"მკვლელი მისი 25 წლის საყვარელი იყო, ჭიათურის მანგანუმის საბადოების მფლობელის შვილი" - თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობა, რომლის შესახებ ევროპული პრესა წერდა - კვირის პალიტრა

"მკვლელი მისი 25 წლის საყვარელი იყო, ჭიათურის მანგანუმის საბადოების მფლობელის შვილი" - თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობა, რომლის შესახებ ევროპული პრესა წერდა

თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობა, რომლის შესახებ მთელი ევროპული პრესა წერდა - 1901 წლის 23 მაისს, მადათოვის ქუჩაზე, სასტუმრო "გრანდ-ოტელში" მოკლეს დაგნი იუელი - ნორვეგიელი მწერალი, სკანდინავიური მოდერნის ფუძემდებელი, ევროპული ბოჰემის შთაგონება და მუზა. მკვლელი, რომელმაც მკვლელობის მერე თავიც მოიკლა, გახლდათ ჭიათურის მანგანუმის საბადოების მფლობელის შვილი, მისი საყვარელი (ასე ამბობდნენ), 25 წლის ვლადისლავ ემერიკი.

სასტუმრო " გრანდ-ოტელი" , რომელიც 1881 წელს გაიხსნა, ამ დრომდე მშვიდად განაგრძობდა ქართველი თუ უცხოელი სტუმრების მიღებას. იმ პერიოდის სასტუმროებში ერთი წესი არსებობდა: სასტუმროს მეპატრონეს არ ჰქონდა უფლება, ერთ ნომერში შეეშვა წყვილი ქორწინების დამადასტურებელი მოწმობის გარეშე. სასტუმრო "გრანდ ოტელის" რეგისტრატორმა ერთადერთხელ დაარღვია წესი და ახალგაზრდა წყვილი საბუთების ნახვის გარეშე გააფორმა. რამდენიმე საათის შემდეგ სასტუმროში იარაღის გასროლის ხმა გაისმა.

მოკლული დაგნი იუელი-პშიბიშევსკა 34 წლის იყო. ის ულამაზესი ნორვეგიელი ქალი გახლდათ, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც დიდ ხელოვანთა შთაგონების წყარო - ედვარდ მუნკის, ავგუსტ სტრინდბერგის, კნუტ ჰამსუნის მუზა. დაგნი უკრავდა ფორტეპიანოზე, წერდა ლექსებსა და პიესებს. ის ევროპული ბოჰემის სული და გული იყო. ექსტრავაგანტური დაგნი მომაჯადოებელი ღიმილით მომენტალურად ატყვევებდა ირგვლივ მყოფებს. ედვარდ მუნკი უგონოდ იყო შეყვარებული დაგნიზე. მხატვარზე ეჭვიანობდა მისი ქმარი, რომელმაც მუნკი დუელში დაჭრა იმ ილუზიით, რომ ხატვას ვეღარ გააგრძელებდა, მუნკი კი განაგრძობდა ხატვას და მისი ყველა დახატული ქალის პროტოტიპი დაგნი გახლდათ.

ემერიკმა, რომელიც დაგნის ქმრის მეგობარი იყო და რომლის სიყვარულიც საბედისწერო აღმოჩნდა, დაგნი შვილთან ერთად თბილისში დაპატიჟა. სასტუმროში დაბინავებიდან მალევე ემერიკმა თავის მეგობარს დაგნის პატარა ბიჭის გასეირნება სთხოვა, რამდენიმე საათში კი ორმა გასროლამ იქაურობა შეაზანზარა. ემერიკმა მოკლა დაგნი და თავიც მოიკლა. პერსონალს მისი დატოვებული ორი წერილი დახვდა, ერთი დაგნის მეუღლის, მეორე მისი ხუთი წლის ვაჟის სახელზე. არც ერთ წერილში მკვლელობის მიზეზი არ ჩანს.

dagnii-2-1669899459.jpg

ქმრისთვის განკუთვნილ წერილში იგი წერდა: "მე გავაკეთე ის, რაც შენ უნდა გაგეკეთებინა. მე ვკლავ იმ მომენტში, როცა ის ამას ყველაზე ნაკლებად ელის ". ეს სიტყვები საკმაოდ უცნაურად ჟღერდა გამოძიებისთვის. არსებობდა ვერსიაც, რომ დაგნი ემერიკს ქმარმა მოაკვლევინა... დაგნი იუელი და ვლადისლავ ემერიკი დასაფლავებულნი არიან კუკიის სასაფლაოზე.

ტრაგიკულ ისტორიას თბილისში სპექტაკლი მიეძღვა, რომელიც სცენაზე ორჯერ წარმოადგინეს, სრული ანშლაგი იყო და ასობით მაყურებელი თეატრს მიღმა დარჩა... ხალხის დაჟინებული თხოვნით, სპექტაკლი 2023 წლის იანვარში კვლავ აღდგება.

ამ თემაზე "კვირის პალიტრას" სცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელი - ირენა კესკიული ესაუბრება:

- მე მქვია ირენა კესკიული, ვარ ფილოლოგიური მეცნიერების დოქტორი, დრამატურგი და მწერალი... ასევე - მხატვრული და სამეცნიერო პუბლიკაციებისა და გამოცემული წიგნების ავტორი. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აგრეთვე - Language & Catechetical Institute ავსტრიაში. 20 წელზე მეტია, ვთამაშობ სცენაზე ანტრეპრიზაში, მაქვს ლიტერატურული ჯილდოები.

- ამჟამინდელი სპექტაკლი ჩემი პიესის მიხედვით - „დუხა. დაგნი“ თეატრ „არიონში“ ეძღვნებოდა დაგნი იულის დაბადებიდან მრგვალ თარიღს. ჩვენ გვინდოდა სცენაზე გაგვეცოცხლებინა მუნკის, სტრინბერგის ლეგენდარული მუზა, მიგვეძღვნა მისთვის ჩვენი ხსოვნა და თეატრების კედლებში აღგვებეჭდა ტიფლისში მომხდარი ტრაგედია, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის... რეპეტიციები საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, თითქმის ნახევარ წელს. საწყისი ეტაპი დაეთმო ტექსტზე დეტალურ მუშაობას, იერსახეების ლიტერატურულ გარჩევას, ექსკურსს ისტორიაში... რეჟისორ არმენ ბაიანდურიანთან რეპეტიციების დაწყებისას ყოველ მსახიობს უკვე ჰქონდა თავისი პერსონაჟის ე.წ. პორტფოლიო...

ჩემი აზრით, რეჟისორს არნახულად ზუტად გამოუვიდა პიესის, როგორც ფსიქოლოგიური დრამის წარმოჩენა. მან ღრმად შეიგრძნო გმირების ერთმანეთთან ურთიერთობის ფაქიზი ნიუანსები... ვფიქრობ, სპექტაკლის წარმატება დაკავშირებულია იმასთან, რომ „დუხა. დაგნი“ გახლავთ ისტორია ტოქსიკურ ურთიერთობაზე წყვილს შორის, რომელიც, ასე თუ ისე, ბევრისთვის ახლობელია.

dagnii-3-1669899485.jpg

ამ სპექტაკლის სლოგანია „სიყვარული, რომელიც კლავს“. ღალატისა და მარტოობის თემებმა მაყურებელის გულებში გამოხმაურება ჰპოვეს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მათ შესაძლებლობა მისცეს, ხელახლა განიცადონ და გაუშვან თავიანთი წინააღმდეგობები და განცდები.

- სცენარში ცვლილებები იყო?

- სცენარი ისტორიაში მაქსიმალურ ჩაღრმავებას გულისხმობდა. მასში იყო ორიგინალი წერილების ციტირება და ცოცხალი მტკიცებულებების აღბეჭდვა. გმირების პროტოტიპების პატივისცემით - დაგნის და მის გარშემო მყოფებისთვის - ვეცადე, სინამდვილესთან მჭიდროდ მიმეახლოვებინა რეპლიკები და მონოლოგები. როგორც მსახიობმა, მისი როლის შემსრულებელმა, შევინარჩუნე ავთენტური იერსახე, თავიდან ავირიდე ამჟამად მოდაში შემოსული პოსტმოდერნისტული დამატებები. დაგნის იერსახე უნდა გამოსულიყო მოდერნიზმის ეპოქის სულისკვეთების მქონე - სისუფთავისა და ცოდვის, უმანკო ქალბატონისა და კურტიზანი ქალის ზღვარზე. ეს ქალბატონი, საბოლოო ჯამში, კვდება სიყვარულით თავისი მეუღლისადმი - პოლონური ლიტერატურის ვარსკვლავის - სტანისლავ პშიბიშევსკისადმი.

თბილისის თეატრ „არიონის“ ტრადიციის მიხედვით (სამხატვრო ხელმძღვანელი - მიხეილ აიდინოვი), დადგმებში მონაწილეობას იღებენ როგორც პროფესიონალი, ისე - მოყვარული მსახიობები. ასე მოხდა ამჯერადაც. ასეთი სიმბიოზი ხშირად თამაშის დროს მეტი გულწრფელობის საშუალებას იძლევა. სპექტაკლში 6 მოქმედი გმირია: დაგნი იული (ირენა კესკიული); სტანისლავ პშიბიშევსკი (ალექსეი ბახოლდინი) - მან შეძლო „ნარცისის“ განსახიერება, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებს; ვლადისლავ ემერიკი (არამ არუტუნიანი), რომელმაც ბრწყინვალედ გაართვა თავი ურთულეს პერსონაჟს - ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელ შეყვარებულ ყმაწვილს; ინსტიტუტის ლექტორი, რომლის როლი გრიგორი პაპაიანმა მოირგო. მთელი პიესა დადგმულია მისი ლექციაზე მონათხრობი ამბის ფორმატით;

dagnii-1669899541.jpg

მარტა ფერდერი (ნინი ჯაფარიძე) - ფაქტობრივად, ერთადერთი დადებითი პერსონაჟი - სტანისლავ პშიბიშევსკისგან მიტოვებული ქალი, შვილებთან ერთად, რომელიც ვერ უძლებს მის ღალატს; ედვარდ მუნკი (მიხეილ ანანოვი) - გენიოსი მხატვარი, დაგნის ბავშვობის მეგობარი და მენტორი.

როგორც უკვე ითქვა, სწორედ ხანგრძლივი მუშაობა იერსახეებზე დაეხმარა მსახიობებს, მიეღწიათ ასეთი ეფექტისთვის...

გულითადად გეპატიჟებით სპექტაკლის ბოლო ჩვენებაზე, რომელიც იანვარში გაიმართება!

(სპეციალურად საიტისთვის)