"პუტინი ელიტისთვის მნიშვნელობას დაკარგავს, იგი შეიძლება ხელისუფლებას ჩამოაშორონ" - რას წერს ფრანგული გამოცემა - კვირის პალიტრა

"პუტინი ელიტისთვის მნიშვნელობას დაკარგავს, იგი შეიძლება ხელისუფლებას ჩამოაშორონ" - რას წერს ფრანგული გამოცემა

"ფრანგი ისტორიკოსის, ფრანსუაზა ტომის აზრით, უკრაინაში რუსეთის სავარაუდო დამარცხებით არა მარტო ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება დაემხობა, არამედ - ომის წაგება მასშტაბური კრიზისის მიზეზიც გახდება, რაც გამოხატული იქნება რეგიონებში აჯანყებით და ელიტის ბრძოლით ხელისუფლებისათვის", - ნათქვამია ფრანგულ გაზეთ "ლე ფიგაროში" (Le Figaro) გამოქვეყნებულ ინტერვიუში, სათაურით - "რუსეთში, როგორც ყოველთვის, ყველაფერი ახალი ავტოკრატიით დასრულდება" (ესაუბრება ჟურნალისტი იზაბელ ლასერი).

"რუსეთის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტმა ფრანსუაზა ტომიმ ეს-ესაა სორბონის უნივერსიტეტის გამომცემლობაში გამოსცა თავისი ახალი წიგნი - "მარში უკუსვლით: შეხედულება საბჭოური და რუსული ისტორიის მიმართ", ხოლო "როშის" გამომცემლობაში - თავისი მეორე ნაშრომი, სახელწოდებით - "პუტინი და მისი ლტოლვა ხელისუფლებისადმი".

- როგორ ფიქრობთ, გამოიწვევს ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების დასრულება ქაოსს რუსეთში?

- უკიდურეს შემთხვევაში, სავარაუდოდ, უმძიმეს კრიზისს უნდა ველოდოთ, რომელიც იმ წუთშივე დაიწყება, როგორც ხელისუფლების ვერტიკალი დაინგრევა. ჩვენ უკვე შეგვიძლია ამ მოვლენის სიმპტომების დანახვა: მიმდინარეობს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ცალკეულ, ბანდიტურ ჯგუფებად გადაქცევის პროცესი - ზოგი რამზან კადიროვისაა, ზოგი - ევგენი პრიგოჟინის... როცა დამარცხებული რუსები უკრაინიდან რუსეთში დაბრუნდებიან, უნდა ველოდოთ, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე "რეკრუტები", რომლებიც ევგენი პრიგოჟინმა თავისი "ვაგნერისათვის" ციხეებიდან დაიქირავა, ანარქიისა და არეულობების ინიციატორები გახდებიან. მე ველოდები 1953 წლის "ცივი ზაფხულის" მსგავს მოვლენას, როცა სტალინური "გულაგების" კარი, ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილებით, გაიღო, მაგრამ იქიდან მხოლოდ სისხლის სამართლის დამნაშავეები გამოვიდნენ, რომლებმაც ქვეყანაში დანაშაულების ახალი ტალღა გამოიწვიეს.

- როგორი სცენარები გაქვთ წარმოდგენილი?

- ჯერჯერობით მხოლოდ ორი: პირველი სცენარის მიხედვით, რუსეთში მოხდება ხელისუფლების კონტროლირებული გადაცემა, ელიტის ჯგუფებს შორის მომხდარი შეთანხმების საფუძველზე. რამზან კადიროვი და ევგენი პრიგოჟინი ამ პროცესში საფრთხობელას როლის შემსრულებლები იქნებიან - დაახლოებით, ისეთები, როგორიც ულტრანაციონალისტი ვლადიმერ ჟირინოვსკი იყო ბორის ელცინისა და ვლადიმერ პუტინის მმართველობის დროს. რუსეთის უშიშროების სამსახურში გაჩნდებიან ელემენტები, რომლებიც სისტემის მოჩვენებით ლიბერალიზებას დაიწყებენ. არ ვფიქრობ, რომ ისინი დემოკრატები იქნებიან, მაგრამ დაიწყებენ დასავლეთთან "დაძმობილების" მცდელობას. ვლადიმერ პუტინს ჰგონია, რომ მისი ხელისუფლება ურყევია, დააჯერა მოსახლეობის ნაწილი, რომ იგი რუსეთის ღირსების აღმდგენ ადამიანს წარმოადგენს. "პროდასავლელი რეფორმატორები" კი, ალბათ, შეეცდებიან, რომ რუსეთში 2000-იანი წლების სიტუაცია დააბრუნონ...

- და როგორი იქნება მეორე სცენარი?

- მეორე სცენარი ხელისუფლების უკონტროლო გადაცემით იქნება გამოხატული. რუსები არ არიან დარწმუნებულები, რომ ხელისუფლების გადაცემა კონტროლირებული იქნება... და ამ დროს ჩნდება კითხვა: ხომ არ გავხდებით რუსეთის რეგიონებში დაწყებული აჯანყების მომსწრენი? მათი აჯანყების, რომლებსაც ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში სისხლს სწოვდნენ, მისი წასვლის შემდეგ კი უკმაყოფილების გამოვლენის შესაძლებლობა მიეცემათ...

- მოდი, ერთ-ერთ ვარიანტად წარმოვიდგინოთ, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვა. როგორი იქნება ამ გამარჯვების შედეგები რუსეთის ხელისუფლებისათვის?

- ვფიქრობ, თუ კრემლს ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება მოუწევს, ვლადიმერ პუტინი ელიტისათვის მნიშვნელობას დაკარგავს. იგი შეიძლება ხელისუფლებას ჩამოაშორონ. შესაძლოა, ჩამოშორება რბილი ვარიანტის სახით განხორციელდეს - ვთქვათ, პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაურესების საბაბით, ხელშეუხებლობის გარანტიით... ან შეიძლება უფრო ბრუტალური ფასონით მოხდეს - მკვლელობით. არ უნდა დავივიწყოთ ფრანგი მწერლის - მადამ დე სტალის მიერ წარმოთქმული ფრაზა იმ დროს, როცა იგი ნაპოლეონის მმართველობის დროს რუსეთს ეწვია: "რუსეთი დესპოტიზმის განსახიერებაა, რაც ტრადიციულად მმართველთა პერიოდული მკვლელობებით გამოიხატება". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ