"ირანელი ფეხბურთელების ოჯახის წევრებს დაპატიმრებითა და წამებით ემუქრებიან" - CNN - კვირის პალიტრა

"ირანელი ფეხბურთელების ოჯახის წევრებს დაპატიმრებითა და წამებით ემუქრებიან" - CNN

2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ირანის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელების ნათესავები და ოჯახის წევრები დიდ განსაცდელში აღმოჩნდნენ.

CNN-ის ჟურნალისტის - სემა კილის ცნობით, ფეხბურთელთა ოჯახის წევრებს დაპატიმრებითა და წამებით ემუქრებიან, თუ ფეხბურთელები "არასათანადოდ მოიქცევიან". საქმე ეხება თამაშს, სადაც ირანი აშშ-ის საფეხბურთო ნაკრებს ხვდება. თამაში დღეს, 29 ნოემბერს გაიმართება.

ფეხბურთელთა გულშემატკივრების თქმით, მათ ყატარში მიმდინარე ჩემპიონატზე ირანული სპეცსამსახურების წარმომადგენლები უთვალთვალებენ. ფეხბურთელებს აკრძალული აქვთ ტერიტორიის დატოვება და უცხოელებთან შეხვედრა.

აღსანიშნავია, რომ ამავე ინფორმაციას აქვეყნებს გამოცემა The Athletic, რომელიც ირანელი გოგონას საუბარს ეყრდნობა, ის ირანში აღარ ცხოვრობს, მისი ვინაობა კი, უსაფრთხოების გამო, დაფარულია.

როგორც გოგონა მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, ინგლისისა და ირანის მატჩზე დაინახა მამაკაცი, რომელიც ტრიბუნაზე ირანელ ქალებს ტელეფონით ვიდეოს უღებდა და აკვირდებოდა. მეორე ქალბატონი კი აღნიშნავს, რომ უცნობი ირანელი მამაკაცი ფეხბურთის ყურების ნაცვლად, ტრიბუნაზე მსხდომ ირანელ ქალებს დურბინდით აკვირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნით ადრე ირანელი აქტივისტები საუბრობდნენ, რომ ირანელ ქალებს მსოფლიო ჩემპიონატზე უთვალთვალებენ, მათ FIFA-ს წერილიც გაუგზავნეს, რომ ირანი ტურნირიდან მოეხსნათ.

"თუ ირანის ფეხბურთის ფედერაციას და ხელმძღვანელობას არ გაეცემა სათანადო პასუხი, ჩვენ ვშიშობთ, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სახელმწიფო გაუსწორდება ფეხბურთელებს, აქტივისტებს და ფეხბურთის გულშემატკივრებს", - აღნიშნულია წერილში.

ირანში ქალებს საფეხბურთო მატჩზე დასწრება ეკრძალებათ. ყატარში თამაშზე დასწრება აკრძალული არ არის, თუმცა ქალები აღნიშნავენ, რომ მათ უთვალთვალებენ და ამას აუცილებალად ექნება შედეგი.

"საბოლოო ჯამში, ფეხბურთი ყველასთვის უნდა იყოს. ირანელი ქალები იმ ქვეყანაში არიან, სადაც შეიძლება ქალი ფეხბურთის მატჩს დაესწროს, მაგრამ მათი გაკონტროლება ისევ შეუძლიათ", - აღნიშნავს ადამიანთა უფლებადამცველი ემა უოლი.

CNN-ის წყაროს ცნობით, ინგლისთან შეხვედრამდე ფეხბურთელებს "საჩუქრების და მანქანების" გადაცემას დაჰპირდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც გუნდმა უარი განაცხადა ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე, რეჟიმის წარმომადგენლები ფეხბურთელებს დაემუქრნენ.

"უელსთან გამართულ მატჩზე რეჟიმმა ასობით ოფიცერი შეაგზავნა, რათა ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის მოჩვენებითი მხარდაჭერის გრძნობა შეექმნათ. აშშ-სთან თამაშისას რეჟიმი ათასობით ასეთი პირის შეგზავნას აპირებს", - აღნიშნა CNN-ის წყარომ.

ამავე ინფორმაციას აქვეყნებს BBC. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 21 ნოემბერს, ირანელმა ფეხბურთლებმა უარი თქვეს ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე ინგლისთან მატჩის წინ, ისინი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებთან შეხვედრაზე დაიბარეს და უთხრეს, რომ მათ ოჯახებს "ძალადობა და წამება" ემუქრებათ, თუ ეროვნულ ჰიმნს არ შეასრულებენ ან თეირანის რეჟიმის წინააღმდეგ რამე პოლიტიკურ პროტესტს შეურთდებიან.

ირანელმა ფეხბურთელებმა პარასკევს, უელსის წინააღმდეგ თამაშის დროს ჰიმნი შეასრულეს. აშშ-სა და ირანს შორის მატჩი კი დღესაა დაგეგმილი.