უკრაინაში ისეთი რუსული რაკეტაც ჩავარდა, რომლიდანაც ბირთვული ქობინი ახალი ამოღებული იყო... - კვირის პალიტრა

უკრაინაში ისეთი რუსული რაკეტაც ჩავარდა, რომლიდანაც ბირთვული ქობინი ახალი ამოღებული იყო...

მსოფლიო ომების ისტორიაში ყველაზე მასობრივი სარაკეტო დარტყმების სერიას რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინის ენერგეტიკული ობიექტებისა და ქალაქების წინააღმდეგ, რისთვისაც "ხმელეთი-ხმელეთი", "ჰაერი-ხმელეთი", "ხომალდი-ხმელეთი" და "წყალქვეშა ნავი-ხმელეთი" კლასის რამდენიმე ტიპის ("ისკანდერი", "კინჟალი", "კალიბრი", "ბასტიონი", Х-22, Х-32, Х-555, Х-101) ბალისტიკურ, აერობალისტიკურ და ფრთოსან რაკეტას იყენებს.

უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის უმოწყალოდ დაბომბვისთვის გამოყენებული ყველა ტიპის რუსულ/საბჭოთა წარმოების რაკეტას რამდენიმე სახის საბრძოლო ქობინის გადატანა შეუძლია, მათ შორის - ჩვეულებრივი (მსხვრევად-ფუგასური, ცეცხლგამჩენი, კასეტური), ისე მასობრივი განადგურების - ქიმიური, ბიოლოგიური და, რა თქმა უნდა - ბირთვულიც.

გარედან, ვიზუალურად, იმის გამოცნობა, თუ რომელი კონკრეტული ტიპის საბრძოლო ქობინი უყენია რაკეტას, ძალიან რთულია, თუმცა რაკეტის შიგნით ჩვეულებრივის ბირთვული ქობინით ჩანაცვლება ტექნოლოგიურად რთული პროცესია, რადგან ბირთვულ მუხტს სპეციალური პირობების შექმნა სჭირდება (მუდმივი ტემპერატურა, ტენიანობა), რაც გამორიცხავს ფრთოსანი რაკეტის ქობინიდან ბირთვული მუხტის ამოღებას და მის მარტივად ჩანაცვლებას ტროტილისა და ჰექსოგენის შემცველი მუხტით.

წარმოიდგინეთ, ჯერ რა შიშს ჭამდნენ, შემდეგ კი - როგორ გაოცდებოდნენ ის უკრაინელი სამხედრო სპეციალისტები, რომლებმაც 17 ნოემბერს კიევთან ჩამოგდებული ორი რუსული ფრთოსანი რაკეტიდან ერთ-ერთში, არც მეტი და არც ნაკლები... ბირთვული ქობინის გადამტანი, საბჭოთა წარმოების "ჰაერი-ხმელეთის" კლასის Х-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტა ამოიცნეს!

ამერიკული ფრთოსანი "ტომაჰავკების" საპირწონედ, 1980-იან წლებში, საბჭოთა კავშირში შექმნილი Х-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტა რაკეტმზიდი-ბომბდამშენი თვითმფრინავებიდან გასაშვებად იყო გამიზნული და მას მაქსიმალურ, 2 500 კმ სიშორეზე 200 კილოტონა ტროტილის სიმძლავრის ბირთვული მუხტის გადატანა შეეძლო.

ჩამოგდებული, მაგრამ აუფეთქებელი რუსული ფრთოსანი რაკეტის ცხვირის ნაკვეთურის ფრაგმენტების ფრთხილად დათვალიერების შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა მშვიდად ამოისუნთქეს - კიევისთვის დამიზნებულ რუსულ რაკეტაზე, საბედნიეროდ, არ ეყენა ბირთვული ქობინი და მის ადგილს იმავე მასისა და გაბარიტების (რომ არ დარღვეულიყო ფრთოსანი რაკეტის წონასწორობა ფრენის დროს) მაკეტი იკავებდა...

2-1669621962.jpg
კიევთან ჩამოგდებული რუსული Х-55-ის ქობინის ფრაგმენტი, რომელიც ბირთვული მუხტის მაკეტი აღმოჩნდა...

რაში დასჭირდათ რუსებს სტრატეგიული ბირთვული ძალების არსენალიდან სწორედ ამ ტიპის ფრთოსანი რაკეტის გამოყენება და - მისი გაშვების წინ ბირთვული ქობინის ამოღებით?

აქ შეიძლება რამდენიმე ვერსია განიხილებოდეს...

პირველი - რუს გენერლებს კრემლიდან ჰქონდათ მორიგი გეგმა, რომ 17 ნოემბერს, ყოველი მიზეზის გარეშე, უკრაინისკენ უნდა გაეშვათ კონკრეტული რაოდენობის ფრთოსანი რაკეტები და რუსი სამხედროები იძულებულნი გახდნენ, გამართული ჩვეულებრივქობინიანი ფრთოსანი რაკეტების სიმცირის გამო, ისეთი რაკეტაც გაეშვათ, რომელიც მხოლოდ ბირთვული ქობინის გადამტანია...

მეორე - ეს იყო კრემლის ერთგვარი წინასწარგანზრახული მინიშნება კიევისადმი - სხვა დროს რაკეტაში ბირთვული ქობინის ჩადებაც "არ დაგვავიწყდებაო"...

ისე კი, უკრაინელებს უკან უბრუნდებათ მათივე ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს გადადგმული საბედისწერო ნაბიჯების მძიმე შედეგები...

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,1992 წლისთვის, დამოუკიდებლობა გამოცხადებული უკრაინის ტერიტორიაზე რჩებოდა Х-55 და მოდერნიზებული Х-55СМ ტიპის 1 068 რაკეტა.

2000 წელს უკრაინის მაშინდელმა ხელისუფლებამ, 285 მლნ დოლარიანი გაზის ვალის ჩამოჭრის სანაცვლოდ, რუსეთს გადასცა 575 ასეთი ფრთოსანი რაკეტა და მათი გამშვები 11 სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-95МС (3 ერთეული) და Ту-160 (8 ერთეული), რომლებსაც დღეს კრემლი უკრაინის ქალაქების სარაკეტო დარტყმებისთვის იყენებს...