"კადიროვი და შოიგუ იქნებიან პირველი, ვინც პუტინს ყელში სწვდებიან" - კვირის პალიტრა

"კადიროვი და შოიგუ იქნებიან პირველი, ვინც პუტინს ყელში სწვდებიან"

"თუ მათ არ სურთ სიკვდილი, კონფლიქტი უნდა შეწყვიტონ", - ასეთია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დანაბარები უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომელიც უკრაინის მთავარსარდალს ჯერ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გადასცა: "ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ მათ არ სურთ სიკვდილი, მეტიც, დიდი რაოდენობით ადამიანების, ეს უნდა შეწყვიტონ, თუ არადა, უკრაინა ერთიანად განადგურდება. მოგვიანებით კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კიევს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმასთან დაკავშირებული სიტუაციის მოგვარება მოსკოვის მოთხოვნების შესრულებით შეუძლია: "უკრაინის ხელმძღვანელობას აქვს ყველა შესაძლებლობა მოაგვაროს (უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმასთან დაკავშირებული სიტუაცია) რუსული მხარის მოთხოვნების შესრულებით და შესაბამისად, შეწყვიტოს მოსახლეობის ტანჯვა". შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს რეგულარულად ბომბავს, რის გამოც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშეა.

"ჩვენ მზად ვართ გავუძლოთ, - ასეთია პუტინის მუქარაზე ზელენსკის პასუხი, - ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ყველა მიწა. ბრძოლის ველი არის გზა, როდესაც არ არსებობს დიპლომატია. თუ შენს მიწას სრულად ვერ დაიბრუნებ, ესე იგი, ომი გაყინულია და მისი განახლება დროის საკითხია". პარალელურად ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების მეცხრე პაკეტს ამზადებს. ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი მუშაობს, რომ დაარტყას რუსეთს იქ, სადაც მტკივნეულია, რათა კიდევ უფრო დაასუსტოს უკრაინაში ომის წარმოების მისი უნარი. "ძალიან მალე დავამტკიცებთ რუსეთის ნავთობის გლობალურ ფასზე ზედა ზღვარს "დიდ შვიდეულსა" და სხვა მთავარ პარტნიორებთან ერთად. არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ დაამარცხებს პუტინს და მის უკანონო ბარბაროსულ ომს", - ნათქვამია ევროკომისიის ხელმძღვანელის განცხადებაში. ამასთან, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ირწმუნება, რომ "ნატო უკრაინის მხარდაჭერაზე უარს არ იტყვის. ეს ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია. ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება.

უკან არ დავიხევთ. ხანგრძლივი მშვიდობა შეუძლებელია, თუ აგრესორი გაიმარჯვებს", - ამბობს სტოლტენბერგი. სინამდვილეში რისთვის ბომბავს რუსეთი უკრაინის მოსახლეობას, ისევ აქვს იმედი, რომ ზელენსკის მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამს თუ საკუთარი მოსახლეობისთვის კრემლის სასურველ განწყობის შექმნას ცდილობს, როგორი შეიძლება იყოს პუტინის მორიგი ნაბიჯი, რა შემთხვევაში დაჯდება უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსეთის სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გვესაუბრება:

- რუსეთის მთავარი ამოცანაა კიევსა და ხარკოვში მოსახლეობისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეგულარული დაბომბვით უკრაინელები სულიერად გატეხოს, დემორალიზება გამოიწვიოს. რუსეთმა დიდი ხანია უარი თქვა ომის წარმოების კონვენციურ მეთოდებზე და ყველაფერს აკეთებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებისა და დემორალიზებისთვის. ამის გარდა, სურს უკრაინის ენერგეტიკული და ეკონომიკური სისტემების დაშლა და ქვეყნის ეკონომიკურ კატასტროფამდე მიყვანა.

- ზელენსკი ამბობს,­ რომ მზად არიან ყველაფერს გაუძლონ. შეიძლება მოქალაქეებიც ასე ფიქრობდნენ?

- კი, უკრაინელი საზოგადოება მზად არის გაუძლოს ყველაფერს. სხვა ალტერნატივაც არა აქვთ!

- ალტერნატივას სთა­ვაზობს პუტინი.

- რაც სინამდვილეში სულაც არ არის ალტერნატივა. უკრაინა ორი არჩევანის წინაშე დგას: ან გაუძლებს და გადარჩება, ან შეწყვეტს არსებობას. რუსეთმა ომის დაწყების პირველივე დღიდან გამოაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის მოშლა-განადგურება აქვს მიზნად, და ასეთ დროს არჩევანზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომაც, დიდი ალბათობით, უკრაინელი ხალხი ყველაფერს გააკეთებს, რომ გაუძლოს ზეწოლას. შეიძლება მიამიტობად მოგეჩვენოთ ჩემი ნათქვამი, მაგრამ მიჭირს იმის წარმოდგენა, უშუქობითა და უგაზობით როგორ უნდა შეაშინო 90-იანი წლებგამოვლილი პოსტსაბჭოთა საზოგადოება.

- სამაგიეროდ დასავლეთს ჰყავს კომფორტს მიჩვეული მოსახლეობა. ამასთან, დასავლეთი რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების გამო ისედაც არ იყო ერთი აზრის ამ ომზე...

- უკრაინას დასავლეთის დაუხმარებლად გაუჭირდება სიმტკიცის შენარჩუნება­. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასავლელი საზოგადოება კომფორტთან ერთად უსაფრთხოებასაც არის მიჩვეული და თუ დაინახავს, რომ მას რეალურად ემუქრება საფრთხე, მსხვერპლსაც გაიღებს. პუტინი ძალიან შეცდა, როდესაც ივარაუდა, რუსული გაზის გამო დასავლეთი უფრო პასი­ური იქნებოდა და ამ აგრესიასაც ისევე­ წაუყურებდა, როგორც ერთ დროს ყირიმში შეჭრას. პუტინმა უკრაინაში შეჭრით დიდი საფრთხე შეუქმნა მსოფლიოს უსაფრთხოებას. კომფორტს შეჩვეულმა დასავლურმა საზოგადოებამ იცის, რომ უსაფრთხოებას რესურსი სჭირდება. ამიტომაც გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას.

- ეჭვის საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს ისეთი ლიდერების განცხადებები, როგორიც არიან იენს სტოლტენბერგი,­ ურსულა ფონ დერ ლაიენი, რობერტა მეცოლა ან ჯოზეფ ბორელი, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ დასავლეთში­ სკეპტიკოსებიც არიან, მათ შორის ისინიც, ვინც დიდი ხანია რუსული ფულით იკვებებიან.

- რა თქმა უნდა, არიან. უკრაინაში ომი იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ამას ნამდვილად მიაქვს არა მარტო უკრაინის, არამედ დასავლეთის რესურსებიც. თუმცა ერთი არაპოპულარული მოსაზრება უნდა გავახმოვანო - დასავლეთისთვის ეს ომი სირთულეებთან ერთად ეკონომიკური შესაძლებლობაცაა.

- რას გულისხმობთ?

- შეიარაღება, რომელიც უკრაინაში­ მიდის, ხომ დასავლურ საწარმოებში მზადდება? შესაბამისად, ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, კეთდება ახალი სამ­ხედრო შეკვეთები, კორპორაციები და კონკრეტული პირები დიდ ფულს აკეთებენ­. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ დასავლეთს გაყინული აქვს ნახევარ მილიარდამდე ღირებულების რუსული კაპიტალი და ყოველთვის შეძლებს იმ ზარალის ანაზღაურებას, რომელსაც რუსეთ-უკრაინის საბრძოლო მოქმედებებით მიიღებს.

- სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი, რას მიიჩნევს უკრაინა გამარჯვებად და სადამდე გაჰყვება დასავლეთი კიევს? საინტერესოა, როგორია იქნება რუსეთის შემდგომი ნაბიჯები - სადღაც მაინც გაჩერდება­ თუ ბოლომდე შეაწყვეტს საკუთარ ხალხს დასავლეთისგან ზურგგამაგრებულ უკრაინას?

- დიახ, რუსეთი უკვე აკეთებს ამას, ბოლომდე შეაწყვეტს რუს ხალხს საკუთარ ამბიციას. რუსეთს ორი ვარიანტი აქვს: ან ბოლომდე გამოიფიტება, ისევე როგორც გამოიფიტა ავღანეთში და კიდევ უფრო უარეს შედეგს მიიღებს, ან იპოვის ძალას და შეწყვეტს ამ სიგიჟეს. უკრაინა ახლა ნამდვილად არ არის იმ პოზიციაში, რომ რუსეთს რამე დაუთმოს.

- ანუ საქმე მივა ყირიმისა და დონბასის დეოკუპაციამდე?

- ამას ამბობს უკრაინა, ზელენსკის ასე წარმოუდგენია.

- ყირიმისა და დონბასის დათმობა ხომ პუტინისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია. ესე იგი, ფიქრობთ, რომ პუტინმა ძალა უნდა იპოვოს თვითმკვლელობისთვის?

- სხვა გამოსავალი არა აქვს. რაც უნდა წარმოუდგენლად მოეჩვენოთ ვიღაც-ვიღაცებს, რუსეთი მარცხდება. პუტინმა ვერ მიაღწია ვერც ერთ ხელშესახებ წარმატებას ვერც უკრაინაში ფრონტის ხაზზე და ვერც საგარეო პოლიტიკურ არენაზე.­ ამასთან, საკუთარ ქვეყანას მიაყენა იმაზე დიდი დარტყმა, ვიდრე სხვა აგრესორი ქვეყანა მიაყენებდა, თავს რომ დასხმოდა. ისტორიას პუტინზე ძლიერი ლიდერების დამარცხებაც ახსოვს, მათ შორის ისეთების, თავი რომ მოიკლეს.

- მაგრამ პუტინი თავს არ მოიკლავს.

- არც არავინ ელის, რომ თავს მოიკლავს, ან გაეღვიძება საღი აზრი. რუსეთი იმგვარ პირობებში აღმოჩნდება, რომ თავად პუტინის გარემოცვამ უნდა დაიწყოს მისი მოქმედების აღკვეთა. გააგრძელე კითხვა