"დღეს თუ მარიხუანას რეკლამაში მივიღე მონაწილეობა, ხვალ შეიძლება, მკვლელის ან სამართალდამცველის როლი მოვირგო, თუ რომელიმე ცნობილი რეჟისორი შემომთავაზებს" - კვირის პალიტრა

"დღეს თუ მარიხუანას რეკლამაში მივიღე მონაწილეობა, ხვალ შეიძლება, მკვლელის ან სამართალდამცველის როლი მოვირგო, თუ რომელიმე ცნობილი რეჟისორი შემომთავაზებს"

მერსი სულხანიშვილმა ფართო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა თავი, ამჯერად - რეალითი შოუში მონაწილეობით. რა მიზანი ჰქონდა და როგორ გრძნობს თავს პროექტის დატოვების შემდეგ, ამაზე მერსი თავად გვესაუბრა და იმ რამდენიმე საკითხზეც ილაპარაკა, რაც საზოგადოების ინტერესს იწვევს...

- პროექტის დატოვების შემდეგ არაჩვეულებრივ განწყობაზე ვარ. მადლობელი ვარ, რომ საშუალება მომეცა, მაყურებელს სულ სხვანაირი მერსი გაეცნო - ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ: თავდაჯერებული, შეუპოვარი, სამართლიანი... ვფიქრობ, დღევანდელ სატელევიზიო სივრცეში "პრაიმ ჰაუსი" საუკეთესო შოუა, რომლის მონაწილეები ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანების სახეები არიან. სამწუხაროა, როცა მაყურებელს ჰგონია რომ ეს უბრალოდ თამაშია. ეს არის რეალითი შოუ, სადაც პროექტში მონაწილე 24/7-ზე კამერების ქვეშ იმყოფება და ზუსტად ისეთია, როგორიც - სინამდვილეში. როდესაც პროექტის მონაწილეები საკუთარ "მეს" გამოავლენენ ხოლმე, მერე უბრალოდ, ცდილობენ, თავი გაიმართლონ - თითქოს თამაშობენ და სინამდვილეში სულ სხვანაირი ადამიანები არიან... ყოველთვის ვამბობ, - პროფესიის არჩევისას არ შევმცდარვარ (მოგეხსენებათ, ჟურნალისტი ვარ). შოუში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ პირველ რიგში, მაყურებელი მომენატრა. ახლა მათგან ყოველდღიურად უამრავ წერილს ვიღებ. თითოეული ადამიანისგან გულთბილ დამოკიდებულებას ვგრძნობ, რისთვისაც მადლიერი ვარ.

- შენი "ინსტაგრამ" გვერდის გაუქმებასთან დაკავშირებული გაუგებრობისას აღნიშნე, რომ ამჟამად, სოციალური ქსელი შენი შემოსავლის ერთადერთი წყაროა...

- დიახ, გარდა იმისა, რომ სოციალური ქსელი ჩემს ძვირფას გამომწერებთან კომუნიკაციის საშუალებაა, ის ჩემთვის შემოსავლის მთავარი წყაროა. ჩემთვის გასაგებია იმ ადამიანებისგან აგდებული დამოკიდებულება, ვისაც სოციალური ქსელი მაგალითად, ლამაზი ფოტოების განთავსების საშუალებად მიაჩნია, თუმცა "ინფლუენსერების" გულგრილი დამოკიდებულება გასაკვირი და გულდასაწყვეტია... საბედნიეროდ, პროფესიონალების დახმარებით, ყველაფერი კარგად დამთავრდა.

- რის რეკლამირებას არ დათანხმდები არასდროს?

- იმ ბრენდის, რომლის ღირებულებებიც ჩემსას არ ემთხვევა. როდესაც რეკლამას ვაკეთებ, ხშირად იმ ბრენდის ამბასადორი ვარ ანუ მის პროდუქციას თავადაც მოვიხმარ. შესაბამისად, საზოგადოებას იმ პროდუქტს არც ვთავაზობ, რომელიც თავად არ გამომადგება. სოციალურ მედიაში, პროდუქტი, რომელსაც ადამიანი რეკლამირებას უკეთებ, შენზეა მორგებული. სარეკლამო კამპანიას რაც შეეხება, ამ შემთხვევაშიც კი, შენთან "ახლოს" უნდა იყოს ის, რასაც "არეკლამებ".

- მარიხუანას რეკლამირებას რატომ დათანხმდი?

- მარიხუანა მცენარეა, რომელიც კოსმეტიკურ საშუალებებშიც გამოიყენება, საკვებადაც... ასევე, შეიძლება გვქონდეს, როგორც დეკორატიული მცენარე - ძალიან ლამაზია. მარიხუანას ეთერზეთი როგორი ფასეულია, ყველას კარგად მოეხსენება... ასე რომ, ჩვეულებრივად, წარმატებული კომპანია დამიკავშირდა, სარეკლამო რგოლში მონაწილეობა შემომთავაზა და დავთანხმდი, რადგან საერთოდ ხშირად ვმონაწილეობ ფილმებშიც, სერიალებშიც, რეკლამებშიც... სასიყვარულო სცენები ფილმებსა და სერიალებშიც არის. რეალურ ცხოვრებაში, ადამიანები სექსით კავდებიან, არა (იღიმის)? ამ სარეკლამო რგოლში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა: რეალური ამბავია ასახული, რომელიც დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს გადახდენია თავს. მსახიობის ამპლუა ჩემთვის უკვე დამატებითი პროფესიული საქმიანობაა. დღეს თუ მარიხუანას რეკლამაში მივიღე მონაწილეობა, ხვალ შეიძლება, მკვლელის, სამართალდამცველის ან ნებისმიერი პერსონაჟის როლი მოვირგო, თუ რომელიმე ცნობილი რეჟისორი შემომთავაზებს... ამ თემაში განსაკუთრებული რა იყო, ვერ ვხვდები.

mersi-1669627750.jpg

- მერსი, ერთ-ერთ გადაცემაში, ჭარბი წონის გამო ადამიანის ბულინგში გადანაშაულებდნენ და საზოგადოების ნაწილი შენ მიმართ უარყოფითად განეწყო. შეძელი საზოგადოებისთვის ხმის მიწვდენა - რა მოხდა სინამდვილეში? თუ იმ ამბის გამო, ნეგატიურ დამოკიდებულებას დღესაც გრძნობ?

- ეს მონტაჟისას, ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომის შედეგი იყო. ტელეკომპანიის მენეჯმენტის სიმართლის მხარეს დგომის გარეშე, მარტო ვერაფერს გავხდებოდი, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. მძიმე დღეები გამოვიარე. მარტივად რომ აგიხსნათ, ასეთი სიტუაცია შეიქმნა: "ადამიანი სხვამ მოკლა, მაგრამ მაბრალებდნენ". სინამდვილეში, იმ ქალბატონმა, ვის ბულინგშიც მადანაშაულებდნენ, ჟურნალისტის მიერ ნათქვამი სიტყვების შედეგად დატოვა სტუდია, ჩემ მიერ ნათქვამი ფრაზა კი მხოლოდ მოტივაციის ამაღლებას ემსახურებოდა, რადგან საერთოდ, ყველას ამას ვეუბნები, - მთავარია, საკუთარი თავი თავად მოგწონდეთ. მნიშვნელობა არ აქვს, სხვები როგორ გხედავენ-მეთქი. ზოგადად, ჩვენი თავის სიყვარული უმთავრესია. ჩემ მიერ ნათქვამი ფრაზები - "თქვენი თავი თავად მოგწონთ? მთავარი ეს არის, რომ საკუთარი თავი მოგწონდეთ, გიყვარდეთ. მნიშვნელობა არ აქვს, სხვები როგორ გხედავენ და რას გეუბნებიან" - მონტაჟით სხვაგვარად გამოიყენეს, ფაბრიკაცია იყო. იმ ჟურნალისტმა ერთი სიტყვაც კი არ თქვა, თუ რა მოხდა რეალურად, მაგრამ ამ ამბავში ყველაზე მტკივნეული და ორმაგად საშინელი ის იყო, რომ როდესაც ქალბატონ გვანცას (ფოტოგრაფს, ვის ბულინგშიც საზოგადოება ბრალს მდებდა) დავუკავშირდი, მან ასეთი პასუხი გამცა: მე რა გიყო? ხალხს ისეთი რეაქცია ჰქონდა, გადაცემა როგორც დაამონტაჟესო. ესაა ჩვენი დროის ტრაგედიის ნათელი მაგალითი, როცა ვივიწყებთ მთავარს: უპირველს ყოვლისა, ადამიანურები უნდა ვიყოთ...

- წარმოიდგინე, რომ არავინ გიცნობს. საზოგადოებისთვის სრულიად უცნობია დღეს რა ნაბიჯებს გადადგამდი პოპულარობის მისაღწევად?

- ჩემთვის პოპულარობა პროფესია არ არის. არსებობს პროფესიები, რომლებიც საზოგადოებისთვის საჯაროს გვხდის. მიზანმიმართულად პოპულარობისთვის არაფერი გამიკეთებია. მიმაჩნია, რომ ჩემი, ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვის საჯაროობა ჩემმა პროფესიამ "მოიტანა".

- რა არ იცის საზოგადოებამ შენ შესახებ და გინდა, რომ იცოდეს?

- როცა საზოგადოება უკვე შემდგარ, წარმატებულ ადამიანს ხედავს, სამწუხაროდ, არასდროს უფიქრდება, ამ ყველაფრის უკან რამხელა შრომას "ვდებთ"... მინდა, ყველას შრომა დაფასდეს.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"