რუსულ ნავთობბაზას 70 კილომეტრშიც მისწვდნენ და ააგიზგიზეს... - კვირის პალიტრა

რუსულ ნავთობბაზას 70 კილომეტრშიც მისწვდნენ და ააგიზგიზეს...

რუსეთის ბრიანსკის ოლქი, მართალია, ესაზღვრება უკრაინის ჩერნიგოვის რაიონს, მაგრამ მისი სურაჟსკის რაიონი უფრო ახლოს ბელარუსთანაა, ოციოდე კმ-ში, ვიდრე - უკრაინასთან, რომლის საზღვრიდან 70 კმ მაინც აშორებს.

თუმცა აღმოჩნდა, რომ 70 კმ-იანი დაშორება არ გახდა დაბრკოლება იმისთვის, რომ შემოდგომის ბოლო დღეს რუსეთის ბრიანსკის სურაჟსკის რაიონში მდებარე მსხვილი ნავთობბაზა აგიზიზებულიყო...

ასეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ხანდახან მართლაც ხდება უბედური შემთხვევები, მაგრამ ამ კონკრეტული აფეთქების მიზეზი თავად რუსებმაც ვეღარ დამალეს - ნავთობბაზას დაბალ სიმაღლეზე დრონმა გადაუფრინა, რაღაც ჩამოაგდო, რის შედეგადაც ნავთობით სავსე ერთი რეზერვუარი აფეთქდა, შემდეგ კი ცეცხლი სხვა რეზერვუარებსაც გადაედო და ეხლა 80 მეხანძრე 30 სპეცმანქანის გამოყენებით ცდილობს 1 800 კვ.მ-ზე მძვინვრე ძლიერი ცეცხლის კერების ლიკვიდაციასო...

2-potoo-1669804172.png
რუსეთის ბრიანსკის ოლქის სურაჟსკის რაიონში მდებარე მსხვილი ნავთობბაზა, რომელშიც 44 ერთეული სხვადასხვა მოცულობის რეზერვუარი იყო განთავსებული, საჰაერო დივერსიამდე...

„გუგლის“ რუკაზე ადვილად იძებნება რუსეთის ბრიანსკის ოლქის სურაჟსკის რაიონში მდებარე მსხვილი ნავთობბაზა, რომელშიც 44 ერთეული სხვადასხვა მოცულობის რეზერვუარია განთავსებული.

მეხანძრეები, რა თქმა უნდა, მოახერხებენ ხანძრის ლოკალიზაციას და უმეტესი რეზერვუარი გადაურჩება განადგურებას, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება თავად ფაქტს ვერსად წაუვა - უკრაინა მცირედით, მაგრამ მაინც ცდილობს სამაგიერო გადაუხადოს რუს ოკუპანტებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურებისთვის, სისტემატური სარაკეტო დარტყმებით...

საზღვრისპირა რუსული ნავთობბაზების თავდასხმებზე უკრაინელები უარს არც მანამდე ამბობდნენ (გაიხსენეთ, თუნდაც, ორი უკრაინული „მფრინავი ნიანგის“ წარმატებული ღამისეული საჰაერო თავდასხმა ბელგოროდის ნავთობბაზაზე), მაგრამ საზღვრიდან 70 კმ-ის მოშორებით ამის განხორციელება ცოტა სხვა რამეს ნიშნავს - რუსებო, უკრაინის დაუნდობელი დაბომბვისთვის პასუხს თქვენივე ტერიტორიაზეც მიიღებთ და თანაც - ნებისმიერ ადგილასო...

თუმცა არ არის აუცილებელი, ეს საჰაერო დივერსია მაინცდამაინც უკრაინიდან გამოფრენილ უპილოტო საფრენ აპარატს განეხორციელებინა, მინიბომბების ნავთობის რეზერვუარზე ზუსტი ჩაყრით. შეიძლება, ეს დრონი იქვე, ნავთობბაზის სიახლოვესაც კი ააფრინეს უკრაინელმა დივერსანტებმა.

ასეთ შემთხვევაში, დიდი მინუსი ეწერება რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს, ხოლო თუკი დრონი მაინც უკრაინიდან გაიგზავნა და უპრობლემოდ გაიფრინა 70 კმ-ი, მაშინ პასუხი ასე „ნაქებ“ რუსულ საჰაერო თავდაცვას მოეთხოვება...

მანამდე კი, 19 ნოემბერს, უკრაინის საზღვრიდან კიდევ ბევრად უფრო შორს, რუსეთის ლენინგრადის ოლქის მსხვილ გაზსადენზე, ჯერ აფეთქება მოხდა და შემდეგ დიდი ხანძარი გაჩნდა, რომლის ალი რამდენიმე ათეულ მეტრზე ადიოდა და სანქტ-პეტერბურგის მილიონობით მაცხოვრებლის ბინების ფანჯრებიდანაც კარგად მოჩანდა...

3-potoo-1669804204.jfif
რუსეთის ლენინგრადის ოლქის მსხვილ გაზსადენზე ჯერ აფეთქება მოხდა და შემდეგ დიდი ხანძარი გაჩნდა, რომლის ალი რამდენიმე ათეულ მეტრზე ადიოდა და სანქტ-პეტერბურგის მილიონობით მაცხოვრებლის ბინების ფანჯრებიდანაც კარგად მოჩანდა...

რუსეთის ხელისუფლებამ ამ მნიშვნელოვან ინციდენტზე კომენტარი არ გააკეთა, მაგრამ, დიდი ალბათობით, ამ გაზსადენის აფეთქების მიზეზიც დივერსია გახდა - გაზსადენის მილზე სპეციალური დივერსიული მაგნიტური ნაღმის განთავსებას წამები თუ სჭირდება...

უკრაინა სამხედრო-ტექნიკური საშუალებების რაოდენობით ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება რუსი ოკუპანტების არსენალს, მაგრამ გამიზნული დივერსიული მოქმედებების ტაქტიკით მან მაინც შეიძლება მიაყენოს რუსეთს საგრძნობი დარტყმები ინფრასტრუქტურაზე - ნავთობბაზებზე, გაზსადენებზე, რკინიგზის ხიდებსა და გადასარბენებზე, ელექტროგამანაწილებელ ტრანსფორმატორებზე, ელექტროგადამცემ ხაზებზე და ა.შ.

მოწინააღმდეგის ზურგში ასეთი დივერსიების შედეგად შეიძლება, მშვიდობიანი მოსახლეობაც დაზარალდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ომების თანმდევი საშინელებაა - დიდი ხანია, მარტოდ ველზე გასული რაინდებივით აღარავინ იბრძვის...