"ზელენსკი კლიჩკოს წინააღმდეგ" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს პრეზიდენტი და კიევის მერი - კვირის პალიტრა

"ზელენსკი კლიჩკოს წინააღმდეგ" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს პრეზიდენტი და კიევის მერი

"ცხრა თვეა, უკრაინა რუსეთის არმიის შეტევებს იგერიებს. უკრაინელთა განწყობა და სიმტკიცე შეუპოვარია, მაგრამ ლიდერებს შორის არსებული შიდაპოლიტიკური უთანხმოება დროდადრო თავს არ მალავს: ამას წინათ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს შორის გარკვეული დაპირისპირება გამოვლინდა", - იუწყება გერმანული გაზეთი "ტაგესცაიტუნგი" (Die Tageszeitung) სტატიაში სათაურით - "კიევში მყიფე მშვიდობაა: ზელენსკი კლიჩკოს წინააღმდეგ".

"უკრაინაში რუსეთის ჯარების შეყვანის შემდეგ ქვეყნის ხელმძღვანელობაში სრული ერთსულოვნება და თანხმობა სუფევდა. ეს ბუნებრივია: სანამ "კრემლის შეფის" - ვლადიმერ პუტინის არმია ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება და ოკუპირებული აქვს, შიდაპოლიტიკური უთანხმოება გვერდზე უნდა იქნეს გადადებული და წარსულში დარჩეს. ცხრა თვე ასეც იყო, მაგრამ ამ ორიოდე დღის წინ კონსენსუსი დაირღვა, თანაც - უშუალოდ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ: ყოფილმა მსახიობმა საჯაროდ გააკრიტიკა ყოფილი მოკრივე, კიევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო, რომელსაც გერმანიაში პროფესიულ კრივში მიღწეული წარმატებული კარიერის წყალობით იცნობენ.

ეს მოხდა კიევისა და სხვა ქალაქების ენერგოუზრუნველყოფის ობიექტების რუსული რაკეტებით მორიგი დაბომბვის შემდეგ, რომლის შედეგად უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება გაითიშა. დენი არსად იყო, მაგრამ პრეზიდენტმა სწორედ დედაქალაქში შექმნილი სიტუაცია შეარჩია საჯაროდ გასაკრიტიკებლად: "მრავალი კიეველი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე - 20-30 საათზე მეტი ხნის განმავლობაში", - აღშფოთებული ლაპარაკობდა ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვაში. მან მკაცრად აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში ელოდება კიევის მერიის მუშაობის გაუმჯობესებას. მართალია, პრეზიდენტს კონკრეტული გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ ყველასათვის გასაგები იყო, რომ ქვეყნის მეთაურმა "დამნაშავეში" ვიტალი კლიჩკო იგულისხმა.

კაპიუშონიან შავ "ტოლსტოურაში" ჩაცმული ზელენსკი კიევის ადმინისტრაციას ე.წ. შეურყევლობის პუნქტების მოწყობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა, რომელიც მის პროექტს წარმოადგენს. პრეზიდენტის იდეით, ყველა ადგილობრივმა ხელისუფალმა უნდა შეასრულოს მის მიერ შემუშავებული პროექტი, რომლის მიხედვით, ქალაქის ყველა მცხოვრებს უნდა ჰქონდეს გათბობის, ტელეფონის დამუხტვის, ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა. "კიევში ასეთი პუნქტები ნორმალურად მხოლოდ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ბაზებზე და რკინიგზის სადგურზეა მოწყობილი, სხვა ადგილებზე კი ისინი სრულიად არადამაკმაყოფილებლად მუშაობენ", - განაცხადა პრეზიდენტმა და ამით მიანიშნა, რომ დედაქალაქის მერი პრეზიდენტის ბრძანებულებას არ ასრულებს.

44 წლის ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა, ვიტალი კლიჩკოს "ცუდი მუშაობა" ყველასათვის ეჩვენებინა და ამ მიზნით "შეურყევლობის პუნქტებში" შექმნილი არასახარბიელო სიტუაციის შესამოწმებლად თავისი პარტიის - "ხალხის მსახურის" საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია გაგზავნა, რომელმაც შეფის დავალება მყისვე შეასრულა და მოახსენა, რომ 360 პუნქტი შეამოწმა. მისი თქმით, კიევის საქალაქო ადმინისტრაციის [ჩათვალე: მერის] მიერ მოწყობილი პუნქტები მართლაც ცუდად მუშაობენ, სკოლებში და საბავშვო ბაღებში თანამშრომლები ჩაის და ნამცხვარს საკუთარი ფულით ყიდულობენ და ა.შ. იმავდროულად, დავით არახამიამ დადებითად შეაფასა უკრაინის რკნიგზის მიერ შექმნილი "შეურყევლობის პუნქტების" მუშაობა - 20 ვაგონი სპეციალურად ამ მიზნისთვის იქნა გამოყოფილი, მერისგან დამოუკიდებლად "და ამ დროს ჩვენი დედაქალაქის ხელმძღვანელობა დასკვნებს არ აკეთებს".

იმის გამო, რომ უკრაინის მასმედიაში ვიტალი კლიჩკოს პრეზიდენტისა და მისი თანაპარტიელების შეტევის მოგერიება არ შეეძლო, კრივში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა თავისი საზღვარგარეთული კონტაქტებით ისარგებლა: გაზეთ Bild am Sonntag-ში გამოქვეყნებული ინტერვიუს მეშვეობით 51 წლის მერმა თანამემამულეებს ერთიანობისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად. ამის დასადასტურებლად მან თავისი ფოტოსურათი გამოაქვეყნა ჩაფხუტით, კიევის ერთ-ერთი თბოელექტროსადგურის აღდგენის დროს: ჯერ კიდევ საბჭოური დანადგარებით აღჭურვილი ენერგოობიექტის ფონზე, კიევის მერი ხელს ართმევს "კიევთბოენერგოს" თანამშრომლებს და მადლობას უხდის თავდადებული შრომისათვის. "სამი ათასზე მეტი ენერგეტიკოსი დღედაღამ მუშაობს, რომ ჩვენი ქალაქის საცხოვრებელი სახლების 98% განათდეს და გათბეს", - ამბობს ვიტალი კლიჩკო. მართლაც, სამმილიონიან ქალაქში სწრაფად აღდგა ენერგიის მიწოდება, ჩაირთო ინტერნეტი, ცხელი წყალი და გათბობა.

სხვათა შორის, აშკარა ხდება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ადმინისტრაცია ვიტალი კლიჩკოს წინააღმდეგ, ომის ენით თუ ვიტყვით, "მძიმე არტილერიას" იყენებს. ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის სავარძელი დაიკავა, მისი ადმინისტრაციის იმდროინდელმა შეფმა ანდრეი ბოგდანმა ვიტალი კლიჩკოს მერის თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვა. გავიხსენოთ, რომ ყოფილი მოკრივე კიევის მერის თანამდებობაზე 2014 წელს აირჩიეს და იგი თანამდებობაზე იმდროინდელმა პრეზიდენტმა - პეტრო პოროშენკომ დაამტკიცა. "ვიტალი კლიჩკომ ხუთი წლის განმავლობაში კიევზე კონტროლი დაკარგა და ვერაფერს აკეთებს", - აცხადებდა ანდრეი ბოგდანი.

იმ დროს, თითქოსდა, უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი, როგორც მინიმუმ, ვიტალი კლიჩკოს "გაანეიტრალებდა". იყო გეგმები, რომ არჩეული მერის თანამდებობა გამოყოფილი ყოფილიყო დედაქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობისაგან და ფუნქციები შეზღუდვოდა. თუ ეს მოხდებოდა, მაშინ ვიტალი კლიჩკო უსარგებლო დეკორატიულ ფიგურად გადაიქცეოდა. თუმცა იმ დროს მავანთა ჩანაფიქრი არ განხორციელდა: ვიტალი კლიჩკომ ზელენსკის სანდო პიროვნების - ანდრეი ერმაკის მეშვეობით თავიდან აიცილა თანამდებობიდან დაქვეითების საფრთხე. დღეს ანდრეი ერმაკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია [და მისი პოზიცია ჯერჯერობით უცნობია].

ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ვოლოდიმირ ზელენსკი მეორედ ცდილობს ვიტალი კლიჩკოს "უნაგირიდან ჩამოგდებას" – პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კიევის მერი და ახლო წარსულში კრივში მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონაში - ვიტალი კლიჩკო მისი მოწინააღმდეგე იქნება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. წყარო

უკრაინის პოპულარულმა გამოცემამ Kyiv Post-მა კომენტარი გაუკეთა პრეზიდენტის მხრიდან საჯაროდ გაჟღერებულ კრიტიკას კიევის მერის წინააღმდეგ სტატიაში სათაურით - "რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ზელენსკი და კლიჩკო" (ავტორი - ალისა ორლოვა).

პუბლიკაციაში მიმოხილულია ორ ცნობილ ლიდერს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლა, ზელენსკის განცხადების მთავარი მომენტები, შემდეგ კი ავტორის მიერ დასმულია კითხვა: "განა მართლაც ასე ცუდი სიტუაციაა კიევში გათბობის პუნქტებთან დაკავშირებით?"

სინამდვილეში საქმე არცთუ ისე ცუდად არის. თვით დავით არახამია აღნიშნავს, რომ 530 პუნქტიდან მხოლოდ 20% იყო დახურული. ეს იმას ნიშნავს, რომ კიევში ამჟამად გათბობის 430 პუნქტი მოქმედებს და ვიტალი კლიჩკო მართალია.

"მე არ მსურს პოლიტიკურ ბატალიებში ჩავერთო, განსაკუთრებით - დღევანდელ სიტუაციაში. ეს უაზრობა იქნება. მე ბევრი რამ უნდა გავაკეთო, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ მანიპულირების აუცილებლობა არ არის. ასეთი მოქმედება, რბილად რომ ვთქვათ, ლამაზად არ ჩანს - როგორც უკრაინელებისათვის, ასევე - ჩვენი უცხოელი პარტნიორებისათვის", - დაწერა ვიტალი კლიჩკომ თავის "ტელეგრამ-არხში".

"სხვათა შორის, პრეზიდენტისა და მერის კონფლიქტი არც პირველია და არც მეორე", - წერს ავტორი, - "ზელენსკის და კლიჩკოს მშვიდობიან დროსაც ჰქონდათ პოლიტიკური კონფლიქტები: კლიჩკო ხომ ზელენსკის წინამორბედის - პეტრო პოროშენკოს თანამოაზრე იყო. 2019 წლის ზაფხულში ზელენსკის ადმინისტრაციამ კლიჩკო ხელისუფლებას დროებით კიდეც ჩამოაშორეს, მაგრამ 2020 წელს კიეველებმა იგი მერად მეორე ვადით აირჩიეს. თვითონ ვიტალი კლიჩკო თვლის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაძაბული ურთიერთობის მიზეზი იმაში გამოიხატება, რომ იგი უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელი არ არის". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ