სამლოცველოსა და სხვა ნაგებობების ნანგრევებს მოიცავდა. ადგილი დასახლებული იყო, სოფელს ჰგავდა.

2-1669622323.(12).jpg

კაიმაკლი სომხური სამოციქულო მონასტერი აღმოჩნდა, ყოვლისმხსნელი მაცხოვრის სახელზე აშენებული. მას, თურმე, "მწვანე მონასტერს" უწოდებდნენ. ერთ დროს აქ ყოფილა სიმწვანეში ჩაფლული ეკლესია, სამრეკლო და პატარა სამლოცველო. მონასტრის დაარსებისა და წარმოშობის ზუსტი თარიღი უცნობია. ინტერნეტში მოძიებული მასალების მიხედვით, ღვთისმსახურები აქ, სულ მცირე, XV ს-დან და, შესაძლოა, XI ს-დანაც იმყოფებოდნენ. 1461 წელს მონასტერი თურქებს გაუძარცვავთ და გაუნადგურებიათ. XVI საუკუნეში აღდგენილი მონასტერი სომხური ხელნაწერების გადამწერთა ცენტრად გადაქცეულა.

3-1669622346.(11).jpg

ამბობენ, რომ ოსმალეთის სულთანი მურად III მონასტერში მხოლოდ რძის პროდუქტს მიირთმევდა. მან თავის მიწაზე შემოიმტკიცა მონასტერი და ამ ამბის აღსანიშნავად აქაურობას "თურქული კაიმაკლი" უწოდა. კომპლექსის უძველესი ნაგებობაა პატარა სამლოცველო, რომელიც იქვე, აღმოსავლეთით მდებარეობს. კარის ზემოთ არსებული წარწერის მიხედვით, იგი 1424 წელს აუგია უფლისწულ ჰოჯა სტეფანოს შემსედლის.

43-1669622366.jpg

მთავარი ეკლესიის დაარსების თარიღი უცნობია, მაგრამ ითვლება, რომ აგებულია მე-12-13 საუკუნის ბერძნული ეკლესიის შემორჩენილ ნაწილებზე. მთავარი ეკლესიის თავდაპირველი სახურავი ხისგან ყოფილა გაკეთებული და 1929 წლისთვის ჩამოვარდნილა. 1961 წელს დაუმონტაჟებიათ ახალი ხის სახურავი, ეკლესიას კი უკვე ბეღლად იყენებდნენ. სახურავი კიდევ ერთხელ ჩამოქცეულა, 2000-იანი წლების ბოლოს, სტიქიამ დაუზიანებია. ამჟამად ეკლესიას აქვს ლითონის სახურავი.

52-1669622397.jpg

62-1669622430.jpg

მთავარ ეკლესიაში შესასვლელად მოსახლეობას გასაღები ვთხოვეთ, მაგრამ ვისაც გასაღები ებარა, მაინცდამაინც ის კაცი არ აღმოჩნდა შინ. ამხელა გზა ტყუილად ხომ არ ავიარეთ, უკან მთავარი ეკლესიის უნახავად რომ წამოვსულიყავით?! ამიტომ ჯანომ და თამთამ ნაცად ხერხს მიმართეს - ეკლესიის დასავლეთ კედელზე დიდი ქვა იყო ამოღებული და შედარებით პატარ-პატარა ქვებით შეევსოთ. ჩვენმა შტურმანებმა ნელ-ნელა გამოაძვრინეს ქვები, დაბლა დააწყვეს, გადაძვრნენ და შიგნიდან გაგვიღეს კარი. ასე აღმოვჩნდით ფრესკებით მოხატულ ეკლესიაში.

72-1669622469.jpg

81-1669622495.jpg

92-1669622528.jpg

ეკლესია, სავარაუდოდ, XVII-XVIII საუკუნეებშია მოხატული და დამშვენებულია სხვადასხვა, ბიბლიური ეპიზოდის ამსახველი ფრესკით. დასავლეთის კედელზე არის დიდი ფრესკა, რომელიც უკანასკნელ სამსჯავროს ასახავს.

102-1669622556.jpg

1915 წელს მონასტერში ღვთისმსახურება შემწყდარა და იგი სომხების გენოციდის დროს სირიაში დეპორტირებული სომხების სატრანზიტო ბანაკად გამოიყენებოდა. რუსეთის მიერ ტრაპიზონის აღების შემდეგ, სომეხი ბერები მონასტერს დაბრუნებიან და იქ იყვნენ პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე, სავარაუდოდ, 1923 წლამდე.

ამჟამად კაიმაკლის მონასტერს თურქეთის სახელმწიფო იცავს, მცირედი რესტავრაციაც ჩაუტარებიათ და მისი მონახულება ყველას შეუძლია.

20220806-191007-1669622591.jpg

(გაგრძელება იქნება)