"ძალიან ვღელავ, იმიტომ, რომ მე, დღეს დილით ჩემი შვილი ვნახე..." - რას აცხადებს გიული ალასანია - კვირის პალიტრა

"ძალიან ვღელავ, იმიტომ, რომ მე, დღეს დილით ჩემი შვილი ვნახე..." - რას აცხადებს გიული ალასანია

ძალიან ვღელავ, იმიტომ, რომ მე, დღეს დილით ჩემი შვილი ვნახე და ჩვეულებრივად იყო, ანუ ცუდად და სუსტად, გადასხსმა უკეთდებოდა. სასამართლოში მისასვლელად იყო განწყობილი, მისვლას აპირებდა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადადებაზე ისაუბრა.

„აქ, ხალხი დაგვხვდა, რადგანაც დარწმუნებულები იყვნენ, რომ სხდომა გაიმართებოდა. მართალია, ცოტა დაგვიანებით დაიწყო პროცესი, მაგრამ მოსამართლემ შეგვატყობინა, რომ პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო, მაგრამ მიზეზს ვერ ვიგებ, ამიტომ ვღელავ. ახლა, ვფიქრობ, ისე ცუდად ხომ არ გახდა, რომ უკვე მისი ტრანსპორტირებაც ვერ მოხდა", - განაცხადა გიული ალასანიამ.

მისი თქმით, სასამართლოდან კლინიკაში მისვლას და შვილის ნახვას აპირებს.

„მისი მდგომარეობა რომ მძიმეა, ეს დიდი ხანია ვიცით. მე ყოველდღე ვნახულობ, მაგრამ დღეს, თითქოს განწყობილი იყო ადამიანი მოსასვლელად და ახლა ვიგებ, რომ ვერ მოვიდა. რატომ ვერ მოვიდა, არ ვიცი და ვღელავ. არაფერი ვიცი", - განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, დღეს დილით ექიმს პირადად არ გასაუბრებია, ნახა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, რის მერე სასამართლოში წავიდა.

“მე ვნახე მხოლოდ ჩემი შვილი, ჩემთვის ეს საკმარისი იყო და წამოვედი. დღეს დილით, არცერთი ექიმი არ მინახავს”. განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომას სააკაშვილი არ დასწრებია.

სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებულის არდასწრების მიზეზი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილია ცნობა, რომლის მიხედვით, ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

IPN