"ვინაა დამნაშავე? პასუხი ერთია - ამერიკა" - "ევროპის ანტიამერიკული "ქავილი" - რას წერს POLITICO - კვირის პალიტრა

"ვინაა დამნაშავე? პასუხი ერთია - ამერიკა" - "ევროპის ანტიამერიკული "ქავილი" - რას წერს POLITICO

ამერიკული გაზეთი "პოლიტიკო" (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში, ბელგია) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ევროპის ანტიამერიკული "ქავილი": "ევროპელებმა თავიანთ სტრატეგიულ წარუმატებლობაში ამერიკა კი არა, საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულონ" (ავტორი - მეთიუ კარნიჩნიგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ევროპაში თანდათან აცივდა. ეკონომიკა ინგრევა. ადგილობრივები ჯავრისაგან ადგილს ვერ პოულობენ, ნერვიულობენ და კითხვა უჩნდებათ: "ვინაა დამნაშავე?" პასუხი ერთია: "ვინ და - ამერიკა".

თითის გაშვერა ატლანტიკის მეორე ნაპირისაკენ - ეს ევროპული ელიტისათვის საყვარელ და ყურადღების გადასატან ხერხს წარმოადგენს, როცა კონტინენტზე საქმე ფუჭდება.

თუნდაც ეს იყოს უკრაინაში მიმდინარე ომი ("ეს სულ ვაშინგტონის ბრალია, რომელმაც ნატოს გაფართოება ჩაიფიქრა"), თუნდაც სტიქიური უბედურებები ("ჩვენთან იმდენი ამერიკული ავტომანქანაა შემოყრილი, რომ ჰაერის გაჭუჭყიანება და კლიმატის დათბობა ხდება") ან ფრანგული ენის საერთაშორისო გამოყენების შემცირება ("ოჰ, ეს უკულტურო ჰოლივუდი!"), ყველაფერში დამნაშავე მაინც ამერიკაა.

ამ საწყენი ტრადიციის ბოლო სერიაში - კონტინენტის დღევანდელ ეკონომიკურ დაცემაში - ევროპელი თანამდებობის პირები "ხარბ და ძუნწ" ამერიკელებს ადანაშაულებენ: "ოხ, ამერიკელების (...), სარგებლობენ თავიანთი ძლიერი დოლარით და უკრაინის ომში სარგებელს ეძებენ".

"საქმე ისაა, რომ თუ სიტუაციას საღი თვალით შევხედავთ, მაშინ უკრაინის ომი ყველაზე მეტად ამერიკისათვის არის სასარგებლო და მომგებიანი - ის ხომ თავის გაზს მომატებული ფასებით ჰყიდის და უკრაინას მეტ იარაღსაც აწვდის!" - ასეთი აზრი გამოთქვა ერთ-ერთმა ევროპელმა ჩინოვნიკმა გასულ კვირას. არადა, ამ უსახელო ობივატელის ნათქვამს ძნელად თუ ვუწოდებთ "საღ აზრს".

გვერდზე რომ გადავდოთ და ყურადღება არ მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ ამერიკის ჩარევის გარეშე უკრაინა რამდენიმე თვის წინათ მართლაც დაინგრეოდა, ბუნებრივი გაზის გაყიდვა და იარაღის მიწოდება "ზღვაში წვეთია" ამერიკისათვის, რომლის ეკონომიკა 26 ტრილიონ დოლარს აღემატება.

პირველ რიგში, იმიტომ, რომ ექსპორტში მიდის აშშ-ში მოპოვებული გაზის მხოლოდ 10%. 2021 წელს ექსპორტირებული გაზის ღირებულება მხოლოდ 27 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მართალია, ევროპელები, გასაგები მიზეზების გამო, ნაწყენები არიან, რომ ამერიკული გაზი ოთხჯერ ძვირი უჯდებათ, ვიდრე - ამერიკელებს, მაგრამ თვითონ დაუშვეს შეცდომა, როცა რუსულ იაფ გაზზე "დასხდნენ" და ამის გამო მშვენივრად მომუშავე ატომური ელსადგურები გააჩერეს - იმის მიუხედავად, რომ ამერიკელები ურჩევდნენ არ გაეჩერებინათ, მაგრამ ვერ გადაათქმევინეს.

იარაღით სპეკულაციის ბრალდებაც ასევე უსაფუძვლოა: კიევისათვის გაწეული სამხედრო დახმარების ფულადი გამოხატულება 30 მილიარდ დოლარს აღწევს, თანაც - იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას უანგაროდ მიეცა.

დიახ, რასაკვირველია, აშშ-ის სამხედრო კომპანიები მოგებას იღებენ აშშ-ის არსენალის შევსებით და იარაღის მიწოდების მომატებული მოთხოვნით, რასაც უკრაინა-რუსეთის ომი განაპირობებს, მაგრამ იგივე მოგებას ჩვენი ევროპელი კოლეგებიც იღებენ.

თუმცა სწორედ აქაა ყველაფრის თავი და თავი: ევროპულ ფირმებს იმედი ჰქონდათ, რომ ამერიკელებზე ნაკლები მოგება არ ექნებოდათ, მაგრამ რატომღაც ასე არ ხდება. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ევროპა თავდაცვით მრეწველობაში ინვესტიციების ჩადებას გულგრილად ეკიდება. მაგალითად, ამას წინათ გერმანია იძულებული გახდა, ამერიკული "ფანტომები" (F-35) ეყიდა. რატომ ამერიკული? იმიტომ, რომ ბერლინს ევროპული ალტერნატივა არ ჰქონდა. "საბრძოლო ავიაციის პერსპექტიული სისტემების" სამმხრივი გეგმა - საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მონაწილეობით, რომელიც ჯერ კიდევ 2001 წელს შემუშავდა, დღემდე არ არის რეალიზებული, განუწყვეტელი დავა-უთანხმოების გამო.

ის გარემოება, რომ ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო იარაღის ექსპორტს პოლიტიკურ წინააღმდეგობას უწევს, ესეც ხელს უშლის რეგიონის თავდაცვითი მრეწველობის გაფართოებას. ავიღოთ, მაგალითად, გერმანული კომპანიის - Krauss-Maffei-ის მიერ გამოშვებული ტანკი "ლეოპარდ-2", რომელსაც ბევრი მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევს. მაგრამ ასეთი მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მიუხედავად, გერმანელებმა პოლონელებთან ვაჭრობაში წააგეს - ვარშავამ ამას წინათ შორეულ სამხრეთ კორეას ათასამდე ტანკის წარმოების შეკვეთა მისცა. ყურადღება მივაქციოთ: ეს სამხედრო გარიგება განახორციელა იმ ქვეყანამ, რომელიც ნატოს წევრია, გერმანიასთან ერთად! "[სამხრეთ კორეასთან გარიგების] ერთ-ერთ მიზეზად იაფი ფასი დასახელდა, მეორე მიზეზად კი - გერმანიის პოლიტიკურად გაურკვეველი კურსი [უკრაინის ომის მიმართ]", - ამბობს საქმეში ჩახედული წყარო, - "ბერლინმა ხომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ უკრაინას ჩამოწერილი ტანკები და ქვეითთა ჯავშანმაქანებიც კი არ მიაწოდოს?!".

ევროპისათვის, ასევე, საფრთხობელას წარმოადგენს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის "მწვანე" ინვესტიციების პაკეტი, ამერიკული კომპანიების სასიკეთოდ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემენუელ მაკრონი აშშ-ში ამასწინანდელი ვიზიტის დროს შეეცადა, შეერბილებინა ჯო ბაიდენის მიერ შემუშავებული კანონის მოქმედება ევროპაზე, რომელიც ამერიკაში ინფლაციის დონის შემცირებას ითვალისწინებს. ეს საკანონმდებლო ინიციატივა ყველაფერს მოიცავს - კლიმატიდან ჯანდაცვამდე. ევროპელი ოფიციალური პირები მასში 1930 წლის სმიტ-ჰოულის კანონის რეინკარნაციას ხედავენ, რომელმაც, ისტორიკოსთა აზრით, ხელი შეუწყო "დიდი დეპრესიის" გამწვავებას.

ევროპელებს ეშინიათ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ამერიკელი მწარმოებლებისათვის გამოყოფილი უხვი სუბსიდიები "დაჩაგრავს" ევროპელ მრეწველებს და სავაჭრო ომს გამოიწვევს.

მაგრამ "უხერხული სიმართლე" ისაა, რომ ევროპელებს იმის თავიც არ აქვთ, საკუთარ კომპანიებს შიდაბაზრის ინვესტირება აიძულონ. ევროპული მთავრობებისთვის უფრო იოლია, სუბსიდიები გამოჰყონ მოსახლეობისათვის გაზის ფასის მატების გამო, ვიდრე - მრეწველობას დაეხმარნონ კრიზისიდან თავის დაღწევაში.

"ევროპა არაკონკურენტუნარიანია ფასების საკითხში, მთელი რიგი დარგების მიხედვით, კერძოდ - ელექტრონერგიისა და გაზის ღირებულებაში", - განაცხადა Volkswagen-ის მმართველმა თომას შეფერმა სოციალურ ქსელში, როცა ევროპის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებდა. "თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ენერგომატარებლებზე ფასების შემცირებას გერმანიაში და, საერთოდ, ევროპაში, მაშინ ინვესტიციების ჩადება ენერგოტევად წარმოებაში გაგვიჭირდება. ეს ეხება ელექტროაკუმულატორების ახალი ქარხნების აგებასაც, რომლის გეგმები შეუსრულებელი დარჩება", - თქვა მან.

თუ ბერლინის სამთავრობო კვარტალში ვიკითხავთ, რა უშლის ხელს გერმანიის ეკონომიკის განვითარებას, ასეთ ნათელ პასუხს მოვისმენთ: "აშშ-ის სამრეწველო პოლიტიკა აშკარად პროტექციონისტურ ხასიათს ატარებს", - განაცხადა ახლახან გაზეთ "ველტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ლარს კლინბაილმა, კანცლერ ოლაფ შოლცის ქრიტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, - "აშშ-ის ეკონომიკური პოლიტიკა ევროპელებს, ანუ ჩვენ, არ უნდა დაგვიპირისპირდეს".

მწარე სიმართლე კი ისაა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ევროპისადმი და ევროპელებისადმი დაპირისპირება გულშიც არ გაუვლია. ევროპამ ეს უნდა გაითვალისწინოს და უნდა დაფიქრდეს.

საქმე ის კი არ არის, რომ ამერიკას ევროპის ბედი არ აღელვებს, არამედ ის, რომ მისთვის ევროპა იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც უნდა იყოს.

ფაქტია, რომ ინოვაციის საკითხში ევროპა "უდაბნოს მოგვაგონებს": ევროპაში არ არის არც Apple, არც Google და არც Tesla. სხვათა შორის, კომპანია "ტესლას" საბაზრო ღირებულება ოთხჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მთელი გერმანული ავტომრეწველობის ფასი.

აი, რატომ მივდივართ იმ ბუნებრივ დასკვნამდე, რომ ევროპელთა მიერ დამნაშავის ძიება სხვა არაფერია, თუ არა - შური. ევროპელებს შური ღრღნით.

ამერიკა, მთელი თავისი შიდაპოლიტიკური უთანხმოების პირობებშიც კი, არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც ახლაა - სამხედრო და ეკონომიკური მუსკულატურის გათვალისწინებით,

ევროპა კი ამერიკაზე დამოკიდებული გახდა - უფრო მეტადაც კი, ვიდრე ეს "ცივი ომის" დროს იყო. ეს გარემოება ევროპელების შინაგან აღშფოთებას იწვევს და მათ აიძულებს, "განტევების ვაცი" ეძებონ.

მიმდინარე, 2022 წელს გერმანიაში წიგნი - "ამი, დროა სახლში დაბრუნდე!" ("ამი" გერმანული ჟარგონით "ამერიკელს" ნიშნავს) ბესტსელერად იქცა. მისი ავტორია ოსკარ ლაფონტენი, ქვეყნის ყოფილი ფინანსთა მინისტრი და გერმანელი სოციალ-დემოკრატების ყოფილი ლიდერი, რომელიც მოგვიანებით თავის პარტიას გაემიჯნა. "ჩვენ ამერიკელების მეურვეობისაგან უნდა გავთავისუფლდეთ", - წერს ავტორი, რომლისთვისაც ევროპის ყველა უბედურების მიზეზი ამერიკა წარმოადგენს, - "ევროპამ თავისი გზა უნდა ეძებოს".

გასული წლების შედეგების მიხედვით, ევროპელებისათვის უფრო გონივრული იქნება, არ მიენდონ ოსკარ ლაფონტენს და აღიარონ, რომ დღევანდელ უბედურებაში თვითონ არიან დამნაშავენი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ