3 შვილი, სკანდალები, ძვირადღირებული კოსმეტიკის კომპანია და წვეულებები: ვინ არის და რატომ მოხვდა dailymail-ის ყურადღების ცენტრში დავით კეზერაშვილის ცოლი?
ბოლო პერიოდში როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია სულ უფრო ხშირად ახსენებენ თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს, თან ისე, რომ ხელისუფლებისთვის ის ოლიგარქი აღმოჩნდა, ოპოზიციის ნაწილისთვის - თავისუფალი მედიის დამცველი, სულისჩამდგმელი და ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი შანსი.
კეზერაშვილის გამო "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაა. მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ჯერ კიდევ 2017 წელს აცხადებდა, - კეზერაშვილმა მილიონები ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით იშოვაო... დღეს კი არ წყდება მითქმა-მოთქმა, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა "ნაციონალურ მოძრაობაზე" პოლიტიკური გავლენის დამყარება გადაწყვიტა და ვანო მერაბიშვილთან ერთად, არაფორმალურად იბრძვის ამისთვის, შესაბამისად, უპირისპირდება მოქმედ თავმჯდომარეს ნიკა მელიას.
"დაიბადა თბილისში...1992 წელს ბებიასთან ერთად ისრაელში, ხოლონში გადასახლდა. წლინახევრის შემდეგ კი ისევ საქართველოში დაბრუნდა. 1999 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ და ებრაულ ენებს...“ - ვკითხულობთ დავით კეზერაშვილის ბიოგრაფიაში.
იყო დრო, იუსტიციის სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მინისტრობისას, მის თანაშემწედ მუშაობდა. "ვარდების რევოლუციის" ავანგარდში იყო, რის შემდეგაც ფინანსთა სამინისტროში დაასაქმეს, იყო ფინანსური პოლიციის განყოფილების უფროსიც. 2006 წლის 11 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ოქრუაშვილი შეცვალა. მინისტრის პოსტი 2008 წლის 5 დეკემბერს დატოვა, აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში. 2019 წლის 5 სექტემბრიდან ტელეკომპანია "ფორმულას“ საკონტროლო პაკეტის მფლობელია...
ამონარიდი "კვირის პალიტრის" სტატიიდან:
"მას თანამდებობრივი დეკლარაცია ბოლოს 2008 წელს (თავდაცვის მინისტრობისას) აქვს შევსებული, საიდანაც ირკვევა, რომ ის საერთოდ არაფერს ფლობდა. დეკლარაციის თანახმად, 2008 წლის ბოლოს მას "საქართველოს ბანკში" სახელფასო ბარათზე მხოლოდ 51 000 ლარი ჰქონდა და არც უძრავ და არც მოძრავ ქონებას არ ფლობდა. ასევე არ ჰქონდა არანაირი აქცია და არ მონაწილეობდა სამეწარმეო საქმიანობაში. დეკლარაციის მიხედვით, ბინას და მანქანას კეზერაშვილის მეუღლე, სოფიო ჩიქოვანი ფლობდა.
2008 წლის დეკემბერში, ამ დეკლარაციის შევსებიდან რამდენიმე დღეში, კეზერაშვილმა თანამდებობა დატოვა - ანუ ამ დროს არ ჰქონდა არანაირი ქონება და ისეთი თანხა, რომლითაც თუნდაც საშუალო ბიზნესს დაიწყებდა.
თუმცა 2016 წლის აპრილში შვეიცარიულმა გაზეთმა Tribune de Genève-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ Panama papers-ის სახელით გავრცელებულ ფარულ დოკუმენტებში დავით კეზერაშვილის სახელიც ფიგურირებდა.
გაზეთის ინფორმაციით, 10 დღეში, მას შემდეგ, რაც კეზერაშვილმა თანამდებობა 2008 წლის დეკემბერში დატოვა, მისმა ათმა რწმუნებულმა ოფშორულ ზონაში სამი კომპანია დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთ-ერთის ანგარიშზე ნავთობის ბიზნესიდან მიღებული მილიონობით დოლარი ირიცხებოდა. Panama papers-ის თანახმად, შვეიცარიული ბანკის ანგარიშზე დაახლოებით 21 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, ამასთან, ამავე გზით მოხვდა დაახლოებით 25 მლნ სხვა ანგარიშებზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებითა და ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, წინა ხელისუფლების დროს კეზერაშვილი აკონტროლებდა სარეკლამო ბაზრის დიდ ნაწილს. ის ასევე აკონტროლებდა "საქართველოს ლატარიის კომპანიასაც". ამ კომპანიის ერთ-ერთ მეწილედ თავისი ცოლისძმა, დიმიტრი ჩიქოვანი ჰყავდა გაფორმებული. გარდა ლატარიის კომპანიისა, ჩიქოვანი იყო "აუთდორ ჯის"“(სარეკლამო მონოპოლისტი) ფორმალური მესაკუთრე და კეზერაშვილის "ფოთი ტერმინალ ჰოლდინგის"“ დირექტორი.
2011 წლის დეკემბერში კეზერაშვილმა "ნეტგაზეთთან"“ინტერვიუში თქვა, რომ ის ნავთობკომპანია "გალფის" ერთ-ერთი მფლობელი იყო. ეჭვი, რომ მას ნავთობბაზარზე ინტერესები ჰქონდა, მანამდეც არსებობდა, თუმცა ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ეს პირადად დაადასტურა". იხილეთ სრულად
ვინ არის თავდაცვის ექსმინისტრის მეორე ნახევარი?დავით კეზერაშვილის ცოლს, სოფია ჩიქოვანს საზოგადოების დიდი ნაწილი ნაკლებად იცნობს. წყვილი წლებია დაქორწინებულია და სამ შვილს ზრდის. სოფიო ჩიქოვანი 2000-2003 წლებში "AES თელასის“ გამრიცხველიანების პროექტის ოფისმენეჯერად მუშაობდა. 2003-2004 წლებში კი შპს "კონექტეკის“ ფინანსური დირექტორის ასისტენტად. 2004 წლიდან მუშაობდა შპს "ინტერმშენ კომპანის“ მარკეტინგის მენეჯერად, იმჟამად მისი ხელფასი 1000 ლარი იყო.
კეზერაშვილის ცოლის სახელი და გვარი მედიაში წლების წინ სკანდალურად გახმაურდა. 2009 წლის 26 აპრილს თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა... ეს დღე საკმაოდ ტრაგიკული აღმოჩნდა "რუსთავი 2“-სთვის. შენობის ერთი ფლიგელი, რომელშიც სატელევიზიო პროექტი "ვარსკვლავების აკადემია“ მიმდინარეობდა, მიწასთან გასწორდა. ნგრევას ტელევიზიის ორი თანამშრომლის ნიკა გელაშვილისა და გიორგი გაბუნიას სიცოცხლე შეეწირა. მაშინ შემთხვევის ადგილზე ბოდრუმიდან ახალდაბრუნებული, იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მივიდა და შესაბამის უწყებებს 10-დღიანი ვადა მისცა იმის გასარკვევად, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა.
სამშენებლო სამუშაოებს ობიექტზე ერთ-ერთი კომპანია აწარმოებდა. მისი დამფუძნებლები კი სოფიო ჩიქოვანი და გიგა ბოკერიას ცოლისდა - რუსუდან ჩერგოლეიშვილი იყვნენ. ნიკა გელაშვილის დედა და მეუღლე წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვენ საქმის სათანადოდ გამოძიებას. იბეჭდებოდა მედიაში სტატიები, თუმცა როგორც დაზარალებულის ოჯახი ამბობს, "დამნაშავე“ მხოლოდ "პრარაბი" აღმოჩნდა. გააგრძელეთ კითხვა