"ბევრს აქვს გაკეთებული სკრინინგი, იცის, ვირუსი რომ აქვს და სამკურნალოდ არ მიდის. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა - "იცოდე, C ჰეპატიტი არ იცდის!" - კვირის პალიტრა

"ბევრს აქვს გაკეთებული სკრინინგი, იცის, ვირუსი რომ აქვს და სამკურნალოდ არ მიდის. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა - "იცოდე, C ჰეპატიტი არ იცდის!"

არცთუ შორეულ წარსულში იყო ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ჩვენი სახელმწიფო მსოფლიოსა და საქართველოში საკმაოდ გავრცელებულ C და B ჰეპატიტების პრობლემას არ აღიარებდა, მათზე საჯაროდ არ ლაპარაკობდა და, შესაბამისად, ადამიანებმა ჰეპატიტების და მათგან მომდინარე უდიდესი საშიშროების შესახებ თითქმის არაფერი იცოდნენ. ცხადია, ამგვარი საინფორმაციო ვაკუუმიდან და იმხანად არსებული ერთადერთი პრეპარატის - ინტერფერონის ასტრონომიული ფასიდან გამომდინარე, დადასტურებული ჰეპატიტის მქონე პაციენტებს არც მკურნალობაზე მიუწვდებოდათ ხელი, ხოლო ვისაც მიუწვდებოდა, მათთვის მკურნალობაც, ფაქტობრივად, არათუ უშედეგო იყო, არსებული მედიკამენტის სიმძიმის გამო, ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევდა და სხვა ორგანოებს ძალიან აზიანებდა. მხოლოდ 2012 წლიდან დაიწყო სახელმწიფომ ამ პრობლემის აღიარება, რასაც კონკრეტული ნაბიჯებიც მოაყოლა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის უფასო სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2015 წლიდან, კომპანია „გილიარდის“ თანადგომით დაიწყო და უახლესი ამერიკული მედიკამენტით - ჰარვონით უფასო მკურნალობას ითვალისწინებს. პროგრამა 2025 წლამდე გრძელდება და მისით საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია სარგებლობა, მთავარია, ყველამ ჩაიტაროს სკრინინგი და დარწმუნდეს, აქვს თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი ორი სახეობიდან, რომელიმე ჰეპატიტი. უახლესი წარსულისგან განსხვავებით, დღეს კონკრეტულად C ჰეპატიტის აღმოჩენამ არ უნდა შეგვაშინოს, რადგან, დადასტურების შემთხვევაში, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია მიაკითხოს მისთვის სასურველ კლინიკას და ჰეპატოლოგს და უფასოდ იმკურნალოს.

მეშვიდე წელიწადია, ამ ვირუსს ჰარვონით მკურნალობენ და - საკმაოდ შედეგიანადაც. ახალი მედიკამენტებით მკურნალობამ კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოავლინა - პაციენტებს, რომლებიც კვებითი რეჟიმითა და ცხოვრების ჯანსაღი წესით ხელს უწყობენ მკურნალობას, ფიბროზის ანუ ღვიძლის დაზიანების ხარისხიც შეუმცირდათ. თავად ვიცნობ ვირუსისგან განკურნებულ პაციენტებს, ვინც მაქსიმალურად კარგად უვლიდა თავს და F4-იდან F2-მდე შეუმცირდათ ფიბროსის ხარისხი.

B ჰეპატიტზე მომავალში აუცილებლად ვისაუბრებთ ჰეპატოლოგებთან ერთად, მანამდე კი C ჰეპატიტზე გეტყვით - ეს არის ვირუსი, რომელიც სისხლით ხვდება ადამიანის სხეულში და აავადებს ღვიძლს. ღვიძლის ვირუსული დაავადება ძალიან ვერაგია, რადგან უსიმპტომოდ მიმდინარეობს, წლების შემდეგ კი, როდესაც რაიმე ფორმით თავს აუცილებლად გამოავლენს, მისი მკურნალობა ხშირად ძალიან დაგვიანებულიც არის - შორს წასული დააავადება არათუ ციროზს, ღვიძლის კიბოსაც კი იწვევს!

hepa-1669877102.jpg
შეხვედრა ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში

C ჰეპატიტის ელიმინაციის უფასო სახელმწიფო პროგრამამ თითქმის 7 წლის განმავლობაში ათასობით ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე. სწორედ განკურნებულმა და სიცოცხლეშენარჩუნებულმა ადამიანებმა შექმნეს პაციენტთა ორგანიზაციები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, დაიწყეს C ჰეპატიტის პრევენციისთვის საინფორმაციო კამპანია - „იცოდე, C ჰეპატიტი არ იცდის!“

ისინი მარტო ტელეეკრანებიდან, სოციალური ქსელებიდან და პრესიდან არ აწვდიან ადამიანებს ინფორმაციას, რათა უთხრან, რა სახიფათოა ვირუსული ჰეპატიტი და როგორ უნდა შეებრძოლონ მას. ერთხელ ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა კიდეც: - ვფიქრობ, რაც უნდა უნიკალური იყოს ესა თუ ის პროგრამა, თუ მასზე ინფორმაცია მოსახლეობას სათანადოდ არ მიაწოდე, ვერ იქნება ის უნიკალურისხვადასხვა საშუალებით ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანებს მოტივაცია უმაღლდებათ და ნაწილი შესაბამის ნაბიჯსაც დგამს, მაგრამ ჩვენი კამპანიის პროცესმა დაგვანახა, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციას, საუბარს, თანაც - ყოფილი პაციენტების, ვინც თავად გადავიტანეთ, განვიცადეთ ყველაფერი. დღეს, გადარჩენილები, მათ პირისპირ დავდექით და ვუხსნით, რატომ არ უნდა გაიარონ ჩვენი გზა; რატომ უნდა შეამოწმონ თავისი სტატუსი სწორედ დღეს და არ გადადონ ხვალისთვის; რომ დღეს მათ საშუალება აქვთ, ყველაფერი უფასოდ შეიმოწმონ და უფასოდ იმკურნალონ უახლესი და საუკეთესო საშუალებით, ხვალ კი ამის შესაძლებლობა აღარ იქნება, რადგან პროგრამა მუდმივად არ გაგრძელდება, ხოლო საკუთარი ფინანსებით ახალი პრეპარატით მკურნალობას ისინი ვერ შეწვდებიან - იგი რეალურად ძალიან ძვირი ღირსო.

ამ კამპანიას ერთადერთი მიზანი აქვს - „საქართველო C ჰეპატიტის გარეშე“! პაციენტთა ორგანიზაციის წევრები თბილისს არ დასჯერდნენ და მობილურ ლაბორატორიასთან ერთად უკვე საქართველოს რამდენიმე ქალაქი და სოფელი მოიარეს, შესაბამისად, საინფორმაციო საუბრები და ტესტირება ბევრ ადამიანს იქვე ჩაუტარდა.

ზოგადად, ელიმინაციის ამ პროგრამით ანუ ანტივირუსულ პრეპარატ ჰარვონით განკურნების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სკრინინგი ჩაიტარა 1, 413,442-მა ადამიანმა, 75 000-მდე ადამიანმა იმკურნალა და სრულად განიკურნა, მაგრამ სხვადასხვა კვლევით და ვარაუდით, დაახლოებით, ერთი ამდენს აქვს ვირუსი და სჭირდება მკურნალობა. ბევრმა საერთოდ არ იცის თავისი სტატუსი და, შესაბამისად, არც პროგრამას მიმართავს, მაგრამ, დაახლოებით, 20 000 ადამიანს აქვს გაკეთებული სკრინინგი, იცის, ვირუსი რომ აქვს და სამკურნალოდ არ მიდის. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და ძალიან გასაკვირია, როცა ასეთი საშუალება გაქვს, როცა შეგიძლია სრულიად უფასოდ იმკურნალო, ასეთ სიკეთეზე რატომ უნდა თქვა უარი?!

ვფიქრობ, პაციენტთა ორგანიზაციებმა სწორი მიმართულება აირჩიეს, რადგან ადამიანებთან უშუალო ურთიერთობა ყოველთვის მეტ ნდობას იწვევს. შეიძლება მთელი სოფელი ვერ მივიდეს მათთან შესახვედრად, მაგრამ ვინც მივა, ის დანარჩენებამდე ხომ მიიტანს ამბავს! ამით ყველა უკეთ გაიზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას და შესაბამისადაც მოიქცევა!

ირმა ხარშილაძე